ბარამიძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარამიძე ნოდარ

ბარამიძე ნოდარ - Baramidze Nodar, Барамидзе Нодар, 1946-

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996), საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსი (1997). უმაღლესი განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. თავდაპირველად მუშაობდა ამავე ინსტიტუტში, 1976-1980 წლებში ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ახლადშექმნილ პედაგოგიკური ფსიქოლოგიის ქუთაისის ლაბორატორიას. 1980 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედაგოგიკურ ინსტიტუტშია (ამჟამად − უნივერსიტეტი). 1990-2005 წლებში განაგებდა მისი თაოსნობით ჩამოაყალიბებულ ფსიქოლოგიის კათედრას, 2005-2007 წლებში − პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის დეპარტამენტს. იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში. მისივე ინციატივით 2003 წელს დაარსდა კათედრის (დეპარტამენტის) პერიოდული სამეცნიერო კრებული „ფსიქოლოგიური გამოკვლევები”, რომელშიც იბეჭდება ქართველი და უცხოელი ავტორების ნაშრომები (გამოცემულია 10 ტომი). 2013 წლიდან ნ. ბარამიძე უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია. ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, დაჯილდოებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით და ღირსების ორდენით.

ნ. ბარამიძის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ცენტრალური ადგილი უკავია შორეული მოტივაციური ქცევისა და სწავლის პრობლემას. სერიოზული გამოკვლევები აქვს შესრულებული ნებისყოფის ფსიქოლოგიისა და ისტორიული ფსიქოლოგიის დარგებშიც.

ნ. ბარამიძემ სისტემატურად შეისწავლა შორეული მოტივაციური ქცევის ზოგადფსიქოლოგიური და ასაკობრივი თავისებურებები და მიღებული ექსპერიმენტული შედეგები თეორიულად განაზოგადა. მან აჩვენა, რომ შორეული მოტივაციური ქცევა აქტივობის ერთერთი ურთულესი და უმაღლესი ფორმაა, რომელიც ადამიანის, როგორც პიროვნების განსაკუთრებით დამახასიათებელი თავისებურებაა. ის თავისი ბუნებით, შედეგებითა და საერთო მიზანდასახულობით ყოველთვის მომავალზეა ორიენტირებული. ამ ქცევის ერთადერთ საფუძვლად, ავტორის მიერ, აღიარებულია ნებისყოფა, როგორც სპეციფიკური ადამიანური აქტივობის წყარო. ნ. ბარამიძემ, თავისი მასწავლებლის, შ. ჩხარტიშვილის ზოგადი აზრების საფუძველზე, დაამუშავა შორეული მოტივაციური სტრუქტურის მქონე ნებელობითი ქცევის შესწავლის მრავალვარიანტული ექსპერიმენტული მეთოდიკა, რომელსაც წარმატებით იყენებენ სტუდენტებიც და მეცნიერ-მუშაკებიც {დედიკოს გახარების დავალება}.

ნ. ბარამიძე ასაბუთებს, რომ სწავლა, როგორც მოსწავლის ქცევის ფორმა, ფსიქოლოგიური ბუნებით, მოტივაციური წყობის თავისებურებით, არსებითად, გონებრივი შრომის სახესხვაობაა და ყველა ძირითადი ნიშანთვისებით შორეული მოტივაციური სტრუქტურის მქონე აქტივობაა. ორიგინალურია ნ. ბარამიძის მოსაზრება ნებისყოფისა და ნებელობითი ქცევის შესახებ. დ. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ნებისყოფის ფსიქოლოგიურ ბუნებას გამოხატავს „მე მინდა” განცდა, ხოლო შ. ჩხარტიშვილს − „მე უნდა” განცდა. ნ. ბარამიძის აზრით, ეს შეხედულებები ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ ავსებს; ისინი, არსებითად, ერთ მთლიან შეხედულებას ქმნიან. ნებისყოფის ფენომენოლოგიური მხარე არ გამორიცხავს ამ განცდებს − ორივე ეს განცდა შედის ნებელობითი ქცევის სტრუქტურაში, ოღონდ მის სხვადასხვა ეტაპზე: თავდაპირველად „მე უნდა” განცდაა წამყვანი, მოგვიანებით, ქცევის დაწყების შემდეგ კი „მე მინდა” განცდა ჩნდება. ესაა „მეორადი წარმოშობის” „მე მინდა” განცდა.

ნ. ბარამიძე ისტორიული ფსიქოლოგიის საკითხების მკვლევარიცაა. კერძოდ, მან ხასიათის სტრუქტურაში მთელისა და ნაწილის მიმართების უზნაძისეული გაგების საფუძველზე, წარმოადგინა სტალინისა და იმ ეპოქის საბჭოთა ლიდერების ფსიქოლოგიური დახასიათება.

გარდა კველევის ამ ძირითადი მიმართულებებისა, ნ. ბარამიძის ნაშრომები ეხება, აგრეთვე, სახელდების პრობლემას, განწყობის თეორიას, აქსელერაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, შორეული მოტივაციური ქცევისა და „პიაჟეს ფენომენების” მიმართებას, ნებელობითი და ზნეობრივი ქცევის შედარებითი დახასიათების საკითხებს და სხვა. ნ. ბარამიძემ, თავის მოწაფეებთან ერთად, საყურადღებო ლონგიტუდური კვლევა ჩაატარა − მიშელის ტესტი და დედიკოს გახარების დავალება, ერთნაირი პროცედურით, 30-წლიანი შუალედით. აღმოჩნდა აქსელერაციის საპირისპირო მოვლენა − დესელაცია: XXI საუკუნის დასაწყისში ქართველი ბავშვების ნებისყოფის განვითარება სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება 30 წლის წინანდელ დონეს. ამის ერთერთი მთავარი მიზეზი, ავტორთა აზრით, ეკრანზე მიჯაჭვულობაა {ეკრანომანია}.

ნ. ბარამიძე მრავალი სამეცნიერო და საგაზეთო სტატიისა და წიგნის ავტორია. მისი პუბლიკაციები, წმინდა მეცნიერული საკითხების გარდა, ეხება ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ-კულტურულ საკითხებსაც.


მთავარი ნაშრომები

  • სწავლის ფსიქოლოგიური საკითხები. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა”, 1986;
  • შორეული მოტივაციური ქცევა და სწავლა. ბათუმი: „აჭარა”, 1995;
  • ფსიქოლოგიური ნარკვევები. ბათუმი: „აჭარა”, 1999;
  • ფსიქოლოგიური პორტრეტები. ბათუმი: „აჭარა”, 2003;
  • აქსელერაცია და შორეული მოტივაციური ქცევა. ბათუმი: „ბათუმის უნივერსიტეტი”, 2008;
  • ნებისმიერი და ზნეობრივი ქცევის მიმართების პრობლემა. ბათუმი: „ბათუმის უნივერსიტეტი”, 2013;
  • ნებისყოფის ფსიქოლოგიის საკითხები. ბათუმი: „აჭარა”, 2019.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები