ბარის თხილამურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რვაგზის ოლიმპიური და ცხრაგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიელი ბიორნ დელი

ბარის თხილამურობა − ზამთრის სპორტის პოპულარული და ყველაზე მასობრივი სახეობა, შეჯიბრება სპეციალურად მოწყობილ სხვადასხვა სიგრძის თოვლიან ტრასაზე.

სარჩევი

ისტორია

თხილამურებით რბოლა, როგორც სპორტის სახეობა, ჩაისახა სკანდინავიის ქვეყნებში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, პირველი ოფიციალური შეჯიბრება კი 1767 წელს ნორვეგიაში გაიმართა. 1874 წელს აქვე შეიქმნა პირველი სათხილამურო კლუბი. მოგვიანებით, თხილამურებით რბოლა გავრცელდა ფინეთსა და შვედეთში, აგრეთვე გერმანიაში, ავსტრიასა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში. 1900 წელს თხილამურობის პირველი კლუბი გაიხსნა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სპორტის ამ სახეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1910 წელს ნორვეგიაში გამართულ კონგრესზე შექმნილმა მოთხილამურეთა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც 1924 წელს თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციაში გაერთიანდა. სხვადასხვა დისტანციაზე თხილამურებით რბოლა სკანდინავიაში მეტად პოპულარული შეჯიბრებების – ჰოლმენკოლენისა და ჩრდილოური თამაშების პროგრამის ძირითადი სახეობა იყო.

ნორვეგიელმა მოთხილამურემ ტორლეიფ ჰაუგმა ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არაერთხელ შეიცვალა სათხილამურო ინვენტარის დამზადების ტექნოლოგია. შესაბამისად, იცვლებოდა რბოლის ტექნიკაც. XX საუკუნის 80-იან წლებში დაინერგა ე.წ. ციგურული სვლა, ანუ თავისუფალი სტილი. ამას მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეჯიბრების წესებში: თითოეულ დისტანციაზე რბოლის სტილის რეგლამენტირება. გარდა ამისა, შემოიღეს გამოდევნებით რბოლა, რომლის დროსაც სტარტის რიგითობა წინა ტურნირში ნაჩვენები შედეგით, ე.წ. გუნდერსენის სისტემით განისაზღვრება. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო ჩემპიონატების პარალელურად ტარდება არაერთი საერთაშორისო შეჯიბრება, მათ შორის – მსოფლიოს თასის გათამაშება (ეტაპებად, ზამთრის სეზონის განმავლობაში) და პოპულარული ზემარათონული რბოლები.

ზამთრის I ოლიმპიადაზე (1924, შამონი) კაცთა შორის თხილამურებით რბოლაში მედლების 2 კომპლექტი განაწილდა (18 და 50 კმ). ორივე დისტანციაზე გაიმარჯვა ნორვეგიელმა ტორლეიფ ჰაუგმა, რომელმაც ასევე მოიგო ჩრდილოური ორჭიდი. 1936 წელს ოლიმპიურ პროგრამას დაემატა ესტაფეტა 4X10 კმ. 1952-დან თამაშების პროგრამაში ჩართეს ქალთა რბოლა 10 კმ. მას შემდეგ დისციპლინების რაოდენობა არაერთხელ გაიზარდა.

ბარის თხილამურები საქართველოში

საქართველოში თხილამურობის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა 1920-იანი წლების მიწურულს, როცა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილების თავმჯდომარის, პროფესორ გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოეწყო სპეციალური ე.წ. სადაზვერვო გასვლა ბაკურიანში. პირველი მოთხილამურეები სწორედ მთამსვლელები იყვნენ. 1931 წელს ამიერკავკასიის პროლეტარული ტურიზმისა და ექსკურსიების საზოგადოების სამთო სექცია სამთო და სათხილამურო სექციად გადაკეთდა. იმავე წელს მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა კავკასიონზე, რომლის მონაწილენიც თხილამურებით ჩავიდნენ მესტიაში.

1932 წელს გიტო გიორგაძის ხელმძღვანელობით ბაკურიანში ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი ხუთკაციანი ჯგუფი, ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის შენობაში კი პირველი სათხილამურო სადგური დაბანაკდა. იმავე ხანებში საქართველოში ჩამოიტანეს თხილამურობისთვის საჭირო ინვენტარი, გაიყვანეს პირველი სარბოლო და სამთო ტრასები, რუსეთიდან მოიწვიეს ზამთრის სპორტის სპეციალისტები. მოთხილამურეთა პირველი შეჯიბრება (5 კმ-ზე რბოლა და მთიდან დაშვება) 1934 წელს გაიმართა ბაკურიანში და თბილისელი გაიოზ კანდელაკის გამარჯვებით დასრულდა. 1935 წელს ბაკურიანშივე ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომლის პროგრამაშიც შედიოდა რბოლა 5, 10 და 20 კილომეტრზე, სლალომი და ტრამპლინიდან ხტომა. რბოლებში საუკეთესო იყო ვლადიმერ კოხმაჩევსკი, სამთო სახეობებში – ალექსანდრე გვალია.

მოგვიანებით, საქართველოს მოთხილამურეები სსრკ-ის შეჯიბრებებშიც ჩაებნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ და ამ დისციპლინებში არც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გამოსულან.

წესები

შეჯიბრება იმართება დასერილ, ტყიან ადგილებში. ტრასის მესამედს უნდა შეადგენდეს აღმართი, ამდენივეს – დაღმართი და სწორი მონაკვეთი. სარბოლო თხილამურები ვიწრო და მსუბუქი უნდა იყოს. მათი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 230 სმ-ს. შეჯიბრებისას იყენებენ რბოლის ორ სტილს: კლასიკურსა და თავისუფალს. კლასიკური სტილი შეიცავს: მონაცვლეობით სვლას, ერთდროულ სვლას, „ნაძვისებურ“ სვლას სრიალის ფაზის გარეშე, დამუხრუჭების, დაშვების და მოტრიალების ხერხებს. მოტრიალების ტექნიკა გულისხმობს მოძრაობის მიმართულების შესაცვლელ ნაბიჯსა და ბიძგებს. თავისუფალი სტილი თხილამურებით გადაადგილების ყველა არსებულ ხერხს მოიცავს.

საერთაშორისო შეჯიბრებებში ნებადართულია ერთეულთა, საერთო და გამოდევნებით რბოლის სტარტები. ერთეულთა სტარტის დროს სპორტსმენები რბოლაში 30 წამის ინტერვალით ებმებიან, თანამიმდევრობა კენჭისყრით განისაზღვრება. საერთო სტარტით შეჯიბრებისას მონაწილენი ერთმანეთისგან 1,5 მეტრის დაშორებით დგანან ხაზზე. გრძელ დისტანციებზე რბოლისას კლასიკურსა და თავისუფალ სტილს მონაცვლეობით იყენებენ. გამოდევნებით რბოლა იმართება ერთი დღის განმავლობაში. შეჯიბრება ტარდება ჯერ თავისუფალი სტილით, შემდეგ – კლასიკურით. ესტაფეტაში პირველ ორ ეტაპზე კლასიკურ სტილს იყენებენ, შემდგომ ორზე – თავისუფალს. სპრინტში შეჯიბრება ყოველთვის თავისუფალი სტილით იმართება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები