ბაგრატის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატის ტაძარი აღდგენამდე

„ბაგრატის ტაძარი“ – ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი, ქუთაისის სიონი (X-XI სს. მიჯნა). დგას „უქიმერიონის გორაზე“, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე. ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს სახელწოდება „ბაგრატის ტაძარი“ დაუმკვიდრდა ტაძრის აღმშენებელი მეფის, ბაგრატ III-ის (975-1014) სახელის მიხედვით.

სარჩევი

არქეოლოგია

„ბაგრატის ტაძრის“ მეცნიერულ კვლევას საფუძველი შვეიცარიელმა მეცნიერმა და მოგზაურმა, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ (1798-1850) ჩაუყარა (XIX ს. 30-იანი წწ). 1880 წლის 18 ნოემბერს სრულიად რუსეთის V არქეოლოგიური ყრილობის მოსამზადებელ კომიტეტს გ. წერეთელმა წარუდგინა მოხსენება ქუთაისში არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ. იმავე ხანებში ციხის ეზოში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორმა ე. სტოიანოვმა.

1951 წელს ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით ნანგრევებისგან გაიწმინდა ტაძრის ინტერიერი და ექსტერიერი. სამუშაოებში მონაწილეობდა არქეოლოგი ა. რამიშვილი. იმავე წელს ტაძარში გაჭრილ 20-მდე სადაზვერვო შურფში გამოჩნდა ტაძრამდელი ფენების ნაშთები.

არქეოლოგიური კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო 1984 წელს ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ო. ლორთქიფანიძე, ო. ლანჩავა) ტაძრის გარშემო აღმოაჩინა გალავნის კარიბჭის, სასულიერო პირთა სენაკების, ღია და დახურული მარნების, საწნახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები.

ბაგრატის ტაძარი აღდგენამდე ინტერიერი

2005-2010 წლებში აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით ტაძრის ინტერიერსა და ეზოში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინეს ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებისა და ძვ. წ. VIII–VII სს. ნამოსახლარების ნაშთები.

ახ. წ. IV ს. მაშინდელი ციხე-ქალაქის ცენტრალური ნაწილში, იქ, სადაც დღეს „ბაგრატის ტაძარი“ დგას, აუგიათ დიდი ზომის (სიგრძე – 38 მ, სიგანე მინაშენებით – 29 მ) სამნავიანი ბაზილიკა. ხის სვეტების ორი რიგით სამ ნავად გაყოფილი ნაოსის (27 X 10.6 მ). დასავლეთ კედელზე მიშენებული ყოფილა ბაზილიკის თანადროული ნართექსი (10.6 X 6.4 მ). ჩრდილოეთ მინაშენში მოწყობილი სანათლავის ინტერიერში დადასტურებულია აგურებით შედგენილი არხი, რომელიც ჰიდრავლიკური ხსნარით მოპირკეთებულ აუზში იხსნება. ცენტრალური ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა ფორმის საკურთხევლისა და მცირე ზომის გვერდითი სათავსების (პირობითად – პასტოფორიუმები) გეგმები იკითხება.

მომდევნო ეტაპზე ბაზილიკის ინტერიერში ჩასმულია სახელდახელოდ ნაშენები, ერთმანეთის გვერდიგვერდ (დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე) განლაგებული სხვადასხვა ზომის ხუთი სათავსისგან შემდგარი ნაგებობა. დასავლეთ სათავსის ინტერიერში ფიქსირებულია ლოკალური, ხანგრძლივი ცეცხლის ნათებისგან გადაწითლებული, თიხატკეპნილი იატაკის დონე. სავარაუდოდ, ეს ნაგებობა V ს. 70-80-იანი წლებიდან 523 წლამდე არის აგებული.

„ბაგრატის ტაძარი“ იატაკის მოზაიკაი

დაახლოებით VI ს. II მეოთხედში ძველი ბაზილიკა საფუძვლიანად ჩანს განახლებული – აღდგენილია ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, შენდება ახ. ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე რამდენადმე დავიწროებული ნართექსი, ნაოსში ჩნდება კარგად დამუშავებული ქვებით ამოყვანილი ნავების გამყოფი სწორკუთხა ბურჯები, ნაოსისა და ნართექსის იატაკები მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის ჰიდრავლიკური ხსნარით. ბაზილიკის საბოლოო ნგრევა VI ს. შუა ხანებში ეგრისში „დიდ ომიანობას“ უნდა უკავშირდებოდეს.

VII საუკუნეში სავარაუდოდ, ჰერეკლე კეისრის ლაშქრობებიდან სერგი ბარნუკის ძის აჯანყებამდე (697) ამ ადგილზე ახალი სამნავიანი ბაზილიკა (28.3 X 15.8 მ) აუგიათ. მისი აღმოსავლეთ ნაწილის უკიდურესი დაზიანების მიუხედავად, ფუნდამენტების დონეზე მოხერხდა გარე სწორკუთხედში ჩაწერილი საკურთხევლის შვერილი აფსიდის, პასტოფორიუმებისა და სწორკუთხა ტრაპეზის გეგმის აღდგენა. სწორედ ეს არის „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული „ქუთაისის საყდარი“, რომელშიც უნდა დაეკრძალათ ქართლის ერისთავი სტეფანოზი. შესაძლოა, სწორედ მის განსასვენებელს (მორტირიუმს) წარმოადგენს „საყდრის“ საკურთხევლის ექსტერიერის მონაკვეთში აღმოჩენილი კვადრატული ფორმის ნაგებობა.

მურვან ყრუს ლაშქრობის შედეგად დაზიანებული „საყდარი“ თითქმის მთლიანადაა გადაკეთებული ლეონ II-ის მიერ VIII ს. II ნახევარში: გაფართოებულია ინტერიერი, რომელსაც სამ ნავად ყოფდა ჯვრის ფორმის ბურჯები, ნალისებური აფსიდები გარე სწორკუთხედშია ჩაწერილი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ჩნდება სწორკუთხა მკლავები, დასავლეთიდან მიშენებულია შესანიშნავად დამუშავებული საფასადო ქვებით აგებული ნართექსი.

ლეონ II-ს ბაზილიკა „ბაგრატის ტაძარის“ აგებამდე საფუძვლიანადაა გადაკეთებული. ამ ეტაპის კედლების ქსოვილი, ასევე სარკმლების, სართულების გამყოფი თაღების, ნალისებური სამი აფსიდისა და მრგვალი სვეტების ნაშთები ორგანულადაა ჩართული „ბაგრატის ტაძრის“ სტრუქტურაში და სართულ-ნახევრის სიმაღლეზე დღესაც კარგად იკითხება.

არქეოლოგიური კვლევით დადასტურდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წინამორბედი ტაძრის დროინდელი ღვარსადენებისა და საკანალიზაციო სისტემების არსებობა. 1510 წ. თურქთა შემოსევის შემდეგ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების კვალი კარგად იკითხება საკურთხევლის მონაკვეთში, ქუთაისის ციხის თურქულ გარნიზონთან უთანასწორო ბრძოლებში (XVII ს. II ნახევარი) დაღუპულ მეომართა სახელდახელო სამარხებსა და დანგრევას გადარჩენილ ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში. XVIII საუკუნის ბოლოს გამართულ ეკლესიაზე ჩანს XX ს. 30-იან წლებში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების კვალი.

1985 წლიდან დღემდე ტაძრის ეზოსა და ინტერიერის გათხრებისას 115 სამარხი (V-XIX სს.) აღმოჩნდა, რომელთა შორის გამოირჩევა VIII ს. მიწურულის №50 მდიდრული სამარხი. ანთროპოლოგიური და პალინოლოგიური კვლევების შედეგად გაირკვა გარდაცვლილის სქესი (მდედრობითი), ასაკი (25 წ.), სიმაღლე (156.9 მ), წონა (41 კგ-მდე), წარმოჩინდა იმდროინდელი ფლორა და ფაუნა, გაირკვა მიცვალებულის სამოსთან, დაკრძალვის დროსა და რიტუალთან დაკავშირებული მიკროდეტალები. მიცვალებულის დამხრობა კანონიკურია, ხელებისა და ფეხების პოზა კი – არაქრისტიანული. ლალისა და ფირუზის თვლებითა და ცისფერი მინანქრით შემკულ ოქროსა და ვერცხლის სამაჯურებს, ბეჭდებსა და საკიდებს პარალელები ეძებნებათ ქართულის, ბიზანტიის და VII-VIII სს. აღმოსავლეთ ევროპის კულტურის ძეგლებთან.

არქიტექტურა

„მატიანე ქართლისა“ გვამცნობს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ (978-1014), აკურთხა ქუთაისის ეკლესია ხელმწიფეთა, კათოლიკოსთა, დიდებულთა, მღვდელმთავართა და მონასტრების წინამძღვართა თანდასწრებით. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი ორი წარწერა ასევე იხსენიებს „აფხაზთა და ქართველთა“ მეფე ბაგრატსა და მის დედას, დედოფალ გურანდუხტს. მესამე წარწერა, რომელშიც ჩრდილოეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში სარკმლის ქვეშ არის გამოკვეთილი, გვამცნობს, რომ ტაძრის იატაკი დაუგიათ 1003 წელს ამ დროისთვის მშენებლობა, რომელიც X საუკუნის 80-90-იან წლებს დაიწყო, ძირითადად უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ცალკეული სამუშაოები გრძელდებოდა 1008 წლამდე. XI საუკუნის 30-იან წლებში ტაძარს დასავლეთიდან და სამხრიდან მიაშენეს დიდი კარიბჭეები.

„ბაგრატის ტაძარი“ აღდგენის შემდეგ

„ბაგრატის ტაძარი“. ერთ-ერთი უდიდესი ქართული ეკლესიაა (ზომა: 35 X 43 მ მინაშენების გარეშე). ის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. გუმბათი ეყრდნობა ოთხ მძლავრ ბურჯს. აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან გუმბათქვეშა კვადრატს ერთვის აფსიდები, დასავლეთიდან – წაგრძელებული მართკუთხა მკლავი. საკურთხევლის აფსიდის აქეთ-იქით ორ სართულად განლაგებული დამხმარე სათავსებია. სამხრეთ და ჩრდილოეთ აფსიდები ქმნიან შენობის ძირითადი მოცულობიდან გამოწეულ მკლავებს, რითაც გარედან მართკუთხა მოხაზულობა აქვთ. დასავლეთ მკლავი სამ ნავად არის დაყოფილი წყვილი ბურჯის მეშვეობით. მეორე სართულის დონეზე აქ მოწყობილი იყო პატრონიკე, რომელზედაც წირვის დროს სამეფო ოჯახი იდგა ხოლმე.

ტაძრის ძირითად სივრცეში იატაკი მოლესილია ვარდისფერი ჰიდრავლიკური ხსნარით, ხოლო საკურთხევლის წინ – სხვადასხვაფერი მინარევებით. ე. წ. „ინკრუსტაციის“ წესით გამოყვანილია დეკორატიული მოტივი, რომელიც სამი უზარმაზარი, თექვსმეტფოთლიანი ვარდულისაგან შედგება.

თლილი თეთრი ქვის ფილებით მოსილი ფასადები გაფორმებულია დეკორატიული თაღნარით. აღმოსავლეთ ფასადზე ხუთი თაღია, რომლებიც თანდათან მაღლდება შუისკენ. საშუალო თაღები შემოწერს კედელში ღრმად შეჭრილ სამკუთხა გეგმის ნიშებს. დასავლეთ ფასადი ასიმეტრიულია, ვინაიდან ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში სამსართულიანი კოშკია აღმართული. მასში საცხოვრებელი ოთახები იყო. ტაძრის სარკმლები შემკულია მოჩუქურთმებული საპირეებით.

ტაძარში გვხვდება ქანდაკებებიც. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილზე, მაღლა, ერთმანეთისკენ მიბრუნებული ორი ჰორელიეფური თავია. მათ მარცხნივ გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც ზეაწეულ ხელებში ქვის დიდი ბლოკი უჭირავს. განსაკუთრებით უხვი სკულპტურული გაფორმებით გამოირჩევა კარიბჭეთა სვეტების კაპიტელები. მათ წახნაგებზე გამოკვეთილია მცენარეული მოტივები და ცხოველები, კუთხეებში – არწივები ან ხარის თავები.

ქუთაისის ტაძრის არქიტექტურული გადაწყვეტა X საუკუნის II ნახევრის სამხრეთ საქართველოს ხუროთმოძღვრების ძლიერ გავლენას ამჟღავნებს. მისი სამაფსიდიანი გეგმა მომდინარეობს ტაოში მდებარე ოშკის ეკლესიიდან (963-973), ისევე, როგორც ფასადთა შემკულობის სისტემა და ცალკეულ ჩუქურთმათა სახეები. როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ ტაოელი ოსტატები, რომლებიც ბაგრატ III-ს ჩამოჰყვნენ ქუთაისში.

ტაძარი 1692 წელს ააფეთქეს თურქებმა, რის შედეგადაც ჩაინგრა გუმბათი და კამარები. კიდევ მეტად დაზიანდა შენობა 1770 წელს, როდესაც მეფე სოლომონ I-ის (1752-1784) დამხმარე რუსები ერთი თვის განმავლობაში ზარბაზნებს უშენდნენ ქუთაისის ციხეში გამაგრებულ თურქებს. ტაძრის ნგრევა მერეც გრძელდებოდა – XIX ს.. ჩაიქცა დასავლეთ კარიბჭე. დანგრევას გადაურჩა მხოლოდ სამხრეთ კარიბჭე, რომელშიც სოლომონ I-მა ეკლესია მოაწყობინა. აქ 1759-1820 წლებში. ქუთათელ ეპისკოპოსთა კათედრა იყო, 1820-1871 წლებში – იმერეთის ეპარქიის მღვდელმთავართა კათედრა, 1871-1918 წლებში – ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ეკლესია, 1918-1923 წლებში – ქუთათელ მიტროპოლიტთა კარის ეკლესია.

1952 წ. დაიწყო „ბაგრატის ტაძრის“ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ნაწილობრივ ხელახლა აშენდა კედლები და გუმბათქვეშა ბურჯები, ბევრგან აღდგა შიდა და გარე მოპირკეთება. 1992-1994 წლებში მთლიანად იქნა აღდგენილი დასავლეთ კარიბჭე. 2009 წელს დაიწყო ტაძრის რესტავრაციის ახალი ეტაპი, რომელსაც მოჰყვა მისი სრული აღდგენა. გუმბათი და გუმბათქვეშა კონსტრუქცია აშენდა რკინაბეტონით და ქვით შეიმოსა. პატრონიკე დასავლეთ მკლავში გაკეთდა ლითონის მსუბუქი კონსტრუქციით. შენობა გადაიბურა საგანგებოდ დაჟანგული სპილენძის მომწვანო ფურცლებით. ტაძრის სამხრით-დასავლეთით დგას სამიარუსიანი სამრეკლო.

წარწერები

ტაძრის კედლებსა და მის მიდამოებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ძეგლებზე მოკვლეულია X-XVIII სს. ოცზე მეტი წარწერა. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტაძრის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ამოკვეთილი და სამშენებლო კერამიკაზე შესრულებული წარწერები. ტაძრის მთავარი, შინაარსით საამშენებლო, წარწერა ამოკვეთილია აღმოსავლეთ ფასადზე. იგი შესრულებულია კიდურწაისრული ლამაზი ასოებით, ადგილ-ადგილ ასოთა შეწიაღებით, აშკარად გარკვეული მხატვრული ფუნქცია აკისრია ფასადის დეკორის გაფორმებაში. ტექსტი ასეთია: „† შეწევნითა ღმრთისაჲთა. ბაგრატისაგან – ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა მეფ[ისა და კურაპალატისა და დედისა მა]თისა – გურანდუხტ დედოფლისა, აღეშენა წმიდაი ესე საყდარი ჴელითა...“.

ტექსტში იხსენიებიან ფეოდალური ხანის ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975/8-1014) და დედამისი გურანდუხტი. ბაგრატ III-ის აქ წარმოდგენილი ტიტულის მიხედვით, წარწერა 1001-1008 წლებში თარიღდება. კედლიდან ქვების ჩამოვარდნის გამო ტექსტი ნაკლულია შუაში და ბოლოში. ეს ქვები ამჟამად არსად ჩანს (წარწერა ნაკლული იყო მისი პირველი შესწავლის დროსაც – XIX ს. 30-იანი წლები). ტექსტის ნაკლული შუა ნაწილის აღდგენა ადვილად შეიძლება ბაგრატ III-ის სხვა წარწერების (ხცისის, ნიკორწმინდის, კაცხისა და სხვ.) მიხედვით. ტექსტის ბოლოს მოთავსებული ყოფილა ხუროთმოძღვრის სახელი (შეიძლება, ტაძრის აშენების თარიღიც). ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე, კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ჩასმულ დიდი ზომის ქვის ფილაზე ამოკვეთილია ორი წარწერა. მარცხენა, შედარებით ვრცელი, შესრულებულია 6 სტრიქონად: „† ჵ, მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთ მეფჱ, თანა: მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამენ“. წარწერა შინაარსით მემორიალურია და ბაგრატ III-ის განმადიდებელ ტექსტს წარმოადგენს. ტექსტში, ბაგრატ III-ის ყველა წარწერისაგან განსხვავებით, მისი ტიტულის გადმოცემისას პირველად კურაპალატობაა აღნიშნული. წარწერა ბაგრატ III-ის მიერ კურაპალატობის მაღალი ბიზანტიის ტიტულის მიღებასთან დაკავშირებით უნდა იყოს შესრულებული და იგი 1001 წლით ან მისი ახლო დროით თარიღდება. მარჯვნივ ამოკვეთილი წარწერა ორსტრიქონიანია: „† ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქრონიკონი იყო 223“, ე. ი. 1003 წელს იატაკის დაგება მშენებლობის ბოლო ეტაპია და, ამდენად, წარწერა გადმოგვცემს ტაძრის მშენებლობის დამთავრების თარიღს. ტექსტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მე-2 სტრიქონში თარიღი აღნიშნულია ინდურ-არაბული ციფრებით და არა ასოებით, როგორც საყოველთაოდ იყო გავრცელებული მაშინ, მანამდეც და შემდეგაც. ითვლება, რომ ეს არის თარიღის დასმისას ინდურ-არაბული ციფრების გამოყენების პირველი შემთხვევა არა მარტო ქართულ წერილობით ძეგლებში, არამედ მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთში.

„ბაგრატის ტაძრის“ გარშემო არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ძველი სამშენებლო კერამიკის ნარჩენები. მათზე მოთავსებულია რელიეფური წერწერები. მათგან მნიშვნელოვანია ანტეფიქსებზე შესრულებული წარწერების ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფის წარწერების ტექსტი ასეთია: „ქრისტე, ადიდე გიორგი მეფე“, ხოლო მეორე ჯგუფის ერთადერთი მოღწეული ანტეფიქსის წარწერაა: „ანტონი შეიწყალე [ან: ადიდე ღმერთმან“. პირველი ჯგუფის წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე არის გიორგი I (1014-27), ხოლო მეორე ჯგუფში მოხსენიებული ანტონი უნდა იყოს სასულიერო პირი, შესაძლებელია – პირველი ქუთათელი მღვდელმთავარი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია ტაძრის გადახურვაში. ანტეფიქსები I ჯგუფის წარწერებით, როგორც ჩანს, ტაძრის მშენებლობის მეორე ეტაპის – კარიბჭეების თავდაპირველი გადახურვის – ნაშთებია.

ო. ლანჩავა, რ. ისაკაძე
ხოშტარია, ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • სილოგავა ვ., ეპიგრაფიკული მასალა ბაგრატის ტაძრიდან და მისი მიდამოების არქეოლოგიური გათხრებიდან, ქუთაისის უნ-ტის „მოამბე“, 1995, №4;
  • მისივე, ქართული წარწერების კორპუსი, წგ. 2, დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკ. 1 (IX-XIII სს), თბ., 1980;
  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 1 – ლაპიდარული წარწერები, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები