ბაგრატიონი დიმიტრი (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატიონი დიმიტრი გიორგის ძე – (1746-1826), ქართველი – პოეტი, მთარგმნელი. ქართლის მეფის, იესეს, შვილიშვილი და ვახტანგ VI-ის ძმისწულის შვილი. მონაწილეობდა პაატა ბატონიშვილის მიერ მოწყობილ ერეკლე II-ის საწინააღმდეგო პოლიტიკურ შეთქმულებაში (1764), რისთვისაც გააძევეს საქართველოდან.

ერთხანს იმყოფებოდა ყიზლარში. 1767 წელს რუსეთის იმპერატორის ნებართვით მოსკოვს გაემგზავრა და იქ ცხოვრობდა. როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი, ისიც სამხედრო სამსახურში შევიდა.

ბაგრატიონი იმ მცირერიცხოვან ძველ ქართველ მწერალთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა ავტოგრაფებმა ჩვენამდე მოაღწია, ხოლო ის ერთ-ერთი პირველთაგანია მათ შორის, ვინც თავისი ნაწარმოები ბეჭდური სახით იხილა. მისი პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“ 1819 წელს პეტერბურგში გამოქვეყნდა. ბაგრატიონის შემოქმედება მრავალფეროვანია. მან თავისი ორიგინალი ლირიკული პოეტური მემკვიდრეობის უმეტესობა ერთ ხელნაწერ კრებულად გააერთიანა და მას „დიმიტრიანი“ უწოდა. კრებულის მნიშვნელოვანი ნაწილი სატრფიალო და სასულიერო შინაარსის ლექსებს ეთმობა. ბაგრატიონის მთელი პოეზია ქრისტიანულ-რელიგიური მრწამსითაა გამსჭვალული. მის ლექსებში, როგორც სხვა ქართველი ემიგრანტთა პოეზიაში, გაისმის მწუხარება სოფლის სიმუხთლესა და გაუტანლობაზე, ჩანს სამშობლოს მოშორებით გამოწვეული დიდი სევდა.

ბაგრატიონს აქვს სასულიერო შინაარსის თხზულებანიც: „შესაქმე“ და „გოდება ადამისი“. პირველში გალექსილია „დაბადების“ პირველი თავი, მეორეში – ადამ და ევას შეცოდება და სამოთხიდან გამოძევება. პოეტი ორივე ნაწარმოებში მოთხრობილ ამბებს თავის ბიოგრაფიას უკავშირებს და იქ აღწერილი ამბების თანამონაწილედ წარმოგვიდგება. ტრადიციისამებრ, პოემის შესავალი ღვთის დიდებას შეიცავს. საქართველოსადმი სპარსეთის დამპყრობლური პოლიტიკა რელიგიურ ნიადაგზეა ახსნილი: „სპარსი სძულობდენ სჯულთათვის ქართველთა.“ მწერალი ქრისტიანული სიმბოლიკით მრავალგზის გვიჩვენებს, რომ ქეთევან დედოფალმა თავისი მოწამებრივი სიკვდილით ორივე ქვეყანას, საიქიოსა და სააქაოს, უკვდავება დაამკვიდრა: „სძალი იწვოდა ზეცისა სიძისა სიყვარულითა“, „აწ ფარავს საქმრო, სამშობლოს მარად ნეტარის ხსენება“.

ბაგრატიონს ეკუთვნის აგრეთვე პროზაული თხზულება „ღამის ალერსი“, რომელშიც აღწერილია ფეოდალური საქართველოს ზნეობანი. ბაგრატიონი ქართული ანდაზების პირველი შემკრებია. შეკრებილი ასიოდე ანდაზიდან ზოგიერთი გაულექსავს კიდეც. მან რუსულიდან თარგმნა სამოელ რაბინის „ოქროს აღნაქვსი“ და „ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსვლისათვის სულისა წმიდისა“. დაკრძალულია ვსესვიატსკოეს ქართველთა სასაფლაოზე.

ბ. დარჩია

თხზულებები

დიმიტრიანი (ლექსები და პოემები), რ. ნაკაშიძის გამოც., თბ., 1978.

ლიტერატურა

  • ნაკაშიძე რ., დიმიტრი ბაგრატიონი (ბიოგრაფიული ნარკვევი), საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის „მაცნე“, 1967, №3;
  • რუხაძე ტ., ქართულლი ეპოსი „გარდამავალი ხანის“ ლიტერატურაში, თბ., 1939;
  • ტატიშვილი ნ., ჟურნალი ცისკარი, „ჩვენი თაობა“, 1937, №8;
  • ჩიქოვანი მ., ქართული ფოლკლორული ჩანაწერები ლენინგრადში, თბილისის სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტის შრომები, 1948, ტ. 5.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები