ბარათაშვილი სულხან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარათაშვილი (ბარათოვი) სულხან გერმანოზის ძე – ( დ. 17 (29). 09. 1821, ქ. თბილისი – გ. 13 (25) 08. 1866, ქ. სოხუმი), ქართველი ისტორიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის „კეთილშობილთა სასწავლებელში“, 1834 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. პეტერბურგში გადაწყვიტა საქართველოს ისტორიის შესწავლა. დაუახლოვდა მ. ბროსეს, რომლისგანაც იღებდა რჩევებს. საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული ენები და საისტორიო შინაარსის ლიტერატურა. სამშობლოში დაბრუნდა 1841 წელს. დაინიშნა გვარდიის პოლკოვნიკის თანაშემწედ, 1843-1844 წლებში – გვარდიის კორპუსის განყოფილების უფროსად. 1848-1857 წლებში იმყოფებოდა მოქმედ არმიაში.

ბარათაშვილი მთელი ცხოვრება იკვლევდა საქართველოს ისტორიას. მისი ყველა ნაშრომი დაწერილია რუსულ ენაზე და გაბნეულია იმდროინდელ პრესაში. ცალკე წიგნად გამოვიდა მისი „საქართველოს ისტორია“, რომელიც მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან XII საუკუნემდე, რუსუდანის მეფობამდე. წიგნი შედგენილია ხუთ რვეულად (წიგნად), რომელიც პეტერბურგში დაისტამბა. ბარათაშვილის „საქართველოს ისტორიის“ ერთი ნაწილი პირველად 1863 წელს თარგმნა, კომენტარები დაურთო და ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდა ილია ჭავჭავაძემ. 1888 წელს ითარგმნა ფრანგულად; 1895-1896 წლებში, 1913 წელს სამ რვეულად ქართულად დაიბეჭდა ქუთაისში.

ბარათაშვილის „საქართველოს ისტორია“ ქართულ ისტორიოგრაფიაში არის პირველი ნაშრომი, რომელიც აგებულია მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის პრინციპზე. ავტორი კარგად იცნობს ძველი ბერძენ ისტორიკოსთა, ახალი დროის ევროპელი ავტორთა ნაშრომებს, მათი კვლევის მეთოდებს. იგი იზიარებდა ისტორიის პროცესის განვითარებაზე გეოგრაფიულ გარემოს გავლენის თვალსაზრისს, განიცდიდა ინგლისელი ისტორიკოსის, ჰ. ბოკლის შეხედულებათა გავლენას. იგი წყაროებს კრიტიკულად ეკიდებოდა, გაანალიზებული ჰქონდა ისტორიული პროცესები. საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის შესამუშავებლად ბარათაშვილმა გამოიყენა ევროპული მოდელი. იგი იყო პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც საგანგებო ყურადღება დაუთმო კავკასიის ენების შესწავლას, შეადგინა ყაბარდოული ენის უნიკალური ლექსიკონი. საინტერსო მოსაზრებები გამოთქვა დავით IV-ის, დემეტრე I-ის, გიორგი II-ის, თამარ მეფის ეპოქების შესახებ და შეეხო საქართველოს ეკლესიის ისტორიულ საკითხებს. ბარათაშვილმა პირველმა მოუძებნა ევროპაში ანალოგი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მნიშვნელოვანია მისი ცნობები ჩრდილოეთ კავკასიაში ქართული კულტურის გავლენის თაობაზე. დაიღუპა ტრაგიკულად. დაკრძალულია სოხუმში.

გ. ნადირაძე

თხზულება

История Грузии, Тетр. 1-5, СПб., 1865-1871.

ლიტერატურა

  • ბარამიძე ა., ისტორიკოსი სულხან ბარათაშვილი, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის „მაცნე“, ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1971, №4;
  • ნადირაძე გ., ნარკვევები XIX საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიიდან, თბ., 2000.

იხილე აგრეთვე

სულხან ბარათაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები