ბამბა (მცენარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბამბა – Gossypium herbaceum L.

ბამბა - (Gossypium herbaceum L.). ბალბისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარე. მეგრულად - „ბამბე“, იმერულად - „ბამბა“, „ბანბა“ (ერისთავი, 1884)

ძველად დასავლეთ საქართველოში ბამბის თესვა-მოყვანასაც მისდევდნენ. ა. ბოროზდინის, რაფ. ერისთავისა და ჟ. მურიეს მონაცემებით (1927), სამეგრელოში ბამბა იმდენი მოჰყავდათ, რომ მეზობელ ქვეყნებშიც გაჰქონდათ. ბოლო ხანს კი მას მხოლოდ შინაური საჭიროებისთვის თესავდნენ (აზიკური, 2003).

იმერეთის ბარის სოფლებში ბამბას თესავდნენ გაზაფხულზე, მობნევით, ხნულებში, შემდეგ დაფარცხავდნენ. თესლი ორ კვირაში აღმოცენდებოდა. თოხნიდნენ „კეკო“ თოხით (ჯალაბაძე, 1990). ბამბისაგან ამზადებდნენ ლეიბებს, საბნებს, ჩასაცმელს. ბამბის ძაფისაგან ქსოვდნენ სარტყლებს, ხურჯინებს, ფარდაგებს.

ბამბის მარცვლებიდან („კურკა“) ხდიდნენ ზეთს. ბამბის თესლი შეიცავს 20-27% ზეთს. ზეთის გამოხდის შემდეგ დარჩენილი კოპტონი ჩინებული საკვებია საქონლისათვის (გაზ. „მიწის მუშა“, 1924; ჯაფარიძე, 1971)

ბამბა სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. ცუდად ხარობს მთაგორიან ადგილებში. ითესება შუა აპრილამდე. დაგვიანებული თესვის შემთხვევაში მცენარე მომწიფებას ვერ მოასწრებს. ბამბის დათესვამდე ნაკვეთი წინასწარ კარგად ირწყვებოდა. 2-3 დღის შემდეგ ნაკვეთის ზედაპირი გაფხვიერდებოდა. ასეთი წესით დამუშავებულ მიწაზე სარეველები ნაკლებად ამოდიოდა, მიწა სინესტესაც დიდხანს ინარჩუნებდა. უმჯობესია ბამბის მწკრივებად თესვა.

თითისტარა
მეგრულად "ჩერია" მარტვილი, სოფ. მუხურჩა

სამეგრელოში (სენაკის რ-ნი) მცხოვრები უხუცესების გადმოცემით, „...ბამბის ნათესის მოვლაში ერთ-ერთი ღონისძიებაა მცენარის წვერის წაწყვეტა. ეს აჩქარებდა მცენარის ზრდასა და კოლოფების მომწიფებას. ბამბის კოლოფი არაერთდროულად მწიფდება, მომწიფება გრძელდებოდა ორ თვემდე. ბამბას კრეფდნენ ორივე ხელით და აწყობდნენ სპეციალურ წინსაფარებში, რომელთაც 3 ჯიბე ჰქონდა. კარგი ხარისხის ნედლეულს ერთ ჯიბეში ათავსებდნენ, დაავადებულს - მეორეში, ხოლო დანარჩენ ნედლეულს - მესამეში. პირველ კრეფას იწყებდნენ მაშინ, როცა თითოეულ ბუჩქზე ერთი-ორი კოლოფი გაიხსნებოდა, ხოლო აღებას ყინვების დაწყებამდე ამთავრებდნენ. ყინვების შემდეგ მოკრეფილ ბამბას ცალკე აგროვებდნენ. მოსავლის აღების დაგვიანება დაუშვებელი იყო, რადგან ეს იწვევდა გახსნილი კოლოფებიდან ბამბის გაფანტვას. ბამბის მოსავალს სექტემბერში იღებდნენ. მისი გადარჩევა მძიმე საქმე იყო, რადგან ბამბის კოლოფს მჩხვლეტავი ეკლები აქვს (მაისაია, შანშიაშვილი, რუსიშვილი, 2005).

უხუცესთა გადმოცემით, „...ბამბის მომწიფებულ კოლოფს მოაცილებდნენ უხეშ კურკას. დარჩენილ ბამბის სუფთა ნაწილს დააწყობდნენ ჭილოფზე, რომელიც ხორბლის კონისაგან იყო დაწნული. ამაზე დაფენდნენ თხლად. ჭილოფი იყო მშრალი და ბამბა არ დანესტიანდებოდა. გაშრობის შემდეგ წვრილი თხილის ჯოხით დაპენტავდნენ („დოპენტუნდეს“ - მეგრულად). თეთრი თოვლივით გადაიქცეოდა, ამის შემდეგ დაიწყებდნენ ბამბის ძაფის დართვას. ძაფს რთავდნენ თითისტარაზე, მეგრულად - „ჩერიაზე“. „ჩერიას“ აკეთებდნენ თხილის გათლილი ჯოხისაგან. ერთი ბოლო წვრილი ჰქონდა, მეორე ბოლოში კი წამოცმული ჰქონდა სიმინდის ტაროს ნაქუჩი, მეგრულად - „გუგა“. ნაქუჩის შუა ნაწილს აიღებდნენ, გახვრიტავდნენ და მოაცმევდნენ „ჩერიას“ ბოლო ნაწილს. აიღებდნენ ბამბის ნაწილს და „ჩერიას“ წვერზე მოაცმევდნენ და ატრიალებდნენ. ასე ამზადებდნენ ბამბის ძაფს. ტანსაცმელს და წინდებს ყაისნაღით ქსოვდნენ“ (სენაკის რ-ნი, სოფ. გეჯეთი, მთხრ. რ. ალასანია, 1992 წ.).

ნ. კეცხოველი (1957) ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ბამბა კარგად მოდის ქვემო ქართლში, კახეთის აღმოსავლეთ ნაწილსა და ელდარში

ამჟამად ბამბა საქართველოს ტერიტორიაზე არსად ითესება.



Logo1.JPG ბამბა მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები