ბანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბანა

„ბანა“ – კათედრალური ტაძარი ტაოში (ამჟამად თურქეთის რესპუბლიკა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია), მდებარეობს თანამედროვე სოფელ ფენიაქიდან 1.5 კმ დაშორებით, მდ. ბანის (ფენიაქ-ჩაი) მარჯვენა ნაპირზე, ჭოროხის ხეობაში.

სარჩევი

ისტორია

საისტორიო წყაროებში ძეგლი პირველად იხსენიება XI საუკუნის I ნახევრის მემატიანის სუმბატ დავითისძის ქრონიკებში, სადაც IX-X სს. ამბებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ქართველთა მეფის დავით კურაპალატის ძე ადარნასემ „აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი – იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ“.

ტაძრის შემდეგდროინდელ ამბავს ეხება „მატიანე ქართლისაჲ“, სადაც აღნიშნულია, რომ 1032 წელს ბანაში ჯვარი დაუწერიათ მეფე ბაგრატ IV-სა და ბიზანტიელ პრინცესა ელენეს (ოშკის ტაძრის სამხრეთ მკლავში 1036 წელს შესრულებულ კედლის მხატვრობაში შემორჩენილია „ბანას“ მოდელის გამოსახულება).

„ბანა“ იყო ტაოს სამეფოს სატახტო ქალაქი, სასულიერო ცენტრი და ტაოს ბაგრატიონთა შტოს სამყოფელი და საძვალე. აქ უკანასკნელად დაკრძალეს მეფე ვახტანგ IV (1442-1445), ხოლო ერთი წლით ადრე მისი მეუღლე, ფანასკერტელის ასული სითი-ხათუნი.

XVI საუკუნის დასაწყისში, ჭოროხის ხეობაში თურქ-სელჩუკების შემოსევისას, ტაძარი თავდაცვით ნაგებობად გადაუქცევიათ (ამ დროს ამოაშენეს სარკმლები და ნიშები), ხოლო მას შემდეგ, რაც ტაო-კლარჯეთი თურქების ხელში გადავიდა, ბანა ციხესიმაგრედ იქცა: გარსშემოსავლელს ახალი კედლები დააშენეს და აღმოსავლეთითა და სამხრეთით ორი მაღალი კოშკი მიაშენეს.

ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს „ბანა“-ს: „...მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქა არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შუენიერად ნაგები, კეთილშუენიერს ადგილს, აღაშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუ მაკისა და აწ არს ცალიერი“.

1855 წელს და 1877-1878 წლებში რუსეთსა და თურქეთს შორის ომების მსვლელობისას ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო 1984 წელს მიწისძვრამ იგი კიდევ უფრო დაანგრია.

„ბანა“ XIX და XX საუკუნეებში არაერთმა ქართველმა და უცხოელმა მოგზაურმა და მეცნიერმა აღწერა, აზომა, ჩანახატებითა თუ ფოტოსურათებით აღნუსხა და წარმოადგინა ტაძრის ანაზომების ნახაზები და გრაფიკული რეკონსტრუქციები. ძეგლის მეცნიერული შესწავლა ფაქტობრივად დაიწყო ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) მიერ 1902 და 1907 წლებში ჩატარებული ექსპედიციების შემდეგ.

მემატიანეთა ცნობებზე დაყრდნობით, ძეგლს ზოგიერთი მეცნიერი IX-X საუკუნეებით ათარიღებდა, მაგრამ ნაგებობის მხატვრულ-სტილისტური ანალიზით აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვილი მას ქართული არქიტექტურის VI-VII სს. დათარიღებული საეტაპო ძეგლების – მცხეთის ჯვრისა და წრომის – მომდევნოდ აყენებს. ეს თვალსაზრისი მსოფლიოს მრავალმა მეცნიერმა გაიზიარა. 1989 წელს გამოიცა რ. მეფისაშვილისა და დ. თუმანიშვილის მონოგრაფია „ბანას ტაძარი, შესწავლისა და რეკონსტრუქციის საკითხები“, სადაც საფუძვლიანადაა დადასტურებული „ბანა“-ს ტაძრის გ. ჩუბინაშვილისეული დათარიღება.

დღეს ძეგლი ნანგრევებადაა ქცეული, შედარებით უკეთ მხოლოდ ცალკეული არქიტექტორული მონაკვეთი, აღმოსავლეთისა და გალერეის ქვედა ნაწილებიღაა შემორჩენილი; ირგვლივ კი თლილი კვადრებისა და ცალკეული ფრაგმენტების დახვავებული გროვებია.

აღწერილობა

ბანა. ინტერიერი

ტაძარი ნაგებია კარგად თლილი კვადრებით, წყობაში თარაზული რიგების დაცვით (გვიანდ. დანაშენთა და მინაშენთა ტლანქად ნათალი ქვა და უხეში წყობა მკაფიოდ განსხვავებულია).

„ბანა“-ს კათედრალი წარმოადგენდა გუმბათიან როტონდას, მასში ჩაწერილი ტეტრაკონქითა და მრგვალი გარშემოსავლელით.

ნახევარწრიული მოხაზულობის 4 აფსიდის შეყრის ადგილას სამ სართულად აღმართული იყო კუთხის სადგომები, რომლებიც ქმნიდნენ გუმბათქვეშა ბურჯებს, ოთხივე კუთხეში აყოლებული სამი მეოთხედი სვეტებით; მათზე იყო დაყრდნობილი გუმბათქვეშა თაღები, რომელსაც ემყარებოდა დაბალყელიანი გუმბათი, მხარეთა შესაბამისად გაჭრილი 4 სარკმლით (გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებული იქნებოდა ტრომპების ან აფრების მეშვეობით); გუმბათქვეშა ცენტრალური სივრცე დაახლოებით 30 მ სიმაღლისა უნდა ყოფლიყო, ჯვრის მკლავები კი დაახლოებით 20 მ სიმაღლისა.

აფსიდების ნახევარწრიული მომრგვალება ქვევით დასრულებული იყო აღმოსავლეთით 6, დანარჩენ მხარეს – 4-4 სვეტნარით, რომელსაც ეყრდნობოდა ნალისებური თაღები. სვეტები გაფორმებულია პროფილირებული ბაზისებითა და საგანგებოდ მორთული სვეტისთავებით, იონიური ორდერის სქემის ვოლუტებიანი კაპიტელები მორთულია ორნამენტული მოტივებით (ფოთლები, წვეთები, ღილები და სხვ.), ხოლო და მათ ქვეშ ევლება სხვადასხვა სახის წნულებით დაფარული მასიური ლილვები. 6 მ სიმაღლის ღია თაღებს ზემოთ (თაღები გვიან ამოუქოლავთ ტლანქად თლილი ქვებით) აღმართული იყო მომრგვალებული კედლები და მკლავების გადამხურავი კონქები. მკლავების კონქების ძირში 3-3 დიდი სარკმელი იყო გაჭრილი. აფსიდათა თაღედებს ენაცვლებოდა კუთხის სადგომები: აღმოსავლეთ აფსიდის ორივე მხარეს, ქვემოთ, განიერაფსიდებიანი სამკვეთლო და სადიაკვნე იყო – სარკმლებით აღმოსავლეთით და ორი ღიობით – ერთი საკურთხეველში, მეორე – დასავლეთ მკლავებში და მრგვალი სარკმლებით კარის თავზე; დასავლეთ აფსიდის ორივე მხარეს – აღმოსავლეთით, ასევე აფსიდებიანი სადგომები იყო თითო სარკმლით აღმით და გასასვლელებით სამ მხარეს; II სართულზე განთავსებული ყოფილა სადგომები ჯვრის მკლავებისაკენ შესაბამისად გახსნილი შეწყვილებული სარკმლებითა და შემკული კაპიტელებიანი სვეტებით შუაში; III სართულზე მდებარე სამკუთხა სადგომები 3-3 ღიობით იყო გახსნილი ჯვრის მკლავებისა და გალერეის მხარეს. ეს სადგომები სიმაღლეში არ სწვდებოდა კონქს და საკუთარი სახურავი ექნებოდათ. სამივე სართულის სადგომები ერთმანეთს უკავშირდებოდა კედლებში დატანებული ვიწრო კიბით (კიბეები ადიოდა III სართულიდან კონქების თავზე მდებარე სივრცეში).

ნახევარწრიული აფსიდებითა და კუთხის სადგომების გაზნექილი კედლებით მთელი ტეტრაკონქი მოფარგლული იყო წრიული კედლით. ამ წრეზე, გვერდის სადგომების შეყრის ადგილას წარმოქმნილ სამკუთხა შეღრმავებებში ჩადგმული იყო 9 მ სიმაღლის 8 მასიური სვეტი, რომელსაც ეყრდნობოდა სამმხრივ გადაყვანილი თაღები. გადარჩენილი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის შოკოლადისფერი ერთ-ერთი სვეტი დასრულებულია კორინთული კაპიტელით, რომელსაც ადგას პროფილირებული ბოძი.

ინტერიერს აშუქებდა ჯვრის მკლავებში გაჭრილი 12, გუმბათის ყელში გაჭრილი 4 და გარშემოსავლელის 28 წახნაგოვან კედლებში გაჭრილი, სავარაუდოდ, 25 სარკმლიდან და 3 კარის ღიობიდან შემომავალი სინათლე.

ინტერიერი თავიდან მოსახატად არ ყოფილა გამიზნული, რასაც მოწმობს კედლების სუფთად დამუშავება და ნაირფერი კვადრები სხვადასხვა ადგილას; ინტერიერის კედლებზე აღმოჩენილია ქვაზე ნაკვეთი მრგლოვანი და ნუსხური წარწერებიც. როგორც ირკვევა, ინტერიერში შემდეგ მოუხატავთ ზოგიერთი სიბრტყე (მხატვრობის ფრაგმენტები აღმოჩნდა სამკვეთლოს კედელსა და გალერეის სამხრეთ-დასავლეთის ერთ-ერთი პილონის გვერდის კედელზე, აგრეთვე ზედა სართულების სადგომების კედლებზე. ტაძარს ორი სართულის სიმაღლეზე გარს ევლებოდა ვიწრო და მაღალი გალერეა (შემორჩენილია ქვედა, დანაშენითა და აღმოსავლეთით მიდგმული კვადრატული კოშკით დამახინჯებული და ძლიერ დაზიანებული ნაწილები). გალერეის შიდა კედლები დანაწევრებულია მძლავრად შემოწეული 28 პილონითა და მათ შორის შექმნილი ღრმა ნიშებით, რომელშიც თაღოვანი სარკმლები და შესასვლელები იყო გაჭრილი. (ამ უკანასკნელთა მალები უფრო განივრებია). პილონების წინაპირი მორთულია ძირითადად შვერილი პილასტრებითა და ნაწილობრივ, ნახევარსვეტებით (ასეთი ნახევარსვეტებია სამხრეთ-აღმოსავლეთ შვიდ პილონზე); პილონებს შორის შექმნილი ნიშები გადახურულია ნალისებური თაღებით, რომლებიც ეყრდნობა ძირითადად ერთნაირი პროფილის (თარო-წრეთარგი) იმპოსტებს. თაღნარს ეყრდნობოდა გალერეის კამარა, რომელიც მოპირდაპირე მხარეს ეკლესიის კედელს ებჯინებოდა. გალერეის თაღნარიანი საფასადო კედელი თაღოვან პილონებზეა გარედან მოდგმული.

ტაძარს სამი თაღოვანი შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (შემორჩენილია დასავლეთ პორტალის მოთულობის და სამხრეთ შესასვლელის არქიტექტურული ფრაგმენტები; გარდა ამისა, აღმოსავლეთით გალერეასთან შემორჩენილია რაღაც ნაგებობის კედლები, რომელიც უფრო ძველი შენობისა უნდა იყოს). სამივე შესასვლელთან მოწყობილი ყოფილა ორქანობა სახურავით დასრულებული კარიბჭეები (კედელზე მიბჯენის ანაბეჭდები შემორჩა დასავლეთ და სამხრეთ ფასადებზე). სამხრეთ კარიბჭე დანარჩენებზე უფრო დიდი (სამსართულიანი) და კონსტრუქციულად უფრო რთული აგებულებისა ყოფილა. დასავლეთ შესასვლელის (ხვრელობი ამოუქოლიათ და ახლა ქვევით განგრეულია) თავზე ოთხ კორინთულ კაპიტელზე დაყრდნობილი ორი თაღია: ერთი – შესასვლელისა, პროფილირებული, სადა, მეორე – გალერეის თაღედისა, განიერი, მცენარეული ორნამენტით მორთული. აქ სპირალისებურად ბოლოჩახვეულ განიერ ფოთლებში 3-3 ტოტიანი ვარდულების მწკრივია გამოსახული. მარჯვენა იმპოსტს ზევით კედელში ჩუქურთმიანი ქვაა ჩაყოლებული.

გარედან 11 მ სიმაღლის წახნაგოვან გალერეას ქვევით მთელ პერიმეტრზე ევლებოდა შეწყვილებულ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი პროფილირებული თაღები. ნახევარსვეტები ფარავენ წახნაგთა წიბოებს, რაც ზემოთ მკაფიოდ ჩანს. თაღედს ზემოთ კედელი დასრულებულია პროფილირებული (თარო – ცერად გამოკვეთილი სიბრტყე) ლავგარდნით (მის ზემოთ კი თურქების მიერ ტლანქად ნათალი ქვით დაშენებული კედლებია აღმართული). აღმოსავლეთის 5 თაღებშორისი არე შემკულია მცენარეული ორნამენტით. აქ გამოსახულია ლარნაკიდან ამოზრდილი ბროწეულის დახვეული ტოტები, რომლებზედაც სხვადასხვა ზომის მოცულობითი ნაყოფი კიდია; ტოტები ვაზის ლერწად გრძელდება და მასზე ფოთლები და მტევნებია გამობმული. მთელი რელიეფი ძოწისფრად ყოფილა შეფერილი. გარედან მთელი ტაძარი, კარიბჭეების ჩათვლით, ოთხსაფეხურიან მოცულობად აღიქმებოდა, სადაც გალერეის ზემოთ ჯვარ-გუმბათოვანი კომპოზიცია მკაფიოდ იყო გამოვლენილი. გუმბათის ყელი გარედან რვაწახნაგა უნდა ყოფილიყო, იგი გადახურული იქნებოდა კონუსური (ან გუმბათის მოყვანილობის) სახურავით. მთელი ნაგებობის დახრილი სახურავები დაბურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული ღარიანი კრამიტით (მოღწეულია ფრაგმენტები). როგორც მიუთითებენ, ტაძრის იატაკზე დაგებული ყოფილა მარმარილოს ფილები.

„ბანა“ თავისი კონსტრუქციით და დეკორატიულ-მხატვრული კომპლექსური გადაწყვეტით სრულებით ახლებული და ორიგინალური ძეგლია ადრეული შუა საუკუნეების არა მხოლოდ ქართული, არამედ მთელი ქრისტიანული კავკასიის არქიტექტურის ისტორიაში.

ნ. ანდღულაძე

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
  • მეფისაშვილი რ., თუმანიშვილი დ., ბანას ტაძარი, შესწავლისა და რეკონსტრუქციის საკითხები, თბ., 1989;
  • ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტფ., 1936;
  • ჯობაძე ვ., ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში, თბ., 2007;
  • Беридзе В., Архитектура Тао-Клаpджети, Тб., 1981;
  • Такаишвили E., MAK XII, M., 1909 г. Христианские памятники, Экскурсия 1902 г.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები