ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - დრამატული თეატრი აჭარაში, ქალაქ ბათუმში.

ისტორია

ბათუმში პირველი ქართული წარმოდგენა 1879 წლის 8 (20) ივლისს ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა გამართეს. ამით საფუძველი ჩაეყარა ქართულ თეატრს აჭარაში. წარმოდგენის ინიციატორი იყო ბათუმის პოლიცმაისტერის მეუღლე ქეთევან ჟურული. სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს ზ. ანტონოვის კომედია „განა ბიძიამ ცოლი შეირთო?“.

თეატრის პატარა შენობა 1884 წელს ააგეს, იგი იტევდა 450-მდე მაყურებელს. შემდეგში თეატრი განთავსდა ე.წ. „რკინის თეატრში“. მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამდეგს სცენისმოყვარეთა მუდმივ დასს ხელმძღვანელობდა ბათუმში სამხედრო სამსახურში მყოფი დავით კლდიაშვილი. სცენისმოყვარეები წარმოდგენებს მართავდნენ საქველმოქმედო მიზნით - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“, ქართული წიგნთსაცავისა და ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.

1912 წლის 28 აგვისტოს შედგა მსახიობთა კრება და დაფუძნდა მსახიობთა ამხანაგობა. რეჟისორად არჩეულ იქნა შალვა დადიანი. „მოგზაურთა დასმა“ პირველი წარმოდგენა ბათუმში გამართა 15 სექტემბერს, შმაევსკის თეატრში. ასე ჩაეყარა საძირკველი მესამე პროფესიულ თეატრს საქართველოში, რასაც იმ დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული თეატრალური კულტურის განვითარებისათვის. 1913 წელს ბათუმში დაარსდა დრამატული საზოგადოება, რომელსაც თავმჯდომარეობდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ივანე მესხი. დრამატული საზოგადოების გამგეობამ შეადგინა პროფესიონალთა დასი, რომელსაც რეჟისორობდა შალვა დადიანი. ბათუმის დრამატული დასის შემადგენლობაში შედიოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები.

1921 წელს ბათუმის თეატრს „აკადემიურის“ წოდება მიენიჭა. 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გაიხსნა მეორე სახელმწიფო თეატრი, რომელსაც „ქუთაის-ბათუმის თეატრი“ ეწოდებოდა. თეატრის თბილისში გადასვლამდე, 1928-1930 წლებში თეატრი წარმოდგენებს მართავდა როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში.

1931-1932 წლების თეატრალურ სეზონში ბათუმის თეატრის დასში ჩაირიცხა ახალგაზრდა იუსუფ კობალაძე. დასს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი.

1932 წელს ბათუმში რუსთაველის თეატრის მორიგი გასტროლის დროს აჭარის ხელისუფლება შეუთანხმდა თეატრის ხელმძღვანელს სანდრო ახმეტელს, რომ რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში შექმნილიყო აჭარის სექცია, რომელიც ითვალისწინებდა ბათუმის თეატრის მსახიობთა ჯგუფის მომზადებას. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა მიღება სტუდიაში. სტუდიისათვის შერჩეულ იქნა 20-ზე მეტი ახალგაზრდა. ჯგუფის პედაგოგები იყვნენ: სანდრო ახმეტელი, აკაკი ვასაძე, შოთა აღსაბაძე, კოტე პატარიძე, დიმიტრი ალექსიძე და სხვები.

1937 წლის 18 მარტს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი თეატრი, რომლის დასი შედგებოდა რუსთაველის თეატრის დრამატულ სტუდიაში გამოზრდილი ახალგაზრდებისაგან. მათ წარმოადგინეს გ. მდივნის დრამა „ბრმა“, რომელშიც მთელი დასი მონაწილეობდა. დასში შედიოდნენ ლილი აფხაზავა, ალექსანდრა გორნელი (დარჩია), ნუნუ თეთრაძე, ნინო ფხაკაძე, გიორგი ახვლედიანი, ხასან ბაბუჩოღლი, ბუხუტი ზაქარიაძე, სულიკო თურმანიძე, ისკანდერ კაიკაციშვილი, იუსუფ კობალაძე, აკაკი მგელაძე, ხასან მეგრელიძე, ზორბეგ ღლონტი, ედნარ შამილაძე, მიხეილ წიგნაძე, მურად ხინიკაძე და სხვები. სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა არჩილ ჩხარტიშვილი, დამდგმელ რეჟისორად - შალვა ინასარიძე.

30-40-იანი წლების სათეატრო სეზონები ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და საინტერესეო იყო. თეატრმა განახორციელა მრავალი დადგმა, რომელთა შორის აღსანიშნავია კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (რეჟისორი - დ. ალექსიძე), გ. მდივნის „ალკაზარი“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), შ. დადიანის „გუშინდელნი“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (რეჟისორი - ა. ჩხარტიშვილი), ვ. დარასელის „კიკვიძე“ (რეჟისორი - რ. ჩომახიძე), ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (რეჟისორი - ა. ჩხარტიშვილი). მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თეატრის დასში ჩაირიცხა გაიოზ გოგიბერიძე, აკაკი მგელაძე.

1946 წლის 27 ივლისს ბათუმის თეატრმა მაყურებელს უჩვენა სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“ (რეჟისორები - ა. ჩხარტიშვილი, შ. ინასარიძე). სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. პრესა ფართოდ გამოეხმაურა თეატრის ამ შემოქმედებით გამარჯვებას. ცნობილი დრამატურგი ლ. მალიუგინი წერდა: „რამდენიმე თვის წინათ ბათუმში, ქართულ თეატრში ვნახე „ოიდიპოს მეფის“ ბრწყინვალე დადგმა. ჩემთან ერთად ამერიკელი მწერალი სტეინბეკი აღფრთოვანებული იყო სპექტაკლით და მე ვამაყობდი იმით, რომ ამერიკელმა მწერალმა ვერ იხილა სოფოკლე ვერც თავის ქვეყანაში, ვერც დიდი დრამატურგის სამშობლოში - საბერძნეთში და ნახა იგი ჩვენთან, არა მარტო დედაქალაქის ვახტანგოვის თეატრის სცენაზე, არამედ პატარა სანავსადგურო ქალაქში, რომელიც ამერიკული წესის მიხედვით, განთქმული უნდა ყოფილიყო არა თეატრით, არამედ დანსინგებითა და ლუდხანებით“.

1952 წლის 19 მარტს ბათუმში გაიხსნა თეატრის ახალი შენობა, რომელიც არქიტექტორ ი. ტეპლიცკის პროექტით აშენდა.

1959 წელს ბათუმის თეატრს მიენიჭა ილია ჭავჭავაძის სახელი. ორმოცდაათიან წლებში ბათუმის თეატრს დროთა განმავლობაში ახალგაზრდა მსახიობები შეემატნენ: მიხეილ ნაპირელი, ლუბა კობეშავიძე, თამარ სულხანიშვილი, ნათელა წერეთელი, იური ცანავა, მანუჩარ შერვაშიძე, ნინო საკანდელიძე და სხვები.

1957 წელს თბილისში გამართულ აჭარის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე თეატრმა მაყურებელს უჩვენა რეპერტუარის საუკეთესო სპექტაკლები: ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“ (რეჟისორი-გ.ლაღიძე), სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“( რეჟისორები- ა.ჩხარტიშვილი, შ.ინასარიძე), პ.ლორიას „დინარა“ (რეჟისორი-გ.მრავლაძე), შექსპირის „ჰამლეტი“ (რეჟისორები-ა. ჩხარტიშვილი, შ.ინასარიძე), ა. შტეინის „პერსონალური საქმე“ (რეჟისორი- შ. ინასარიძე). თეატრმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მეოცე საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები ქართულ თეატრში. ასპარეზზე გამოდის ნიჭიერი ახალგაზრდობა. თბილისის თეატრების მსგავსად დგება ბათუმის თეატრის განახლების პერიოდი. 60-70-იან წლებში ბათუმის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ივსება ახალგაზრდა რეჟისორებითა და მსახიობებით, რომლებმაც შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბათუმის თეატრალური ხელოვნების განვითარებაში. ესენი იყვნენ: რეჟისორები: გიზო ჟორდანია, გოგი ქავთარაძე, ენვერ ჩაიძე, თემო აბაშიძე, გურამ აბესაძე, დათო ხინიკაძე; მსახიობები: ლევან ღლონტი, ამირან ტაკიძე, ნიაზ მესხიძე, ნუნუ ხინიკაძე, ბერდია ინწკირველი, 70-იანი წლებიდან: სერგო ბაზიაშვილი, სერგო კუნჭულია, ცირა აბზიანიძე, ლუიზა ჯიბლაძე და სხვები. ბათუმის თეატრის 60-70-იანი წლების რეპერტუარი გამოირჩევა მრავალფეროვნებით: იდგმება მსოფლიო და ქართული კლასიკური ნაწარმოებები: კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (რეჟისორი - ი.კობალაძე), ა. ოსტროვსკის „უმზითვო“ (რეჟისორი - შ. ინასარიძე), გილიერმოს „მელია და ყურძენი" (რეჟისორი - შ. ინასარიძე), მოლიერის „ძალად ექიმი“ (რეჟისორი - ე. ჩაიძე), შექსპირის „მეთორმეტე ღამე“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე), ნ. გოგოლის „რევიზორი“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე), ჰაშეკის „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი“ (რეჟისორი - ე. ჩაიძე), მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი“ (რეჟისორი - გ. აბესაძე), დიურენმატის „ფიზიკოსები“ (რეჟისორი - დ. ხინიკაძე), ვაჟა-ფშაველას „მინდია“ (რეჟისორი - გ. ჟორდანია), ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“ (რეჟისორი - გ. ქავთარაძე). ე.იურანდოტის "მეცხრე წმინდანი" (რეჟისორი - გ. აბესაძე).

70-80-იან წლებში თეატში მოდის ახალი თაობა, მსახიობები: ა.ქარჩავა, კ. კობალაძე, ბ. მიქაუტაძე, ლ. აბულაძე, ნ. გოგიტაური და სხვები; რეჟისორები:ზ. სიხარულიძე, მ. ლებანიძე.

80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები აისახა მთლიანად ქართულ და მათ შორის ბათუმის თეატრზე. არასტაბილურმა ვითარებამ ზეგავლენა იქონია თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკაზე, მის ესთეტიკაზე. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება ლევან მირცხულავა, რომელიც ცდილობს არსებული ვითარების შეცვლას. მის მიერ დადგმულმა ჟან ანუის „ტოროლამ“ და გრიგოლ რობაქიძის „ლამარამ“ არსებულ ვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა.

2005 წლიდან თეატრის შემოქმედებითი საქმიანობა რადიკალურად შეიცვალა რობერტ სტურუას სამხატვრო კონსულტანტად, ხოლო გიორგი თავაძის (რობერტ სტურუას მოსწავლე) სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. რობერტ სტურუას მიერ დადგმული დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ თეატრის განახლების საფუძვლად იქცა, ხოლო გ. თავაძის სპექტაკლებმა - ლ. ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი“, ი. სამსონაძის „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“, კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, ი. სამსონაძის „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“ და მის მიერ განხორციელებულმა სხვა სპექტაკლებმა თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. თეატრი გახდა ევროპის თეატრების არაფორმალური ორგანიზაციის წევრი.

2006 წლიდან თეატრმა მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომელთა შორის აღსანიშნავია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (2006 წელი), კულტურის საერთაშორისო ბაზრობა „კავკასია 2007“ (2007 წელი), ლვოვის საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს ლომი“ (2008 წელი), ტრაპიზონის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი (2009 წელი), ეჟენ იონესკოს სახელობის კიშინიოვის საერთაშორისო ბიენალიე (2010 წელი), თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (2010 წელი). 2013 წელს რამოდენიმე თვით სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება თემურ კეჟერაძე, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროსაც განხორციელდა სპექტაკლები მარივოს „სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი“ რეჟ. პაატა ციკოლია და მარიოტა ჯუზეპე, ბელზარიო რანდონეს „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“ რეჟ. კოტე აბაშიძე.

2014 წლის იანვრიდან დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად საშუალო თაობის გამორჩეული რეჟისორი ანდრო ენუქიძე დაინიშნა. სანდრო ენუქიძემ სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში თავის პირველ პრემიერად უ.შექსპირის „მაკბეტი“ უაღრესად საინტერესო ვერსია შესთავაზა მაყურებელს. უნდა ითქვას, რომ აშკარად შეინიშნება თეატრის ახალი სარეპერტუარო პოლიტიკა – „ერთგვარი ლტოლვა“ კლასიკისაკენ; შექსპირის უკვდავი პიესის გარდა რეჟისორმა ლაშა შეროზიამ დადგა ნ.გოგოლის „ქორწინება“. აქვე აღსანიშნავია თვალსაჩინო რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა ბათუმის სცენაზე განახორციელა ე.ზოლას „ტერეზა რაკენი“.

2015 წელი თეატრის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთის მხივ თეატრის ძირითად შენობას უტარდება კაპიტალური რემონტი, რომელიც დაარსების დღიდან არ ჩატარებია და მეორეს მხრივ რემონტის პარალელურად ბათუმში იხსნება ახალი სივრცე, მცირე დარბაზი „ახალი სცენის“ სახელით, სადაც ძირითადი შენობის რემონტის მსვლეობისას ყველა სპექტაკლი სწორედ ამ სივრცეში განხორციელდა.

„ახალი სცენის“ საზეიმო გაიხსნის თარიღია 2015 წლის 4–5 აგვისტოს და ის სპექტაკლებით „ღამის პორტიე“ რეჟ. ზაზა სიხარულიძე და „ბონდოს ღამე“ რეჟ. ანდრო ენუქიძე აღინიშნა. ამავე წელს სპექტაკლებს დგამს, როგორც ახალგაზრდა, ასევე საშუალო თუ ხანდაზმული ასაკის რეჟსორები და თეატირის ისტორიაში იწყება ტალღა, ინტენსიური ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ევროპული თეატრების რეჟსორებთან. 2015 წელს განახორციელდა სპექტაკლები: „ჩრჩული და კივილი“ რეჟ. მიშა ჩარკვიანი, „მსუქანი ბიჭი ნატურმორტში“ რეჟ. იონ საპდარუ(რუმინეთი), „ზამთრის ზღაპარი“ რეჟ. თარეკ ისკანდერი(დიდი ბრიტანეთი), „სტუმარ მასპინძელი“ რეჟ. ნუგზარ გაჩავა, ასევე აღდგენილ იქნა სპექტაკლები „ტერეზა რაკენი“ და „ქორწინება“. 2015 წელს თეატრმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალებზე ქვეყნის შიგნით: თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბონდოს ღამე“; თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ჩურჩული და კივილი“; თბილისის საერთაშორის თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ „ღამის პორტიე“; ფოთის რეგიონალური თეატრის საერთაშორის ფესტივალი „ქორწინება“, ასევე გასტროლები ქვეყნის შეგნით: ქუთაისის სახელმწიფო თეატრი „ბონდოს ღამე“; ჭიათურის სახელმწიფო თეატრი „ბონდოს ღამე“; ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი „მსუქანი ბიჭი ნატურმორტში“; ხულოს დრამატული თეატრი „მაწანწალა ზღაპარი“.

2016 წელი ძალიან საინტერესო სეზონი გახლდათ ბათუმი დრამატული თეატრის ისტორიაში, სადაც განხორციელდა სპექტაკლები: „კუდიანის დღიურები“ რეჟ. ანდრო ენუქიძე; „უფრო ახლოს“ რეჟ. ნინი ჩაკვეტაძე; „თეთრი ბაირაღები“ რეჟ. გოგი ქავთარაძე; „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო“ რეჟ.ანდრო ენუქიძე; „მოპარული ბედნიერება“ რეჟ.ლინას მარიუს ზაიკაუსკი (ლიტვა); „რამდენი დემონიც ნებავთ“ რეჟ. იაცეკ გლომბი (პოლონეთი); „ცხოვრება გრძელდება“ რეჟ. ჰანა მოსი და დეივიდ რალფი (დიდი ბრიტანეთი); „მოკალი მამაკაცი“ რეჟ. გოგი მარგველაშვილი – ქვეყნის შიგნით მიიღ მონაწილეობა ფესტივალებში: გორის საერთაშორისო კომედიის ფესტივალი „მსუქანი ბიჭი ნატურმორტში“; ოზურგეთის საერთაშორისო ნ.დუმბაძის სახელობის ფესტივალი „თეთრი ბაირაღები“; ფოთის რეგიონალური თეატრის საერთაშორის ფესტივალი „ბონდოს ღამე“; თბილისის საერთაშორის თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ „რამდენი დემონიც გნებავთ“, ხოლო ქვეყნის გარეთ იმყოფებოდა გასტორლით რუმინეთს ქ.ტოლჩეასში სპექტაკლით „მსუქანი ბიჭი ნატურმორტში.“

2017 წელს თეატრს ჰქონდა ყველაზე მასშტაბური გასტროლი თეატრის ისტორიაში: ქ. პანევეჟიში(ლიტვა) მილტინისის სახელმწიფო თეატრი; ქ. ლეგნიცა (პოლონეთი) მოდეჟსკას სახელმწიფო თეატრი; ქ. ვროცლავი(პოლონეთი) პოლსკის სახელმწიფო თეატრი; ქ. ვალბჟიხი (პოლონეთი) იეჟი შანიავსკოვის სახელმწიფო თეატრი; ქ. ელენა გურას(პოლონეთი) ციპრიანა ნორვიდას სახელმწიფო თეატრი სპექტაკლებით „რამდენი დემონიც გნებავთ“ რეჟ. იაცეკ გლომბი (პოლონეთი) და „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო“ რეჟ. ანდრო ენუქიძე. ამ გასტროლის წინ უძღოდა ქვედა სილეზიის(პოლონეთი) და აჭარის მთავრობის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში თეატრებს შორის გაფორმებული მემორანდუმი, ხოლო გასტროლის დროს ქ.პანევეჟიშის(ლიტვა) მილტინისის სახლმწიფო თეატრსა და ბათუმის დრამატულ თეატრს შორის, ასევე ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. 2017 წელს „ახალ სცენაზე“ განხორციელდა შემდეგი პრემიერები: „სამშობლო მცირეთა და მრავალთა“ რეჟ. ზურაბ სიხარულიძე; „ომის მღმერთი“ რეჟ. გიორგი შალუტაშვილი; „ღმერთ რისთვის“ რეჟ. ნუგზარ გაჩავა; „ვეფხვი“ რეჟ. ქეთი დოლიძე; „სილამაზის დედოფალი“ რეჟ. ლინას მარიუს ზაიკაუსკასი(ლიტვა); „ედიტ პიაფი“ რეჟ. გიორგი სიხარულით (სპერედ ამ სპექტაკლში განხორციელებული როლისთვის „ედიტ პიაფი“ ქალის საუკეთესო როლისთვის ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გადაეცა მსახიობ მაია ცეცხლაძე); „კონკია“ რეჟ. ქრესიდა ბრაუნი(დიდი ბრიტანეთი). ქვეყნის შიგნით იმყოფებოდა ფესტივალებზე: ფოთის რეგიონალური თეატრის საერთაშორის ფესტივალი „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო“; ახალციხის ეროვნული დრამატურგიის IV ფესტივალი „სამშობლო მცირეთა და მრავალთა“; თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გამართული ბაწრობა ე.წ. „შოუ ქეისი”; მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარზე” სპექტაკლები „ვეფხვი” და “სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო; ბელარუსიის ქ.ბრესტის XXII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბელაია ვეჟა“ სპექტაკლი “სინდრმონი ანუ ვის უგალობ ვისაო”, სადაც ფესტივალის ორგანიზატორები თეატრს აჯილდოვებს ფესტივალის „საუკეთესო ანსამბლის“ წოდებით. ქვეყნის შიგნით გასტროლი: ხულოს თეატრის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი თეატრალური კვირეულზე სპექტაკლით „სამშობლო მცირეთა და მრავალთა” და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლით “ედიტ პიაფი”.

2015-2018 წლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელდა თეატრის ისტორიულ: „დიდი სცენა“, „ექსპერიმენტული სცენა“ და „ახალი სცენა“. თეატრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.

2019 წლის 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის შენობა პრემიერებით – „kLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით (დავით კლდიაშვილის ნაწარმოების „უბედურება“ მიხედვით), „ხანუმა“ (ავქსენტი ცაგარელი).

თეატრის არქიტექტურა

1952 წელს აშენდა ბათუმის თეატრი. შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის გადაწყვეტაში კლასიცისტური ფორმებია გამოყენებული. დიდი ყურადღება ეთმობა მორთულობას, მონუმენტური სახის შექმნას და ფუნქციური მხარე უკანა პლანზე გადადის. მიუხედავად მდიდრული მორთულობისა დეტალების დამუშავება და მოხატულობა სქემატური და მშრალია.


წყარო

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალური საიტი
  • სტალინური პერიოდის საქართველოს თეატრალური ნაგებობები ავტ, მზეონა ჩხეიძე
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები