აცუნიჰვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ცუნჷჰვა (აფხ. Ацуныҳәа) – საერთო სასოფლო ლოცვა, რომელსაც აფხაზები დიდი გვალვების დროს წვიმის გამოთხოვის მიზნით ასრულებდნენ. მთელი სოფელი (ქალებისა და ბავშვების გამოკლებით) მდინარისპირზე შეიკრიბებოდა და მსხვერპლშეწირვას გამართავდა: სამსხვერპლო ცხოველს (ხარს) თავს აღმოსავლეთისკენ მიუქცევდნენ, ზურგს – ჩრდილოეთისკენ (ზოგან ხარს წმინდა ხეს შემოატარებდნენ) და დაკვლის წინ სოფლის უხუცესი მამაკაცები (სამი, ხუთი ან შვიდი) უზენაესის (ანცვას) ან ჭექა-ქუხილის ღვთაების, აფის, სახელზე ლოცვას აღავლენდნენ: ღმერთს წვიმის გამოგზავნასა და სოფლისთვის კეთილდღეობის მოტანას შესთხოვდნენ. ზვარაკის დაკვლისა და ხორცის მოხარშვის შემდეგ, მლოცველები გულღვიძლწამოცმული შამფურითა და ჭიქა-ღვინით ხელში კვლავ დაილოცებოდნენ. მსხვერპლშეწირვის დასრულებისთანავე მრევლი „ანცვარაშვას“ (ღმერთის სიმღერას), „აფრაშვას“ (აფის სიმღერას), „აერგაშვას“ (აერგის სიმღერას) ან ე.წ. „ათლარ ჩოფას“ იტყოდა. შემდეგ ყველა მლოცველს სამსხვერპლო ხორცს გაუნაწილებდნენ (ავადმყოფებს სახლში გაუგზავნიდნენ); ირჩევდნენ მომავალი მსხვერპლშეწირვის ხელმძღვანელებს, რომელთა შორის უფროსს „არაჰახუს“ გადასცემდნენ.

„ა-ცუ-ნიჰვა“ შედგენილი ტერმინია, რომლის მეორე სეგმენტი — „ნიჰვა“ მიღებულია სიტყვისაგან „ა-ნჷჰიარა“ (ლოცვა); რაც შეეხება პირველ ელემენტს (ა-ცუ), მასში აფხაზი სპეციალისტები ხედავენ იმავე ფორმას, რომელიც დაცულია ტერმინებში „ა-ცუბჟარა“ (სასოფლო გზა), „ა-ცუთა“ (მიტოვებული სამოსახლო) და „ა-ცუს“ განიხილავენ როგორც „სოფლის“ აღმნიშვნელ ცნებას. ამ მოსაზრებას საეჭვოს ხდის ის გარემოება, რომ აფხაზურ ენაში სიტყვა „ა-ცუ“ სოფლის მნიშვნელობით ცალკე არ გვხვდება (აფხაზურად სოფელს ა-ქჷთა ჰქვია). როგორც ჩანს, ტერმინის ასეთ გაგებას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ „აცუნიჰვა“ არის საერთო სასოფლო (სათემო) ლოცვა. „ა-ცუნიჰვა“ რომ „სოფლის ლოცვას“ ნიშნავდეს, მაშინ ამ ტერმინით უნდა იყოს სახელდებული აფხაზური საწესჩვეულებო პრაქტიკიდან ცნობილი სხვა სათემო ლოცვებიც. არცერთ მსხვერპლშეწირვასა და ლოცვას (მაგ., ეპიდემიებთან ან გახშირებულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებულს), რომელშიც მთელი სოფელი (თემი) მონაწილეობს, აფხაზები „ა-ცუნიჰვას“ არ უწოდებენ, გარდა გვალვის საწინააღმდეგო ლოცვისა.

გვალვების შემთხვევებში წვიმის გამოთხოვის მიზნით აფხაზურის მსგავსი მსხვერპლშეწირვის ჩატარება და ჭექა-ქუხილის ღვთაებისათვის ლოცვა კავკასიის ხალხთა პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო, მაგრამ ტერმინ „ა-ცუნიჰვას“ გაგებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგრელებში დამოწმებული იდენტური სათემო ლოცვა — ცჷმხვა [„ცის ლოცვა“ ან „წვიმის ლოცვა“ (მეგრ. ცჷ შეიძლება გავიგოთ როგორც „ცა“ და როგორც „წვიმა“, „წყალი“ (შდრ. „ცჷ მუწენს“ — წვენი, სითხე გასდის, — იტყვიან მწიფე ხილზე)], რომელიც, ყოველმიზეზგარეშე, ხუთშაბათს ანუ ცის დღეს (მეგრ. „ცაშხა“) იმართებოდა. „აცუნიჰვასა“ და „ცჷმხვას“ მატერიალური და სემანტიკური სიახლოვე მიუთითებს ამ ტერმინთა ნათესაობაზე.


ლიტერატურა

А. Веденский. Религиозные верования абхазцев // ССКГ. Тф., 1871. Вып. V; Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960; Ш.Д. Инал-Ипа. Абхазы. (историко-этнографические очерки). Сух., 1965.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები