ახალციხე (ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალციხე. აღდგენილი რაბათის წმ. გიორგის ეკლესია

ახალციხე – (ძვ. ლომსია), ქალაქი სამხრეთ სალომსია. XIII ს. II ნახევარში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და XVII ს-მდე ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. ახალციხის სამცხის (ზემო ქართლი) მნიშვნელოვანი სავაჭრო, კულტურული და ადმინისტრაციული ცენტრი იყო. 1578 წ. ოსმალებმა დაიპყრეს. 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა. XVII-XVIII სს. ლეკი აბრაგების მიერ ტყვე ქრისტიანებით ვაჭრობის მთავარი ბუნაგი იყო. 1810 წ. საათაბაგოს ნაწილი, ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორიები რუსებმა აიღეს. მაგრამ ბუქარესტის ზავით, 1812 წ. იგი კვლავ ოსმალეთს გადასცეს. 1828-1829 წწ., რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, რუსთა ჯარმა გენერალ ი. პასკევიჩის სარდლობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ადრიანოპოლის ზავის თანახმად, ახალციხე და 10 სანჯაყი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ი. პასკევიჩის ბრძანებით არზრუმიდან და არტაანიდან სამცხეში 100 000 კომლი სომეხი ჩაასახლეს. ქართველებს მიწები ჩამოართვეს. სომხებს გადასცეს და 7 წლით ბეგარისგან გაათავისუფლეს, რამაც მძიმე ეკონომიკურ და ეთნიკურ პირობებში ჩააყენა ქართველი მოსახლეობა. 1840 წლიდან ახალციხე მაზრის ცენტრი იყო. 1846 წ. ქუთაისის გუბერნიის, შემდეგ კი თბილისის გუბერნიის სამაზრო ქალაქი გახდა. 1853 წლის ნოემბერში ყირიმის ომის დროს ახალციხესთან რუსულ-ქართულმა ჯარმა ი. ანდრონიკაშვილის სარდლობით სასტიკად დაამარცხა ოსმალები. 1918 წლის ივნისში დამოუკიდებელი საქართველოს დროს ოსმალებმა ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა და ბათუმი დაიკავეს, საქართველოს რესპუბლიკის ჯარმა ისინი განდევნა. 1921 წ. 8 მარტს ახალციხე რევოლუციურმა მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს და ქალაქში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ახალციხე რაიონული ცენტრი იყო, ხოლო ბოლო დროს რეგიონული ცენტრია.

1953 წლიდან ახალციხის მახლობლად მდ. ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ქრისტესშობამდე III ათასწლეული) ტერასულად განლაგებული ნასოფლარი, მადნის გამოსადნობი სახელოსნო, მსხვერპლის შესაწირავი მოედნები, სამაროვნები. საშენ მასალად გამოყენებულია კლდისა და რიყის ქვა, თიხის ხსნარი, ზოგჯერ ალიზი და ხის მასალა. ნაგებობები გადახურულია ბანურად, ოთხკუთხა საცხოვრებელ ოთახებს შუა კერებია განლაგებული. არის აგრეთვე სამეურნეო დანიშნულების მოგრძო შენობები. სახლების იატაკქვეშ ან კედლებს შორის ჩვილ ბავშვთა სამარხებია. აღმოჩენილია სხვადასხვა დანიშნულების შავი, ნაცრისფერი და მოწითალო ორნამენტიანი ან სადა თიხის ქურჭელი, კერიის სადგარები, რომლებიც ასახიერებს კერიის გამანაყოფიერებელ მამრობითი სქესის ღვთაებას. აღმოჩენილია ქვის იარაღი, ძვლის კვირისტავი, ბრინჯაოს ნამგალი, სპილენძის სადგისები, ისრისა და სატევრის პირები, სამკაული, გამოვლინდა ორი ტიპის სამარხი: ნალისებური ან ოვალური საოჯახო სამარხი აკლდამა, გვხდება ქვაყუთებიც. მიცვალებული დასვენებულია თავით სამხრეთ აღმოსავლეთით, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ამირანის გორის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის (ქრისტეშობამდე IV-III ათასწლ.) დამახასიათებელი ძეგლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და მეტალურგიის განვითარება მაღალ ფაზაში შედის.

მდ. ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, მაღალკლდოვან გორაკზე, გაშენებულია ახალციხის ძველი ნაწილი, ე.წ. რაბათი: „ხოლო ქალაქი არს მოზღუდული ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით“ (ვახუშტი ბატონიშვილი). შემორჩენილია მრავალჯერ გადაკეთებული ციხე, ახალციხის მფლობელთა ყოფილი სასახლე, ოსმალთა მიერ 1752 წ. აგებული მეჩეთი, სასახლის ტიპის ნაგებობა, ციხესიმაგრეს აკრავს უძველესი ქართული დარბაზული ტიპის საცხოვრებელი სახლები, აბანო, რომლის კედლებში რომელიღაც ეკლესიის ჩუქურთმიანი ქვებია ჩატანებული. ახალციხეშია სარგის ჯაყელის ციხესიმაგრე (XIII-XIV სს.), წმ. მარინეს საკათედრო ტაძარი, ერთი სომხური ეკლესია, სინაგოგა, ხოლო მეორე სომხურ ეკლესიაში, რომელიც ქართული ეკლესიის საძირკველზეა აგებული, დღეისათვის ხალხთა მეგობრობის მუზეუმია განთავსებული. ახლანდელი ქალაქი მდ. ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე XIX ს. გაშენდა. ახალციხე არის ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ცენტრი. ახალციხის მახლობლად საფარის სამონასტრო ანსამბლია (X-XIV სს.).

ზ. ქუქციშვილი

ლიტერატურა

  • კოჟორიძე დ., განახლებული მესხეთის ქალაქი (ახალციხის ისტორია), თბ., 1969;
  • ლომსაძე შ., მესხები, თბ., 2000;
  • მისივე, სამცხე-ჯავახეთი, (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე). თბ., 1975.


Logo1.JPG ახალციხე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები