ახი ნარცის კასპარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახი ნარცის კასპარ

ახი ნარცის კასპარ - Ach Narziß Kaspar, Ах Нарцисс Каспар, 1871–1946

გერმანელი ფსიქოლოგი, ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენელი. სწავლობდა ვიურცბურგში და ჰაიდელბერგში ემილ კრეელინთან. ასწავლიდა მარგბურგის, ბერლინის, კენიგსბერგისა და გიოტინგენის უნივერსიტეტებში. ცნობილია ექსპერიმეტული კვლევებით აზროვნებისა და ნებელობის ფსიქოლოგიაში.

ახმა აიტაცა და განავითარა იდეა აზროვნების პროცესის ამოცანით განსაზღვრულობის შესახებ. მან აღიარა, რომ როდესაც ადამიანი გარკვეული ამოცანის წინაშე დგება, ან, უფრო ფართოდ, რაიმე მიზანს ისახავს, მის მოქმედებას განსაზღვრავს არა წარმოდგენების, ფიქრებისა თუ აზრების მონაცვლეობის ასოციაციური ტენდენცია, არამედ ამოცანიდან (მიზნიდან) გამომდინარე დეტერმინაციის ტენდენცია. ეს ტენდენცია განაპირობებს არა მხოლოდ აზროვნების, არამედ აგრეთვე ყოველგვარი ნებელობითი მოქმედების მიზანმიმართულ და მოწესრიგებულ მიმდინარეობას. მაშასადამე, დეტერმინაციის ტენდენცია საკმაოდ ფართო ცნებაა; ის ეხება ნებელობითი მოქმედების ყველა სახეს, მათ შორის აზროვნებასაც. ამდენად, ის ნებელობის მოქმედების მექანიზმს გამოხატავს.

თავის კლასიკურ კვლევაში ახი შეეცადა გაეზომა დეტერმინაციის ტენდენციის, ანუ, მისი აზრით, ნებელობის ძალა. ექსპერიმენტის სქემა ასეთია: ცდისპირი მრავალჯერადი გამეორების გზით იზეპირებს უაზრო მარცვლების წყვილებისაგან შემდგარ მწკრივს (მაგ.: დუს-ფალ, მენ-დიქ და ა.შ). ამის შემდეგ მას ევალება, თვითეული წყვილის პირველი მარცვლის გამოჩენისას (მაგ., დუს ან მენ) უპასუხოს არა წყვილის შესაბამისი წევრით, არამედ წარმოთქვას ეს მარცვალი შებრუნებულად (მაგ., სუდ ან ნემ), ან მოუნახოს მას რითმა (მაგ., დუს-მუს ან მენ-ბენ). პარალელურად იზომება დრო და აღირიცხება შეცდომები. ახის აზრით, ამ დროს ერთმანეთს უპირისპირდება ორი ტენდენცია: ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენცია (რომელიც, ასოციაციის კანონების თანახმად, ამ სიტუაციაში უნდა გაუჩნდეს ცდისპირს) და დეტერმინაციის ტენდენცია, რომელიც ამოცანიდან (განზრახვიდან) მომდინარე ნებელობით აქტივობას გამოხატავს. იგულისხმება, რომ ასოციაციის რეპროდუქციის ტენდენციის ძალა განისაზღვრება მარცვლების წყვილების გამეორებათა რაოდენობით. ეს არის რეპროდუქციის კოეფიციენტი, რომელიც მით უფრო დიდია, რაც უფრო მეტია გამეორებათა რაოდენობა.

დ. უზნაძემ საგანგებოდ განიხილა ნებისყოფის სიმტკიცის გაზომვის ეს მცდელობა. უზნაძის შეფასებით: „მისი მნიშვნელობა ძალიან დიდი იქნებოდა, რომ იგი მართლა დასაბუთებული აღმოჩნილიყო. შემდგომმა ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა გამოარკვია, რომ უნებური (ასიციაციური) ტენდენცია, რომელიც ახის ცდებში ნებელობითს ეწინააღმდეგება, მხოლოდ გარკვეულ პირობებში ჩნდება; რომ საკმარისია, ოდნავ შეცვალო ეს პირობები, რათა ამ ტენდენციისა აღარაფერი დარჩეს, და ნებელობითმა ტენდენციამ უკონფლიქტოდ განაგრძოს მოქმედება”.

ახს ეკუთვნის აგრეთვე ცნების ჩამოყალიბების კვლევის ორგინალური მეთოდიკა, რომლის გამოყენებით მიღებულ მონაცემებს უზნაძე დიდად აფასებდა და სერიოზულ ყურადღებას უთმობდა ცნების ონტოგენეზის თავის გამოკვლევებში.

ისევე როგორც ვიურცბურგის სკოლის სხვა წარმომადგენლები, ახიც ხშირად იყენებდა განწყობის ცნებას (განწყობის ცნება უცხოურ ფსიქოლოგიაში).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები