ბავშვთა ასაკის ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვთა ასაკის ობსესიურ-კომპულსური აშლილობა - ბავშვობის ასაკში ობსესიურ-კომპულსური აშლილობა იშვიათია. თუმცა, განმეორებადი ქცევები 4-10 წლის ასაკში,საკმაოდ ხშირია. ასეთი განმეორებადი ქცევებია: ციფრების დაჯამება, საგნების თვლა, კონკრეტული ნივთების ამოჩემება და შეგროვება. ნორმალური ბავშვები ადვილად ითვისებენ ისეთ რიტუალებს, როგორიცაა ქვაფენილის ორნამენტებზე დაბიჯება ან რაიმე სახის ბოძისთვის ხელის შეხება. ასეთ ქმედებებს არ შეიძლება ვუწოდოთ ობსესიები, ვინაიდან პიროვნება არ ებრძვის მათ. ობსესიურ-კომპულსური აშლილობისთვის დამახასიათებელი რიტუალები და ქცევები უფრო მწვავე ხასიათისაა, ვიდრე ჯანმრთელი ბავშვების ამგვარი ქმედებები და ბავშვის ძირითად დროს იკავებს. ამის მაგალითია, საშინაო დავალებების რამდენჯერმე გადამოწმება ან ხელების ხშირად დაბანა.

სარჩევი

კლინიკური სურათი

ობსესიური აშლილობა გვიანი ბავშვობის ასაკამდე იშვიათად იძენს დასრულებულ სახეს, თუმცა, პირველადი ნიშნები, შეიძლება ადრეულ ასაკშიც გამოვლინდეს. დაწყება სწრაფი ან შემპარავია.

ბავშვობაში განვითარებული ობსესიურ-შფოთვითი აშლილობა ზრდასრულ პირებში გამოვლენილი აშლილობის მსგავსია. არსებული სიმპტომები უფრო რიტუალებია, ვიდრე ობსესიური აზრები. ყველაზე ხშირად ხელების ბანვის რიტუალი გვხვდება, მეორე ადგილზეა განმეორებადი ქმედებები და გადამოწმება. აკვიატებული აზრები უფრო ხშირად დაბინძურებას, მშობლების ან სხვა პირების ავად გახდომას, ან უბედურ შემთხვევას ეხება. ასეთი ბავშვები ღელავენ წესრიგსა და სიმეტრიულობაზე. სიმპტომების შინაარსი ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. ობსესიური სიმპტომები შეიძლება გარემო ფაქტორებითაც იყოს პროვოცირებული (მაგ., დაბინძურებული საგნები). ბავშვები ცდილობენ დამალონ თავიანთი აკვიატებული აზრები, განსაკუთრებით, ოჯახის გარეთ. ობსესიების დროს ბავშვები ხშირად თავიანთ მშობლებსაც სთხოვენ, გაიმეორონ რიტუალები ან სხვაგვარად ჰყავთ ჩართული აკვიატებულ ქმედებებში. ისინი მუდმივად საჭიროებენ დამატებით მხარდაჭერას აკვიატებულ აზრებთან დაკავშირებით.

ეტიოლოგია

გენეტიკური ფაქტორები

ნაჩვენებია, რომ ობსესიურ-კომპულსური აშლილობა უფრო ხშირია ამ აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზრდილების პირველი რიგის ნათესავებში, ვიდრე ზოგად პოპულაციაში (Lenane et al., 1990). თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებს, რომლებმაც მიმართეს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც, შესაძლოა, გამოწვეულია იმით, რომ ობსესიურ-კომპულსური აშლილობის მქონე მშობლები, სავარაუდოდ, მაშინ მიმართავენ ექიმებს, როდესაც მათ შვილებს მსგავსი პრობლემები უჩნდებათ. ოჯახური შემთხვევები, შესაძლოა, უფრო სოციალური დასწავლით და არა გენეტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული. ამასთან, ობსესიურ-შფოთვითი აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებს ემოციური აშლილობების უფრო ფართო სპექტრი აღენიშნებათ (Black et al., 2003). ობსესიურ-კომპულსური აშლილობის კავშირი ტურეტის სინდრომთან მათ საერთო გენეტიკურ წინაგანწყობაზე მიუთითებს. ამ ეტაპზე არ არსებობს ასეთი ასოციაციის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება.

ნეიროტრანსმიტერული აშლილობა

მოზრდილებზე ჩატარებული კვლევების მეშვეობით დადგინდა ტვინში სეროტონინერგული სისტემების ჩართულობა. ბავშვების სუსი-ებით მკურნალობის ეფექტურობა ასეთ შემთხვევებშიც სეროტონინის მონაწილეობის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

ნევროლოგიური ფაქტორები

ბავშვთა ასაკში განვითარებული ობსესიურ-კომპულსური აშლილობა ასოცირებულია გარკვეულ მდგომარეობასთან, რომლის მიზეზად მიჩნეულია ბაზალური განგლიის დისფუნქცია. ზოგ ბავშვს ტიკები ან ქორეაფორმული მოძრაობები აღენიშნება. ტურეტის სინდრომის მქონე ბავშვები კი მიდრეკილნი არიან ობსესიებისა და კომპულსიებისადმი. ასეთივე სიმპტომები ახასიათებს სიდენჰამის (Sidenham's) ქორეას.

აუტოიმუნური ფაქტორები

სიდენჰამის (Sidenham's) ქორეა აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც A ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკით ინფიცირების შემდეგ ვითარდება. სიდენჰამის (Sidenham's) ქორეასა და ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას შორის კავშირის გამო გაჩნდა აზრი, რომ ობსესიურ-კომპულსური მდგომარეობების გარკვეული შემთხვევები იმავე ეტიოლოგიისაა. ასეთი შემთხვევები შემდეგი სახელწოდებითაა ცნობილი - პედიატრიული აუტოიმუნური ნეიროფსიქიატრიული დაავადებები, ასოცირებული სტრეპტოკოკულ ინფექციასთან პანდას (PANDAS)

ეპიდემიოლოგია

ობსესიურ-კომპულსური აშლილობების გავრცელების სიხშირე 18 წლამდე ახალგაზრდებში 1-4%-ია (Flament and Chabane, 2000). თანაბრად გვხვდება ორივე სქესში. უმცროს ასაკში უფრო იშვიათია და თვალსაჩინოდ მატულობს ასაკთან ერთად (Heyman et al., 2001).

ასოცირებული აშლილობები

მწვავე და პერსისტენტულ ობსესიურ აზრებსა და კომპულსურ რიტუალებს ბავშვობის ასაკში ხშირად თან ახლავს შფოთვითი და დეპრესიული სიმპტომები. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს კომორბიდული შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტიკები ობსესიურ-კომპულსური აშლილობების მქონე ბავშვების 17-40%-ს აქვს (Geller et al., 1996). ტურეტის სინდრომის მქონე ბევრ ბავშვს ობსესიები აღენიშნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირება.

პროგნოზი

ობსესიურ-კომპულსური აშლილობების გამოსავალზე დასაკვირვებლად არ ჩატარებულა გრძელვადიანი კვლევა; თუმცა, არსებული მონაცემები აშლილობის ნაკლებად საიმედო პროგნოზზე მიუთითებს. მდგომარეობა ხშირად მოზრდილ ასაკშიც გრძელდება და პერიოდული გამწვავებებით ხასიათდება (Rappoport and Swedo, 2002).

მკურნალობა

პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვების, მშობლებისა და პედაგოგების ინფორმირება აშლილობასთან დაკავშირებით და ყველა კითხვაზე, შეძლებისდაგვარად, ამომწურავი პასუხის გაცემა. თუ ობსესიური სიმპტომები შფოთვითი ან დეპრესიული აშლილობების ფარგლებში გვხვდება, მაშინ საჭიროა პირველადი დაავადების მკურნალობა. გვიანი ბავშვთა ასაკის ობსესიური აშლილობა ისეთივე მიდგომას საჭიროებს, როგორსაც ვიყენებთ მოზრდილების შემთხვევაში. ამ დროს მიმართავენ კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიას და მედიკამენტური მკურნალობის მეთოდებს, ან მათ კომბინაციას. მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში საჭიროა კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მოდიფიცირება მათი განვითარების დონის გათვალისწინებით (Piacentini and Langley, 2004). ნებისმიერი მკურნალობის შერჩევისას აუცილებელია მშობლების ჩართვაც.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები