ბააზოვი გერცელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერცელ ბააზოვი

ბააზოვი გერცელ – (1904 – 1938) ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი. დაიბადა ქალაქ ონში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1926 წელს. ერთხანს ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ იყო ჟურნალ „საბჭოთა სამართლის” რედაქციის პ/მგ. მდივანი. 1918 წელს ქუთაისის გაზეთ „ებრაელის ხმაში” გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები. 1922 წლიდან თბილისის ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი ლექსები, წერილები და თარგმანები. 1924-1925 ბააზოვის ინიციატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი „კადიმა”. მისი პირველი დრამატული ნაწარმოები იყო ალეგორიულ-სიმბოლური ხასიათის დრამა „დილლეამარი”. ერთსულოვანი აღიარება მოუტანა ბააზოვს ქართველ ებრაელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველმა პოემამ „მუნჯები ალაპარაკდნენ” (1931). ბააზოვის პროზაული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოთხრობები „შემარიას უკანასკნელი სიტყვა” და „გელათის ქუჩის დასასრული” (ორივე 1931), ტრილოგიად ჩაფიქრებული რომანი „ფეთხაინი” (1934, I ნაწილი რუსულად - 1936) და სხვა.


იუდეელი
თეთრ-ცისფერ ცაზე გაფრენა მინდა,
იქ სიცოცხლე და ცრემლის ღვარია,
ადამიანმა ხმა გაიკმინდა,
იგი დამუნჯდა და საზღვარია.
სიტყვა ცოცხალი მალე ნელდება.
სიტყვა ნაელვი დარჩა ისეთი,
ხელის განძრევა გაუძნელდება,
ამოივსება მთლად სანისლეთი.
უცხოა მისთვის თავის შექება,
გაირინდება ვით ტყის ნაფოტი,
მაგრამ სჩვევია მას აფეთქება,
შემდეგ წამება და ეშაფოტი.
მთელი მსოფლიო სურს გაახუროს
ტვინის წამებით და მიფერებით,
ამ იუდეელს ესვრიან უროს,
რომ შეიმოსოს ათას ფერებით.
მაგრამ სიკაჟე მისი ხვედრია
და სიამაყე დაიკოცნება,
ბევრი სიძნელე მას შეხვედრია
და შეუნახავს თეთრი ოცნება.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები