ახმეტის ღვთაების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახმეტა. ღვთაების ეკლესია

ახმეტის ღვთაების ეკლესია მდებარეობს ქ. ახმეტის განაპირას (ახმეტის მუნიციპალიტეტი, ალავერდის ეპარქია), ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება VI ს. II ნახევრით.

სარჩევი

აღწერილობა

ტაძრის გეგმის სწორკუთხედში (12 X 12.8 მ.) სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამიჯნული და მას ერთი ვიწრო შესასვლელი უკავშირდება. ეკლესიას დასავლეთიდან მთელ სიგრძეზე მინაშენი (სიგ. 3 მ.) ეკვრის, რომელიც მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ნავებთანაა დაკავშირებული. შენობა ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეები, თაღები, პილასტრები, შესასვლელთა წირთხლები, სარკმელთა მოჩარჩოება და ლავგარდანი კარგად გათლილი შირიმის ქვითაა ნაწყობი. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია მთავარი ნავის კამარა, კონქის თაღი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია დასავლეთ მინაშენის კამარის სამხრეთ კიდე, ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს საპირე წყობა შემოცლილი აქვს.

მთავარი ნავი გვერდის ნავებზე ორჯერ უფრო ფართოა და მაღალი. მას აღმოსავლეთით არასრული ნახევარწრის ფორმის აფსიდა აქვს. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდა დასრულებული იყო წესიერი ფორმის კონქით (შემორჩენილია ნაწილი), რომლის თაღს ზემოთ, კამარამდე, შვეული შუბლი ადიოდა. კედლები დანაწევრებულია ყრუ თაღებით. გრძივ კედლებზე სამ-სამი ორსაფეხურიანი თაღია, დასავლეთ კედელზე – ერთსაფეხურიანი ორი თაღი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ თაღში ყოფილა სამკვეთლოში გასასვლელი სწორკუთხა კარი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და გადაუკეთებიათ ნიშად. ორ მომდევნო თაღში ჩრდილოეთ ნავთან დამაკავშირებელი თითო ფართო და დაბალი თაღია. დასავლეთ კედლის თაღებიდან ჩრდილოეთით მდებარე თაღში გაჭრილია დასავლეთ მინაშენთან დამაკავშირებელი, შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა კარი. მსგავსი კარია სამხრეთ კედლის შუა თაღში, რომელიც სამხრეთ ნავში გადის. ნავის კედლებისა და აფსიდის მნიშვნელოვან ნაწილზე შემორჩენილია ნალესობა.

ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სამკვეთლოს სახით გამოყოფილია საკმაოდ გრძელი სწორკუთხა სათავსი. მის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო სარკმელია, რომელსაც წირთხლების უმეტესი ნაწილი და გადახურვა მონგრეული აქვს. სარკმლის ქვემოთ შემორჩენილია კედელზე მიშენებული ტრაპეზის ნაშთი. სამკვეთლო ჩრდილოეთ ნავს უკავშირდება დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით, რომელიც სამკვეთლოს მხრიდან თაღოვანია, ხოლო ნავის მხრიდან გადახურულია, უსწორმო ფორმის ქვის ძელით. ჩრდილოეთ ნავის დანარჩენი ნაწილი ერთიანი დერეფანია – სარკმლების გარეშე, გადახურულია ნახევარ წრიული კამარით.

სამხრეთ ნავის ორივე ბოლოში განივი თაღით გამოყოფილია გუმბათოვანი კამარით გადახურული თითო, გეგმით – კვადრატული სივრცე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა განხორციელებულია კუთხეებში ირიბად დაწყობილი და ერთმანეთის მიმართ გადმოშვერილი სამ-სამი თხელი ქვით. აღმოსავლეთ კვადრატის კამარა გლუვია, ხოლო დასავლეთ კვადრატის კამარაში შირიმის წყობით ტოლმკლავა, რელიეფური ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ კვადრატის აღმოსავლეთ კედელში შემორჩენილია შირიმით მოპირკეთებული ვიწრო სარკმლის ძირი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული ტრაპეზის ნაწილი. დასავლეთ კვადრატიდან დასავლეთით თაღოვანი კარია. თაღის კარი შირიმითაა ნაწყობი და დაყრდნობილია იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. ნავის შუა ნაწილი ნახევარწრიული ფორმის კამარით იყო გადახურული (შემორჩენილია ჩრდილოეთ ქუსლის ნაწილი). კამარა ეყრდნობოდა შირიმის კვადრატებით ნაწყობ ერთ საბჯენ თაღს. ნავის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო რვაწახნაგოვან ბოძზე დაყრდნობილი ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი. ბაზილიკის დასავლეთ მინაშენი გეგმით სწორკუთხაა, აქვს ორი თაღოვანი შესასვლელი: სამხრეთითა და ჩრდილოეთით. მოგვიანებით ორივე შესასვლელი ამოუშენებიათ და მათ ნაცვლად თითო პატარა სარკმელი მოუწყვიათ. მინაშენი ცილინდრული კამარითაა გადახურული ორ საბჯენ თაღზე. კამარის აღმოსავლეთ ქუსლი დაყრდნობილია ბაზილიკის დასავლეთ კედელზე მიშენებულ ხუთ პილასტრსა და მათზე გადაყვანილ ნახევარწრიულ თაღებზე. თაღების ნაწილი შირიმის ფილებითაა ნაწყობი, ნაწილი – რიყის ქვით. თაღების ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) შირიმის იმპოსტები.

ტაძრის ფასადები მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა შემორჩენილი. კედლები მოზრდილი ზომის რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაწყობი, ხოლო კუთხეები – შირიმის თლილი კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე შუა ნავის სარკმელი მორთულია შემაღლებული რელიეფური თაღით, რომლის ბოლოებში ჰორიზონტალური გადანაკეცებია. ეკლესიის გვერდის ნავების კედლებს აქა-იქ შირიმის მთლიანი ქვისგან გამოკვეთილი სამსაფეხურიანი ლავგარდნის ნაწილი შემორჩათ. განსხვავებული ფორმისაა შუა ნავის დასავლეთ ფრონტონზე და დასავლეთ მინაშენის დასავლეთ კედელზე შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები. აქ ლავგარდანი ერთსაფეხურიანია და კბილანებითაა დამუშავებული.

სხვა ნაგებობები

ტაძარს ჩრდილოეთიდან ეკვრის რიყის ქვით ნაშენი ნაგებობა, რომელიც იმდენადაა დანგრეული, რომ მისი დანიშნულების გარკვევა გათხრა-გასუფთავების გარეშე არ ხერხდება. შენობა აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სწორი კედლებითაა შემოზღუდული. შემორჩენილგია: დასავლეთ კედელი (სიმაღლე 1.9 მ.), ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნახევარი (სიმაღლე 0.6 მ.) და აღმოსავლეთ კედლის ნაშთი. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი ვიწრო შესასვლელია. ნაგებობის აღმოსავლეთ კედელზე მიშენებულია პატარა (2.7 მ X 4.6 მ.), რიყის ქვით ნაგები შენობა. შესაძლოა, სამლოცველოს შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა (შემორჩენილია შირიმის გათლილი ქვებით ნაწყობი ორივე წირთხლის მცირე ნაწილი). სამლოცველოს აღმმოსავლეთ კედლის ღერძზე მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. თაღი შირიმის ერთ ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ქვემოთ, გვერდებზე, ზემოთკენ შევიწროებული და ბრტყლად გადახურული თითო ნიშია. მსგავსი ნიშია ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი სარკმლის (შემორჩენილია ქვედა ნაწილი) ქვემოთაც.

დარბაზული ეკლესია

ბაზილიკის აღმოსავლეთით ათიოდე მეტრზე დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები პატარა (6.7 X 4.3 მ.) დარბაზული ეკლესია, რომელიც ბაზილიკის წრიული მოხაზულობის გალავანშია ჩართული ისე, რომ მისი აღმოსავლეთ ნახევარი გალავნის გარეთაა მოქცეული. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია სამხრეთ წირთხლის მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე სარკმლის ქვედა ნახევარია შემორჩენილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო ვიწრო და მაღალი სწორკუთხა ნიშია, დარბაზის გრძივი კედლების შუაში – თითო მძლავრი პილასტრი, რომელზედაც დაყრდნობილი იყო კამარის საბჯენი თაღი. ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლების ზედა ნაწილები მონგრეულია, რის გამოც მათში სარკმლების კვალი არ ჩანს. ბაზილიკის ირგვლივ აქა-იქ ნაგებობათა კვალი შეიმჩნევა.

თ. დვალი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები