ბართა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბართა (ლაკ. Барта) – ლაკური რიტუალური პური. ზოო- და ანთროპომოფრფულ ბართას აცხობდნენ მხოლოდ ნავრუზის დღესასწაულზე (21 მარტს) ერბოზელილი ცომისგან, შეზავებულს რძითა და კვერცხით. ამ პურებს მოსაკითხის სახით ნათესავ-მეზობლები ერთმანეთს ჩუქნიდნენ, აუცილებლად აგზავნიდნენ ცოლ-ქმრის მშობლიურ ოჯახებში.

ბევრ ლაკურ სოფელში გავრცელებული იყო ტრაბახის რიტუალი, ე. წ. მჲაშ-ი (ტრაბახის დროს გამოყენებული შორისდებული), რომელშიც მონაწილეობდა დიდი და პატარა, უპირატესად კი – ქალები, რომლებიც ზეიმის პირველ დღეს თავიანთი სახლების სახურავზე ავიდოდნენ, ხელში ბართას დაიკავებდნენ და მეზობელ უბანს შემდეგი შინაარსის ტექსტით მიმართავდნენ:

„ეს ბართა, მჲაშ,
ფრინველის ბართაა, მჲაშ,
ფრინველის ფეხია, მჲაშ,
მხვნელის დიდი ბართაა, მჲაშ,
ახალი შამხალის ახალი ბართაა, მჲაშ,
მიწის სათხრელი ოქროს თოხია, მჲაშ,
ცის საცრელი (ე. ი. წვმის მომყვანი – ნ. ა.) ვერცხლის საცერია, მჲაშ,
გაზაფხულის ღამეს, დე, ცოლი მოკვდეს ქმართან, მჲაშ,
ძაღლის შობილი ლეკვი, დე, მოკვდეს, მჲაშ,
ძროხის შობილი ხბო, დე, მოკვდეს, მჲაშ“.

შინაარსის მიხედვით, ეს ტექსტი ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი შეიცავს ტრაბახს მოსავალთან, მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ საგნის ქონით; მეორე კი წარმოადგენს რიტუალურ წყევლას – „სიკეთის სურვებას პირუკუ“ – ხერხს, რომელიც ლაკებში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ეს იმისთვის კეთდებოდა, რომ პირდაპირი კარგი სურვილით არ გაეთვალათ: სიკვდილის სურვება აქ ჯანმრთელად ყოფნის ტოლფასია.

როგორც კი მოისმენდნენ მჲაშს, მოპირდაპირე უბნის ქალები სახურავებზე ავიდოდნენ და იმავე ტექსტს გაიძახოდნენ.


ლიტერატურა

  • Чурсин Г. Ф. Фигурные обрядовые печения у кавказских народов // БКИАИ. Л., 1930, № 6;
  • Булатова А. Г. Традиционные праздники и обряды народов Горного Дагестана в XIX – начале XX века. Л., 1988.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები