ახმეტელი სიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ახმეტელაშვილი სიკო-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიკო ახმეტელაშვილი

ახმეტელაშვილი სიკო გიორგის ძე (ახმეტელი) (1881 (1879 ?) - 1937) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სტეფანე და ვლადიმერ ახმეტელების უმცროსი ძმა (სულ 9 და-ძმანი იყვნენ).

სარჩევი

ბიოგრაფია

იგი კახეთში ფრიად დაფასებული სასულიერო პირის, გიორგი მღვდლის ერთ-ერთი ვაჟი გახლდათ. გიორგი ახმეტელს რუსეთში ჰქონდა დამთავრებული სასულიერო აკადემია და განათლების ფასი კარგად ესმოდა. ახმეტელაშვილების დედა - ელისაბედ ნაცვლიშვილიც, თავის დროისათვის მეტად განსწავლული, სათნო და, ამავე დროს, ძლიერი მანდილოსანი ყოფილა. ახმეტელები ოჯახში დახვეწილი სალიტერატურო ენით მეტყველებდნენ. იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა, მაგრამ სასაუბროდ მხოლოდ მშობლიურ ენას მიმართავდნენ. ხშირად იყენებდნენ ანდაზებს, მახვილგონივრულ გამოთქმებს. ანაგაში ახმეტელებს „მინისტერიანებს“ ეძახდნენ, ამბობდნენ – ახმეტელებს ქათმებიც კი ნასწავლი ჰყავთო. დაამთავრა დერპტის უნივერსიტეტის სავეტერინარო ფაკულტეტი. I მსოფლიო ომის დროს სიკო (სიმონ) ახმეტელი იყო ოფიცერი, სამხედრო ექიმი.

1918 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის თებერვალში არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს სიკო ახმეტელაშვილის ხელმოწერაც ამშვენებს.

1921 წლის თებერვალში მტრის მრავალრიცხოვანი ძალების შემოტევის დროს, როცა გენერალი სტეფანე ახმეტელი ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა და რუსეთში (რიაზანში) გადაასახლეს, სიკო ავადმყოფ ძმას თან გაჰყვა გადასახლებაში. გზაში ისიც დაატუსაღეს. 1922 წელს ძმის დახვრეტის შემდეგ, სიკო ჯერ იაროსლავის ციხეში გადაიყვანეს, შემდეგ კი - მოსკოვთან ახლოს, ქალაქ კაშინის ციხეში. მასთან შეხვედრას იგონებს ისიდორე რამიშვილი. 1926 წელს გადაიყვანეს ასტრახანში, სადაც ბეითლის კერძო საქმიანობას მისდევდა და ჯამაგირიც ჰქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 1930 წლდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ვეტერინარულ სამსახურში. 1937 კვლავ დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

ის. რამიშვილი, „მოგონებები“, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე გრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები