ახალი შუამთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი შუამთის მონასტერი. ღვთისმშობლის შობის ტაძარი

ახალი შუამთა − ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტერი კახეთში (თელავის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია). მონასტრის მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის შობისაა და აგებულია XVI ს. 40-იან წლებში ლევან კახთა მეფის (1520-1574) დროს, მისი მეუღლის, თინათინის ღვაწლით.

სარჩევი

ისტორია

მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა, რომელიც ისტორიული დოკუმენტებითაც დასტურდება. დედოფალ თინათინს, მამია გურიელის ასულს, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ჰქონია ხილვა: დიდებულ მთავარზე დაქორწინებული თავის სამეფოში მიბრძანდებოდა; გზად მიმავალმა სამეფო წყვილმა თეთრ შინდთან შეისვენა. სწორედ აქ გამოეცხადა დედოფალს ბერი, რომელმაც უთხრა, ამ ადგილზე ღვთისმშობლის ეკლესია აეგო. მართლაც, როდესაც ახლად ჯვარდაწერილი კახთა მეფე ლევანი და დედოფალი თინათინი კახეთს, გრემის სატახტო ქალაქში მიბრძანდებოდნენ, მათ გზად შუამთაში შეისვენეს. სწორედ „მაშინ გულისხმა-ჰყო და სარწმუნო იქმნა განგებულებასა მას ზედა“ დედოფალი, იცნო რა ჩვენებით ნანახი ადგილი. ამალა გურიიდან კახეთს მიაბრძანებდა ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან ახლდა. ხატი ღამისთევისას შინდის ხის ქვეშ დააბრძანეს. მეორე დღეს დედა ღვთისას ხატი ადგილიდან ვეღარ დაუძრავთ, სანამ დედოფალმა ამ ადგილზე ეკლესიის აგება არ აღუთქვა.


ახალი შუამთის მთავარი ტაძარი XVI ს. 40-იან წლებში აიგო და მასში ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი იქნა დაბრძანებული. ახალი სასულიერო კერის დასაფუძნებლად დედოფალ თინათინს სავარგულები თავად მაყაშვილისგან შეუძენია; მონასტრის პირველ წინამძღვრადაც არქიმანდრიტი გაბრიელ მაყაშვილი დაადგინა.

სავარაუდოდ, 1550-იან წლებში დედოფალი მონაზვნად აღიკვეცა. გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის თანახმად, იგი ახალი შუამთის მონასტრის მთავარ ეკლესიაში დაიკრძალა. მისი განსასვენებელი ტაძრის ჩრდილოეთ მკლავშია, სამკვეთლოს წინ.

აღწერილობა

მონასტრის მთავარი ეკლესია აგურითაა ნაგები. მის ხუროთმოძღვრულ სახეს საფუძვლად ტაძრის ის ტიპი უდევს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო დამკვიდრებული და გავრცელებული საქართველოში. ესაა მაღალგუმბათიანი, გეგმით სწორკუთხა ნაგებობა, რომლის გუმბათი ორ თავისუფლად მდგომ წრიულ მასიურ ბურჯსა და საკურთხევლის კიდეებს ეფუძნება. საკურთხევლის ორივე მხარეს მასთან გასასვლელებით დაკავშირებული სამკვეთლო და სადიაკვნეა. ტაძრის ფასადებს ჯვრით დაგვირგვინებული დეკორი ამშვენებს, აქა-იქ კი ჩართულია კერამიკული დეტალები – ჯვრები და რომბები, რომლებიც ფირუზისფერი ჭიქურითაა დაფარული.

ახალი შუამთა. ღვთისმშობლის შობის ტაძარის მოხატულობა

თავდაპირველად ეკლესიას გარსშემოსავლელი ჰქონდა. ცხადია, მისი ხუროთმოძღვრული სახე მასთან ერთად ბევრად უფრო მთლიანად აღიქმებოდა; იგი ტაძრის ხაზგასმულად შემაღლებულ პროპორციებსაც უფრო ზომიერს ხდიდა. XIX ს. გადაკეთებათა შედეგად შემორჩა ორი ეკვდერი – თითო-თითო სამხრითა და ჩრდილოეთით ორივე ეკვდერი დარბაზულია. ჩრდილოეთის ეკვდერი მთავარანგელოზთა სახელზე მეფე ლევანისა და დედოფალ თინათინის ქალიშვილს, მონაზონ თეკლას, აუგია და მისთვის შეწირულობებიც უბოძებია. სამხრით მდებარე ეკვდერი ღირსი მამა დავით გარეჯელისა და გარეჯაში მოღვაწე წმ. მამათა სახელზეა ნაკურთხი, თუმცა საისტორიო საბუთების მიხედვით, ადრე ის წმ. ნიკოლოზის სახელობის ყოფილა.

მრავალრიცხოვანი სარკმლებით გაშუქებული ტაძრის ინტერიერი აგებისთანავე მოუხატავთ. მხატვრული გადაწყვეტით ახალი შუამთის ფრესკები გვიანათონურ სტილს მიეკუთვნება. ფერწერულ ანსამბლში გაერთიანებულია ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტები. სამხრეთ-დასავლეთ კედელზე სამეფო ოჯახის ქტიტორული ფრესკაა – თინათინ დედოფალი, ლევან მეფე. და მათი ვაჟი, სავარაუდოდ, უფლისწული გიორგი – სამივე სამეფო შესამოსელში.

ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით ოთხსართულიანი კოშკი-სამრეკლოა, რომელიც თინათინის გამზრდელის სახსრებით აშენდა.

ახალი შუამთის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდეგ მოჰკლებია ყურადღება: 1637 წ. სიგელით მეფე თეიმურაზ I-ს ხახულის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გადაივლიდნენ და კახეთში ივაჭრებდნენ. ერთი საუკუნის შემდეგ, XVIII ს. II ნახევარში, მონასტრის მთავარი ტაძარი მეფე ერეკლე II ღვაწლითა და განგებით იქნა განახლებული. სწორედ ამის თაობაზე მოგვითხრობს ვრცელი წარწერა, რომელიც ტაძრის დასავლეთ შესასვლელის თავზეა შესრულებული: „ქ. ეკლესია ყოვლად [წმიდა ღვთისმშობლის] შობისა აღშენებული სანატრელად ხსენებულის დედოფლის თინათინისა, დაძველებული და დაქცეული და ლორფინიდგან განძარცული კუალად მეფემან სრულიად ქვემოჲსა საქართველოჲსმან, მეორემან ჰერაკლიმ ბრძანებითა და საფასითა წარგებითა, გუმბათით მოკიდებით სამხროებით [განვაახლე]“.

წმ. იოანე ნათლისმცემლის სავანე – ახალი შუამთის მონასტრის მეტოქიონი (ჩაკიდული თხემები, თბილისის სიახლოვეს)

XIX ს. II ნახევარში ეგზარქოს ევსევის დროს თითქოსდა შეკეთების მიზნით ტაძარი და სამრეკლო გარედან შეათეთრეს. იგივე ბედი ეწია მოხატულობასაც – ფრესკები კირის ფენით ერთიანად დაფარეს. მოსკოვში დამზადებული იკონოსტასით შეიცვალა ძველი კანკელიც – იგი იმხანად იქ მცხოვრებ დედოფალ მარიამს და ბატონიშვილ ირაკლის შეუწირავთ ტაძრისთვის მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვრის, ქრისტეფორე ჩოლოყაშვილის თანადგომით.

ალავერდელ ეპისკოპოს კირიონს [(1899-1900), [შემდგომში - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს] შუამთის მონასტრის განახლება განუზრახავს. მონასტრის მთავარ ტაძარში დაიგო ახალი იატაკი, კირისგან გაიწმინდა კედლის მხატვრობა. იმ დროისთვის თინათინ დედოფლის დაკარგული საფლავი მოიძიეს და გაწმინდეს. დედოფლის საფლავზე მარმარილოს ახალი ქვა დაიდო შემდეგი წარწერით: „აქ მდებარე არს გვამი კახთა მეფის ლევანის მეუღლის თინათინისა, ამა მონასტრის აღმშენებლისა. 1519-1534 (მითითებული თარიღის შესახებ ცნობები არ არსებობს).

პ. იოსელიანის მიერ შეძლებისდაგვარად აღდგენილია მონასტრის წინამძღვართა რიგი: გრიგოლი (XVI ს. II ნახ.), ნიკოლოზი (XVI ს. 90-იანი წწ.), ეფრემი (ზუსტი თარიღი უცნობია), ისიდორე (XVII ს. ბოლო XVIII ს. დასაწყისი), პართენი (შემდგომში – ხარჭაშნელი ეპისკოპოსი, XVIII ს. დასაწყისი), ფილიპე (იხსენიება 1716), ნიკოლოზი (იხსენიება 1753), იოანე (იხსენიება 1756), ვიქტორი (იხსენიება 1795), იოაკიმე (იხსენიება 1806), გერონტი (XIX ს. 10-იანი წწ.), ინოკენტი ჩაღათაშვილი (იხსენიება 1815), ეპიფანე (შემდგომში – ხირსის მონასტრის წინამძღვარი), ნიკიფორე (XIX ს. შუა ხანებისათვის გორის ეპისკოპოსი), ქრისტეფორე (მონასტრის წინამძღვარი XIX ს. შუა ხანებში).

XIX ს. მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. მონასტერში კრძლავდნენ აგრეთვე სხვა ფეოდალური საგვარეულოების (ყარალაშვილები, მაყაშვილები, ქობულაშვილები, ალექსი-მესხიშვილები) წარმომადგენლებს.

ახალი შუამთის სიწმინდეები

ახალი შუამთის უმთავრესი სიწმინდე ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ის ხატი იყო, რომელიც თინათინ დედოფალმა მამისგან მზითევში მიიღო და გურიიდან კახეთში ჩამოაბრძანა. ხატი კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს იყო დაბრძანებული. იგი ოქროთია მოჭედილი და უხვადაა მოოჭვილი პატიოსანი თვლებით – იაგუნდებით, ფირუზებით, ალმასებითა და მარგალიტებით, ხატს ზურგზე აქვს 44 წმ. ნაწილი, მათ გარშემო კი ვრცელი საქტიტორო წარწერაა: „ქ. ჩრდილოდ, მთად, კიბედ, კიდობნად და ტრაპეზ-ბჭედ და კრძალუად, კუერთხად აღყვავებულად მოგასწავებდეს შენ წინასწარმეტყუელნი, ღმრთისა დედაო, ქალწულო უბიწოო; მეცა გქადაგებ ჭეშმარიტად ღმრთის მშობლად, იესეს ძირით აღმოსრულო ქალწულო; შენგან შობილსა მეუფესა ესრეთ არქუ: გიყუარ თუ, ტკბილო ძეო ჩემო, ისმინე, მამკობსა ჩემსა მეფესა ლეონს და თანამეცხედრესა პარტონსა დედოფალსა თინათინს ნუ დასჯი, რაჟამს განიკითხვიდე კაცთა. შევამკევით ხატი ესე ხახულისა ღმრთისმშობელი მეფობასა ჩუენისა წარსამართებლად და სულისაი ჩუენისა სახსრად და ძეთა ჩუენთაი სადღეგრძელოდ. ამენ, ამენ, ამენ“.

წმ. ექვთიმე ღვთისკაცთან (თაყაიშვილი) ასევე დასახელებულია მაცხოვრის ხატი, ოქროცურვილი ვერცხლის პერანგით და წმ. იოანე ნათლისმცემლის ფერწერული ხატი.

საუკუნეების განმავლობაში ახალი შუამთის მონასტერს საგანძურს უხვად სწირავდნენ ქართველი მეფე-მთავრები და თავადები: მეფე ერეკლე II, მისი ძე ფარნაოზი, მეფე გიორგის ძე ბაგრატი, რუსთველი მთავარეპისკოპოსი იოანე, ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები, მარიამ მაყაშვილი, სიდონია აბაშიძე და სხვ.

მონასტერს უმდიდრესი წიგნსაცავიც ჰქონდა, სადაც უძველეს სასულიერო წიგნებთან ერთად, სიგელ-გუჯრებიც ინახებოდა. დღეს ამ საგანძურიდან მონასტერში არაფერია დარჩენილი, ისინი სხვადასხვა მუზეუმშია გაბნეული.

აღდგენილი ხალი შუამთა

1926 წლის 10 ივლისს ბოლშევიკურმა მთავრობამ მონასტერი დახურა და გაასახლა იქ მოღვაწე სასულიერო პირები.

ახალ შუამთაში წირვა-ლოცვა 1989 წელს აღდგა, როდესაც მონასტერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნდა. 1995 წლიდან აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის (მახარაძე) ლოცვა-კურთხევით ახალ შუამთაში დედათა მონასტერია. 2004 წ. 21 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინესმა და უნეტარესმა ილია II-მ მონასტრის წინამძღვრად იღუმენიას ხარისხში დაადგინა სქემმონაზონი იოანა (ნიკოლაიშვილი).

2005 წ. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით მონასტრისთვის დაიწერა და შეიმკო ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი. იგი, ძველი წესის თანახმად, 40 დღის განმავლობაში პირი-პირს მიყრდნობილი დაბრძანებული იყო ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძველ ხატთან, რომელიც ხელოვნების მუზეუმში ინახება. ახალ ხატს ისევე, როგორც ხატის დედანს, ზურგზე ამოკვეთილი აქვს 44 სანაწილე, რომელშიც დღეს 19 წმ. ნაწილია ჩაბრძანებული. 2013 წ. დაიწერა ალავერდის მაცხოვრის ხატის ასლი, რომელიც შეიმოსა მოჭედილი ვერცხლის პერანგით, შეიმკო ძვირფასი თვლებით და მოაოქროვეს. ძველი ხატის მსგავსად, ახალი ხატის ზურგზე ამოიკვეთა ჯვარი და 58 სანაწილე ბუდე. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ძველ ხატთან მიმთხვევის შემდეგ მაცხოვრის ახლად შექმნილი ხატი ახალი შუამთის მონასტერში ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გვერდით დააბრძანეს.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით 2006 წელს ახალი შუამთის მონასტრის ტერიტორიაზე აშენდა წმ. გიორგის სახელობის კელია, მონაზონთა მცირე ზომის საცხოვრებელი; 2007-2008 წწ. რესტავრაცია ჩაუტარდა მონასტრის მთავარ ტაძარსა და სამრეკლოს. 2007 წ. ახალი შუამთის მონასტერს გრძელვადიანი მიჩენის წესით გადაეცა შუამთის ტყე. 2006-2007 წწ. რესტავრაცია ჩაუტარდა ახალი შუამთის მონასტრის სიახლოვეს მდებარე 2 სკიტს, რომლებიც, სავარაუდოდ, XV-XVI სს. თარიღდება; 2011-2014 წწ. მოხდა მონასტრის ორი ისტორიული სახლის რეაბილიტაცია.

ახალ შუამთაში ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა სასულიერო ლიტერატურის თარგმნა და გამოცემაა. გამომცემლობა მონასტრის მეტოქიონში, წმ. იოანე ნათლისმცემლის სავანეშია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თბილისთან ახლოს ააშენა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა. ამ სავანის მშენებლობა 2005 წ. დასრულდა.

2013 წლის 22 მაისს, წმ. ნიკოლოზის ხსენების დღეს, შუამთის მონასტრიდან მშობლიურ მონასტერში გადმოასვენეს სარწმუნოებისთვის დევნილი მამები – მონასტრის ბოლო წინამძღვარი იღუმენი ნიკოლოზი (მიქელაძე) და არქიმანდრიტი იოსები (ლაგაზიშვილი).

ტაძრის დღესასწაული 8 (21) სექტემბერს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს – აღინიშნება; მეორე დღეს, 9 (22) სექტემბერს, ალავერდელ ეპისკოპოს კირიონის მიერ დაწესებულია მონასტრის აღმშენებლის, დედოფალ თინათინის, სულის მოსახსენიებელი წირვა-ლოცვა. ეს წესი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის მიერ მონასტერში ასი წლის შემდეგ კვლავ აღდგა.

ზ. სხირტლაძე
მონაზონი ტაბითა (ალექსიშვილი)

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • „დროება“, 1879, №219, 1881, №115;
  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 2, თბ., 1980;
  • „მწყემსი“., 1885, №6 1888, №16;
  • საყვარელიძე თ., XIV-XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობა, თბ., 1987;
  • ტარასი“ არქიმანდრ., მოკლე აღწერა საქართველოს მონასტერთა, „საქართველოს სასულიერო მახარებელი“, 1864;
  • ყაუხჩიშვილი თ., საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, თბ., 2004.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები