ბაკურაძე ნესტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტორ ბაკურაძე

ბაკურაძე ნესტორი – (1861, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფ. ზნაკვა – 13.01.1931, თელავის რაიონი, სოფ. ქვემო ხოდაშენი), საეკლესიო მოღვაწე, მღვდელი, პუბლიცისტი, მისიონერი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა, ნიკოლოზ და თამარ ბაკურაძეების ოჯახში. რვა წლის ბაკურაძე უფროსმა ძმებმა კახეთში, სოფ. კისისხევში წაიყვანეს. მალე იგი აღსაზრდელად მიაბარეს შუამთის მონასტერში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1878 წლის 2 ივლისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ დუშეთის მაზრის სოფ. აბანოს წმ. გიორგის ტაძრის მედავითნედ გაამწესა. 1881 წლის 1 ოქტომბერს ვლადიკავკაზის ეპარქიაში გადაიყვანეს და სოფ. ხუმლაგის სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა. 1885 წელს ბაკურაძე. დაქორწინდა.

ვლადიკავკაზის ეპისკოპოს ვლადიმირის (სენკოვსკი) ხელდასხმით 1886 წლის 2 იანვარს დაინიშნა დიაკვნად, 1886 წლის 16 მარტს – მღვდლად და სოფ. ხუმლაგის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1887 წლის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1889 წლის 1 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნეს. 1890 წლის 15 თებერვალს აირჩიეს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად. 1894 წელს იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს. 1895 წლის 20 თებერვალს ვლადიკავკაზის ეპარქიის X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაინიშნა. 1896 წლის 30 სექტემბერს სოფ. ტალიბანის (სანების) ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1898 წლის ხავერდის სკუფიით დაჯილდოვდა. ბაკურაძე ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქრისტიანულ, ისე მუსლიმურ მოსახლეობაში.

ოსეთში ბაკურაძის ნაყოფიერი მისიონერული მოღვაწეობა ფართოდ შუქდებოდა გაზ. „ივერიაში“. ერთ-ერთი კორესპონდენცია იტყობინებოდა: „სწორედ ორი წელიწადი შესრულდა, რაც სანების სამრევლოში მსახურებდა მღვდელი მამა ნ. ბაკურაძე. ეს მღვდელი პირველად სოფელ ხუმლაგში იყო, იქიდან აქ გადმოიყვანეს, ხუმლაგელებმა სახსოვრად გულის ჯვარი მიართვეს, ადრესი ოსურს ენაზედ და სოფლის განაჩენი. გადმოვიდა თუ არა სანებაში მამა ბაკურაძე, თავისი მამობრივი ყურადღება მიაქცია „რენეგატებს“ (მიქცეულნი). მოძღვარი ყველას თავმდაბლად ესაუბრებოდა და ყველასთვის დაუზარელი იყო ჭირსა თუ ლხინში. ამიტომაც ბევრს მიქცეულთ და მაჰმადიანთ მოულბო გული და შემოუერთა მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს, მისისავე თხოვნით, მამა ნესტორ ბაკურაძე გადაიყვანეს ქრისტიანის სოფელში. სანებლებმა მიართვეს მას ვერცხლით შეჭედილი კვერთხი ზედ წარწერით: „ჩვენს ძვირფას მოძღვარს, მამა ნესტორ ბაკურაძეს, მისი მოსიყვარულე სანებლებისაგან 1898 წლის დეკემბრის 25-სა დღესა“.

1898 წლის ბოლოდან ბაკურაძე მსახურობდა ოსურ ქრისტიანულ სოფელ ვოლნო-ხრის ტიანსკოეში (ამ სოფლის მკვიდრმა, ისლამის აღმსარებელმა მოსახლეობამ, საკუთარი ნებით მიიღო ქრისტიანობა და ამიტომ ეწოდა ეს სახელი; იმდროინდელ ქართულ პრესაში მას „ნებითი ქრისტიანის“ სახელით იხსენიებენ). ამ სამრევლოში ბაკურაძე ოთხი წელი მსახურობდა და ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. სამშობლოში დაბრუნების წინ მრევლმა მას უსახსოვრა ოსური სახარება გულთბილი წარწერით: „ოსეთში სახარების თავგამოდებულ მქადაგებელს მადლობელი ოსი ხალხისაგან“. ჩრდილოეთ კავკასიაში მოღვაწეობისას ბაკურაძე ყოფილა მთამსვლელთა საზოგადოების წევრი და მათ ექსპედიციებშიც კი მონაწილეობდა.

1902 წლის 24 ოქტომბერს ბაკურაძე საქართველოში დაბრუნდა და ლარსის სამრევლოში დაინიშნა. 1904 წლის 6 მაისს იგი კუნკულათი დაჯილდოვდა. 1906 წლის 26 ნოემბერს კვლავ აირჩიეს X ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად. 1909 წლის 20 იანვარს ერწო-თიანეთის მხარეში გაამწესეს და სოფ. საყარაულოს წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. 1910 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1911 წლის 16 ნოემბერს თიანეთის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1916 წელს დაჯილდოვდა წმ. ანას III ხარისხის ორდენით.

ბაკურაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც სასულიერო, ისე საერო განათლების საკითხებს და ამ პრობლემებზე ქართულ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ფსევდონიმით „ქართველი ოსებში“. თავისი გულისხმიერებით, მოსახლეობისადმი კეთილგანწყობით მუდამ იმსახურებდა ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას. ხშირად იგი მოსისხლეთა შერიგების საქმეშიც მონაწილეობდა და აზავებდა მათ. რჩევა-დარიგებას აძლევდა სწავლა-განათლების მსურველთ, ზრუნავდა მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის, ამხელდა მკითხავებსა და ექიმბაშებს. ამ თვისებებით იყვნენ აღჭურვილი მისი ოჯახის წევრებიც. სოფ. საყარაულოში მისვლისთანავე ბაკურაძისა და მისი ქალიშვილის, ანას, თაოსნობით გაიხსნა სამრევლო სკოლა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, მათ შეძლეს სკოლის შენარჩუნება და ბავშვებისათვის წერა-კითხვის სწავლება. ბაკურაძემ მოახერხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ამ საზბის დახმარებით სკოლის სათანადო ინვენტარითა და საჭირო მასალებით აღჭურვა. სკოლას დიდი დახმარება გაუწია მწერალმა შიო მღვიმელმა.

ბაკურაძის დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ხალხური პოეტური შემოქმედების შეკრება-გამოქვეყნება. იგი შეკრებილ მასალას სისტემატურად გზავნიდა ჟურნალ-გაზეთებში. ამასთანავე, აკვირდებოდა ხალხის ზნე-ჩვეულებებს და პერიოდულად ბეჭდავდა ეთნოგრაფიულ ნარკვევებს. ამ ჩანაწერების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბეჭდა პ. უმიკაშვილის „ხალხურ სიტყვიერებაში“ 1937 წელს და 1964 წელს, მაგრამ ნაწილი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია.

ბაკურაძეს ურთიერთობა და მიმოწერა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის ცნობილ მწერალსა და მეცნიერთან ვ. კოტეტიშვილთან. ბაკურაძეს შეუსრულებია ვ. კოტეტიშვილის თხოვნა და მთელი თავისი მასალა გაუგზავნია მეცნიერისათვის.

1920 წლის 23 მარტს ბაკურაძე თხოვნით მიმართავდა ალავერდელ ეპისკოპოს პიროსს (ოქროპირიძე), რათა გადაეყვანათ სოფ. ბუშარის სამრევლოში, სადაც მღვდლის ადგილი გათავისუფლდა. იმჟამად სოფ. ბუშატში მისი გადაყვანა არ მოხერხდა. 1922 წლის ივნისში იგი სოფ. მუკუზნის ეკლესიის წინამძღვრად იხსენიება, ბოლოს კი ქვემო ხოდაშნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მსახურობს. XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლოდან ემსახურებოდა წინანდლის სამრევლოსაც.

მიუხედავად ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ეკლესიისა და მრევლისთვის შექმნილი უმძიმესი პირობებისა, პირადი შევიწროებისა და შეურაცხყოფისა, მან არ მიატოვა ეკლესია, მრევლი და მღვდელმსახურება. იგი ბოლომდე ღირსეულად აღასრულებდა თავის მოვალეობას.

აღესრულა 70 წლის ასაკში. დაკრძალულია სოფ. ქვემო ხოდაშნის სასაფლაოზე.

გ. მაჩურიშვილი

წყაროები

  • „ივერია“, 1899, №43, №116;
  • საქართველოს საპატრიარქოს არქივი, ალავერდის ეპარქიის ფონდი, საქმე №700;
  • სცსა, ფონდი №489, აღწერა 1, საქმე №57639;
  • სცსა, ფონდი №284, აღწერა 1, საქმე №50.

ლიტერატურა

„რაეო“, 1997 მარტი; „საპატრიარქოს უწყებანი“, 2010, №7.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები