ახვლედიანი ელენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელენე ახვლედიანი

ახვლედიანი ელენე დიმიტრის ასული - (18.IV.1901, თელავი - 30.XII.1975, თბილისი) - მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფერმწერი, გრაფიკოსი, ურბანული პეიზაჟის ერთ-ერთი დამამკვიდრებელი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი.

ხატვას თბილისში, ნ. სკლიფასოვსკის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა. 1919 წლდან უკვე მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში. 1920 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მისი ჩანახატები გამოქვეყნდა, 1920 №25 ჟურნალის ყდაც გააფორმა. 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გ. გაბაშვილის კლასში, იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა.

1924 წელს დასახლდა პარიზში და სწავლა განაგრძო კოლოროსის „თავისუფალ აკადემიაში“. პარიზში ყალიბდება მისი შემოქმედების ძირითადი თემა - ურბანული პეიზაჟი. აქვე შექმნა პარიზის ხედებისა და ნიუს დიდი გრაფიკული სერიები. პარიზში ყოფნისას მონაწილეობდა პარიზის „დამოუკიდებელთა სალონისა“ და „საშემოდგომო სალონის“ გამოფენებში. ე. ახვლედიანის ფერწერული პეიზაჟები შეძენილი აქვს არაერთ კოლექციონერსა და მხატვრს, მათ შორის, თავად პოლ სინიაკს. პარიზშივე მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა გალერეა „Quatre Chemin“-ში. მონაწილეობდა აშშ-სა და ჰოლანდიაში გამართულ გამოფენებშიც. 1926-1927 წლებში მიწვეული იყო ჰოლანდიაში, თუმცა ე. ახვლედიანმა მხოლოდ ნამუშევრები გაგზავნა, თავად კი საქართველოში დაბრუნდა.

თბილისში დაბრუნებული მხატვარი კ. მარჯანიშვილმა სამუშაოდ თეატრში მიიწვია, რის შემდეგაც ე. ახვლედიანი ნაყოფიერად თანამშრომლობდა არაერთ თეატრთან. აღსანიშნავია, რომ ე. ახვლედიანი თეატრში უფრო თავისუფლად მუშაობდა და მის მიერ გაფორმებულ მრავალრიცხოვან სპექტაკლებში აშკარად ჩანს მისი გატაცება თანადროული ევროპული ავანგარდული მიმდინარეობებით. 1928-1941 წლეში თბილისში, პეტერბურგსა და კიევში გააფორმა 70-მდე სპექტაკლი. მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც - დაასურათა ი. ჭავჭავაძის, ე. ნინოშვილის, გ. ლონგფელოს, ვაჟა-ფშაველას და სხვათა ნაწარმოებები. მხატვრის უსაყვარლეს ჟანრად მაინც პეიზაჟი დარჩა. იგი ხატავდა თბილისის, თელავის, ქუთაისის მრავალრიცხოვან ხედებს. ცხადია, როგორც 51 მთელმა მისმა შემოქმედებამ, ასევე ურბანულმა პეიზაჟმაც 1920 წლებიდან მოყოლებული 1970 წლებამდე გარკვეული ცვლილება განიცადა, მით უმეტეს, რომ მხატვარმა თავისი სიცოცხლის ძირითადი ნაწილი საბჭოთა პერიოდში გაატარა. ე. ახვლედიანი იყო შ. რუსთაველის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი.

მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა (ე. ახვლედიანის სახლ-მუზეუმი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ხელოვნების მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სურათების ეროვნული გალერეა; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ. მუზეუმი; კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმი; ქართული ლიტერატურის სახელმწ. მუზეუმი; თბილისის სამხატვრო აკადემია) და რუსეთში (აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმი, მოსკოვი; ა. ბახრუშინის სახ. თეატრის მუზეუმი, მოსკოვი), ასევე თბილისის, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგისა და პარიზის კერძო კოლექციებში.

'მაია ციციშვილი'

ლიტერატურა

  • ელენე ახვლედიანი (ალბომი), ტექსტი ე. პრივალოვასი, თბ., 1980;
  • მ. კარბელაშვილი, ელენე ახვლედიანი, თბ., 1980;
  • მ. ციციშვილი, ნ. ჭოღოშვილი, ქართული მხატვრობა - განვითარების ისტორია XVIII–XX საუკუნეები, თბ., 2013;
  • В. Беридзе, Н. Езерская, Искусство советской Грузии 1921-1979, М., Советский художник, 1975;
  • ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1920, №22, 23, 25.

იხილე აგრეთვე

ელენე ახვლედიანი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები