აწყურის ეპარქია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აწყურის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ეპარქია. მისი ცენტრი იყო ახლანდელი სოფელი აწყური (მდებარეობს ქ. ახალციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით), ანტიკური ნაქალაქარის ადგილზე, რომელსაც საისტორიო წყაროებში სოსანგეთი ეწოდება.

ლეონტი მროველთან დაცულია ცნობა, რომ წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული: „მოიწია აწყუერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი“. აწყურის ეპარქიის ღვთისმშობლის კათედრალური ტაძარი, აგებულია X-XI სს. მიჯნაზე. მისი უმთავრესი სიწმინდე იყო აწყურის ღვთისმშობლის ხატი. მრავალი თავგადასავლისა და სასწაულის შემდეგ ხატი აწყურში წმ. ანდრია პირველწოდებულმა ჩამოაბრძანა: „დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყუერისა ღვთისმშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძუელ ეკლესიად სახელს სდებენ“. როგორც ჩანს, X-XV სს. დასასრულამდე აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტაძარში ესვენა, ამ დროიდან იწყება მისი დრამატული თავგადასავალი.

აწყურის ციხე

სარჩევი

ისტორია

აწყურის ეპარქიის საზღვრები

XVI ს. დასაწყისში შედგენილი საბუთის – „კათალიკოზის ხელქვეშეთი მღვდელმთავარნი და სამწყსონი სამცხე-საათაბაგოში“ – მიხედვით, აწყურის ეპარქიის საზღვრები შემდეგნაირადაა დადგენილი: „ყვიბისკორტა-ნეთს შუა რომ წყარო ჰხდის, იმას ზეით ხეობა და სადგერი, სულ აწყვერი დიასამიძის სახლი და ახალციხის წყლის გაღმართი გურიის წადგომამდის“. ვახუშტი ბატონიშვილი აწყურის ეპარქიის საზღვრებს შემდეგნაირად წარმოგვიდგენს: „თიხრევის ჴევსზეით, მტკურის კიდეზედ, სამჴრით არს აწყუერი, ქალაქი და ციხე დიდშენი... აქა არს ეკლესია დიდშენი, შუენიერად ქმნული, გუმბათიანი, ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა. იჯდა მიტროპოლიტი, მწყემსი ყვიბის-კორტანეთს ზეითისა, და მტკურის ჩრდილოეთისა, და ბოცოს წყლის ჩრდილოეთის კერძოსი, ვიდრე გურიის მთისადმი. გარნა აწ უქმი არს“.

მღვდელმთავრები

აწყურის ეპარქია VI ს. დასაწყისშია დაარსებული. 506 წ. დვინის საეკლესიო კრების აქტებზე ხელმოწმერ საქართველოს ეკლესიის 21 იერარქს შორის დასახელებულია ეპისკოპოსი იოსებ აძველი (ადსუელი). მიჩნეულია, რომ „აძუელი“ („ადსუელი)“ ამ შემთხვევაში შეესატყვისება „მაწყვერელს“. ამდენად, იოსები პირველი მაწყვერელი ეპისკოპოსია. ეპარქიის მღვდელმთავრები იწოდებოდნენ მაწყუერლებად (მაწყვერლებად). ვახუშტი ბატონიშვილი მაწყვერელს მიტროპოლიტად მოიხსენიებს. XVI ს. საბუთში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ „მაწყუერელი გჳრგჳნ-ბისონიანი არს“. ისტ. წყაროების მიხედვით, მაწყვერელ ეპისკოპოსებს მეტად საპატიო ადგილი ეკავათ საქართვ. ეკლესიის მღვდელმთავრებს შორის. მეფედ კურთხევის დროს გამართულ დარბაზობაზე აღმ. და სამხრ. საქართვ. 36 მღვდელმთავარს შორის მაწყვერელი ეპისკოპოსი მეხუთე ადგილზეა ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის, დიდი სომხ. მიტროპოლიტისა და ქართლის მთავარეპისკოპოსის შემდეგ: „შემოვიდეს მაწყუერელი და დაჯდეს მთავარეფისკოპოსა ქუემოთ, ნატითა, უბალიშოდ“. ფაქტობრივად, ეს იყო მეოთხე ადგილი მეფის ხელმარჯვნივ. იგივე ადგილი დაუმტკიცეს მას მეფე ერეკლე II-მ და კათოლიკოსმა ანტონ I-მა ნინოწმინდელის პატივისა და ადგილის განსაზღვრისას დარბაზობის დროს. ოღონდ აქ მისი პატივი გაზრდილა და პირველი ოთხი იერარქის მსგავსად მაწყვერელიც „დაჯდეს... ნატითა და ბალიშითა“. მაწყვერელ ეპისკოპოზს მეტად მაღალ პატივს მიაგებენ სამეფო კარზედაც: „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, სამეფო კარის დარბაზობის დროს „სწორად ეპისკოპოზნი მოვიდნენ იმიერით – იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი...“. ამ ცნობის მიხედვით, მაწყვერელი სამცხის მღვდელმთავრებში მეორე ადგილზეა მოხსენიებული. ამასთანავე, დარბაზში ეპისკოპოსთა შემოსვლის დროს მეფემ „ჴელნი ნოხთა ზედა დასხნეს“ მაშინ, როდესაც სამეფო კარის ორი დიდმოხელის – მეჭურჭლეთუხუცესისა და მსახურთუხუცესის – შემოსვლის დროს მეფემ მხოლოდ „თითნი ნოხსა ზედა დასხნეს“.

XVI ს. საბუთის მიხედვით, მაწყვერელის პატივი უფრო ამაღლებულა – სამცხე-საათაბაგოში კათოლიკოსის ხელქვეით მღვდელმთავრებს შორის იგი პირველ ადგილზეა მოხსენიებული. მაწყვერელ მღვდელმთავრებს დიდ შაბათს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მირონის კურთხევის დროს, განსაკუთრებული საპატიო ადგილი ეკავათ.

XIII ს. დოკუმენტის – „კურთხევა მირონისას“ მიხედვით, ამ დროს აქ მეთაურობდა სამი იერარქი: დიდი სომხითის მიტროპოლიტი, ქართლის მთავარეპისკოპოსი და მაწყვერელი ეპისკოპოსი: „მეორეთა ქუაბთა მთავარეფისკოფოსი ქვეშე უდგეს და წინა მოვიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყვერელი უკანა მთავარეპისკოფოზი მოჰყვებოდეს და რაჟამს განაზავებდნენ ტაკუკსა ტაკუკი მაწყუერელსა ეტვირთოს“. მაწყვერელთა ეს პრივილეგია დაკავშირებულია აწყურის ეპარქიის ჩვენთვის ცნობილი მეორე ეპისკოპოსის, IX ძითა ბაგრატისათა შუელად მეფისა და მეფე დგა ღრტილას, ხოლო ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა. გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს“. ე.ი. მაწყვერელს თავდაპირველად მეფის მხარე დაუჭერია, ხოლო შემდეგ იგი ლიპარიტის მხარეს გადასულა. ამ ამბების შესახებ ცნობები დაცულია ლიპარიტის დაკვეთით გადანერილი იოანე ოქროპირის თხზულების „მათესა და იოვანეს სახარებათა თარგმანების“ ანდერძში (ქუთ. 21). ნაწერის ბოლოს მისი მთავარი ანდერძის დასასრულს აღნიშნულია: „დაიწერა წმიდალ ესე წიგნი დიდებულსა საყდარსა აწყურისასა, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა, ხელითა საპყრისა ჩემისა გაბრიელ მწერლისა კოტალსალთა მღვდელთმოძღურებასა არსენი ეპისკოპოზისასა, ბოცოლსა მარზაპნისა, ჯაყელისა ძისასა ქრონიკონი იყო სოგ“, ე.ი. 1053 წ. არსენი, მაწყვერელი მთავარეპისკოპოსი, თვითონაც ჯაყელთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, რომლის მამა, ბოცო ჯაყელი, მარზპანის, ე.ი. მონაპირე ერისთავის მნიშვნელოვან თანამდებობაზე ყოფილა; ეს მოვლენები მოხდა 1053 წ. ახლო ხანებში.

XII ს. ბოლომდე მაწყვერელი ეპისკოპოსის ვინაობა უცნობია. ამ პერიოდში კი მაწყვერელის პატივი კათოლიკოს მიქელს „მოევერაგა“. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიქელ IV-მ (1178-1187) საპატრიარქო საყდარი დაიკავა კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზის შემდეგ, რომელიც „სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან“ და იერუსალიმში წავიდა. როგორც ჩანს, მიქელი თავიდანვე დაუპირისპირდა მეფე თამარს – მისი გამეფების შემდეგ მიქელმა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობაც იგდო ხელთ და ამასთანავე, სამთავისისა და აწყურის კათედრებიც დაიკავა: „წინაუკმო რამე იწყო წესთა ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერლობა და მწიგნობართუხუცესობა მოევერაგა უფლისაგან“. თამარი შეეცადა, გადაეყენებინა მიქელი პატრიარქობიდან და საეკლესიო კრებაც მოიწვია, რომელსაც ქუთათელ ანტონთან ერთად უძღვებოდა იერუსალიმიდან საგანგებოდ მოწვეული პატრიარქყოფილი ნიკოლოზ გულაბერისძე. კრებამ ვერ მოახერხა მიქელის გადაყენება, ამდენად, მიქელის მაწყვერლობა 1184-1187 წწ. უნდა განისაზღვროს.

საისტორიო საბუთებით, შემდეგი ცნობილი მაწყვერელი ეპისკოპოსია მელქისედეკი. იგი დასახელებულია ბასილი ალავერდელის ერთ-ერთ ნებისმყოფელად საბუთში – „დაწერილი მღვიმის კრებულისა ბასილი ალავერდელისადმი“. მართალია, საბუთი უთარიღოა, მაგრამ მასში მოხსენიებული პირების მიხედვით, საბუთი 1200 წ. თარიღდება. ამდენად, მისი მოღვაწეობაც XII ს. ბოლოსა და XIII ს. დასაწყისით უნდა განისაზღვროს.

XIII ს. შუახანების მოღვაწეა იოვანე. იგი ერთ-ერთი დამამტკიცებელია კათოლიკოს მიქაელ V-ის (XIII ს. 40-იანი წწ.) დაწერილისა მსახურთუხუცეს ვაჩე გუარამაისძისადმი მისთვის სოფ. ორმაშენის ბოძების შესახებ. მიქაელ V-ის მიერ გაცემული საბუთი 1241 წ. თარიღდება.

1272 წ. აწყურს უკვე სარგისი და მისი ძე, ბექა ფლობდნენ. მათ აწყური ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს ყაენაბაღასაგან (1265-1282) მიიღეს. დაახლოებით ამ პერიოდის მოღვაწეა ეპიკოპოსი ნიკოლოზ ჯუანშერისძე, რომელიც ქართლის კათალიკოს ნიკოლოზ III-თან (1250-1282) ერთად „დიდად ამხილებდა“ მეფე დემეტრე II თავდადებულსა და სადუნ მანკაბერდელს სამგზის ქორწინებაში, სხვა მთავრებს კი – საეკლესიო მამულების, განსაკუთრებით, აწყურის კუთვნილი მამულების ხელყოფისათვის. ქარზამეთის ეკლესიის წარწერაში მოიხსენიება მაწყვერელი გრიგოლი: „ქრისტე ღმერთო, შეიწყალე გრიგოლ მაწყვერელი მთავარეპისკოპოსი, რომლისა ბრძანებითა აღეშენა წმიდაი ესე ეკლესია“. ტაძარი XIII ს. ბოლოსა და XIV ს. დასაწყისით თარიღდება და გრიგოლის მოღვაწეობაც ამავე პერიოდით უნდა განისაზღვროს.

ნიკოლოზის სახელის მატარებელი მეორე ეპისკოპოსი XIV ს. II ნახ-ის მოღვაწეა. მან ერთგულების წიგნი მიართვა ქართლის კათოლიკოს იოვანეს. ასეთი სახელის მატარებელი კათოლიკოსი უცნობია, ამიტომ მისი მოღვაწეობის დრო განსაზღვრულია საბუთში მოხსენიებული მეფის, დავით IX-ის მეფობის წლების (1346-1360) მიხედვით.

XIV ს. ბოლოს მაწყვერელ ეპისკოპოსად ჩანს პიმენი: „აქა მოვიდა მაწყვერელი პიმენ მას ჟამსა ოდეს თემურ დიმაშხი ააოჴრა და ჯუარისა სახლი აშლით ააოჴრეს და დაჭირებულს ზეთი და ცჳლი შემოსწირა“. თემურ-ლენგმა დამასკო აიღო 1400 წ. ამ ფაქტმა აშკარად გავლენა იქონია ქართული მონასტრის ბედზე. სწორედ იმ დროს მისულა პიმენი და დახმარებია გაჭირვებულ მამებს. პიმენს შემდეგ ჯვრის მონასტრის წინამძღვრობა მიუღია – იგი წინამძღვრად ჩანს XV ს. 10-იან წწ., შესაბამისად, პიმენის მაწყვერლობა XIV ს. ბოლოდან 1400 წლამდე განისაზღვრება.

XV ს. სამცხის ათაბაგების პოლიტიკური სეპარატიზმის ხანაა. ივანე II (1391-1414) და ყვარყვარე II (1451-1498) აქტიურად ცდილობდნენ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას. ამის პარალელურად ათაბაგებმა ქართლის საკათოლიკოსოსაგან სამხრეთ საქართველოს ეპარქიების გამოყოფა მოინდომეს. ამ პროცესს აქტიურად უჭერენ მხარს აწყურის ეპისკოპოსებიც და სამცხის მთავრების მიერ ზურგგამაგრებულები წირვა-ლოცვაში მცხეთის პატრიარქებს აღარ იხსენიებდნენ, მიისაკუთრეს სამცხეში საკათოლიკოსო საყდრის კუთვნილი ვარძიის მონასტერი და ცდილობდნენ მცხეთის საყდრის სრულ გამოძევებას სამცხიდან. ალექსანდრე I დიდის ენერგიულმა მოქმედებებმა დროებით შეაჩერა ეს პროცესები. საეკლესიო სეპარატიზმის აღკვეთის მიზნით ქართლის კათოლიკოსები მღვდელმთავრებისაგან მოითხოვდნენ, რომ მცხეთის ტახტისადმი ერთგულება საგანგებო იურიდიული დოკუმენტით წერილობით გაეფორმებინათ. ასეთი საბუთები როგორც სამცხე-საათაბაგოს, ისე საქართველოს სხვა კუთხეების მღვდელმთავრებისა, მრავლადაა მოღწეული. ერთ-ერთი მღვდელმთავართა გერასიმე, რომელმაც ერთგულების წიგნი მიართვა ქართლის კათოლიკოსს, მიქაელ VI-ს, რომლითაც პირობას იძლევა, რომ ერთგული იქნება მცხეთის ტახტისა და საქართველოს მეფისა: „მეფეთა მლოცველნი ვიყუნეთ და თქვენი მომხსენებელნი ვიყუნეთ. არც პატრიარქი მოვიხსენიოთ ანტიოქიისა, არც მისგან გამოგზავნილი კაცი შევიწყნაროთ, არც ვარძიის დიაკონი ვაკურთხოთ“. მიქელ VI-ის კათოლიკოსობა 1414/19-1426 წწ. თარიღდება, შესაბამისად, გერასიმეს მოღვაწეობაც ამავე პერიოდით განისაზღვრება. გერასიმეს მომდევნო ეპისკოპოსია სერაპიონი, რომელმაც ერთგულების წიგნი მიართვა ქართლის კათოლიკოსს, თეოდორე III-ს (1429-1435). აღნიშნულის გათვალისწინებით, სერაპიონის ეპისკოპოსობა XV ს. 20-30-იანი წლებით შეიძლება განისაზღვროს.

XV ს. 60-იან წწ., მაწყვერელ ეპისკოპოსად ჩანს სოფ. პატარა სმადის (დღევანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტი) ეკლესიის შესასვლელის ტიმპანის წარწერაში მოხსენიებული შიო: „ქრონიკონს რმიე ამა ეკლესიის აღმშენებელსა ერისთავსა შაბურისძეს, მაწყვერელ ეპისკოპოსსა შიოს და მშობელთა მისთა შეუნდვენ ღმერთმან“. წარწერაში მოცემული ქრონიკონი უდრის 1467 წ. ამავე ტიმპანზე მოთავსებული მეორე დამოუკიდებელი ტექსტის მიხედვით, შიოს მომდევნო მაწყვერელ ეპისკოპოსად დასახელებულია იოანე, რომელიც ასევე ამ ეკლესიის აღმშენებლად მოიხსენიება: „ქ. სახელითა ღვთისაჲთა აღეშენა ესე წმიდაჲ ეკლესიად იოვანე მაწყვერელ ეპისკოპოზისათა, კახაბერისა (ცულკუესისა – ვ. სილოგავას წაკითხვით) ზეობასა. ქრისტე, გაუსუენე სულსა მშობელთა მისთასა“. შიო და იოანე მაწყვერლების ეპისკოპოსობა XV ს. 60-70-იანი ნწ. შეიძლება დათარიღდეს.

1486 წ. იაკუბ-ყაენის შემოსევის დროს მაწყვერელი ეპისკოპოსი და აწყურის ციხის დამცველები ციხისა და საყდრის „არდაქცევის“ პირობით დამორჩილდნენ დამპყრობელს. ყაენმა სიტყვა გატეხა და ყველაფერი სასტიკად დაარბია. განრისხებულმა ყვარყვარე ათაბაგმა ეპისკოპოსის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, მაგრამ „იძლია ბუნებითისა მოწყალებისაგან, არღარა სიკუდიდ დასაჯნა, არამედ ექსორია-ყვნა“. წყაროში ამ ეპისკოპოსის სახელი არ მოიხსენიება. ზოგიერთი მკვლევარი ციხის ჩამბარებელ ამ ეპისკოპოსად მიიჩნევს გრიგოლს, რომელიც მოხსენიებულია 1473 წ. სომხურ ანდერძ-მინაწერებში (რ. ბარტიკიანი), ზოგიერთი – საბას (ვ. სილოგავა, წყაროს მიუთითებლად). სხვა საბუთების არქონის გამო გრიგოლის ან ვინმე საბას გაიგივება ყვარყვარეს მიერ ექსორიაქმნილ ეპისკოპოსთან მხოლოდ ვარაუდია. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ყვარყვარემ და სამცხელებმა უცნობი ეპისკოპოსის გადაყენების შემდეგ „მოიძიეს სხვა ეპიკოპოსი და ჰპოვეს საზღვართაგან პონტოსათა, ქალაქით ტრაპიზონელი, სახელით სვიმონ, რამეთუ მაშინ საჭეთმპყრობელობდა საყდარსა ტბეთისასა. მას მიუბოძა უკანასკნელ მაწყუერელობა“.

XVI ს. დასაწყისში, მზეჭაბუკის ათაბაგობის (1500-1515) დროს, კვლავ განახლდა ბრძოლა სამცხის გამოყოფისა და ადგილობრივი ეკლესიების მცხეთის საკათოლიკოსოსაგან ჩამოცილებისათვის. ამ პროცესში მას მხარი აუბა აწყურის ეპისკოპოსმა სვიმონმა, რომელსაც მზეჭაბუკი მცხეთის საკათოლიკოსო საყდრის კუთვნილ ტერიტორიას – ზარზმის მონასტერს – სწირავს: „... მე პატრონმან მზეჭაბუკ შემოვსწირეთ სუიმონ მაწყუერელსა მონასტერი ზარზმა, სრულად მისითა შესავლითა, აგარაკ-სოფლიანითა და გლეხებითა, რასცა მამულის მქონებელი ყოფილა ზარზმა და დღესცა არის; ანუ ქალაქად სადმე სახლობს მონასტრისა ყმა, ანუ სოფლოანშიან... მომიჴსენებია აჭარულითა და გურიულითა მამულითა და საღუინითა...“. ათაბაგების ამ პოლიტიკას ხელს უწყობდნენ იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქები, რომლებიც მუსლიმთაგან შევიწროების გამო მატერიალური სახსრების შესაკრებად არ თაკილობდნენ პირადად ჩამოსვლასაც კი არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში. სამცხეში გავლისას ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მატერიალური გამორჩენის მიზნით სამცხის ეკლესიების მცხეთის საკათოლიკოსოსგან გამოყოფის საქმეში დახმარებას უწევდნენ. მზეჭაბუკ ათაბაგის დროინდელი არაბულ-ქართული საბუთით (AD 503), ანტიოქიის პატრიარქი დოროთეოსი მაწყვერელს ეპისკოპოსის კურთხევის უფლებას ანიჭებს: „ეპისკოპოსნი მისგან ეკურთხევოდიან ყოველნივე და მისსა წესსა და ბრძანებასა ჰმორჩილებდენ და სჯულთა მას ერჩდნენ და მისგან იმწყსებოდნენ“. ამ მიზნით საგანგებო ტიტულიც იქნა შემოღებული და მაწყვერელი მღვდელმთავრები „მღვდელმთავართა მთავრად“ იწოდებოდნენ. სავარაუდოდ, ამავე მისიით იყო ჩამოსული მზეჭაბუკის მმართველობის დასაწყისში კონსტანტინოპოლის პატრიარქი მუნილ I, რომელმაც მზეჭაბუკისაგან მიღებული უხვი საჩუქრების სანაცვლოდ ხოტბა-დიდება უძღვნა და შექმნა პანეგირიკი მისი, ყვარყვარე II-ისა და ქაიხოსროს განსადიდებლად. მზეჭაბუკ ათაბაგის მცდელობა სამცხის ეკლესიების ჩამოცილებისა მცხეთის კათოლიკოსის იურისდიქციიდან მარცხით დამთავრდა. 1516 წ. მანუჩარ და ივანე ათაბაგები კათოლიკოს ბასილ VI (1517-1528-1529- 1531) აძლევენ პირობის წიგნს, რომელშიც ისინი აღუთქვამენ სამცხეში მცხეთის საკათოლიკოსო მამულების დაბრუნებასა და სრულ მორჩილებას: „... ჩვენი საბატონო მამული როგორაცა ძუელითგან მცხეთისა საყდრისა მამულნი ყოფილიყუნენ და ეპისკოპოზნი და მაწყუერელი თქუენგან საკურთხეველი ყოფილა და სხუანი სამცხისა ეფისკოპოზნი ყოველნივე, ისრე თქუენნი სამნყსონი იყუნენ... ამისა გათავების თავსმდებად ყოვლად წმიდა აწყურისა ღმრთისმშობელი მოგუიხსენებია. და რაცა საათაბაგოშიგა მცხეთისა საყდრისა მამულნი იყუნენ, არც ისი დაგიჭიროთ და მოგანებოთ...“ ამდენად, სამცხის ეკლესია კვლავ კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაშია. კათოლიკოსთა აწყურის მთავარეპისკოპოსისა და სამცხის სხვა ეპისკოპოსების მაკურთხებელი.

1538 წ. ახლო ხანებში აწყურის ეპისკოპოსია იოაკიმე. მისი დავალებით სვიმონ კარგარეთელმა გადაწერა პოლიტიკურ-დოგმატიკური და სამეცნიერო კრებული. აწყურის ეპარქიის მომდევნო მღვდელმთავარია მანოელ ჩხეტიძე „მანოელსა (მ~ნო~ლსა) მწყუჱრელსა დღეგრძელობით ცოდვანი მათნი შეუნდნეს ღ~ნ”. ამ საბუთის მიხედვით, კიდევ ერთი ეპისკოპოსის ვინაობა გაირკვა. გიორგი მჭედლიძე თავის ნაშრომში „ქუთაის-გაენათის ეპარქია“ მანუელ ჩხეტიძეს, რომელიც ხონის ეპისკოპოსი იყო 1529-1548 წლებში, 1549 წლიდან მაწყვერლად მოიხსენიებს. საფიქრებელია, რომ იგი იოაკიმე მაწყვერელსა და ანტონ მაწყვერელს შორის პერიოდში მოღვაწეობდა. 1565 წლამდე მაწყვერლად ჩანს ეპისკოპოსი ანტონი, რომელიც ამ წელს უკვე გენათელია. მისი შეკვეთით არის „დახატული“ კარიბჭე, რასაც გვამცნობს გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამხრეთ მინაშენის წარწერა: „მაწყვერელმა და აწ გენათელ მთავარეპისკოპოსმან ანტონი დავხატენ კარისბჭე ესე ჩემდა სულის საოხად, მეფეთმეფის გიორგის სადიდებლად“.

XVI ს. მომდევნო ეპისკოპოსია იერემია. 1575 წ. ახლო ხანებში მისი დავალებით მანუელ ინანიქიშვილმა გადაწერა მარხვანი. ხელნაწერის ანდერძში ეს მაწყვერელი იხსენიება მღვდელმთავართა მთავრის წოდებით. მისი მომდევნო ეპისკოპოსია სერაპიონ ხურცისძე, რომელიც მოიხსენიება ზარზმის სამრეკლოს საამშენებლო წარწერაში: „აღეშენა წმიდაჲ ეკლესიად სახელსა ზედა წმიდისა იოანე მახარებელისსა ნებითა ღვთისაჲთა და ბრძანებითა ყოველსა ქუეყანასა სახელგანთქმულისა, აგარიანთა პირის დამყოფელსა ხურციძისა პატრონისა ფარსმანისითა, სულსა მისსა განუსვენეს და შეუნდნეს ღმერთმან, მღუდელთმთავართ-მთავრობასა ხურციძისა პატრონის მაწყუერელისა სერაპიონისსა, ქორონიკონს სჲე“. აღნიშნული ქორონიკონი შეესაბამება 1577 წ. შესაბამისად, სერაპიონ ხურცისძის მოღვაწეობა XVI ს. 70-იან წლებში უნდა ვივარაუდოთ.

XVI ს. დასასრულს ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, რის შედეგადაც აწყურის ეპარქია დაკნინდა. „მოისპობოდნენ ეპისკოპოზნი, თუ სადმე იყო, და მონაზონნი და მწყემსნი. გარნა თჳნიერ ადგილ-ადგილ იპოვებოდნენ მღუდელნი“, – ასე აგვიწერს ვახუშტი ბატონიშვილი სამცხის იმდროინდელ ვითარებას. როგორც ჩანს, 1649 წლისათვის აწყურის ეპარქიაში არავინ მჯდარა მაწყვერლად და რადგან მაწყვერლის ადგილი თავისუფალი იყო, იოანე ბერს არზა გაუგზავნია არზრუმის სამდივნოში – მაღალ პორტასთან შუამდგომლობა უთხოვია, რათა იგი მაწყვერლად დაენიშნათ. ამ თხოვნის პასუხია მეჰმედ IV–ის სიგელი (Tur d-14), რომლის მიხედვით, სულთანს იოანე ბერი აწყურის ეპისკოპოსად დაუმტკიცებია. იოანე ბერის მაწყვერლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. სხვა საბუთით (S 252), 1650 წ. „საფარიძეს მტბევარს იშხნელობა და მაწყვერლობა მოუვიდა ხვანთქრისაგან“. რა იყო იოანე ბერის გაბრიელ საფარის ძით ჩანაცვლების მიზეზი, ან როდემდე გაგრძელდა მისი ეპისკოპოსობა უცნობია. თურქთა ბატონობის შედეგად აწყურის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრება დაქვეითდა და ეპარქიაც გაუქმდა, ვახუშტი ბატონიშვილის თქმით, აწყურის კათედრალი მის დროს „უქმი არს“.

წერილობით წყაროებში დაცული ცნობების მიხედვით, მაწყვერელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგი შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

  • იოსები – 506 წ. დვინის კრების ხელისმომწერი.
  • ეფრემი – 855-895 წწ.
  • გიორგი შუარტყლელი – X ს. II ნახ.
  • იოანე, ძე არსენისი – 995-1002 წწ.
  • არსენი ჯაყელი – XI ს. შუა ხანების მოღვაწე.
  • მიქელ IV – 1184-1187 წწ.
  • მელქისედეკი – XII ს. ბოლოსა და XIII ს. დასაწყისი.
  • იოვანე – XIII ს. შუახანები.
  • ნიკოლოზ ჯუანშერის ძე – XIII ს. 70-იანი წწ.
  • გრიგოლი – XIII ს. ბოლო – XIV ს. დასაწყისი.
  • ნიკოლოზი – 1346-1360 წწ.
  • პიმენი – XIV ს. ბოლო 1400 წლამდე.
  • გერასიმე —— 1414-1426 წწ.
  • სერაპიონი – 1427-1435 წწ.
  • შიო ერისთავი-შაბურისძე – 1467 წლამდე.
  • ივანე – 1467 წლიდან.
  • გრიგოლ საბა? – (ყვარყვარემ გადააყენა 1486 წ.).
  • სვიმონი – 1486—1515 წწ.
  • იოაკიმე – 1538 წ. ახლო, -1549 წლამდე?
  • მანუელ ჩხეტიძე – 1549 წლიდან?
  • ანტონი – 1565 წლამდე.
  • იერემია – 1575 წ. ახლო ხანები.
  • სერაპიონ ხურცისძე – 1577-XVI ს. ბოლო.
  • იოანე ბერი – 1649-1650 წწ.
  • გაბრიელ საფარის ძე – 1650 წ.

აწყურის ეპარქიის აღდგენა

აწყურის ეპარქია აღდგენილ იქნა 1917 წ. სექტემბერს საქართველოს ეკლესიის I კრებაზე. ეპარქიის სამწყსო ტერიტორიაში შევიდა სამცხე, ჯავახეთი და ზემო სომხეთი (მაშინდელი ახალციხის მაზრა, ბორჯომის ხეობის მიმატებით), ახალქალაქის მაზრა, არტაანის, ყარსის, ყაღზევანის ოლქები, გუმბრის მაზრა და ორი ოლქი თურქეთის საზღვრებში – ბასიანი და ალაშკერტი (1917 წ. ყარსი, არტაანი, ყაღზევანი ჯერ კიდევ რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა).

აღდგენილმა აწყურის ეპარქიამ გააერთიანა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძველი ისტორიული ეპარქიები – აწყურის, წურწყაბის, კუმურდოს, ერუშეთის, დადაშენის, წყაროსთავისა და ისტორიულ სომხეთში შემავალი ქართული ეპარქიები – ანისის, კარისა და ალაშკერტის (ვალაშკერტის). კათედრა დროებით ზარზმაში იყო, მღვდელმთავრის რეზიდენცია – ქ. ახალციხეში.

1917-1978 წწ. აწყურის ეპარქიას არ ჰყავდა დამოუკიდებელი მღვდელმთავრები – მაწყვერლობას ითავსებდნენ კათოლიკოს-პატრიარქები ან მეზობელი ეპარქიების მმართველი მღვდელმთავრები. 1979 წ. აწყურის ეპარქიას ეწოდა ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქია. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები იყვნენ ეპისკოპოსები: ამბროსი (ქათამაძე), ქრისტეფორე (წამალაიძე), ანანია (ჯაფარიძე), სერგი (ჩეკურიშვილი).

1995 წ. ეპარქია ორად გაიყო და შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ეპარქია – ახალციხისა და ბორჯომ-ახალქალაქის. 1997-1998 წწ. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი იყო ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). 1998 წლიდან მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). 2007 წლიდან მმართველი მღვდელმთავრის ტიტულია „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი“.

ნ. გურგენიძე

ლიტერატურა

  • აბულაძე ც., სულთან მეჰმედ IV სიგელი იოანე ბერის მაწყვერლად დანიშვნის თაობაზე, თბილისის სახელმწ. უნის „შრომები“, აღმოსავლეთმცოდნეობა, თბ., 1989, ტ. 290;
  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბ., 1955;
  • თაყაიშვილი ე., მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში, წგ.: დაბრუნება. მრავალტომეული. ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, ტ. 1, თბ., 1991;
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1959;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962;
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000;
  • სილოგავა ვ., სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, კრებ.: „მრავალთავი“, ფილოლო-გიურ-ისტორიული ძიებანი, 1983, №10;
  • შარაშიძე ქ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.), თბ., 1961;
  • ჯოჯუა თ., XII საუკუნის გარეჯული კრებულის (Ven 4-ის) ერთი მინაწერი და აფხაზეთის უცნობი კათოლიკოსი ბართლომე, „საქართველოს სიძველენი“, 2002, №31.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები