აჩაჩა ფშაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აჩაჩა ფშაური

აჩაჩა ფშაური - სახვნელი იარაღის ტიპი. გავრცელებულია ივრის, ფშავის, არაგვისა და თეთრი არაგვის ხეობებში.

სახვნელი იარაღის ნაწილებია: მხარი, ერქვანი, ქუსლი, ხმალა, სახნისი, საკვეთელი. იგი სხვა სახვნელებთან შედარებით (კავი, ორხელა) მძიმე და დიდი ზომისაა. მასში ორი უღელი ხარი იყო შებმული.

ფშაური აჩაჩა მესხური არონას, ქსნური გუთნისა და რაჭული სახვნელის მსგავსად ფერდობის დასამუშავებლად გამოიყენება.

მისი „მხრის“ მეშვეობით ხდება ერქვანისა და ხმალას აწევ-დაწევა, რითაც ხდება ხვნის სიღრმის რეგულირება. ერქვანით, გუთნისდედა, კვალის მიმართულებასა და ხვნის სიღრმის რეგულირებას ახდენს. ერქვანზე დაკიდებული იყო ქარჩი და საფხეკი (გუთნის კბილის გასაწმენდად). ფშაური სახვნელი იხმარება მძიმე მიწების დასამუშავებლად. იგი ოთხმხრიან სახვნელთა ტიპს განეკუთვნება.

ფშაურ სახვნელში შებმული იყო ყევარი ხარი (ორი წყვილი). მუშაობის პრინციპი: სახვნელის მხარი ისე იყო მოხრილი, რომ დაბოლოება საძირის უღელზე ყოფილიყო მიბმული, ხოლო გახრილობის კუთხეში მოთავსებულ ნაჩვრეტზე გამობმული შოლტკავებით წინა ხარის უღელი უკავშირდებოდა სახვნელს.

ფშაურ სახვნელში დასტურდება ხარის შესაბმელი უღლების ზომების ურთიერთმიმართების დაცვა, რაც ფრთიან გუთანზე არის მიღებული. კერძოდ, საძირეში ხარს მეტი ძალა ადგება, ვიდრე სიმძიმის წევის ძალიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ წინა ხარს. ამის გამო საძირის უღელი გრძელი კეთდებოდა, წინა უღელი კი მოკლე. ეს დაშორება აიხსნება, ერთი მხრივ, იმით, რომ მეხრის მოძრაობა ხართან მუშაობის დროს ადვილდება, მეორე მხრივ, გრძელი უღლით სახვნელი მიწის ზედაპირიდან მოცურდება. გამწევი ძალისა და წევის ძალის ამგვარი განაწილება ხალხის დაკვირვების საფუძველზეა შემუშავებული, რომელიც სხვა ხალხთა სამეურნეო პრაქტიკაში არ დასტურდება.

ლიტერატურა

გ. ჩიტაია, თიანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოკლე ანგარიში. ენიმკის მოამბე, XI, 1941. გ. ჩიტაია, ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1948, მიმომხილველი, I, 1949. გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986. ა.გ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები