ბაითერექი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაჲთერექ-ი (ბალყ.-ყარაჩ., ნოღ. Байтерек: бай – „ღვთაებრივი, მდიდარი“, терек – „ხე“) – მსოფლიო ხე ბალყარულ-ყარაჩულ და ნოღაურ მითოლოგიაში; ხარობს შუასკნელის ცენტრში მდებარე მსოფლიო მთაზე („ალთინ-თაუ“, „ასყარ-თაუ“). ბაჲთერექის ძირში არის მანაშ-ქოლის (ან თოღაშ-ქოლის) ტბა, რომლის წყალი რძესავით თეთრია. ხის ტანი შუასკნელშია, ტოტები – ზესკნელში, ფესვები კი ქვესკნელში ჩადის. ბაჲთერექის კენწეროზე არწივი ბუდობს, ფესვებში – გველი ან აზდაღა („აჟდარჰა/აზდაღა“). გველი გამუდმებით ცდილობს მიაღწიოს არწივის ბუდემდე, რათა მისი შვილები შეჭამოს. მათი გადარჩენის მიზნით, გმირი ხშირად გველს (აზდაღას) ებრძვის. ამიტომ ნოღაურ გადმოცემებში არწივები ადამიანებს ეხმარებიან.

ნოღაელ შამანები (ქამები და ბაქშები), „იქცევიან“ რა ზეციურ მგლებად, სამირებად (ფრთოსან ძაღლებად), ციურ კურდღლებად და ბუზებად, მიდიან მსოფლიო ხესთან, რათა გაიგონ საიდუმლოებები, სნეულებათა გამომწვევი მიზეზები და მათი მკურნალობის ხერხები, იწინასწარმეტყველონ მომავალი ვითარება. მითების თანახმად, ხის ტოტებზე ჩნდებიან ფრინველები: მერცხლები, მტრედები, ბატები, გედები. ხშირად ეს ფრინველები ის ადამიანები არიან, რომლებსაც თავს დიდი უსამართლობა დაატყდათ.

ბალყარულ-ყარაჩული მითების მიხედვით, ბაჲთერექი ოქროს ან რკინის ხეა; ნოღაური ბოზლავების (ხმით ნატირლების) ტექსტებში მისი ზედა ნაწილი ოქროსია, ქვედა კი – სპილენძის:

ბაჲთერექს კენწერო – ოქროსი,
ფუძე კი სპილენძის ჰქონდა.
მდიდართა ჯოგის დამრწყულებელი
იდგა მანაშ ტბა.
შენ ცხენზე ამხედრდი
და შორეულ გზას დაადექი.
კლდეზე ურემს მიათრევდი -
მძლავრი მოხუცი ჩამოვარდა.
კლდეზე ურემი აიტანე,
მაგრამ ღვედები გაწყდა.
ოქროსწვერიანი და ვერცხლისფუძიანი
ბაჲთერექი წაიქცა,
მდიდართა ჯოგის დამრწყულებელი
მანაშ ტბა დაშრა.

ბაითერექის ბალყარულ-ყარაჩული სინონიმია იმან თერექი (Ийман терек – „რწმენის ხე“; ийман, иман [„რწმენა“] და эмен, имен [„მუხა“] ტერმინების მსგავსების გამო თურქული მოდგმის ხალხები ლოცვასა და მსხვერპლშეწირვის რიტუალს ხშირად მუხის ხესთან აწყობდნენ.


ლიტერატურა

Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007; Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები