ბანძელაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბანძელაძე

ბანძელაძე ალექსანდრე – (დ. 27.02.1927, ირკუტსკის ოლქი, ქ. ტულუნი – გ. 13.06.1992 ქ. თბილისი) ქართველი მხატვარი.

დაიბადა ციმბირში, ქ. ტულუნში, სადაც გადასახლებული იყო მამამისი, რევოლუციონერი მათე ბანძელაძე. 1933 წელს ბანძელაძე ზესტაფონის რუსულ სკოლაში შეიყვანეს. 1942 წელს ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში, რომელიც წარმატებით დაამთავრა; 1947 წელს – თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საიდანაც ორი წლის შემდეგ გარიცხეს პოლიტიკური „არასანდოობის“ გამო (დაამთავრა 1962).

ბანძელაძე თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „ცისკარი“, „დროშა“, „ნიანგი“, „დილა“, „პიონერი“. გააფორმა ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“, გ. აბაშიძის „დიდი ღამე“ და „ლაშარელა“, რ. კიპლინგის „მაუგლი“ და „არსენას ლექსი“. ამ უკანასკნელმა 1967 წელს ლაიფციგის საერთაშორისო კონკურსში – „მსოფლიოს უმშვენიერესი წიგნი“ – პირველი ადგილი დაიკავა. მოგვიანებით მან შექმნა „მაუგლის“ ილუსტრაციების ახალი ვარიანტები (1978 და 1984-85 წწ.). მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, რომელზედაც მხატვარი თავისი შემოქმედების ბოლო ათწლეულში მუშაობდა. სამწუხაროდ, ამ საქმის დასრულება მხატვარს არ დასცალდა, დაასურათა მხოლოდ პოემის რამდენიმე თავი.

ბანძელაძის დაზგური ფერწერიდან აღსანიშნავია პორტრეტები – გალაკტიონ ტაბიძის (1952), დოდო ჭიჭინაძის (1952), სპარტაკ ბაღაშვილის (1955); პეიზაჟები; ნატურმორტები და სხვ. შემოქმედების ადრეული პერიოდი მკვეთრად რეალისტური ხასიათისაა, მოგვიანებით კი მხატვარი დაინტერესდა აბსტრაქციული კომპოზიციებით.

ბანძელაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მონუმენტურ მხატვრობას. ამ სფეროში იგი უმთავრესად 70-80-იან წლებში მოღვაწეობდა. საერო შინაარსის მონუმენტური კომპოზიციის („ქართული სოფელი“) გარდა, მას ეკუთვნის ძველი საპატრიარქო რეზიდენციისა და დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მოხატულობა.

ეკლესიის მესვეურთა თხოვნით დიდუბის ეკლესიის მომხატველი შეარჩია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დიდმა საბჭომ. მუშაობის დაწყებამდე ბანძელაძე გაეცნო მონუმენტური მხატვრობის შესახებ არსებულ სპეციალურ ლიტერატურას და ადგილზე შისწავლა რამდენიმე ძველი ქართული ტაძრის კედლის მხატვრობა. შუა საუკუნეების საეკლესიო მხატვრობის ნიმუშთაგან იგი განსაკუთრებით მიიზიდა უბისის ტაძრის მოხატულობამ, რომლის გავლენა გარკვეულწილად აისახა მის მუშაობაში. ბიბლიური სიუჟეტებისა და იკონოგრაფიული სქემების ცოდნის გარდა, მხატვარს სულიერი მზადყოფნაც სჭირდებოდა. ამისათვის იგი სისტემატურად ესწრებოდა წირვა-ლოცვას, შეისწავლა საეკლესიო გალობა, ეზიარა ქრისტიანული ცხოვრების სიწმინდეს. მუშაობის დაწყებამდე მან რამდენიმე კვირა ლოცვითა და მარხვით ბეთანიის მონასტერში გაატარა.

დიდუბის ეკლესიის გუმბათქვეშა ფართო ზოლი უკავია მოხატულობას, რომელიც ოთხი სახარების კომპოზიციაა; ესენია: ქრისტეს ვნება, ეკლესიის გვირგვინის დადგმა, ჯვრის წაღება გოლგოთისაკენ და გარდამოხსნა. მათ შორის განლაგებულია ოთხი მახარებლის გამოსახულება. გუმბათის თაღში გამოსახულია მაკურთხებელი ქრისტე, რომელსაც მარცხენა ხელში გრაგნილი უპყრია. საკურთხევლის აფსიდაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ღვთისმშობლის გამოსახულებას. უფრო წინ, თაღში გამოსახულია „ძუელი დღითაჲ“, საკურთხევლის წინა მხარეს – წმ. სამება, ქვემო რეგისტრში კი – წმ. მოციქულები, აგრეთვე ქრისტეს შობისა და ხარების კომპოზიციები.

ტაძრის კედლები მეტად დანაწევრებულია და იშვიათად იძლევა დიდ სიბრტყეებს. ოთხი მათგანი უკავია ქრისტეს ჯვარცმასა და აღდგომას (აღმოსავლეთ მხარეს), ქრისტეს გამოცდას სატანისაგან და იუდას ამბორს (დასავლეთით). ტაძრის კუთხეებში წრიულგეგმიანი ნიშების მოხატულობა მთელ ციკლებს ქმნის, № ნიში ღვთისმშობლის ცხოვრებას ასახავს (ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება, ხარება, მიძინება და სხვ.), SO – წმ. ნინოს, NW – წმ. ნიკოლოზის, SW – წმ. გიორგის ცხოვრებას. ყურადღებას იქცევს საუფლო დღესასწაულთა ამსახველი კომპოზიციები, წმ. მოწამეების, მღვდელმთავრებისა და ღირსი მამების გამოსახულებანი. ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფის ფრესკა შეასრულა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ (1982). ამავე კედლის ნიში მთლიანად თამარ მეფეს მიეძღვნა. მისი ცენტრალური კომპოზიციაა თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქორწილი. ფრესკებს ამშვენებს ასომთავრული წარწერები, რომელშიც მითითებულია წმინდანთა ვინაობა, მოყვანილია ციტატები საღმრთო წერილიდან. ბანძელაძემ დიდუბის მოხატვას 10 წელზე მეტი მოანდომა. 1989 წელს იგი ძირითადად დამთავრებული იყო. გარდა ამისა, ბანძელაძემ დიდუბის ეკლესიისათვის შექმნა ათორმეტ დღესასწაულთა და დიდ წმინდანთა ხატები. ბანძელაძე დაკრძალული იყო თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის გალავანში. ამჟამად დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ე. კოჭლამაზაშვილი

ლიტერატურა

  • კოჭლამაზაშვილი ე., ტორონჯაძე თ., დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი, „ჯვარი ვაზისა“, 1992, № 1;
  • სეხნიაძე თ., ალექსანდრე ბანძელაძე, თბ., 2004.

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ბანძელაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები