ახტალის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახტალის მონასტერი. XIX საუკუნის ფოტო

ახტალის მონასტერი (XII-XIII სს.), ქართული მონასტერი ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ლორეში, მდ. დებედას ხეობაში (დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქია).

ახტალა წყაროებში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება. მისი დაარსების რამდენიმე ისტორიული ტრადიცია არსებობს. ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, ახტალას ადრე „აგარაკი“ რქმევია, სადაც ვახტანგ გორგასალს ეპისკოპოსი დაუსვამს (ვახუშტი ბატონიშვილი). აგარაკის ეპარქიის ახტალასთან გაიგივება ზოგი ერთი ისტორიკოსის მიერ არ არის გაზიარებული (დ. ბერძენიშვილი), რადგან წყარო აგარაკს ასახელებს ხუნანთან (ჯუანშერი), მის სამწყსოდ კი – ხუნანს, გარდაბანსა და ბერდუჯის მდინარეს (ვახუშტი ბატონიშვილი) (აგარაკის ეპარქია).

ქართულ წყაროებში სახელწოდება „ახტალა“ პირველად 1392 წელს საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში მოიხსენიება. მკვლევარნი მას თურქულ სიტყვას „აღ-ტალას“ უკავშირებენ, რაც „თეთრ მინდორს“ ან „თეთრ ველს“ ნიშნავს. შესაძლოა, სახელწოდება ნიადაგის სიბაცეს უკავშირდებოდეს იქ არსებული მადნების გამო. სომხეთის საისტორიო ტრადიცია ახტალას „პღნძაჰანქად“ (მარიამ კვირიკიან-ბაგრატუნის ქვაჯვრის წარწერა, კირაკოს განძაკეცი) მოიხსენიებს, რაც „სპილენძის მადანს“ ნიშნავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ ქართულ გუჯარში, სადაც ომარ-ხანის მიერ ახტალის დარბევაზეა საუბარი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Q 475,73,) ახტალა „მადანის“ სახელწოდებით არის მოხსენიებული: „ომარ-ხანმა რომ მადანი აიღო ენკენისთვის“. მართლაც, ახტალის მიდამოები მდიდარია სპილენძის, ოქროსა და ვერცხლის საბადოებით. „პღნძ“ სპარსული წარმოშობის სიტყვაა (birinj ან pirinj). ძველი ფორმა ცნობილი არ არის. მისი ქართული ფორმებია „პილენძი“ ან „სპილენძი“. მართლაც, ქართულიდან სომხურზე თარგმნილ საღვთისმეტყველო ლიტერატურის მინაწერებში გვხვდება მონასტრის სახელწოდებიდან – „პღნძ“-ის ქართული ფორმა „სპლენძაჰან“ ან „პლინძაჰან“ (გრიგოლ ნოსელის „თარგმანებაჲ ეკლესიასტეს წიგნისა“ – სომხური თარგმანის ერთი მინაწერი), რაც გარკვეულწილად მონასტერში ქართული ენის დომინანტობაზე მიუთითებს.

ახტალის მონასტერი

სარჩევი

ისტორია

ახტალის ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც მეცნიერთა მიერ XII–XIII სს. მიჯნით არის დათარიღებული, ჯვარგუმბათოვან ტაძართა დიდ ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი) მიეკუთვნება. ახტალის შემოგარენში მრავალი ეკლესია ყოფილა გაბნეული: ღვთისმშობლის შობის მიძინების მთავარი ტაძრის გარდა, აქ მოქმედებდა წმ. გიორგის, წმ. სამების, გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიები. პ. იოსელიანის ცნობით, მელიქიშვილების (მათ მამულში შედიოდა ახტალა) საგვარეულო გადმოცემის თანახმად, იგი ჰერაკლე კეისარს აუგია. ირანში ლაშქრობის დროს მან შეიტყო, რომ ირანელები მიადგნენ მის დედაქალაქს. კეისარმა აღთქმა დადო: იმ ადგილას, სადაც გაიგებდა ცნობას სამეფო ქალაქის გადარჩენის შესახებ, დააარსებდა ღვთისმშობლის სავანეს. ეს სასიხარულო ცნობა მან ახტალას გაიგო. ეს ამბავი უკავშირდება ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც თან ახლდა კეისარს ირანში ლაშქრობის დროს. ამ მონათხრობში შეიძლება ჰერაკლე კეისრის იმ რელიგიური პოლიტიკის გამოძახილი დავინახოთ, რომელსაც ის საქართველოში ატარებდა აღმოსავლეთში ბიზანტიური იმპერიის პოზიციების განმტკიცების მიზნით. სომეხი ისტორიკოსები (ვარდანი, კირაკოს განძაკეცი) ახტალის მონასტრის აშენებას ივანე მხარგრძელს მიაწერენ და ხაზს უსვამენ, რომ ივანე ათაბაგმა იგი სომხებს წაართვა და ქართულ მონასტრად აქცია: „გარდაიცვალა ივანე, ძმა ზაქარიასი და დაკრძალეს „პღნძაჰანქში“, მის მიერ აშენებული ეკლესიის შესასვლელში, მან წაართვა იგი სომხებს და გადააქცია ქართულ მონასტრად“ (კირაკოს განძაკეცი). „პღნძაჰანქში“ დაკრძალული ყოფილა აგრეთვე ივანეს ვაჟი ავაგი.

IX-XI სს. ახტალა ქვემო ქართლის სხვა მხარეებთან ერთად კვირიკიანთა ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა, რომლის ცენტრს IX ს. II ნახევარში სომეხი ბაგრატუნების მიერ ანექსირებული სამშვილდე წარმოადგენდა. ორბელთა საგვარეულოს დამხობის შემდეგ კი ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილი, სადაც მდებარეობდა ახტალა, მხარგრძელთა გამგებლობაში მოექცა. არ არის გამორიცხული, რომ, როდესაც სომეხმა ბაგრატუნებმა ქვემო ქართლი თავიანთ იურისდიქციას დაუქვემდებარეს, მათი ძალაუფლების გამომხატველი მონასტრების დაარსების (სანაინი და ახპატი) გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ძველი ეკლესიებიც მონოფიზიტურ ტაძრებად აქციეს. თუმცა კვირიკიანების დროს მარიამ კვირიკიან-ბაგრატუნის ზემოაღნიშნულ წარწერაში „პღნძაჰანქი“ მონასტრად არ მოიხსენიება. XII-XIII სს. მიჯნაზე კი, როდესაც ივანე ათაბაგმა მიიღო მართლმადიდებლობა, ახტალა თავის საძვალედ აქცია და იქ ქართული მონასტერი დააარსა. მან საქართველოს სწორედ ის ადგილი აირჩია, სადაც ადრე მართლმადიდებლური კერა ეგულებოდა.

ახტალის მონასტერი. ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა. დეტალი

ახტალის მონასტრის დაარსებას წინ უძღოდა ის პერიოდი, როდესაც სომეხ-ქართველთა საეკლესიო ურთიერთობების საკითხი მთელი სიმწვავით კვლავ დაისვა XII – XIII სს. მიჯნაზე, რასაც იმ პერიოდში მცირე აზიაში განვითარებულმა მოვლენებმა [1199 წ. ქართველების მიერ ანისის და შემდგომ წლებში სხვა სომხური ციხე-ქალაქების აღება; საეკლესიო კრებები 1204 წ. ქ. სიისში და საქართველოში (სავარაუდოდ, თბილისში), ლორეში (1205) და ანისში (1207)] მისცა ბიძგი. ქართული სახელმწიფოს კონფესიური პოლიტიკა გამოიხატა ახტალის ქართულ მონასტრის დაარსებით, რომელიც XIII ს. დასაწყისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური ცენტრი და კულტურის კერა იყო ქვემო ქართლში.

ქართულ-სომხური წყაროები

მთელი ისტორიის განმავლობაში „პღნძაჰანქი“, ანუ ახტალის მონასტერი, ღვთისმშობლის სახელობისა იყო, რასაც ამტკიცებენ ქართულ-სომხური წყაროები: მელიქიშვილების აღნიშნული საგვარეულო გადმოცემა ჰერაკლე კეისრის მიერ ღვთისმშობლის სავანის დაარსებაზე ახტალაში; 1183 წ. მარიამ კვირიკიან-ბაგრატუნის ქვაჯვრის წარწერა, სადაც მოიხსენიება „პღნძაჰაქის წმ. ღვთისმშობელი; გრიგოლ ნოსელის „თარგმანებაჲ ეკლესიასტეს წიგნისა“ სომხური თარგმანის მინაწერი, სადაც აღნიშნულია: „დაიწერა და დასრულდა წიგნი გრიგოლ ნოსელის ეპისკოპოსისა რჩეულისა და კარგის ძველი მაგალითისაგან, რომელიც / პირველ/ მთარგმნელთა დაწერილი იყო ხელითა ცოდვილისა და უღირსისა მოწესის სიმეონისა, ქვეყანასა სომეხთასა (იგულისხმება ქვემო ქართლის „სომხითი“, რომელიც ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს შემადგელობაში მოექცა), ლორეს მახლობლად მონასტერსა, რომელსაც ეწოდება სპლენძაჰან, წმიდა ღვთისმშობლის საფარველსა ქვეშე, მმართველობასა ივანე ათაბეგისასა, აღმაშენებლისა მონასტრისასა“. ახტალის ტაძარში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ვლაქერნის ღვთისმშობლის უზარმაზარი გამოსახულება. შემორჩენილია აგრეთვე ღვთისმშობლის შობისა და მიძინების ამსახველი სცენები, რასაც აქ ყოველთვის დღესასწაულობდნენ. ამ დღეებში წელიწადში ორჯერ მოდიოდა მღვდელი და აღასრულებდა წმ. ლიტურგიას, რომელსაც ყველა აღმსარებლობის მრევლი ესწრებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ ახტალა დიოფიზიტების ხელში უნდა გადასულიყო დაახლოებით 1227–1231 წწ., როდესაც წყაროები ივანე მხარგრძელის გარდაცვალებას აღნიშნავდნენ. კირაკოსის ცნობა ივანე ათაბაგის მიერ მონასტრის დაარსების თაობაზე უნდა გავიგოთ არა როგორც ახლის მშენებლობა, არამედ ძველის გარდაქმნა, აღორძინება. მაგრამ ამ მოსაზრებას რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართული წყაროთა მონაცემები. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. „უცნობი მონასტრის“ ტიპიკონის ტექსტი. მასში დაცული ინფორმაცია იძლევა საშუალებას, დადგეს „უცნობი“ მონასტრისა და ახტალის მონასტრის იდენტურობის საკითხი. ე. წ. „უცნობი მონასტრის“ ტიპიკონში მოხსენიებული მონასტერი ღვთისმშობლის სახელობისაა, ისევე, როგორც ახტალა. ორივე მონასტერს დიდი ამაგი დასდო ივანე ათაბაგმა; ორივე მონასტერს მხარგრძელთა გვარის სამწირველო აქვს; ტყავის ნაჭერი, რომელზედაც ტიპიკონის ტექსტი აღმოჩნდა, თავად მელიქიშვილებს (სომხითის მელიქის ძეები) გამოუყენებიათ და თავისუფალ მეორე გვერდზე გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრისადმი 1777 წ. შეწირულობის სიგელი დაუწერიათ. ჩანს, მელიქიშვილებს ხელი მიუწვდებოდათ მათ მამულში არსებულ ახტალის მონასტრის დოკუმენტებზე, რომელიც გვიანფეოდალურ ხანაში მათ საძვალეს წარმოადგენდა.

ს. კაკაბაძის მიერ აღმოჩენილი ე.წ. „უცნობი მონასტრის“ ტიპიკონის ტექსტის დედანი დაკარგულია, შემორჩენილია მხოლოდ მისი გადმონაწერი. ტიპიკონის ტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს ახტალის მონასტრის ისტორიისა და იქ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების გასარკვევად, აგრეთვე – მონასტრის კონფესიური კუთვნილების საკითხის განსაზღვრისათვის. ს. კაკაბაძე ამ ძეგლს „თამარ მეფის დროინდელ „ერთი მონასტრის ანდერძს“ უწოდებს. სრული სახით ტექსტი 1970 წ. ი. დოლიძემ გამოსცა სათაურით: „წესი და განგებაჲ უცნობი მონასტრისაჲ“ და იგი 1191-1212 წწ. დაათარიღა. მკვლევართა ნაწილს ტექსტში ბოლნისის მოხსენიების გამო ტიპიკონი ბოლნისთან ახლომმდებარე მონასტრის ან თვით ბოლნისის სიონის განგებად მიაჩნდა. ტიპიკონის შემორჩენილ ნაწილში აღნიშნულია, რომ მონასტერს მოსავალი არ ჰყოფნიდა და ბოლნისს საღვინე დაუდევთ: „...პატრონისა და ლაშქართა და სტუმართათჳს ესე მოსავალი არ ეყოფის და ამისათჳს ... ეგრეთვე ბოლნისს საღვინე დავდევით“. მოწეული ღვინო მონასტერს მოხმარდებოდა, ქარცებიდან („ქარცები“ – სოფ. ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონი) კი მონასტერი ხორბლით მარაგდებოდა: „ესე ... ქარცებითჲ ხუარბალი მოვიდოდეს და ბოლნისს ღჳნოჲ მოიღების“. ტიპიკონის ტექსტის მიხედვით, მონასტერი, რომლის შესახებაც მასშია საუბარი, ახტალის მონასტრის მსგავსად, ღვთისმშობლის სახელობისაა და მის წინაშე დიდი დამსახურება მიუძღვის ივანე ათაბაგს: „ივანე მჴარგრძელმანცა მსახურთუხუცესმან დიდი სასოებაჲ და გულსმოდგინებაჲ აჩუენა ამის დედისა ღმრთისა მიმართ და საყოფ/ე/ლისა მისისა და რომელ მონასტერსა საბოსტნე და სავენაჴე, რომელი დიდად ეჴმარნეს/, ესე ვალანის ქუეშითგან იყიდა, რომელ... უფრო/ჲ/სითა საფასოჲთა და დედისა ღმრთისასა შემოსწირა, რათა მოჴსენებული დიდებულ ყოს ძემან ღმრთისამან და ამან ყოვლად წმიდამან დედამან მისმან“. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტექსტში მხარგრძელთა საგვარეულოს სამწირველო იხსენიება, რომელსაც შეწირულობის გარკვეული ნაწილი მოხმარდებოდა. ეს ცნობა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ტიპიკონის ახტალის მონასტრისადმი კუთვნილებისა. ივანე ათაბაგის მიერ შეწირული მიწებიდან შემოსავალი დაუწესებიათ ტრაპეზისათვის – „...რომელ სტუმარსა და ყოველსა მომავალსა მისსა ეყოფოდა“, საწინამძღვროდ – „...რაჲთა წინამძღვრისა სტუმარსა და მომავალსა ყოველსავე მისსა ეყოფოდა“ და „ეგრეთვე სამწირველოჲსა სახლისა მათისათჳს“ (ე.ი. მხარგრძელთა). რადგან ტიპიკონის ტექსტში ივანე მხარგრძელის სიცოცხლეში მოიხსენიება „სამწირველო სახლისა მისისა“, იგი ახტალის მონასტრის დაარსებისთანავე ან დაარსებიდან ძალიან მალე უნდა შექმნილიყო. ივანე მხარგრძელის სამწირველო თვით ღვთისმშობლის მთავარ ტაძარში უნდა ყოფილიყო. ტიპიკონის ტექსტის მიხედვით, თამარ მეფე, რომელიც ასევე მიწებს სწირავს მონასტერს და შეუვალობას უბოძებს მას, ცხადია, ცოცხალია და ტრაპეზთან მისთვის მოსახსენებელს აწესებენ: „ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა მეფეთა შორის მეფისა თამარის დღეგრძელობაჲ და წარმართებაჲ და შენდობაჲ უფროჲსად აჩუენა და სოფელნი და აგარაკნი შემოსწირნა, და სხუანი აგარაკნი თქუენნი შესავალობისაგან შეუვალყვნა და ყოველი ხარკი და ბეგარნი [ამო] გჴადა... მონასტრის მწეობისათჳს მათისა ყოველთა დღეთა ტრაპეზ/სა/ თანა იდიდებოდეს საჴსენებელი მეფობისა მათისაჲ და საუკუნომცა არს და დაუსრულებელ ჴსენებაჲ მათი, ამინ“. აღნიშნული ფაქტი კი ახტალის მონასტრის დაარსებას XIII ს. პირველი ათეულით განსაზღვრავს.

ქართულ-სომხური წარწერებიდან ჩანს, რომ ივანეს ვაჟის, ავაგ ათაბაგის, დროს ახტალის მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობის ახალი ეტაპი დადგა. მხარგრძელთა გვარის კიდევ ერთი სამწირველოს რეალურ არსებობაზე მიუთითებს აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა, რომელიც მონასტრის წინამძღვრის სახელსაც იხსენიებს. წარწერა აღმოჩნდა ახტალის მთავარი ტაძრის პირდაპირ გორაკზე მდებარე წმ. გიორგის სამლოცველოს დასავლეთ კართან: „ქ. მე, უღირსი და სულითა საწყალობელი წინამძღვარი პეტრე, ღირს ვიქმენ აღშენებად ეგუტერისა ამის სახელსა ზედა წმიდათა მოციქულთასა სადიდებელად მათდა და პირველ პატრონთა და გამზრდელთა ღირსთა ჩემთა სამლოცველოდ, და სულისა ჩემისა სალოცველ-საჴსენებელად. და განვაჩინე ათორმეტთა მოციქულთა დღესასწაულის მეორე დღე, ვინცა ჩემისა გუარისა კაცი იყოს, მისისა ძალისაებრ ძმათა გამიხსენებდეს და წესითა მიწირვებდეს, და მე თქუენთა ლოცვათა შინა მომიჴსენებდეთ, და უკეთუ ჩემთა ცოდვათა მოსაგელი მომაგოს ღმერთმან და ჩემისა გუარისა კაცი აღარავინ იყოს, თქუენ ქრისტეს მოყუარენო და მსგავსნო მამანო წმინდაო და ყოველნივე ძმანო, ვინცა პატრონისა ავაგ ათაბაგისა სამწირველოსა, ჩემგნით აღშენებულსა, ზედა ღირს იყოს და აღირსოთ პირველ პატრონთა და თქვენ, ჩემიცა სული მანვე იურვოს დაუკლებელად ჩემითა ჴელითა და ძმისწულისა ჩემისა ილარიონისითა აგვიშენებია და არავინ გუემართლების უჴსენებლობასა. ესე ჩემგნით გაჩენილი ანუ ჩემისა გუარისა კაცმან, ანუ ვინ სხუაჲ შემოვიდეს და დააკლოს და შეცვალოს, შემცაიცვალების შჯულისგან ქრისტიანეთაჲსა და ცოდვათა ჩემთა პასუხი მან აგოს წინაშე ღვთისა“ (ე. თაყაიშვილი). როგორც ჩანს, პეტრე წინამძღვარმა ამ სამლოცველოს აღმშენებლობაში თავისი გვარის წარმომადგენლებთან ერთად იღვაწა და დაამკვიდრა, რომ აღნიშნულ სამლოცველოში მხოლოდ მათ ეწირათ. შესაძლოა, წინამძღვრობა ამ გვარისთვის, რომელსაც მიეკუთვნებოდა პეტრე, მემკვიდრეობითი იყო. წარწერას 1242-1250 წლებით ათარიღებენ, კერძოდ, ავაგ ათაბაგის მონღოლთა ურდოდან დაბრუნებისა და გარდაცვალების წლებით. აღნიშნულ ქართულ წარწერაში დაცულ ინფორმაციას ადასტურებს ახტალის მიდამოებში აღმოჩენილი ერთი სომხური ქვაჯვრის წარწერა (1245), რომელიც აღიმართა ავაგის საუფლო დღეგრძელობისათვის და წინამძღვრად დასახელებულია პეტრე. სავარაუდოდ, ტიპიკონის ტექსტის შემდგენელი ახტალის მონასტრის წინამძღვარი უნდა ყოფილიყო. მას მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონოდა მონასტერში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან, რაზედაც გადაჯაჭვული იყო როგორც ტაძრის ან რაიმე დამხმარე ნაგებობის მშენებლობა, ასევე მონასტრის სამეურნეო სტრუქტურა. ტიპიკონის ტექსტიდან ჩანს, რომ მონასტრის წინამძღვარი განსაკუთრებული უფლებებით იყო აღჭურვილი და მას ბევრი საკითხის გადაწყვეტაზე მიუწვდებოდა ხელი. მაგ.: მეფის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა სტუმრების გასტუმრება წინამძღვარს ევალებოდა: „და ვითა წინამძღუარსა აქამდის პარტრონნი ღმრთისა სწორნი, ლაშქარნი, სტუმარნი დიდნი და მცირენი გაუსტუმრებიან, ეგრეთვე აწ გაისტუმრებოდეს“. წინამძღვრის ბრძანება მონასტრის საძმოს ყველა წევრს უნდა შეესრულებინა: „რომელთაცა ძმათა წინამძღვარი უბრძანებდეს ეკლესიისა და მატურის სამსახურად გაგზავნასა, შორს თუ ახლოს, ... ნუმცა უკადრებია უნებელი წინამძღურისაჲ“. გარდა იმისა, რომ მონასტერში მყოფი ძმები წინამძღვრის მორჩილნი უნდა ყოფილიყვნენ, წინამძღვარიც, თავის მხრივ, მათ მიმართ მოწყალე უნდა ყოფილიყო, როგორც ქრისტე: „წინამძღუარსა, ვითა ქრისტესა, ჰმორჩილებდნენ, ნუმცა რაჲ იკადრების წინამძღურისა უნებელი, ვითა ქრისტესი, და წინამძღუარი, ვითა ქრისტე მისთა მოწაფეთათჳს ტკბილი სახიერი და ლმობიერი იყოს“. მონასტრის წინამძღვარს აქვს საწინამძღვრო ადგილები და ჰყავს გლეხები: „და წინამძღურისაჲ ესრეთ განჩენილ არ[ს] საწინამძღვრონი ადგილნი გლეხნი და ზუარნი და ვენაჴნი“. წინამძღვრის ხელშეწყობით საძმოს წევრები სიუხვეში უნდა ყოფილიყვნენ: „და უხუებითა და უნაკლოდ იყოფებოდნენ აქა შინა მყოფნი ყოველ-ძმანი“. აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე პეტრე წინამძღვრის დამოკიდებულება მხარგრძელთა საგვარეულოსთან და ზოგადად, ახტალის მონასტერში მიმდინარე პროცესებთან. რა თქმა უნდა, ტიპიკონის შემკვეთი მონასტრის პატრონი ივანე მხარგრძელი იქნებოდა, ტექსტის გადამწერი კი – ახტალის მონასტერში მოღვაწე რომელიმე ქართულენოვანი და მართლწერის კარგი მცოდნე ბერი (ქ. ქუთათელაძე). მონასტრის დამაარსებელი და შესაძლებელია, ტიპიკონის დამკვეთი რომ მართლაც ივანე მხარგრძელია, ამ მოსაზრებას ამყარებს ჟამთააღმწერლის ცნობა, რომლის მიხედვით, ივანე ათაბაგი „არა განცხადებულად, არამედ ფარულად მონაზონ ქმნილ იყო“. ივანე ათაბაგის ბერად აღკვეცა უნდა მომხდარიყო მის მიერ დაარსებულ ახტალის მონასტერში, რომელიც ათაბაგს სულიერ სავანედ სურდა გაეხადა. ეს ფეოდალი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის (და მას ხელს უწყობდა სამეფო კარიც), რომ ახტალის ქართული მონასტერი შევსებულიყო მამულით (როგორც თავისი ფულით შესყიდული, ასევე – მეფის შეწირულით), ისეთი სამეურნეო დაწესებულებით, როგორიც არის „საღვინე“ (აქ მოწეული ღვინო მონასტერს მოხმარდებოდა), ასევე, წმ. რელიკვიის – ცხოველმყოფელი ჯვრის – სახით, რომელიც ნორავანქის ეკლესიიდან მოხვდა ახტალაში.

ახტალის მონასტრის კიდევ ერთი წინამძღვარი, სიმეონი, მოიხსენიება ერთ-ერთი სამლოცველოს სომხურ წარწერაში: „ნებითა კეთილმოქმედი ღვთისა, წელსა ღვთივძლიერისა მეფის დემეტრესი, მამასახლისობა უფლისა იოვანესი, წინამძღვრობასა სიმონისა, დეკანოზობასა ოქროპირისა, მე ცოდვილმან...“. ეს წინამძღვარი გრიგოლ ნოსელის თხზულების სომხური თარგმანის მინაწერში მოხსენიებულ სიმეონთან არის გაიგივებული, თუმცა ეს საეჭვოა. გრიგოლ ნოსელის წიგნის სომხური თარგმანის მინაწერში სიმეონი მოიხსენიება, როგორც „ცოდვილი, უღირსი მოწესე“. გარდა ამისა, წარწერაში მოხსენიებული მეფე დემეტრე II უნდა იყოს და წარწერის პირობით თარიღად მისი ზეობის წლებიც (1270-1289) გამოდგება. ამ დროს ივანე ათაბაგი ყველა შემთხვევაში გარდაცვლილია, სომხური თარგმანის მინაწერში კი იგი ცოცხლად მოიხსენიება. ორივე სომხურ წარწერაში ტერმინი „წინამძღვრობა“ და „დეკანოზობა“ ქართული ფორმით და სომხური დაბოლოებით – „წინამძღავრუციუნ“ და „დეკანოზუციუნ“ – არის გადმოცემული, რაც მიუთითებს, რომ მონასტერი ქართულ დიასპორას ეკუთვნოდა, სადაც ეთნიკურად სომხური წარმომავლობის პირებიც შეიძლება ყოფილიყვნენ (ასევე დასაშვებია იქ ბერძენი ბერების ყოფნაც). თვით სამონასტრო კომპლექსში შემორჩენილ ქართულ წარწერებში მოიხსენებიან იორდანე, დემეტრე, გიორგი, სიმონი, რომელთაც გარკვეული წვლილი შეუტანიათ სამონასტრო კომპლექსის აღმშენებლობაში. წმ. სამების ეკლესიაში საფლავის ქვებზე კი მოიხსენიებიან „მოსე კანდელაკი“, „დეკანოზი ნიკოლოზი“, იოანე და სიმონი. არსებობს სომეხ და ზოგიერთი რუსი ისტორიკოსის მოსაზრება, რომ ახტალის მონასტერი სომეხი ქალკედონიტების სავანეს წარმოადგენდა, სადაც სამონასტრო ცხოვრება და ღვთიმსახურება ქართული (მართლმადიდებლური) წესით მიმდინარეობდა სომხურ ენაზე. ამ თვალსაზრისის მომხრე მეცნიერთათვის ამოსავალი ნ. მარის მოსაზრებაა, რომელიც თვლიდა, რომ სომხური მონოფიზიტური მონასტერი კონფესიურად გახდა ქალკედონური, ე.ი. დიოფიზიტური, მაგრამ რჩებოდა სომხურ-ქალკედონურად, ისევე, როგორც დიოფიზიტობაში გადასული ივანე მაინც სომხად რჩებოდა.

ახტალის ე.წ. „ქალკედონურ-სომხურ“ მონასტრად და საღვთისმსახურო ენად სომხურის გამოცხადების ერთ-ერთ არგუმენტად სიმეონ პღნძაჰანქელის მთარგმნელობითი მოღვაწეობა მიაჩნიათ. მას გრიგოლ ნოსელის თხზულების გარდა, ქართულიდან სომხურზე 1248 წელს უთარგმნია ნეოპლატონიკოსის, პროკლე დიოდოხოსის, „ფილოსოფიის საფუძვლები“. ეს ფაქტი მართლაც მიუთითებს ახტალის მონასტერში ფართოდ გაჩაღებულ მთარგმნელობით მუშაობაზე, რომელშიც განსაკუთრებული როლი უნდა ეთამაშა სიმეონ პღნძაჰანტქელს. სიმეონის მიერ ქართულიდან სომხურზე სხვადასხვა საღვთისმეტყველო წიგნის თარგმნა ბუნებრივია, რადგან მონასტერში მყოფ ეთნიკურად სომეხ ბერებს სჭირდებოდათ მშობლიურ ენაზე მართლმადიდებლური მრწამსის შესაბამისი ლიტერატურა. თუმცა „უცნობი მონასტრის ტიპიკონის“ ქართული ტექსტი, რომელიც ახტალის მონასტერს ეკუთვნის, ძირეულად ცვლის ამ მონასტრის კონფესიური კუთვნილებისა და იქ არსებული საღვთისმსახურო ენის საკითხს. როგორც წესი, მონასტრის ტიპიკონი ძირითადად დგებოდა იმ ენაზე, რომელიც მიანიშნებდა მონასტრისა და მმართველი მღვდელმთავრის კონფესიურ კუთვნილებას. ამ შემთხვევაში ბერმონაზვნის ეთნიკურ წარმომავლობას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. ტიპიკონის ქართული ტექსტის არსებობა ადასტურებს, რომ ახტალის მონასტერი არა ქალკედონურ-სომხური, არამედ ქართული იყო და იქ წირვა-ლოცვა ქართულად მიმდინარეობდა. ახტალის მონასტერში მნიშვნელოვანია აგრეთვე XII-XIII სს. ე.წ. „ახტალის სახარება“, რომელიც ახტალის წმ. გიორგის ეკლესიიდან იყო წამოღებული.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ატენის სიონში „აწ სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაითგან იგი უქმ არს, და არს აწ ნიში მისი. ჩანს, რომ გაუქმებული ახტალის ეპარქიიდან საეპისკოპოსო ცენტრის გადატანას ატენში აპირებდნენ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით, ამ ფაქტის შემდეგ უნდა გაჩენილიყო სომხური პილიგრიმული წარწერები ატენის სიონის კედლებზე (დ. ბერძენიშვილი).

ირანის მთავრობის ხელშეწყობით დებედას ხეობა „სომხითის მელიქს“ გადაეცა, ახტალა მელიქიშვილთა საგვარეულოს საძვალედ იქცა. XVIII ს. 60-იან წწ. ერეკლე II- ის ბრძანებით გიუმიშხანედან გადმოასახლეს 2000 სული ბერძენი, რომელთაც ახტალის საბადოებში უნდა ემუშავათ სამთამადნო წარმოებაში.

ახტალისთვის დამანგრეველი იყო 1785 წ. ომარ-ხანის შემოსევა, როდესაც ლეკებმა დაარბიეს და გაძარცვეს ახტალის მაღაროები, წაიღეს დიდი რაოდენობით სპილენძი, ვერცხლი და ფული, დაატყვევეს მრავალი ადამიანი, მათ შორის – მელიქიშვილებიც. XVIII ს. საბუთებში ქვემო ქართლის დაცლილ ეპარქიებს შორის მოიხსენიება „სამიტროპოლიტო ახტალისა“. არსებობს მოსაზრება, რომ ახტალის მონასტრის წინამძღვარი მოგვიანებით მიტროპოლიტი გახდა (დ. ბერძენიშვილი). მას დებედას ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისა და ქალკედონიტი სომხების სულიერი მწყემსვა ევალებოდა და იგი მცხეთის საპატრიარქო ტახტის იურისდიქციაში შედიოდა. ახტალის ბოლო მიტროპოლიტი იყო ვარლამი (ერისთავი), რომელიც შემდეგში საქართველოს ეგზარქოსი გახდა.

მთავარი ტაძარი

ახტალის მონასტრის მთავარი ნაგებობაა დიდი, გუმბათიანი ტაძარი (ამჟამად გუმბათი მთლიანად მორღვეულია). მონასტრის გალავანში შემორჩა სხვა ნაგებობებიც, სახელდობრ, წმ. სამების დარბაზული ეკლესია (მონასტრის ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში), ნახევრად დანგრეული სატრაპეზო (ტაძრის ჩრდილოეთით), ეპისკოპოსის რეზიდენცია (კომპლექსში შესასვლელის გვერდით). ამას გარდა, მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვა ნაგებობათა ნაშთებიც.

მონასტრის გარეთ, მის სიახლოვეს, აღმართულია რამდენიმე სამლოცველო. ყველა XIII-XIV სს. ჩანს აგებული და ივანე მხარგრძელის სახლის წარმომადგენელთა საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება (ამის მოწმობაა ვრცელი ქართული წარწერა წმ. მოციქულთა ეკლესიაზე).

მონასტრის მთავარი ტაძარი დასავლეთ პორტიკით, გახსნილი, ფართო თაღებით, ისევე, როგორც ივანე და ავაგ მხარგრძელების დარბაზული ტიპის ეკვდერი (მიდგმული ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში), აგებულ იქნა XIII ს. 20-იან წწ. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორ. გაფორმების პრინციპი) იგი განეკუთვნება ქართულ ჯვარ-გუმბათოვანი არქიტექტურის ძეგლთა იმ რიგს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე (XI-XVIII სს.) იყო დამკვიდრებული საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ამასთანავე, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ეკლესიას აკავშირებს XII-XIII სს. გუმბათოვანი ტაძრების ჯგუფთან (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშე ნი).

საინტერესოა ფასადების გაფორმების თავისებურებები – თაღნარის უქონლობა და დეკორატიული აქცენტების კონცენტრაცია გლუვი კედლების ფონზე (პორტალების მომსაზღვრელი ფორმები, აგრეთვე დიდი ზომის რელიეფური ჯვრის გვერდებზე განთავსებული, პროფილირებული წყვილი სარკმლები). ფასადების გაფორმების პრინციპები XII-XIII სს. მიჯნის ქართული გუმბათოვანი ტაძრების, სახელდობრ, ბეთანიის, ქვათახევის, წუღრუღაშენის დეკორული გადაწყვეტის მსგავსია.

ორნამენტული რეპერტუარი მთლიანად აღებულია XI-XIII სს. ქართულ არქიტექტურაში ფართოდ გავრცელებული მოტივებიდან. სახასიათოა მათ გვერდით სელჩუკური და სომხური ელემენტების არსებობა, როგორც დასავლეთ და ჩრდილოეთ პორტალებზე, აგრეთვე ცალკეულ ორნამენტულ მოტივებში.

ტაძრის შთამბეჭდავი ინტერიერი, გამორჩეული თავისი გრანდიოზულობით, საეპისკოპოსო კათედრალის აგებისთანავე ერთიანად მოუხატავთ. რამდენიმე ათეული წლის წინ ფრესკები ნაწილობრივ იქნა განახლებულ-გადაწერილი.

მოხატულობა

ტაძრის მოხატულობის პროგრამა ტიპურია XIII ს. ქართული მონუმენტური ფერწერისათვის. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია მთავარანგელოზებით ფლანკირებული, საყდარზე დაბრძანებული ჩვილედი ღვთისმშობელი. კონქის ქვემოთ წარმოდგენილია მოციქულთა ზიარება ორ სახედ, შემდეგ კი ეკლესიის მამათა მრავალრიცხოვანი სახეები, რომელთაც ორი რეგისტრი უჭირავთ. ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში მოცემულია საუფლო დღესასწაულთა და ღვთისმშობლის ცხოვრების ციკლი. დასავლეთ მკლავი განკითხვის დღის ვრცელ, მრავალნაწილიან კომპოზიციებს ეთმობა. ამას გარდა, მოხატულობაში ჩართულია ცალკეულ წმინდანთა, წმ. მამათა, მამამთავართა, წინასწარმეტყველთა გამოსახულებანი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ცხოვრების სიუჟეტები და ცალკეული თემები (წმ. ორმოცი სებასტიელი მოწამე, ელია წინასწარმეტყველის ზეცად ამაღლება, ისუ ნავესი – მთავარანგელოზ მიქაელის წინაშე და სხვ.).

სახასიათოა აგრეთვე მოხატულობის პროგრამაში წმინდანთა დასში ადგილობრივ ეკლესიათა წმინდანების გამოსახულებების ჩართვა – საკურთხეველში, ეკლესიის მამათა რიგში წარმოდგენილია წმ. გრიგოლ განმანათლებლის გამოსახულება. დასავლეთ კედლის ქვედა მონაკვეთზე გამოსახულია ვრცელი რიგი საქართველოს ეკლესიის წმინდანებისა: წმ. ნინო, წმ. იოვანე ზედაზნელი, წმ. შიო მღვიმელი, წმ. ევაგრე, წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდლები, წმ. ილარიონ ქართველი. მოხატულობის პროგრამის ამგვარ გადაწყვეტაში არეკლილი უნდა იყოს XII-XIII სს. განმავლობაში აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ-კონფესიური ურთიერთობები.

ტაძრის მოხატულობაში გამოიყოფა ორი ფენა: პირველი შესრულებული უნდა იყოს მისი აგების თანადროულად, XIII ს. 20-იან წწ. – ამ ფენის ფრესკები შემორჩა საკურთხეველში, აგერთვე სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავების ქვედა ნახევარზე. ინტერიერის სხვა მონაკვეთებზე შემორჩენილი ფრესკები XIII ს. II ნახევარში უნდა შეექმნათ.

ახტალის მონასტრის თავდაპირველი მოხატულობის სტილის საწყისები დაკავშირებულია XIII ს. I ნახევრის ქართულ მონუმენტური ფერწერის ტრადიციებთან და მრავალ საერთოს პოვებს იმავე პერიოდის ფერწერულ ანსამბლებთან (ყინცვისი, კაზრეთი, დმანისი). ტაძრის მეორე ფენის ფრესკებში ნათლად გამოვლინდა ბიზანტიურიდან მომდინარე სტილის ნიშნები. ორივე ფენის მხატვრობის შექმნაში მონაწილეობდნენ მაღალპროფესიულ ოსტატთა ჯგუფები, რომლებმაც შექმნეს მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტის მხრივ შთამბეჭდავი ფრესკული ანსამბლი.

ქ. ქუთათელაძე
ზ. სხირტლაძე

ლიტერატურა

  • ბერძენიშვილი დ., ახტალის მონასტერი, „ლიტერატურა და ხელოვნება“, 1998, №2; მისივე, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ტ. 1, ქვემო ქართლი, თბ., 1979;
  • კაკაბაძე ს., თამარ მეფის დროინდელი ერთი მონასტრის ტიპიკონის ნაწყვეტი, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წ. 1, ტფ., 1914;
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ლორე-ტაშირის ქართული ეპიგრაფიკა, თბილისის სახელმწ. უნ-ტის „შრომები“, 1964, ტ. 108;
  • Иоселиани П л., Путевые записки от Тифлиса до Ахталы, Tфл., 1850;
  • Лидов А., Плиндзаханк-Ахтала, история монастыря, ктитор датировка росписи, Armenia and Cristian Orient, Er., 2000;
  • Такаишвили Е., Грузинские надписи Ахталы, CMOMПK, вып. XXIX, Tфл., 1901.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები