ბაგრატ I კურაპალატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ I კურაპალატი − ტაო-კლარჯეთის მთავარი (826-876), აშოტ I კურაპალატის ძე. დაახლოებით 830 წ. ბიზანტიის კეისრისგან მიიღო „ქართველთა კურაპალატის“ ტიტული. შეინარჩუნა ტაო-კლარჯეთის სამთავროს ერთიანი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მის დროს უკვე დაწყებული იყო ბრძოლა კლარჯეთის შტოს გამოსაყოფად.

გიორგი მერჩულე განსაკუთრებული პატივით იხსენიებს ბაგრატ I-ს, რომელსაც ღირსეულ სახელმწიფო მეთაურად და ბრძენ პიროვნებად მიიჩნევს: „ბაგრატ უმთავრეს მათსა (ძმებზე) იყო სიბრძნითა, სახითა და სიქველითა“. ბაგრატ I იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ამ მიზნით 842 წელს დაეხმარა არაბთა ხალიფის სარდალს, მუჰამად იბნ ხალიდს, თბილისის ამირას წინააღმდეგ, რომელიც ეურჩებოდა ხალიფას. თბილისის ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაბა რეხთან დამარცხდა. ბაგრატ I ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა და მალე საჰაკის მოკავშირე გახდა.

ქართლში ბუღა თურქის ლაშქრობისას (853) ბაგრატ I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის ლაშქართან ბრძოლაში, მაგრამ ქართლში გაბატონება ამჯერადაც ვერ შეძლო. ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, მისი მონაწილეობით აშენდა შატბერდისა და იშხნის ტაძრები.

„მატიანე ქართლისას“ ჩანართის მიხედვით, „ამან ბაგრატ გააჩინა და განაწესა კათალიკოსი აფხაზეთს ქრისტეს აქეთ ყ~ლ (830)“. ეს დრო შეიძლება ჩაითვალოს ქართული ხელისუფლების მიერ მანამდე შექმნილი მეორე ქართული საკათოლიკოსოს ოფიციალური აღიარება-ცნობის თარიღად (ანანია ჯაფარიძე) (ჯუანშერის თხზულების ჩანართის მიხედვით, „გამოჩნდა კათალიკოზი აფხაზეთისა ჟამსა მას ლეონ ისავროსისა ქ~ეს აქეთ შჳდას ოც წელსა“).

ქ. ნადირაძე

ლიტერატურა

საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., 2000.


Logo1.JPG ბაგრატ I მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები