ბარაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Barakoni.jpg

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი - მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში (ნიკორწმინდის ეპარქია), რიონის მარჯვენა ნაპირზე, იმ ადგილის მახლობლად, სადაც რიონს მდ. ლუხუნი ერთვის. ბარაკონი მხოლოდ ეკლესიის სახელია. უახლოესი სოფელია წესი.

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი რაჭის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა ნიკორწმინდის სახელგანთქმულ ტაძართან ერთად და ყველაზე დიდი ეკლესია, აგებული საქართველოში XVIII საუკუნეში. მისი აგების ამბავი, თარიღი, დამკვეთისა და ხუროთმოძღვრის ვინაობა მოთხრობილია წარწერებში, რომელთაგანაც სამი შესასვლელთა ტიმპანებშია მოთავსებული და შინაარსით ერთმანეთის მსგავსია, მეორე კი, ხუროთმოძღვრის ავთანდილ შულავრელისა, აღმოსავლეთ ფასადზე. მშენებლობის მოთავე როსტომ ერისთავი ტიპური ნიმუში იყო საკუთარი პატივმოყვარეობით დაბრმავებული, ეროვნულ გრძნობადაკარგული ფეოდალისა, რომელიც მუდამ ეურჩებოდა იმერეთის მეფე სოლომონს და არ ერიდებოდა საქართველოს მოსისხლე მტრებთან კავშირსაც (მის პრეტენზიებს მოწმობს მისი ტაძრის მასშტაბიც და მორთულობაც). მისი ურჩობა ტრაგიკულად დამთავრდა. სოლომონმა მას თვალები დასთხარა, მისი საერისთაო კი გააუქმა. თვით როსტომი მაინც ბარაკონში უნდა დამარხულიყო. საფლავის ქვის ეპიტაფია (ეკლესიის შიგნით) მის გარდაცვალების თარიღად 1766 წელს აღნიშნავს, მაგრამ ნამდვილად იგი უფრო გვიან გარდაიცვალა.

ბარაკონი რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ეკლესიის მახლობლად იდგა მათი სასახლე. ახლო-მახლო ბევრი ისტორიული ძეგლია - ხიდისკარის კოშკები, რომელიც რიონის ხეობას იცავდა, აგრეთვე მძლავრი მინდა-ციხე მთაზე, ლუხუნისა და რიონის შეერთების ადგილას.

1991 წლის მიწისძვრამ ბარაკონის ეკლესია საგრძნობლად დააზიანა - გუმბათის სფეროში და გუმბათის ყელში გაჩნდა ბზარები, ჩამოიშალა სარკმლის საპირეებისა და კედლების პერანგის ნაწილი. მინდა-ციხე დაინგრა, გადარჩა მხოლოდ ზოგი კედლის ფრაგმენტები.

შენობის ზომები გარედან: 18,0 x 15,0 მ., მკლავების სიმაღლე – 13,0 მ. Brosset, Rapports, III, 12, გვ. 63-65; გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები, სსმ, VII, 1933, გვ. 245-257; ე. ბერიძე, XVI-XVIII საუკუნეები, II, გვ. 194-204.


ამჟამად ეკლესია აღდგენილია

იხილე აგრეთვე

ბარაკონი

წყარო

  • ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია.-ტ.2:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები