ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია - ახალგაზრდული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია.

ახალგაზრდების პირველი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, „მარქსისტ მოსწავლეთა კავშირის“ სახელწოდებით, ქალაქ ქუთაისის მე-5 სასწავლებელში, 90 მოსწავლის ბაზაზე შეიქმნა. ორგანიზაციამ ჰექტოგრაფული წესით ჟურნალის „ჩვენი მიზანი“ რამდენიმე ნომერი დაბეჭდა. მანვე შეიმუშავა ორგანიზაციის წესდება და სამეცადინო გეგმა. მარქსისტ მოსწავლეთა კავშირის პირველმა კონფერენციამ (1916 წლის დეკემბერი) 1912-1916 წლებში შექმნილი ახალგაზრდების მარქსისტ მოსწავლეთა კავშირები გააერთიანა და მას „ამიერკავკასიის მარქსისტ-მოსწავლეთა კავშირი“ უწოდა. მან დაამტკიცა ამ ორგანიზაციის წესდებაც. მეორე კონფერენციაზე (1918, მარტი) ორგანიზაციის შიგნით ფრაქციულობა და ბოლშევიკებთან თანამშრომლობა მიუღებლად იქნა მიჩნეული. იმავდროულად, ორგანიზაციას ოფიციალურად „ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია“ უწოდეს. ამ კონფერენციის მუშაობაში 16 ორგანიზაციის 39 დელეგატი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. წარმოდგენილი დელეგატებიდან 38 ქართველი და 1 რუსი იყო. მუშაობა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. კონფერენციაში მხოლოდ ქართველები მონაწილეობდნენ და ორგანიზაციისთვის ამიერკავკასიის სახელის მიკუთვნება ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მეორე კონფერენციის მსვლელობაში ორგანიზაციაში მემარჯვენე და მემარცხენე მიმდინარეობები გამოიკვეთა. ეს ფაქტი შემდეგში საფუძვლად დაედო ახალგაზრდების მენშევიკური და ბოლშევიკური ორგანიზაციების შექმნასა და ცალ-ცალკე ორგანიზაციულად გამოყოფას - 1917 წლის აგვისტოში.

1918 წლის იანვრის მონაცემებით, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციები საქართველოს მრავალ რეგიონსა და ქალაქში შეიქმნა. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა (მოსწავლე, სტუდენტი და მუშა ახალგაზრდობა) 2300 კაცს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციები ერთმანეთისაგან დაქსაქსულად მოქმედებდნენ, ამიტომ მათი გაერთიანება დადგა დღის წესრიგში. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ქუთაისის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციებმა გადადგეს. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების გაერთიანების საქმეში გარდამტეხი როლი ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციების მეორე თავისუფალმა კონფერენციამ (1919 წლის 26 თებერვალი) შეასრულა. ახალგაზრდების ამ ფორუმს 44 დელეგატი ესწრებოდა. ფორუმი, ცენტრალური კომიტეტის სახელით, ა. მექანარიშვილმა გახსნა. კონფერენციის თავმჯდომარედ ს. მიხეილიძე აირჩიეს, მოადგილედ - ვ. ნუცუბიძე. კონფერენციამ ორგანიზაციის სახელწოდების შეცვლის შესახებ იმსჯელა და, მიღებული დადგენილებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციას საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია ეწოდა.

1919 წლის 29 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის მეორე თავისუფალმა კონფერენციამ. დაესწრო 41 დელეგატი, სხდომა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური ნკომიტეტის თავმჯდომარემ სოფ. მიხეილიძემ გახსნა. დაამტკიცეს ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობა (მ. ჩაჩუა, მ. კვატაშიძე, ა. თარაიანი, დ. ლომთაძე, დ. ყიასაშვილი, მ. დუდუჩავა, დ. ორაგველიძე, კ. ჭავჭანიძე, ვალ. ნუცუბიძე, ჩოგოვაძე).

ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ დ. ლომთაძე იქნა არჩეული, ხოლო მოადგილეებად - დ. ორაგველიძე და დ. ყიასაშვილი. ჟურ. „ახალი კვალის“ სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში შევიდნენ: მ. ჩაჩუა, შ. დუდუჩავა, დ. ყიასაშვილი, მ. კვატაშიძე, მ. ჩოგოვაძე. იმავე კონფერენციამ საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წესდება დაამტკიცა, რითაც განსაზღვრა ორგანიზაციის სტრუქტურა და წევრთა უფლება-მოვალეობები.

საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის III კონფერენციის (1920 წლის მარტი) მონაცემებით, ორგანიზაცია 5000-ზე მეტ წევრს აერთიანებდა. საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა IV კონფერენციის (1921 წლის იანვარი) მონაცემებით, მის რიგებში მუშა, გლეხი, მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდების 6000 წარმომადგენელი იყო გაერთიანებული. 1921 წლის თებერვლის უმძიმეს პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციამ წევრთა მობილიზაცია გამოაცხადა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩააყენა.

შოთა ვადაჭკორია



ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაცია 1917-1921 წლებში, საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე),წიგნი II, თბ., 2006.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები