ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაცია - ორგანიზაციის შექმნის საკითხი სტუდენტთა ქუთაისის 1917 წლის 25 აპრილის კონფერენციაზე დაისვა. ამ ფორუმს, სხვადასხვა ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, გორი, ზესტაფონი, ფოთი და სხვ.), 39 დელეგატი დაესწრო. კონფერენციის თავმჯდომარედ მიხ. ხუნდაძე იქნა არჩეული. მოადგილედ - კ. დგებუაძე. მდივნებად - ს. ხოფერია, თ. კუპრეიშვილის ასული, და ვეფხვაძე. რამდენადაც ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების ამ კონფერენციამ ერთიანი ორგანიზაციის ფორმირება ვერ მოახერხა, საკითხი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ახალგაზრდობის საერთო კონფერენციისათვის გადაიდო. ამ კონფერენციაზე გასაგზავნ კანდიდატებად მ. ხერხეულიძე და კ. მირაბიშვილი იქნენ არჩეული.

სარჩევი

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ახალგაზრდობის საერთო კონფერენცია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ახალგაზრდობის საერთო კონფერენცია 1917 წლის 4 ივნისს გაიმართა. მის მუშაობაში 164 დელეგატი ღებულობდა მონაწილეობას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შიგნით წარმოქმნილმა წინააღმდეგობამ და პარტიიდან რადიკალ-დემოკრატების (1917 წლის ოქტომბერი) და გაზ. „კლდის“ ჯგუფის (1918 წლის სექტემბერი) გამოყოფამ გარკვეული ზემოქმედება იქონია ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატებზედაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა 1918 წლის 14 ნოემბრის კრებაზე მიღებული დადგენილებით, დამოუკიდებელ ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა ორგანიზაციის დაფუძნება ოფიციალურად იქნა გაცხადებული. იმავე კრებამ ახლად შექმნილი ორგანიზაციის დროებითი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით აირჩია: ი. ცხადაძე, ვ. იაშვილი, პ. ნემსაძე, ლ. მაჭავარიანი და პ. ქებაძე.

ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების ინსტრუქცია

1918 წლის ნოემბერში გამოვიდა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციის ორკვირეული ჟურნალი „ახალი ძალა“. ჟურნალში გამოქვეყნდა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების ინსტრუქცია. ეს დოკუმენტი 9 მუხლისა და სამი შენიშვნისაგან შედგებოდა და ორგანიზაციის წესდების მოვალეობას ასრულებდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციის მმართველობის ორგანოს კონფერენციის მიერ არჩეული მთავარი კომიტეტი წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციის ცენტრად ქუთაისის კომიტეტი ითვლებოდა. ინსტრუქცია ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და თითოეული წევრის უფლება-მოვალეობასაც განსაზღვრავდა.

ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენცია

1919 წლის 16 ივნისს, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის ძირითადი საპროგრამო დებულებების შესახებ მოხსენება ნ. დგებუაძემ, ხოლო მომენტისა და ტაქტიკის შესახებ იასონ ჯავახიშვილმა გააკეთეს. მიღებული რეზოლუციით, კონფერენციამ საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში მმართველ პოლიტიკურ პარტიას თანადგომა გამოუცხადა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხიც დააყენა. 29 ივნისს ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაციის კომიტეტი იქნა არჩეული. მის შემადგენლობაში შევიდნენ: ვ. ცხადაძე, ი. დოლიძე, პ. ნემსაძე, ა. ანთაძე, ს. ჟღენტი, ლ. მაჭავარიანი. ამ ორგანიზაციის ძირითად მიზანს თბილისისა და ქვეყნის განაპირა რეგიონების სასწავლებლებში ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაციების სექციების მოწყობა წარმოადგენდა. ასეთი პირველი სექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა, რომლის ბიუროს შემადგენლობაში აირჩიეს: ვ. ცხადაძე, პ. ნემსაძე, კ. კელენჯერიძე, ა. კანდელაკი და ჯ. ეგნარაძე. ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრტები საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის რეალურ გზას ევროპული სახელმწიფოების მხარდაჭერაში ხედავდნენ.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე), წიგნი II, თბ., 2006.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები