ბაირიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაჲრიმ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Байрым) – წმ. მარიამი – შვილიერების მომნიჭებელი, ბავშვთა მფარველი ქალღმერთი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. მოიხსენიებდნენ ეპითეტებით: „ბაჲრიმ-ქალბატონი“ (Байрым-бийче), „გულუხვი ბაჲრიმი“ (Чормат Байрым), „ოქროს ბაჲრიმი“ (Алтын Байрым), „ინდაურ-ბაჲრიმი“ (Байрым гогуш). საინტერესოა აღინიშნოს, რომ (ბალყარულ-ყარაჩული ბაჲრიმ ერქექი (Байрым эркек – „მარიამის ოფოფი“) გააზრებულია, როგორც „მარიამის მამალი“ (შდრ. ოფოფის ოსური [„მარიამის ვარია“] და სვანური [„ბიბილოიან მარიამი“] სახელწოდებები; ვაინახთა მითოლოგიაში ოფოფი ნაყოფიერებისა და დედობის მფარველი ღვთაების – თუშოლის – ფრინველად ითვლება და „თუშოლის ქათმად“ იწოდება). მიუხედავად ამისა, ბაჲრიმ ერქექის თაყვანისცემის შესახებ რწმენა ბალყარელებთან და ყარაჩელებთან არ გვხვდება.

წმ. მარიამის კულტი ბალყარულ-ყარაჩულ საწესჩვეულებო ყოფაში მკვიდრად ფიქსირდება: მისი სამლოცველოები ყარაჩისა და ბალყარეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე მდებარეობდა. მათგან განსაკუთრებით მსხვილი საკულტო ცენტრები ჩეგემისა და უჩყულანის საზოგადოებებში იყო. მისი სახელი შეადგენს ძველი ყარაჩული გვარის – ბაირამყულოვის – ფუძეს (Байрыкъуллары – „მარიამის მსახური“); ბალყარული ხალხური კალენდრით, 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე პერიოდი „მარიამის თვედ“ (Байрым-ай), ხოლო პარასკევი – „მარიამის დღედ“ (Байрым кюн) იწოდება.

ბაჲრიმს ხშირად მიმართავდნენ ფეხმძიმე ქალები, რომელთაც სალოცავში პატარა ბიჭი ან გოგო მიჰყავდათ და ხელში ქათმის ფრთით ლოცულობდნენ:

ბაჲრიმ, შენთან მოვედი,
თავს მიწას ვცემ, გეხვეწები,
ნუ დამტოვებ მარტოხელად,
რამდენი ბუმბულიცაა ამ ფრთაზე,
იმდენი შვილი მომეცი,
იყავ ჩემი მწყალობელი!
დე, თეირიც ჩემი მწყალობელი იყოს!

ნ. ივანენკოვის ცნობით, უშვილო, ფეხმძიმე და ჩვილბავშვიან ქალებს, ასევე საქორწინო ასაკს მიღწეულ ქალიშვილებს მთვარიან ღამეში მარიამის სახელობის სალოცავ ქვასთან (Байрым-таш) რიტუალური შესაწირი (პური, კვერცხი, კარაქი და სხვ.) მიჰქონდათ. მდ. ულუყამის ახლომდებარე ასეთ ქვასთან ახალშობილის ჯანმრთელობაზე და ბედნიერ მომავალზე ლოცულობდნენ. პარასკევს, ანუ წმ. მარიამის დღეს, ყარაჩაელ ქალებს სათემო სალოცავ ქვასთან პატარძალი მიჰყავდათ და მარიამს მისთვის შვილის მინიჭებას შეთხოვდნენ. ბაჲრიმის ქვასთან სალოცავად მისული ქალები მთვარეს ოქროს ბეჭდის ღიობიდან უყურებდნენ, შემდეგ ბეჭედს ქვაზე დადებდნენ და მუხლმოყრით ე. წ. „ბაჲრიმს“ ცეკვავდნენ (უნდა ითქვას, რომ ბალყარელებსა და ყარაჩელებში ცეკვა „ბაჲრიმის“ სხვადასხვა ვარიანტი მოწმდება. გავრცელებული იყო ქალღმერთის სახელობის საგუნდო და სოლო სიმღერები). ბაჲრიმთან იყო დაკავშირებული საბავშვო ციკლის რწმენა-წარმოდგენები. მაგალითად, თუ ჩვილი აკვანში თითის წოვას დაიწყებდა, იტყოდნენ: „მარიამს რძეს თხოვს“ (Байрымдан сют тилейди); თუ ბავშვი ძუძუს ჭამის დროს დედის მკერდზე დაიძინებდა, ამბობდნენ: „ბაჲრიმის მკერდზე იგი ჩიტის ზომაზე გაიზრდება“ (Байрымны къойнунда чыпчыкъ тенгли бир ёсер).

1991 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ექსპედიციის აუდიო ჩანაწერში ვხვდებით პარემიას – „ალანთა ქალწული – ქალწული მარიამი“ (Алан-къызы Байри-къыз), რაც იმაზე მოწმობს, რომ ყარაჩაისა და ბალყარეთში ქრისტიანობა ალანურ პერიოდში (X ს.) გავრცელდა.


ლიტერატურა

  • Иваненков Н. С. Карачаевцы // История общества любителей истории Кубанской области. Екатеринодар, 1912. Вып. 5;
  • Малкондуев Х. Балкарцы и карачаевцы // Семейно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1985;
  • Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность карачаевцев и балкарцев // Календарь и календарная обрядность народов Карачаево-Черкесии.Черкесск, 1989;
  • Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность// Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
  • Малкондуев Х. Х. Древняя песенная культура балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1990;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997;
  • Каракетов М. Д. Миф и функционирование религиозного культа в заговорно-заклинательном ритуале карачаевцев и балкарцев. М., 1999;
  • Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
  • Хатуев Р. Т. Христианство // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები