ბაგრატ III (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატ მესამე, გელათის ფრესკა

ბაგრატ III ბაგრატიონი – (X ს. 60-იანი წლების დასაწყისი – 07.05.1014), გაერთიანებული საქართველოს პირველი ბაგრატიონი მეფე (975-1014).

ბაგრატ III-ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. X ს. დასაწყისიდან შიდა ქართლს აფხაზთა მეფეები ფლობდნენ. მაგრამ დასავლურ-ქართულმა სახელმწიფომ, აფხაზთა სამეფომ შიდასოციალური გართულებების, ძმებს შორის ტახტისათვის ბრძოლის ვითარებაში დაკარგა ქართველ სახელმწიფოთა შორის ჰეგემონის მდგომარეობა. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში სადავეები ბაგრატიონთა სახლის ხელში გადავიდა. შიდა ქართლი, რომლის მფლობელობა განსაზღვრავდა, ფაქტობრივად გაერთიანების საფუძველს, ამ დროს კახელებს ეკავათ. დიდებულმა ფეოდალმა, აფხაზთა სამეფოს ერისთავმა, იოანე მარუშისძემ, შიდა ქართლში შეადგინა ქართული ქვეყნების გაერთიანების ოპტიმალური გეგმა. მან კარგად იცოდა, რომ ამ ეტაპზე აფხაზთა სამეფო სახლი [თეოდოს III უსინათლოს მეფობაში (975-978)] ვერ შეძლებდა ამ დიდი საქმის მოთავეობას და მიმართა იმ დროის უძლიერეს სახელმწიფო მოღვაწეს, დავით III დიდს და „აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა აღიღოს ქართლი, ანუ დაიმჭიროს თეჳთ, ან უბოძოს ბაგრატს“, რომელიც იყო „ქართველთა“ მეფის, ბაგრატ II-ის შვილიშვილი, აფხაზთა უძეო მეფის, თეოდოსის დის შვილი, ტაოს უძეო მეფის დავით III კურაპალატის გაზრდილი, შვილობილი, ამდენად, სამი სამეფო სახლის კანონიერი მემკვიდრე. დავით კურაპალატს არც ხელისუფლებისმოყვარეობა აკლდა და არც ძალა, მაგრამ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენა. მას, როგორც ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელს, ჰქონდა ლეგიტიმური უფლება ქართლზე, მაგრამ იდგა დასავლეთ საქართველოს პრობლემა, რომელზედაც მას კანონიერი უფლება არ ჰქონდა და საკითხი ბაგრატ III-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა: „წარმოემართა ძალითა თჳსითა ყოვლითა და მოვიდა ქართლად“, ხოლო „რაჟამს ცნეს მოსლვაჲ მისი კახთა, წარვიდეს ვითარცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი“. დავით კურაპალატმა დაიკავა უფლისციხე, შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრი „და მოუბოძა ბაგრატს“ და წარმოთქვა თავისი სეფე სიტყვა: „ესე არს მკჳდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი“. ბაგრატ III ამ დროს არასრულწლოვანი იყო. დავით III-მ მას თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. უფლისციხეში მასთან იმყოფებოდნენ – მამა, ქართველთა მეფის ძე, გურგენი და დედა – აფხაზთა მეფის და გურანდუხტი.

ქართლის დიდებული აზნაურები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ბაგრატ III მოიკითხავდა მათ მიერ მიტაცებულ ქართლის მეფეთა მიწებს, შეკვეცდა მათ უფლებებს, შეუთანხმდნენ კახელებს, „მოიყვანეს ლაშქარნი კახეთით“, გადასცეს უფლისციხე, ბაგრატ III, გურანდუხტი და გურგენი შეიპყრეს და კახეთს გაგზავნეს. საქმეში ისევ დავით ტაოელი ჩაერია და გამოემართა ქართლისკენ. კახელებმა მასთან შებმა ვერ გაბედეს, დატოვეს უფლისციხე, გაათავისუფლეს ბაგრატი და მისი მშობლები და გაეცალნენ ქართლს. უფლისციხის მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ (978) ივანე მარუშისძემ დააყენა ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში გამეფების საკითხი. ამ დროს აქ თვალდამწვარი თეოდოს III მეფობდა. უსინათლო მეფის დროს „განირყუნა ქუეყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება“. ივანე მარუშისძემ ისევ დავით III-ს მიმართა თხოვნით, რათა ბაგრატ III გადაეყვანათ დასავლეთ საქართველოში და ქუთაისში ეკურთხებიან აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) მეფედ. დასტურად იმისა, რომ ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ქართველთა სურვილი იყო, დავით კურაპალატმა წერილობითი გარანტია და მძევლები მოითხოვა. დავით III-ის თანხმობითა და მხარდაჭერით ბაგრატ III ქუთაისში აკურთხეს. დასაწყისში ის თეოდოსისთან ერთად მართავდა ქვეყანას, რაც გარკვეულ სიძნელეებს ქმნიდა, მაგრამ 980 წ., როდესაც ბაგრატ III სრულწლოვანი გახდა, მან ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. უსინათლო ბიძა საიმედო ადგილას, დავით კურაპალატთან გაგზავნა ტაოს.

სანამ ბაგრატ III დასავლეთ საქართველოში აგვარებდა საქმეებს, ქართლში მის წინააღმდეგ გამოსვლა მზადდებოდა. 80-იანი წლების დასაწყისში მან ჩაახშო ქართლის ფეოდალთა აჯანყება. 988 წელს მოხდა გაუგებრობა ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის, შესაძლებელი იყო, საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მისულიყო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. 989 წელს ბაგრატ III-მ დაამარცხა კლდეკარის ურჩი ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და საერისთავო თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III. ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ დავით III-ს დახმარების სანაცვლოდ დაუბრუნა ბიზანტიის მიერ ადრე წართმეული ტაოს სამხრეთი მხარე, მაგრამ მეფის გარდაცვალებისთანავე დიდი ლაშქრით დაიკავა იგი. ბაგრატ III-ისა და მამამისის, გურგენის ცდა, დაუფლებოდნენ დავით III-ის მემკვიდრეობას, უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიტორია საქართველოსა და ბიზანტიას შორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო. იმპერატორმა ბაგრატ III-ს კურაპალატის ტიტული უბოძა. დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ მან მიიღო ქართველთა მეფის ტიტული და XI საუკუნის დასაწყისში მისი ტიტულატურა ასე გაიმართა: „მეფე აფხაზთა (დასავლეთ საქართველო), მეფე ქართველთა (ქართლ-მესხეთი), კურაპალატი“. 1008 წელს მამის, გურგენ მეფეთ მეფის, გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ტაოს ჩრდილოეთ ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. 1010 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და მისი ტიტულატურა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა, კახთა კურაპალატი“. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ რჩებოდა მხოლოდ თბილისის საამირო და სამხრეთ ტაო.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ გაილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც „ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით“ არბევდა ჰერეთსა და კახეთს. დაამარცხა ფადლონი, რომელმაც იკისრა ხარკი და სამხედრო ბეგარა – მონაწილეობდა ქართველთა ლაშქრობებში საქართველოს მტერთა წინააღმდეგ. მეფე ბაგრატ III-ის ტიტულატურაში (ისევე, როგორც შემდეგ საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში) პირველ ადგილზე იყო მეფე აფხაზთა, რაც ნიშნავდა, რომ ის იყო დასავლეთ საქართველოს მეფე. ეს იყო პირველი ოფიციალური ტიტული, რომელიც მან მიიღო ქუთაისში კურთხევისას. 975 წელს, როდესაც ის უფლისციხეში ქართლის გამგებლად დაადგინეს, საქართველოში არსებული ოფიციალური მეფეთა ტიტულები „დაკავებული“ იყო, აფხაზთა მეფე იყო მისი ბიძა თეოდოსი და „ქართველთა“ (მეფე მამის მამა ბაგრატ II) დაკავებული იყო. აფხაზი იმდროინდელი ქართველებისა და უცხოელებისათვის (ბიზანტიელები, არაბები, სპარსელები) ნიშნავდა ტომით აფხაზს, ქართველს, დასავლელ ქართველს, ხოლო საქართველოს გაერთიანების შემდეგ, რადგან მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე იყო მეფე აფხაზთა, უცხოელები და ქართველებიც საქართველოს აფხაზეთსაც და თავად მეფეს აფხაზთა მეფესაც უწოდებდნენ.

ბაგრატ III-მ საქართველოს გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა – მოახდინა ლაშქრის რეორგანიზაცია, ჩაატარა ადმინისტრაციული რეფორმა – წინანდელი მემკვიდრეობითი მფლობელები ყველგან შეცვალა მეფის მოხელე ერისთავებით, მოჭრა ვერცხლის მონეტა ქართული წარწერით. ქვეყნის გაერთიანებისა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლაში ბაგრატ III, როგორც ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ზოგჯერ უკიდურეს ღონისძიებებსაც მიმართავდა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სადარბაზოდ ფანასკერტში მიიწვია, შეიპყრო და დაამწყვდია თმოგვის ციხეში, სადაც ისინი მოგვიანებით გარდაიცვალნენ. 1012 წელს კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიც პატიმრობაში დაიხოცნენ. ბაგრატ III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს მძლავრ ფეოდალურ მონარქიას.

VIII საუკუნიდან აფხაზთა ერისთავებისა და შემდეგ აფხაზთა მეფეების კარზე დგებოდა ქრონიკა. ბაგრატ III ბაგრატიონის აფხაზთა მეფედ კურთხევის შემდეგ ამ ნუსხას დაემატა მისი, როგორც დასავლეთ საქართველოს სამეფო სახლის კანონიერი წარმომადგენლის სახელი.

მის სახელს უკავშირდება ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლის, ე.წ. „ბაგრატ კურაპალატის სამართლის“ შედგენა. ვარაუდობენ, რომ მის შესადგენად გამოყენებულია სამეფო-სამთავროებში (მაგ.: ქართველთა სამეფოში) არსებული სამართლის წიგნები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნა ერთიანი ქვეყნის მოთხოვნათა მიხედვით გადამუშავებული კოდექსი, რომელშიც მოცემულია საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის – ეკლესიისა და ეკლესიის მსახურთა უფლება-მოვალეობანი; საგანგებო მუხლები ეძღვნება მეფესა და ეპისკოპოსს, მღვდელსა და მონაზონს, დიდებულსა და აზნაურს შორის ურთიერთობის საკითხებს, განსაზღვრულია ეკლესიის მსახურთა სისხლი, მკაცრი სასჯელია დაწესებული ეკლესიის გაძარცვისათვის. ბაგრატ III-მ შეუვალობა (იმუნიტეტი) მიანიჭა მცხეთის საკათოლიკოსოს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი აქტი დიდი მადლიერების გამოხატულება იყო იმ თანადგომისათვის, რომელიც ქართულმა ეკლესიამ გამოიჩინა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. ერთიანი ქართული ეკლესია, კათოლიკოსით სათავეში, ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის მებრძოლი ძალების უმთავრესი და უძლიერესი მოკავშირე და საყრდენი იყო. კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ / წერს: „და რომელნი ძუელად ჰქონდეს ამას წმიდასა დედაქალაქსა, შესავალნი იყუნეს და მე მოვახსენე გამზრდელსა ჩემსა ბაგრატ კურაპალატსა (ბაგრატ III) და შეუვალად გამიხადნეს და მიბოძეს სიმტკიცე შეუვალობისაჲ“.

ქვეყანაში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ბაგრატ III-ის დროს დიდი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. მის დროს ააგეს ე.წ. „სოხუმის ციხე“ – ერთ-ერთი საყრდენი მისი ხელისუფლებისა დასავლეთ საქართველოში; ფართოდ გაიშალა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, აიგო მარტვილის საყდრის სანათლავი, ხცისის ეკლესია შიდა ქართლში, ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, სადაც საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა, ბედიის ტაძარი. ერთ-ერთი ისტორიკოსის ცნობით, „დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საეპისკოპოსო“. ეს იყო იმ დიდი საეკლესიო ღონისძიებების დაგვირგვინება, რომლებიც მისმა წინაპარმა აფხაზთა მეფეებმა დაიწყეს დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინოპოლის ქვეშევრდომობიდან გამოყვანის მიზნით. ბედიის საეპისკოპოსო მეფემ უზრუნველყო მამულებით, საეკლესიო ნივთებით, რომელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მისი და დედოფალ გურანდუხტის მიერ შეწირულ ოქროს ბარძიმს (999) ქართული ასომთავრული წარწერით. ბედიაში არის მისი ფრესკა ეკლესიის მოდელით ხელში. ბედია ბაგრატ III-მ თავის საძვალედ გამოარჩია.

ბაგრატ III-მ ააგო და აკურთხა ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების, ე.წ. ბაგრატის ტაძარი. ტაძრის კურთხევის დროს მეფემ „შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღვარნი, და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი მამულის და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი“. მეფემ გააფართოვა ქუთათელი ეპისკოპოსის სამწყსო, ქუთაისის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ბაგრატ III-ის დროსვე დაიწყო სვეტიცხოვლის ახალი ტაძრის მშენებლობა. ამავე პერიოდშია შექმნილი ხატები, ჯვრები, ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები – ბრეთის ჯვარი, ცაგერის მაცხოვრის ხატი, ცაიშის ჯვარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია (თავის დროზე შემოქმედის ტაძარში დაცული და 1923 წელს განადგურებული) 1008 წლით დათარიღებული სამი ფირფიტა: ფერისცვალება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, რომელთა მხოლოდ ფოტოებია შემორჩენილი. XI საუკუნეში ქართველი მემატიანე ბაგრატ III-ს „დიდ მეფეს“ უწოდებს. იგი გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში, დაკრძალულია ბედიის ტაძარში.

მ. ლორთქიფანიძე

ლიტერატურა

  • გაბუნია გ., საქართველო X საუკუნის ბოლო მეოთხედსა და XI საუკუნის დასაწყისში, ქუთ., 1997;
  • ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX-X სს.), თბ., 1963;
  • მისივე, მეფე ბაგრატ III, ქუთ., 2002;
  • მელიქიშვილი გ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973;
  • მჭედლიძე გ., ბაგრატ მესამის საქართველო, ქუთ., 1996;
  • ჯავახიშვილი ივ, ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).


Logo1.JPG ბაგრატ III მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები