ახპატი (მონასტერი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახპატის მონასტერი

ახპატი – ჰაღბატი (სომხ.Ⴭաղբատ), სამონასტრო კომპლექსი სოფ. ახპატში (სომხეთის რესპუბლიკის, ალავერდის რაიონი).

ახპატი 976 წელს დააარსეს სომხეთის მეფე აშოტ III-მ და მისმა მეუღლე ხოსროვანუშმა. XII ს. II ნახევრიდან ახპატის მონასტერი კვირიკიანთა სამეფოს (ლორე-ტაშირის) საეპარქიო ცენტრი იყო, სადაც სანაინიდან გადაინაცვლა ადგილობრივი მეფეების საძვალემ. ახპატი XI-XIII სს. სომხეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს წარმოადგენდა. ცნობილი იყო ახპატის სკოლა და წიგნსაცავი. სკოლაში მოღვაწეობდნენ იმ დროის გამოჩენილი მოძღვრები: იოანე სარკავაგი, სამუელ ანელი, იგნატიოსი, დავით ქობაირელი, მხითარ ქობაირელი, ვარდან აღმოსავლელი. ასწავლიდნენ გრამატიკას, მჭევრმეტყველებას, ფილოსოფიას, თეოლოგიას, მუსიკასა და სხვა საგნებს, ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა-მოხატვა. ახპატში შექმნილი ხელნაწერებიდან მნიშვნელოვანია „ახპატის სახარება“, ამჟამად იგი დაცულია მატენადარანში (№ 6288).

სამონასტრო კომპლექსის ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია: „წმ. ნშანის“ (ჯვრის) მთავარი ტაძარი (976-991), რომლის ექსტერიერი შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებით (ერთმანეთის პირისპირ დგანან სმბატ და გურგენ მეფეები; კედლები მოხატულია XIII–XIV სს.), გრიგოლის ეკლესია და პატარა, გუმბათიანი ღვთისმშობლის ეკლესია (XII-XIII სს.), გავითები დიდი ჯვარედინი კამარებით და ამაზასპის ოთხსვეტიანი გავითი, სატრაპეზო (XIII ს.), წიგნსაცავი (XIII ს.), სამრეკლო.

გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩქარი. ტაძრის მთავარი სამწირველო და კედლების ცალკეული ადგილები ფრესკებით იყო მოხატული. ჩვენამდე მოაღწია წმ. ნშანის ეკლესიის ფრესკების პირველმა ფენამ, სადაც კომპოზიციაში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომი იესო ქრისტე. უფრო დაბლა ყოფილა ხარების, შობის, ნათლისღების გამოსახულებები. სამხრეთ კედელზე შემორჩენილია ხუტლუ-ბუღას მთლიანი გამოსახულება. ახპატში შემონახულია ქართული წარწერები და სომხურ და ქართულ ენებზე შესრულებული ეპიტაფია. აღნიშნული წარწერები ფრესკების თანადროულია და XIII ს. თარიღდება. წარწერების კვალი ამჟამად ძნელად შეიმჩნევა. ახპატში ქართული წარწერების არსებობა ქალკედონური მრწამსის გავლენაზე მიუთითებს. მონასტრის ისტორიიდან ცნობილია, რომ კვირიკიანთა სამეფოს დამხობის შემდეგ (1113) ქართველთა მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა, ორბელიანებისა და მხარგრძელების დახმარებით 1118 წელს ლორეს ტერიტორია გაათავისუფლა სელჩუკებისაგან, შემოუერთა საქართველოს და ლორე უბოძა ორბელიანებს. ახპატის წმ. ნშანის ეკლესიის შესასვლელში არსებული წარწერის მიხედვით, დავით აღმაშენებელი მფარველობდა ახპატისა და სანაინის მონასტრებს, შესწირა და დაუმტკიცა მათ ადგილ-მამულები. სავარაუდოდ, ამ პერიოდში უნდა შექმნილიყო ახპატის ფრესკები ქართული წარწერებით. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ახპატი, ისევე, როგორც სანაინი, ქართველ მეფეთა მიერ არის აშენებული: „...არს ახპატი და სანაინი მეფეთა ქართველთათა აღშენებულნი, ეკლესიანი გუმბათიანნი, კეთილნაშენნი, საეპისკოპოზო. გარგნა აწ სხენან სომეხნი“. ვახუშტისავე ცნობით, ახპატ-სანაინის ეპისკოპოსს ქართლის მეფე ამტკიცებდა. ახპატი დღესაც ფუნქციონირებს. 1996 წლიდან იგი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

ხ. გაფრინდაშვილი

ლიტერატურა

  • სილოგავა ვ., სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1980, №2;
  • Մռւղադյան Պ., Հայաստանի վրացերեն արձանագրությունները, աղբ-յուրագիտական քննություն, Եր., 1977;
  • Ղաֆաղարյան, Կ., Հաղբատ Եր., 1963;
  • Քրիստոնյա Հայ-աստան, հանրագիտարան, Եր., 2002.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები