ახალი აღთქმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გელათის ოთხთავი

ახალი აღთქმა - ქართული „აღთქმის“ შესატყვისებია: ებრ. „ბერით“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“. მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება.

ძველი აღთქმა“ გულისხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის.

ისტორიის კონკრეტულ ჟამს ღმერთი განკაცდა ქრისტე იესოში, რომელმაც აღთქმა განაახლა და მისი შინაარსი სრულყო. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ორივე აღთქმა არსებით ერთი და იგივეა. აქ საქმე ერთი მთელის სხვადასხვა საფეხურებთან გვაქვს. ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აღთქმის შინაარსის ეტაპობრივად გაცხადება და დაზუსტება, ამ შინაარსის გაღრმავება.

უზენაესი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.

წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი.

ძველმა აღთქმამ და წინასწარმეტყველებამ ხორცი ჩვენი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე შეისხა. ღმერთმა კაცთა ნათესავის გამოსახსნელად დედამიწაზე მხოლოდშობილი ძე მოავლინა. მარადიული, დაუსაბამო და უჟამო ღმერთი განკაცდა.

ებრაელ ქალწულ მარიამს, დავითის შთამომავალს, მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ დაორსულდება და შეეძინება ვაჟი. ხარებას შობა მოჰყვა, შობას კი ყველაფერი, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ.

იესო ქრისტე, სათნო გადმოცემის თანახმად, 30 წლის ასაკში მოინათლა იოანე წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის მიერ. ამ ფაქტით ძველი აღთქმა და რჯული დასრულდა. იოანე ნათლისმცემელი დგას გზათგასაყარზე და ითვლება ძველი აღთქმის უკანასკნელ წინასწარმეტყველად და ახლის წინამორბედად. მისი ქადაგება - შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა! ნიშნავდა ღმერთსა და ადამიანს შორის ახალ ურთიერთობათა, ახალ ხელშეკრულებათა დასაბამს. აქ არის მინიშნება ახალი აღთქმის უმთავრეს იდეალზე - ცათა სასუფეველზე და მისი მიღწევის პირობაზე - სინანულზე. ქრისტიანული სინანულის არსს ასაჩინოებს ბერძნული შესატყვისი „მეტანოია“, რაც ნიშნავს: ხელახალი გონება, გონების გარდაქმნა, განახლება, ზეაღზიდვა. იგულისხმება პიროვნების გაკეთილშობილება, შეცვლა, განახლება. ახალ აღთქმაში მონაწილეობის წინაპირობაა სინანული ანუ ცოდვათა გაცნობიერება, რამაც უნდა გამსჭვალოს ინდივიდი და შეცვალოს სასიკეთოდ.

ძველი აღთქმის გარეგანი ნიშანი წინადაცვეთა იყო. ახალი აღთქმის ხილული ნიშანი კი ნათლისღება და ზიარებაა. ნათლისღება არის ახალი აღთქმის კარი, წინაბჭე, ზიარება კი - მისი გვირგვინი. ნათლისღების მეშვეობით მორწმუნე ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება, ზიარების მეშვეობით კი იგი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება. ერთიც და მეორეც ეკლესიის მიერ გააზრებულია საიდუმლოდ (საკრამენტად), რომელთაგან მეორე (ზიარება) თავად უფალმა დაადგინა. მან მოციქულები პირველად საპასექო სუფრაზე აზიარა. პური საკუთარ ხორცად, ღვინო კი საკუთარ სისხლად დასახა და ამით მსხვერპლშეწირვის ებრაული წესი გააუქმა. სახარების ამ ეპიზოდს, რომელსაც ოთხივე მახარებელი აღწერს (მათე 26:17-30; მარკოზი 14:12-26; ლუკა 22:14-71; იოანე 13:1-35) საეკლესიო ტრადიცია საიდუმლო სერობას უწოდებს. საიდუმლო სერობა, შეიძლება ითქვას, ახალი აღთქმის პრეზენტაციაა.

ახალი აღთქმის იდეალი არის ცათა სასუფეველი. პავლე მოციქულის თქმით, მოსეს რჯული დროებითი მოვლენაა. სიბრძნის საბოლოო გაცხადება ხდება იესოს პიროვნებაში, რომელმაც აღასრულა და გააუქმა რჯული (რომ. 10:4), რომელიც ებრაელებს ხსნისა და გამართლების საშუალება ეგონათ. ამიერიდან ადამიანმა არა რჯულის ანუ კანონის, არამედ რწმენის შესაბამისად უნდა იცხოვროს. ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია სიყვარული და, პავლეს მოძღვრებით, თუ ადამიანს მოყვასი უყვარს, რჯულის ყველა მოთხოვნა შესრულებულია. ამას გულისხმობს მაცხოვარი, როცა ორ მთავარ მცნებაზე ლაპარაკობს: ერთია, გიყვარდეს ღმერთი შენი, მეორეა - გიყვარდეს მოყვასი შენი. ეს ორი მცნება მთელ რჯულს მოიცავს. კაცისათვის, რომელიც არ მრისხანებს, ფუჭია შეხსენება მცნებისა „არა კაც კლა“. ნეტარი ავგუსტინე ამგვარად გამოხატავს ამ ორი მცნების არსს: „გიყვარდეს უფალი და გააკეთე, რაც გინდა“ (იგულისხმება, რომ უფლის სიყვარული მხოლოდ სიკეთეს გაგაკეთებინებს). ახალი აღთქმის რჯული არის სიყვარულის რჯული და თუ სიყვარული არსებობს ადამიანთა შორის, რჯულიც დასრულებულია.

რას ნიშნავს „რჯულის დასრულება“, ანდა „გაუქმება“? რჯულის ქვეშ აქ რწმენა არ იგულისხმება (რწმენა, იმავე პავლეს თქმით, გადარჩენის მთავარი პირობაა: რომ. 1:17). ქრისტემ წეს-განგების, მსხვერპლშეწირვის რიტუალისა და, ზოგადად, კანონის არსობრივი მნიშვნელობა უარყო. ახალმა რელიგიამ კანონს პირველხარისხოვნება ჩამოაშორა. მან გააუქმა, აზრმოკლებულად, უფრო ზუსტად - ყავლგასულად გამოაცხადა წინადაცვეთა და სისხლიანი მსხვერპლის შეწირვა. ყურადღება სულიერ მხარეზე, ინდივიდის შინაგან რწმენასა და ქველმოქმედებაზე გადაიტანა. ქრისტიანობა არის სიყვარულის, სიბრალულის, სინანულის, თანაგრძნობისა და თანალმობის რელიგია, რომლის ბირთვი თავად იესო ქრისტე, - მისი ცხოვრება, პირადი მაგალითი და მის ბაგეთაგან გამოთქმული მოძღვრებაა.

ქრისტე ამ მოძღვრების კაცთა შორის დასანერგად მოვიდა. თანამოსაგრეებად თორმეტი მოციქული გამოირჩია (მათე 10:2-4). მოციქულებმა და მოციქულთა მოციქულებმა, რიცხვით სამოცდაათმა, ახალი მოძღვრება - ქრისტიანობა - მსოფლიოს მოჰფინეს.

ქრისტიანობა არის ხსნისა და გამოსყიდვის რელიგია. ეს მისია, საბოლოო ჯამში, ყველა რელიგიას აკისრია, მაგრამ ქრისტეს მოძღვრებას სპეციფიკური ნიშნები აქვს. ეს, პირველ რიგში, ჯვრისა და ჯვარცმის, როგორც გამოსყიდვის საშუალების, მიმართ ითქმის. ლაპარაკია არა საკუთრივ ჯვარზე, როგორც გრაფიკულ გამოსახულებაზე, არც ჯვარცმაზე - დასჯის ფორმაზე, არამედ შინაარსზე, რასაც მოიცავს ცნებები: ჯვარი და, მისგან განუყოფელი, გამოსყიდვის დოგმატი. იესო ქრისტემ ადამიანი და, მასთან ერთად, წუთისოფელი გამოისყიდა ჯვარცმამდე დამდაბლების გზით. მან მიატოვა „თავისი მამული“, შეიმოსა მონის ხატი და ჯვარს ეცვა როგორც დამნაშავე, განწირული და მიუსაფარი. ახალი აღთქმის მთავარი ნიშანი ანუ სასწაული თავმდაბლობის შედეგად დაღვრილი და შეწირული სისხლია. მისი მოძღვრებისათვის ნიშანდობლივია ძველი ფასეულობების გადაფასება და ახალი ზნეობრივი კრიტერიუმების დამკვიდრება. მაგალითად, სიმდიდრე, სილაღე, თვალტანადობა, რასაც ელტვოდა წარმართთა ცნობიერება, ქრისტიანთა მიერ ჩათვლილია არაარსებით კატეგორიებად. გამოცლილი აქვს საფუძველი პრინციპს - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ამქვეყნიური დიდება, რაც ებრაელთა რჯულშიც თვალსაჩინოდ ფიგურირებდა, სახარების თანახმად სანუკვარი ფაქტი არაა. ადამიანს ადიადებს არა ძლიერი მკლავი, ანდა სავსე ქისა, არამედ უმანკო გული და სინდისი. ქრისტიანული ეთიკისა და მორალის სპეციფიკური ნიშანია შენდობა, მტერთათვის ლოცვა და ბოროტების სიკეთით გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს ძველ აღთქმაში არაერთგზისაა აღნიშნული პირდაპირ თუ ალეგორიულად, მაცხოვარმა იესო ქრისტემ სიმდაბლის, მოთმინებისა და მიტევების პირადი მაგალითი გვიჩვენა. რა თქმა უნდა, ზნეობის ამ რანგამდე ასვლა ადვილი არაა და ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, ზრდა-განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ. ხელოვნურობა ამ სფეროში დამღუპველია. არ შეიძლება, თვალნაკლულებს ვუხმობდეთ სანადიროდ, სმენადახშულებს - სასიმღეროდ, ძალააყრილთ - საასპარეზოდ. ისინი ჯერ უნდა განიკურნონ (თუკი ექვემდებარებიან მკურნალობას). ასევე, სინდისისაგან დაშრეტილნი (თუკი მკვდარნი არ არიან ამ თვალსაზრისით), ჯერ უნდა გამოვაფხიზლოთ, ვაზიაროთ ზნეობის საერთაშორისო ნორმებს - ელინურს, ებრაულს, ვედურს (ე.ი. ძველ ინდურს), თუნდაც - ათეისტურს და შემდეგ მოვთხოვოთ უმაღლესი ეთიკა - მტერთათვის ლოცვა. საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, ჯერ უნდა შეასრულოს ძველი აღთქმის ნორმატივი, რომ ახალი აღთქმის სამანებს ეზიაროს, გაუსწოროს თვალი ქრისტეს მოძღვრებას არა მხოლოდ გონებით და ცოდნით, არამედ ცხოვრებით - სულით და გულით. ეს ნიშნავს შემდეგს: ჯერ ათ მცნებას უნდა დავეუფლოთ და აღვასრულოთ, რომ მივეახლოთ სახარების ცხრა ნეტარებას; ჯერ კანონის წინაშე უნდა ვიყოთ მართალნი, რომ გავთავისუფლდეთ მისი მარწუხებისაგან. დაბალგანვითარებულნი ვერა და ვერ გათავისუფლდებიან კანონის ზეგავლენისაგან. თუ დააპირებენ, გაცილებით მძიმე სასჯელს დაიტეხენ თავს...

ახალი აღთქმის სიღრმე და სიდიადე, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, მისი პირადი მაგალითის გარდა, აღბეჭდილია შეგონებებში, ლოცვებში, სასწაულებსა და იგავებში. ესენია, მაგალითად, ცხრა ნეტარება (მათე 5:4-12), მამაო ჩვენო (მათე 6:9-13; ლუკა 11:2-4), იგავი შეცდომილ ძეზე ანუ, ძველი ქართული ტრადიციით, უძღებ შვილზე (ლუკა 15:11- 32), ათ ქალწულზე (მათე 25:1-13), ლაზარეს აღდგინებაზე (იოანე 11:1-45) და სხვა.

ესქატოლოგიური ანუ წუთისოფლის უკანასკნელი დღის რაობის თვალსაზრისით ყველაზე საყურადღებო ლაზარეს მაგალითია.

ქრისტემ გვანიშნა: ვინც უფლის მეგობარია, სიკვდილი ვერაფერს დააკლებს, - გვამი გახრწნილი და განქარვებულიც რომ ჰქონდეს, ლაზარეს მსგავსად გაცოცხლდება და საკუთარი სხეულით აღდგება. ეს ქვეყნიერების დასასრულს ანუ „მეოთხე დღეს“ მოხდება. იმ ფაქტს, რომ ლაზარე უფალმა მე - 4 დღეს აღადგინა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ქრისტე მესამე დღეს აღდგა, ლაზარე - მეოთხე დღეს, რაც საყოველთაო განკითხვისა და განახლების ჟამზე მიანიშნებს. იმ დღეს ყველა მართალი უკვდავებას ეზიარება.

თუკი კვლავ დაისმება კითხვა, რა არის ქრისტიანობის სპეციფიკა, რასაც ანალოგი სხვა რელიგიებში არ მოეპოვება, ვუპასუხებთ - თავად ქრისტეს პიროვნება, ვნება და აღდგომა. მან ყოველი კაცის ცოდვა იტვირთა და საკუთარი თავი გაწირა თითოეული ჩვენგანის ნაცვლად. მას მიაყენეს განუზომელი ტანჯვა და გვემა, ნერწყვა და ყვრიმალისცემა, მათრახი და ეკლის გვირგვინი, შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს ჰურიასტანის პრეფექტის პონტოელი პილატეს დასტურით იერუსალიმის გარეუბანში, გოლგოთას ბორცვზე, ახალი წელთაღრიცხვის 33-ე წელს.

მაგრამ აღსრულდა წინასწარმეტყველება: კვირას, სიკვდილიდან მესამე დღეს, ცისკარზე, მკვდრეთით აღდგა ის, ვინც დაამცირეს და ჯვარს აცვეს.

ქრისტე ამქვეყნად მოკვდავი და ხრწნადი სხეულით მოვიდა, მაგრამ ჯვარცმისა და დამარხვის შემდეგ, იმის გამო, რომ იგი ბუნებით ღმერთი იყო, უკვდავი და უხრწნელი სხეულით აღდგა. ქრისტიანებს სწამთ, რომ საყოველთაო განკითხვის ჟამს ჩვენი ხორციც ასევე განახლდება. ქრისტეს აღდგომა მოასწავებს დაკარგული სამოთხის პოვნას და მისკენ დასაბრუნებელ გზას გვისახავს.

ახალი აღთქმის წიგნები

ახალი აღთქმის წიგნების ის თანმიმდევრობა, რომელიც ქართულ გამოცემებშია, უძველესია. ამას ადასტურებს ბიბლიის ალექსანდრიული და ვატიკანური ხელნაწერები (IV ს.), მოციქულთა კანონები, ლაოდიკიისა და კართაგენის კრებათა აქტები და სხვა, მაგრამ ყველგან ასე არაა. მაგალითად, ვულგატაში (ლათინურში) და ახალი აღთქმის ამჟამინდელ ბერძნულ გამოცემებში კათოლიკე ეპისტოლეები მოთავსებულია პავლეს ეპისტოლეთა შემდეგ, აპოკალიფსამდე.

პავლეს ეპისტოლეების განლაგების პრინციპი ასეთია: ჯერ წარმოდგენილია ეპისტოლეები, მიმართული მთლიანი ეკლესიებისადმი, შემდეგ - ის ეპისტოლეები, რომლებიც ცალკეული პირებისადმია გაგზავნილი.

ახალი აღთქმის კანონიც თანდათან იქმნებოდა ამა თუ იმ წიგნის სამოციქულო წარმომავლობის დადგენის ან უარყოფის კვალდაკვალ, საკითხის გულმოდგინედ შესწავლის საფუძველზე.

წიგნი, რომელსაც პირველი ქრისტიანები კითხულობდნენ, იყო ძველი აღთქმა. მალე, პირველსავე საუკუნეში, გამოჩნდა სახარებები და მოციქულთა ეპისტოლეები, მასთან ერთად - ნაყალბევი თხზულებებიც იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. I-II საუკუნეებში დაიწერა იმ მამათა თხზულებები, რომლებიც ეკლესიაში ცნობილნი და პატივცემულნი იყვნენ როგორც მოციქულთა უშუალო მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები: კლიმენტი, პოლიკარპე, ეგნატე და სხვანი, რომლებიც სამოციქულო კაცებად იწოდებიან. ამდენად, ეკლესიას ჰქონდა ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რომელი წერილი ჩაეთვალა ჭეშმარიტად სამოციქულოდ, წმინდად და ღვთივშთაგონებულად და გაემიჯნა ასეთი წერილები ანუ წიგნები როგორც ყალბი და არაჯანსაღი მოძღვრების შემცველი თხზულებებისაგან, ისე იმ თხზულებებისაგან, რომლებიც ეკუთვნოდნენ არა უშუალოდ მოციქულებს, არამედ - მოციქულთა მოციქულებს. უკანასკნელთა თხზულებები, რა თქმა უნდა, შეიცავდა ჯანსაღ და სწორ მოძღვრებას, მაგრამ ისინი მაინც ადამიანური წარმომავლობის იყო და მნიშვნელობით ვერ შეედრებოდა ღვთაებრივ და გამოცხადებულ წერილს.

II ს-ში ეკლესიაში ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა ოთხი სახარების, მოციქულთა საქმეების, პავლეს ცამეტი ეპისტოლის, პეტრეს პირველი ეპისტოლის და მოციქულ იოანეს პირველი ეპისტოლის ჭეშმარიტებას და ორიგინალურობას. იმ დროისათვის ეს წიგნები შეადგენდნენ საერთო-საყოველთაო კანონს. ახალი აღთქმის დანარჩენმა ნაწილმა საყოველთაო აღიარება გვიან მოიპოვა. მაგალითად: ორიგენე III ს-ში ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, ეპისტოლეები იაკობისა, იუდასი, მეორე პეტრესი, მეორე და მესამე იოანესი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი. დასავლეთში დიდხანს ყოყმანობდნენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლესთან დაკავშირებით, აღმოსავლეთში - აპოკალიფსთან დაკავშირებით.

მოციქულთა წერილებთან ერთად დიდი პატივისცემით სარგებლობდა და IV ს-მდე ეკლესიაში ლიტურგიკული დანიშნულებაც ჰქონდა ზოგიერთ ეპისტოლეს. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ პაპი კლიმენტისა და ბარნაბას ეპისტოლეები და ერმიასის „მწყემსი“.

საეკლესიო ისტორიკოსი ევსევი (IV) ახალი აღთქმის წიგნებს სამ კატეგორიად ყოფს:

  1. ეკლესიის ერთსულოვანი აზრით და დასტურით მოციქულთა ხელიდან გამოსული თხზულებანი - ოთხი სახარება, საქმენი მოციქულთა, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პირველი იოანესი და პირველი პეტრესი.
  2. საყოველთაოდ არაღიარებულნი და სადავონი. მათგან ზოგიერთნი: ეპისტოლე იაკობისა, იუდასი, 2 პეტრესი, 2-ე და 3-ე იოანესი და აპოკალიფსი ეკლესიამ საბოლოოდ მაინც აღიარა და შეიტანა კანონში. სხვანი კი, როგორიცაა: საქმენი პავლესი, ერმიასის „მწყემსი“, პეტრეს აპოკალიფსი, ბარნაბას ეპისტოლე, მოციქულთა სწავლანი („დიდაქე“) და სახარება ებრაელთა მიმართ, მათი არამოციქულებრივი წარმომავლობის გამო, არ შეიტანეს კანონში;
  3. უეჭველად არამოციქულებრივი და უდავოდ ერეტიკულიც კი.

კანონის საბოლოო ვარიანტი შეიმუშავეს ლაოდიკიის, ჰიპონიის, კართაგენისა და რომის კრებებმა IV-V სს-ში. ამ მხრივ დიდია პაპი ინოკენტი I-ისა და, განსაკუთრებით, პაპი გელასის ღვაწლი. უკანასკნელმა დაახლოებით 493 წელს გამოაქვეყნა დეკრეტი, რითაც საბოლოოდ განისაზღვრა კანონი. ამის შემდეგ იქ შეტანილი წიგნების წინააღმდეგ აქა-იქ ცალკეული გაუბედავი ხმები თუ ისმოდა. მხოლოდ გერმანულმა რეფორმაციამ დააყენა ეჭვის ქვეშ ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნის კანონიკური ღირსება. ლუთერმა გაბედა და აპოკრიფული უწოდა აპოკალიფსსა და ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ. მის კვალდაკვალ სხვა ლუთერელი ღვთისმეტყველებიც მეორეხარისხოვანს უწოდებდნენ იმ წიგნებს, რომლებიც ძველად დავას იწვევდნენ (2 პეტრე, 2 და 3 იოანე, იაკობი, იუდა, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე და აპოკალიფსი), თუმცა კანონში მაინც ტოვებდნენ მეორეხარისხოვანი წიგნების უფლებით და, მაშასადამე, ღირსებით საღმრთო წერილის დანარჩენ ნაწილთან არ ათანაბრებდნენ.

XVIII ს-ის შუა წლებიდან დასავლეთ ევროპაში აღორძინდა რაციონალიზმი, რომელმაც უარყო რწმენა და წერილის ღვთივშთაგონებულობა; მან ლაშქრობა დაიწყო და თავი მოუყარა არგუმენტებს არა მხოლოდ ცალკეული წიგნების, არამედ მთელი წერილის წინააღმდეგ. თუმცა ეს მიმდინარეობა კათოლიკეებისა და ორთოდოქსი პროტესტანტების ერთსულოვან და საფუძვლიან წინააღმდეგობას წააწყდა.

წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები