ბარბიტურატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარბიტურატი - (barbiturate), ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ქიმიურად (ჩანაცვლებით) წარმოებულ ბარბიტურის მჟავას წარმოადგენს.

აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნება: ამობარბიტალი, პენტობარბიტალი, ფენობარბიტალი, სეკობარბიტალი. ეს ნივთიერებები გამოიყენება როგორც ანტიეპილეფსიური, ანესთეზიური, სედატიური, საძილე, ანქსიოლიზური (იშვიათად) და შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები (სედატიური/საძილე საშუალება). ერთჯერადი და ხანგრძლივი მოხმარება იწვევს ალკოჰოლის მოხმარების მსგავს ეფექტს.

ბარბიტურატებს ახასიათებს დაბალი სამკურნალო-ტოქსიკური მაჩვენებლები და ჰიპერდოზირებისას ხშირად აღინიშნება ლეტალური გამოსავალი. შედარებით მაღალი თერაპიული მაჩვენებლების გამო, ბენზოდიაზეპინებმა ძირითადად შეცვალეს ბარბიტურატები, სედატიურ/საძილე და ანქსიოლიზური ეფექტის მისაღებად. ბარბიტურატების მიმართ ტოლერანტობა ვითარდება სწრაფად, მაღალია მიდრეკილება მოხმარების შედეგად მავნე გამოსავლისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებისადმი. პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივად ღებულობენ აღნიშნულ პრეპარატებს, ხდებიან მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებულები, დანიშნული დოზის მომატების გარეშეც.

ბარბიტურატები დაკავშირებულია ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებულ აშლილობათა ფართო სპექტრთან (დსკ მე-10 გადასინჯვაში F13).

სპეციფიკური სიმპტომატოლოგია მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

ბარბიტურატებით ინტოქსიკაცია – ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების, კოორდინაციის (ლუღლუღი, არამდგრადი სიარული) დარღვევა, ემოციური ლაბილობა, უხვსიტყვაობა, სექსუალური ან აგრესიული იმპულსების მიმართ კონტროლის დაკარგვა. ჰიპერდოზირებისას ინტოქსიკაციას შესაძლოა ფატალური შედეგი ჰქონდეს.

აღკვეთის სინდრომი – ვითარდება ბარბიტურატების ხანგრძლივი მიღებისას დოზის სწრაფი შემცირების ან მედიკამნტის მოხსნის შემდეგ. ვლინდება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ზოგადი სისუსტე, სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერაქტიურობა (ოფლიანობა, ხშირი პულსი, არტერიული წნევის მომატება), უძილობა, ხელისა და ენის ტრემორი. ბარბიტურატების ქრონიკულ მომხმარებლებს მედიკამენტის მკვეთრი შეწყვეტისას ხშირად უვთარდებათ ძლიერი კრუნჩხვითი შეტევები. დელირიუმი, ჩვეულებრივ, ვლინდება მედიკამენტის დოზის მკვეთრი შემცირების ან შეწყვეტიდან ერთი კვირის შემდეგ.

დემენცია, ან რეზიდუალური ფსიქოზური აშლილობა, გამოწვეული ბარბიტურატებით – უმაღლესი ქერქული ფუნქციების მრავლობითი მყარი მოშლილობა, მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, მსჯელობის, მეტყველების, ანგარიშისა და სწავლის უნარის ჩათვლით.



იხილე აგრეთვე

ბარბიტურატების ავადმოხმარება

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები