აჯილაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჯილაკი (სამცხ.) || აჯლა (ჯავახ.) – ნეფედედოფლის საქორწინო ტახტი, სამცხურ-ჯავახური საქორწილო რიტუალის აუცილებელი ელემენტი; გამოიყენებოდა, როგორც ქორწილის დროს სიძე-პატარძლის სადგომ-საჯდომად, ისე ახალშეუღლებულთა საწოლ ტახტად. აჯლა || აჯილაკს აწყობდნენ ან სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულ დარბაზული ტიპის საცხოვრებელში (საწნახლისა თუ პურის ორმოს თავზე), ან ბოსელში (შესასვლელიდან მარჯვენა კედელთან), სადაც ქორწილის სუფრა იყო გაშლილი; წარმოადგენდა ფიცრის ამაღლებულ ტახტს, რომელზედაც ჯერ ჯეჯიმი, შემდეგ კი ფიჩვი ან ხალიჩა იყო გადაფარებული და ზემოდან ნეფე-დედოფლისა და ნათლიისათვის ბუმბულის სამი ბალიში იდო. ტახტის გასწვრივ კედელზე ფიჩვ-ხალიჩა და ჯეჯიმი იყო გაკრული. თუ ქორწილს დარბაზში იხდიდნენ, მაშინ აჯლა || აჯილაკს მხოლოდ ფიჩვ-ხალიჩებით ამკობდნენ. ტახტი ისე იყო მოწყობილი, რომ მასზე მჯდომებს პირი აღმოსავლეთისკენ ჰქონდათ მიქცეული. პატარძლის მშობლების სახლში აჯლა || აჯილაკთან სრულდებოდა ნეფისთვის დედოფლის „ჩაბარების“ წესი. გარდა ამისა, ვაჟის სახლში ნათლიას საჩუქრებით უნდა „გამოესყიდა" ტახტი, რომელზედაც ბავშვები წვებოდნენ.



ლიტერატურა

  • თ. იველაშვილი. აჯილაკი სამცხე-ჯავახეთში // ძეგლის მეგობარი. № 55.თბ., 1980, გვ. 27-30;
  • თ. იველაშვილი. საქორწინო წეს-ჩვეულებანი სამცხე-ჯავახეთში. თბ., 1987, გვ. 58-61;
  • თ. იველაშვილი. საქორწინო წეს-ჩვეულებანი საქართველოში. თბ., 1999, გვ. 138-140;
  • ს. მაკალათია. მესხეთ-ჯავახეთი. თბ., 1938, გვ. 97;
  • თ. ჩიქოვანი. ამიერკავკასიის ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდა. თბ., 1967, გვ. 87;
  • ს. ხოსიტაშვილი.ქორწინებისა და მიცვალებულის დაკრძალვის წესი სამცხე-ჯავახეთში (ეთნოგრაფიული ნარკვევი). თბ., 1983, გვ. 47-48, 50-51, 60.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები