ბართლომე I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინოპოლის – ახალი რომის – მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I (არქონდონისი)

ბართლომე I (დიმიტრიოს არქონდონისი) – (12.03.1940, სოფ. აიი-თეოდორი, კ. იმბროსი (გიოკჩეადა), თურქეთი), კონსტანტინოპოლის – ახალი რომის – მთავარეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი.

დაიბადა ყავახანის მეპატრონისა და დალაქის, ქრისტოს არქონდონისის ოჯახში. 1961 წელს დაამთავრა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961-1963 წლებში იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თურქეთის არმიაში. 1963-1968 წლებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის პაპის აღმოსავლურ ინსტიტუტში, ბოსეს ეკუმენურ უნიბერსიტეტში (შვეიცარია) და მიუნხენის უნივერსიტეტში (გერმანია).

მიუნხენში 1968 წელს მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი კანონიკური სამართლის განხრით ნაშრომისთვის „წმ. კანონებისა და კანონიკური დადგენილებების (განჩინებების) კოდიფიკაცია მართლმადიდებელ ეკლესიაში“. იმავე წელს დაინიშნა კ. ხალკის საღვთისმეტყველო სკოლის დეცანის თანაშემწედ; ამ თანამდებობაზე მუშაობდა თურქეთის ხელისუფლების მიერ სკოლის დახურვამდე (1971). ბერად აღიკვეცა 1960 წლის 13 აგვისტოს. 1969 წლის 19 ოქტომბერს აკურთხეს მღვდლად. 6 თვის შემდეგ, 1970 წელს, მსოფლიო პატრიარქ ათინაგორეს მიერ აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში. 1972 წელს ახლად არჩეულმა მსოფლიო პატრიარქმა, დიმიტრიოს I-მა, დანიშნა პატრიარქის პირადი კანცელარიის უფროსად. 1973 წლის 25 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა ფილადელფიის მიტროპოლიტად. 1974-1991 წლებში იყო მსოფლიო საპატრიარქოს წმ. სინოდის მუდმივი წევრი. 1975 წლიდან იყო მსოფლიო საეკლესიო საბჭოს კომისიის - „რწმენა და წესრიგი“ წევრი. 1991 წლის იანვარში ქ. კანბერაში (ავსტრალია) გამართულ მსს მე-7 გენერალურ ასამბლეაზე არჩეულ იქნა მსს ცენტრალური და აღმასრულებელი კომიტეტების წევრად, ამავე ასამბლეაზე გამოვიდა მსს მუშაობის მწვავე კრიტიკით, ძველი დროის ეკლესიის პრინციპებისგან ამ ორგანიზაციის გადახვევების გამო. მიუხედავად მსს-ის ხელმძღვანელობის კრიტიკისა და მრავალ საკითხში უთანხმოებისა, ბართლომე რჩება მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ქრისტიანული მიმართულებებთან მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მომხრედ.

1990 წლის 14 იანვარს გადაიყვანეს ქალკიდონის სამიტროპოლიტო კათედრაზე, ხოლო პატრიარქ დიმიტრიოს I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს, არჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსად და მსოფლიო პატრიარქად. ინტრონიზაცია გაიმართა 1991 წლის 2 ნოემბერს კონსტანტინოპოლის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში.

ბართლომე არაერთხელ სწვევია ოფიციალური მეგობრული ვიზიტებით საქართველოს თავდაპირველად, როგორც ფილადელფიის, ხოლო შემდეგ, როგორც ქალკიდონის მიტროპოლიტი მონაწილეობდა ოფიციალურ მოლაპარაკებებში მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით. 2007 წლის ოქტომბრის ვიზიტის დროს ბართლომე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო უცხოელ წევრად. 2013 წლის იანვარში მონაწილეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში.

ბართლომე I-ის განსაკუთრებული ყურადღების საგანია გარემოს დაცვა, მათ შორის – შავი ზღვის რეგიონისა. ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი აქტივობის გამო ბართლომე I-მა „მწვანე პატრიარქის“ ზედწოდებაც კი დაიმსახურა. ბართლომე I მსოფლიოში ცნობილია, როგორც ისლამურ და იუდეურ სამყაროსთან დიალოგის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და მონაწილე.

ბართლომე ფლობს 7 ენას (ბერძნული, გერმანული, ინგლისური, იტალიური, ფრანგული, ლათინური). ავტორია მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციისა და არჩეულია ათენის, სალონიკის, ლონდონის, მიუნხენის, კრიტის, სოფიის, ეგეოსის უნივერსტეტების, მოსკოვის სასულიერო აკადემიის, ბოსტონის წმ. ჯვრის საღვთისმეტყველო კოლეჯის საპატიო დოქტორად და პროფესორად. დაჯილდოებულია ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, საქართველოს, ბულგარეთისა და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი ჯილდოებით; აშშ კონგრესის ოქროს მედლით.

ზ. აბაშიძე

ლიტერატურა

  • Избрание и интронизация Предстоятеля Константинопольской Церкви, Журнал Mockoвской Патриархии, 1992, №2;
  • Cpecial Ceremony in Ho№ur of H. H. the Oecumenical Patriarch Bartholomew, Thessaloniki, 1997.


Logo1.JPG ბართლომე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები