ბალინ ჟიღისარ ქიტინუ ახრუქლიური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალინ ჟიღისარ ქიტინუ ახრუქლჲურ-ი / შურან ჟიღისარ ქიტინუ ინჴარიხ ახრუ ქლჲურ-ი (თაბ. Балин жигъисар китIину ахруклюр – „ტოტი, რომელზედაც ვაჟის საჩუქრები კიდია“; Шуран жигъисар китIину инкъарихъ ахру клюр – „ტოტი, რომელზედაც პატარძლის საჩუქრები კიდია“) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული დაღესტნური (სამხრეთ თაბასარანული) „სამგლოვიარო ხე“; ეს იყო ვაშლის ხის ტოტი, რომელზედაც საქორწილო პურები, შავად შეღებილი კვერცხი, სისხლმდინარი შავი ქათამი თავდაყირა, ხილი და ვაჟის დედის მიერ მომავალი რძლისთვის მომზადებული საჩუქრები (თავსაფარი, წინდები, ქსოვილის ნაჭრები და სხვ.) ეკიდა. ახალგაზრდა კაცის ან სასიძოს სიკვდილის შემთხვევაში, გარდაცვლილის ან მისი საცოლის მშობლები ასე მორთულ „ხეს“ ჭირისუფლის ეზოში დგამდნენ. სამძიმარზე მოსული ნათესავი ქალების მიერ მოტანილ საჩუქარს „სამგლოვიარო ხეზე“ ჰკიდებდნენ (როგორც წესი, მათ იმ სახის საჩუქრები მოჰქონდათ, რომლებსაც ქორწილში მოიტანდნენ, მაგრამ ყველა საგანს თუ ნივთს წინასწარ გამურავდნენ). მიცვალებულის დამარხვისას ამ „ხეს“ საფლავზე დგამდნენ. საჩუქრების ნაწილს იქ მყოფებს დაურიგებდნენ, დანარჩენს დაანაკუწებდნენ და საფლავზე მიმოფანტავდნენ.

ხის ტოტის მორთვის წესი მთელ სამხრეთ თაბასარანში ლოკალური ვარიანტებით იყო გავრცელებული, მაგალითად: ზოგიერთ სოფელში (ქუშთილი, ხივი) საფლავზე მიჰქონდათ არა მთლიანად „ხე“, არამედ მხოლოდ მასზე შებმული საგნები; სხვა სოფლებში (ლაკა, ხორეჯი, ქონდიქი, ვართა, წუდუყი და სხვ.) სამგლოვიარო პროცესიას წინ მიუძღოდნენ მიცვალებულის მეგობრები, რომლებსაც აღნიშნული ხე რიგრიგობით მიჰქონდათ. ზოგან ((ვართა, წუდუყი) „სამგლოვიარო ხე“ ყველა ნათესავ ქალს უნდა მოეტანა. სხვათაგან განსხვავებით, ამ ორ სოფელში „ხეზე“, შავთან ერთად, წითელი ფერის საგნებიც ეკიდა. სოფ. ჭერეში ყველა მეზობელსა და ნათესავს მოჰქონდა გარდაცვლილის საცოლისთვის განკუთვნილი საჩუქარი და „ხეზე” ჰკიდებდნენ; სასაფლაოზე საჩუქრებს ჩამოხსნიდნენ და საფლავთან გაშლიდნენ.

ზემოაღნიშნულ წეს-ჩვეულებას გააჩნდა რიგი თავისებურება, რაც დამოკიდებული იყო მიცვალებულის სტატუსზე. თუ გარდაცვლილს საცოლე უკვე დანიშნული ჰყავდა, „სამგლოვიარო ხით“ სასიდედრო თავის ქალიშვილთან და ნათესავ ქალებთან ერთად მოდიოდა და „ხე“ სასაფლაოზეც მას მიჰქონდა. საპატარძლო „ხეზე“ კიდებდა ყველა იმ საჩუქარს, რომელიც მას ქორწილში საქმროს ნათესავებისთვის უნდა მიერთმია. სოფ. აშაღა-ჲარაყში სასიძოს დასაფლავებაზე სასიმამრო, თავის ქალიშვილისა და ნათესავების თანხლებით, „სამგლოვიარო ხით“ მოდიოდა და გასვენების პროცესიასაც „ხით“ ხელში წინ მიუძღოდა. თუ საპატარძლოს მამა არ ჰყავდა, მას ქალიშვილის ან მამის ძმა ცვლიდა. სამხრეთ თაბასარანის ყველა სოფელში საქმროს გასვენებაში საცოლის მოსვლა აუცილებელი იყო. სოფ. ჩუვეყში დასაფლავების შემდეგ საქმროს სახლში ქალიშვილი ორი დღე რჩებოდა, ხოლო როცა უკან ბრუნდებოდა, მას იმ საჩუქრების ნაწილს ატანდნენ, რომლებიც საქორწილოდ მისთვის იყო გამზადებული. საპატარძლოს საქმროს სახლში მჰქონდა თავსაფარი, რომელსაც მიცვალებულს აფარებდა. სოფ. ქუშთილში ჭირიპატრონის ოჯახში ქალიშვილი სამი დღე რჩებოდა, ხოლო სოფ. არაყში – მთელი კვირა. ამ დღეების განმავლობაში საქმროს დედა სარძლოს უკერავდა სამგლოვიარო სამოსს, რომელსაც მას ორმოცი დღე უნდა ეტარებინა. ყონდიყში საქმროს მშობლები სასაფლაოზე ქალიშვილს თავსაფარს ჩუქნიდნენ.

იმ სოფლებში, სადაც „სამგლოვიარო ხის“ მიტანა არ იცოდნენ, საცოლე გარდაცვლილი საქმროს სახლში მოდიოდა ხონჩით, რომელზედაც ელაგა შავი წინდები, ხელსახოცი და საკვები პროდუქტები, ანუ ყველაფერი, რაც საქორწილოდ იყო გამზადებული. თაბასარანელების გარდა, ხილით, ტკბილეულითა და სხვადასხვა საგნებით გაწყობილი ხე, როგორც დაკრძალვისა და გლოვის წეს-ჩვეულებათა კომპლექსში შემავალი ელემენტი, ფიგურირებს მსოფლიოს მრავალი ხალხის, მათ შორის ქართველებისა და, ზოგადად, კავკასიელების, შესაბამის რიტუალებში. იმავდროულად იგი საახალწლო, აგრარული და, განსაკუთრებით, საქორწილო დღესასწაულების აუცილებელი ატრიბუტია. საკუთრივ დაღესტანის ხალხებში, მათ შორის თაბასარანელებში, სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხე, როგორც მომავალი ბარაქიანი მოსავლის სიმბოლო, საგაზაფხულო დღეობას, ე.წ. ებელცენს, ამშვენებს. თაბასარანელებსა და ჰაიდაყელ ყუმიხებში ხილ-ტკბილეულით მორთული ხე ფიგურირებს, როგორც საქორწილო წეს-ჩვეულებათა ელემენტი.

ზემოაღნიშნული საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ დაკრძალვის ცერემონიებში საქორწილო რეკვიზიტის გამოყენება წარმოადგენს არქაულ ტრადიციას, რომელიც საქორწილო და დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს ავლენს. უნდა ითქვას, რომ ღრმა სემანტიკა და პრაგმატული დანაწესი დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს ანათესავებს სხვა, ე. წ. „გარდამავალ რიტუალებთან“, რომელთა მიზანი დარღვეული წონასწორობის აღდგენა, გარდამავალი პერიოდის საფრთხის ნეიტრალიზებაა. ეს საფრთხე დაკავშირებულია ორი სფეროს (სიცოცხლე – სიკვდილი დაკრძალვის წესებში, ჩემიანი – უცხო საქორწილო რიტუალებში) საზღვრების დროებით მოშლასთან. ამ საზღვრების აღდგენაში კი განსაკუთრებულ როლს თამაშობს სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხე, როგორც მსოფლიო ხის ნაირსახეობა.


ლიტერატურა

  • Алимова Б. М. Наряжение фруктового „деревца“ в похоронном обряде табасаранцев (XIX – нач. XX вв.) // Тезисы докладов научной сессии, посвященной итогам экспедиционных исследований Института ИЯЛ в 1982-1983 гг. Махачкала, 1984;
  • Алимова Б. М. Табасаранцы. XIX – начало XX в. Историко-этнографическое исследование. Махачкала, 1992.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები