ბართლომე (ქართლის კათოლიკოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბართლომე – (VI-VII სს.), ქართლის კათოლიკოსი VI საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს.

საკათოლიკოსო ტახტი დაიკავა კათოლიკოს სამოელ IV-ის შემდეგ, ერისმთავარ სტეფანოზის დროს, გუარამის შემდეგ „დაჯდა ძე მისი სტეფანოზ... და მოკუდა სამოელ კათოლიკოზი, და ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათოლიკოსად“. „მოქცევაჲ ქართლისაჲ შეცდომით აღნიშნავს, რომ ამ დროს „ჩამოვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან“. ჯუანშერი უფრო სწორ ცნობებს გვაწვდის. მისი თხზულების თანახმად, სტეფანოზის ერისმთავრობის დროს ბიზანტიაში იმპერატორობდა მავრიკი (582-602) და სტეფანოზის დროსვე „იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს: რამეთუ მავრიკი კეისარსა განუდგა ფოკას მხედარი, და მოკლა მავრიკი კეისარი და შვილნი მისნი და მხოლოდ შემდგომად ამისა რაოდენთამე წელიწადთა გამოჩნდა საბერძნეთს კაცი ერთი, თჳსი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე“.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ბართლომე ქართლში ორჯერ კათოლიკოსობდა. საკათოლიკოსო ტახტზე მის მეორედ ყოფნას ქრონიკა განსაზღვრავს ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის დასასრულით (628). სუმბატ დავითის ძესთან არსებული ცნობა, რომ ჰერაკლეს ლაშქრობიდან ბიზანტიაში დაბრუნების მომენტისათვის ქართლში „კათოლიკოსი იყო ბართლომე მეორე“, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ VII საუკუნის 20-იანი წლების II ნახევარში ბართლომემ, შესაძლოა, მართლაც მეორედ დაიკავა ქართლის ეკლესიის მამამთავრის ტახტი.

ჯუანშერის თანახმად, სტეფანოზ I „იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არცა ჰმატა სჯულსა და ეკლესიათა“. კათოლიკოსი ბასილი III თხზულებაში „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოჲსი“, მოთხრობილი აქვს, თუ როგორ „მოსტაცნა ორნი აგარაკნი“ შიომღვიმის მონასტერს სტეფანოზმა, რომელიც „შურითა ბოროტითა“ აღიძრა კათოლიკოს ბართლომესადმი: „ჟამთა მათ შინა, ოდეს ქართლსა შინა მთავრობდა სტეფანოზ, – ნათქვამია თხზულებაში, – ამან...ინება რათამცა მოვიდა მღჳმედ და აღმოუწოდა კ~ზსა ბართლომეს, რათა იგიცა მოვიდეს კრებისა ყოფად მისთანა, და მოვიდა რა კათოლიკოზი, ჰსცნეს მამთა ყოველთა და განვიდეს მიგებებად მის წინაშე ჯუარებითა და ჯეროვნებითა, ვითარცა ჰშუჱნის მამათმთავარსა და შეასხმიდეს გალობითა ჯერისაებრ... იხილა რა ესე სტეფანოზ, განრისხდებოდა შურითა, რამეთუ ამას არა რაჲ ესევითარი პატივი უყვეს მონათა მათ ღვთისა და რამეთუ იყოცა კაცი ესე ამპარტავან და ბოროტთა შურითა აღსავსე და ეკლესიათა ფრიად ძვირსა უყოფდა“.

ზ. აბაშიძე

წყაროები და ლიტერატურა

  • საქართველოს სამოთხე, გ. საბინინის გამოც., პეტერბ., 1882;
  • „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, წგ.: შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ე. გიუნაშვილის გამოც., თბ. 1979;
  • სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
  • ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
  • აბაშიძე ზ., ბართლომე, წგ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000.
Logo1.JPG ბართლომე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები