ბარტოკი ბელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელა ბარტოკი

ბარტოკი ბელა - (Bartok) (25. III. 1881, ნადსენტმიკლოში, ტრანსილვანია, – 26. IX. 1945, ნიუ-იორკი), უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი, პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ბელა ბარტოკი დაიბადა 1881 წელს უნგრეთის სამხრეთით მდებარე პატარა ტრანსილვანიურ ქალაქ ნადსენტმიკლოფში. ბიჭს ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ ფორტეპიანოზე დაკვრას და 1892 წელს შედგა მისი პირველი საჯარო კონცერტი, სადაც მან საკუთარი პიესაც შეასრულა. 1899 წელს შედგა ბარტოკის დებიუტი ბუდაპეშტში, რომლის შემდეგაც იგი ჩაირიცხა ბუდაპეშტის ფერენც ლისტის სახელობის მუსიკის აკადემიის ფორტეპიანოს და კომპოზიციის კლასებში. სტუდენტობის პერიოდითაა დათარიღებული, აგრეთვე, ბარტოკის პირველი სერიოზული ნაწარმოებები. 1905-06 წლებში ზოლტან კოდაის გავლენით ბარტოკი ინტერესდება ფოლკლორით.

20-იანი წლები და 30-იანი წლების დასაწყისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ პერიოდში დაიწერა ბარტოკის საუკეთესო ნაწარმოებთა უმეტესობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ესაა მისი საკონცერტო მოღვაწეობის მწვერვალიც. მნიშვნელოვნად გართულდა ბარტოკის ცხოვრება 30-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც გერმანიაში სახელმწიფოს სათავეში ნაცისტების მოსვლის შემდეგ, უნგრეთის მთავრობამ მათი ერთგულების შესახებ გააკეთა განცხადება. გერმანიის მსგავსად უნგრეთშიც დაიწყო ებრაელების, ორიგინალურად და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების დევნა და I940 წელს ბარტოკი იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, სადაც იგი გარდაიცვალა 1945 წელს.

შემოქმედება

ბელა ბარტოკის 46-წლიანი შემოქმედებითი გზის პერიოდიზაცია სხვადასხვა მკვლევარის ნაშრომებში სხვადასხვაგვარია, მაგრამ უმრავლესობა მის შემოქმედებას ოთხ პერიოდად ყოფს: პირველი პერიოდი (1899-1907) – გვიან რომანტიზმთან მჭიდრო კავშირით ხასიათდება, მეორე პერიოდი (1907-1919) – უკავშირდება კომპოზიტორის ეროვნული სტილის ჩამოყალიბებას; მესამე (1919-დან 30-იანი წლების პირველ ნახევრამდე) – თამამი ექსპერიმენტების ხანაა, ისეთი ნაწარმოებების შექმნის პერიოდია, როგორებიცაა, მაგალითად: სიმებიანი კვარტეტები №3 და №4, საფორტეპიანო კონცერტი №2; და უკანასკნელი, მეოთხე (1938-45 წწ); შემოქმედების გვიანი პერიოდი, რომელშიც სინთეზის და სტილის შერბილების ტენდენცია შეინიშნება.

ხანგრძლივი შემოქმედებითი ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა ბარტოკის მეტად ორიგინალური, შინაგანად მთლიანი და, ამასთანავე, მრავალფეროვანი საკომპოზიტორო სტილი. კომპოზიტორმა თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრს მიმართა, მაგრამ ცალკეული ჟანრებისადმი ინტერესი (მაგალითად, საფორტეპიანო მუსიკა, სიმებიანი კვარტეტი) მან მთელი შემოქმედებითი გზის მანძილზე შეინარჩუნა, სხვების მიმართ კი – ცალკეულ პერიოდებითაა შეზღუდული. კერძოდ, მუსიკალურ თეატრს ბარტოკმა მხოლოდ 10-იან წლებში მიმართა, ხოლო სიმფონიურ ჟანრს – შემოქმედების ბოლო პერიოდში (გამონაკლისია ადრეული სიმფონია Es-dur.

საფორტეპიანო თხზულებები

ბელა ბარტოკი თავისი დროის ერთ-ერთი ბრწყინვალე პიანისტი იყო, რამაც დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ საფორტეპიანო თხზულებებს უკავია. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ბარტოკი სპეციფიკურად ინსტრუმენტულად აზროვნებდა, ხოლო საფორტეპიანო ჟანრები კი მისი შემოქმედების თავისებური ლაბორატორია იყო, სადაც ხდებოდა ნოვატორული იდეების, ახალი გამომსახველი ხერხების აპრობირება. მათ შორის აღსანიშნავია: რეგისტრების სპეციფიკურად ბარტოკისეული დაპირისპირება, მოულოდნელი ნახტომები, მშრალი martellato და სხვ. ფორტეპიანოს ბარტოკი (ისევე როგორც სტრავინსკი და პროკოფიევი), უმეტესად, დასარტყამ ინსტრუმენტად გაიაზრებდა და ხაზს უსვამდა მის კოლორიტულ, „საორკესტრო“ შესაძლებლობებს.

ბარტოკის მრავალრიცხოვან საფორტეპიანო ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია მისი ALLEGRO BARBARO სიუიტები, უნგრული და რუმინული ცეკვები, ციკლი „მიკროკოსმოსი”, „სონატა ორი ფორტეპიანოს და დასარტყამებისთვის“, სამი საფორტეპიანო კონცერტი.

ციკლი „მიკროკოსმოსი”, რომელიც 153 პიესისგან შედგება, მსოფლიო საფორტეპიანო ლიტერატურის უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს. თავდაპირველად ციკლი ჩაფიქრებული იყო, როგორც ინსტრუქციული ხასიათის პიესები დამწყები მუსიკოსებისთვის, მაგრამ მასზე მუშაობის პროცესში თავდაპირველი ჩანაფიქრი შეიცვალა და ციკლი საკომპოზიტორო-სტილურ ხერხთა თავისებურ ენციკლოპედიაში გადაიზარდა. ამ მინიატიურული პიესების ციკლში კომპოზიტორი ფართოდ მიმართავდა ბიტონალობას, სხვადასხვა რთულ პოლიფონიურ ხერხებს, თავისუფალი მოდულირების პრინციპს, ოსტინატურ რიტმებს, კლასტერებს და ა. შ., რათა ახალგაზრდა მუსიკოსები თანამედროვე ჟღერადობის სფეროში შეეყვანა. ამასთანავე, პიესათა დიდი ნაწილი (ციკლის თითქმის ნახევარი) გარკვეული პიანისტური ჩვევების გამომუშავებას ემსახურება (მაგალითად, პიესები CRESCENDO-DIMINUENDO, სინკოპები, ტერციები და სხვ. თუმცა, კომპოზიტორი სცილდება ვიწრო პედაგოგიური ამოცანების ჩარჩოებს და იშვიათი გამომსახველობის ლაკონიურ შედევრებს ქმნის.

განსაკუთრებული ადგილი ბარტოკის საფორტეპიანო შემოქმედებაში უკავია „სონატას ორი ფორტეპიანოს და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის“ – ნაწარმოებს, რომელიც, ერთი მხრივ, უჩვეულო შემადგენლობისთვისაა დაწერილი, მაგრამ მეორე მხრიე, ძალზე ტიპურია XX საუკუნის მუსიკისთვის. ამ ნაწარმოებში ბარტოკმა შეაერთა ორი ფორტეპიანო და თორმეტი დასარტყამი საკრავი და ამ ტემბრული რესურსებით ორკესტრის შემჭიდროებული ვარიანტი შექმნა.

სონატის შემადგენლობის ასეთი არჩევანი შემთხვევითი არაა. ჩანაფიქრის გაქანებით, ჟღერადობის მასშტაბით იგი სცილდება კამერული მუსიკის ფარგლებს და ბარტოკის სიმფონიური მუსიკის ისეთ ნაწარმოებს უახლოვდება, როგორიცაა მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის. სონატის ჟღერადობის მონუმენტურობა განაცვიფრებს მსმენელს, განსაკუთრებით, მრისხანე, აგრესიულ ეპიზოდებში. რაც შეეხება ლირიკულ სფეროს (მაგალითად, პირველი ნაწილის დამხმარე პარტია, Lento-ს დასაწყისი, ფინალის კოდა), გამჭვირვალე, ნატიფი ჟღერადობა აქ მიიღწევა როგორც მღერადი მელოდიკით, ისე საოცრად რაფინირებული ტემბრული და არტიკულაციური ხერხებით.

სიმებიანი კვარტეტები

ბარტოკის შემოქმედებით მემკვიდრეობაში, საფორტეპიანო ჟანრებთან ერთად, ცენტრალური ადგილი უკავია მის ექვს სიმებიან კვარტეტს. ბარტოკის შემოქმედების მკვლევართა უმეტესობა სამართლიანად მიიჩნევს, რომ მისი კვარტეტების შესწავლა, რომლებიც 30 წლის მანძილზე იქმნებოდა, საშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის რთულ პროცესს.

კვარტეტებში ბარტოკი წარმოგვიდგება, როგორც თამამი ექსპერიმენტატორი (განსაკუთრებით, 20-იანი წლების კვარტეტებში) და პოეტი-ლირიკოსი, რომელიც უფაქიზეს სულიერ განცდებს გადმოგვცემს. ბარტოკის კვარტეტებისთვის ტიპურია გამომსახველ საშუალებათა ეკონომიურობა, განვითარებული პოლიფონიური ფაქტურა, მელოდიური აზროვნების თავისუფლება, თემა-ფორმულების აფორისტულობა, ციკლის აგების თავისებურება.

ექვს სიმებიან კვარტეტში განსაკუთრებით მკაფიოდ აისახა ბარტოკის მიერ წარმოებული ექსპერიმენტები და მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიგნებები, მათ შორის, კილო-ტონალური აზროვნების სფეროში. ადრინდელ კვარტეტებში შენარჩუნებულია ტრადიციული მაჟორულ-მინორული სისტემა, თუმცა უკეე პირველ და მეორე კვარტეტებში იგი გართულებულია კონტრაპუნქტული დაშრევებებით; 20-30-იანი წლების კვარტეტებში (განსაკუთრებით, მესამე, მეოთხე კვარტეტებში) კი ბარტოკი ხშირად გადის ტონალობის ფარგლებს მიღმა და მისი აზროვნება თითქმის მთლიანად ექცევა ატონალურ, ქრომატულ სივრცეში.

20-იანი წლების ბარტოკის ორი კვარტეტი (№3 და №4) კომპოზიტორის ყველაზე რთულ, ექსპერიმენტულ ნაწარმოებებს განეკუთვნება თეოდორ ადარნო მესამე კვარტეტს ბარტოკის შემოქმედების კულმინაციურ პუნქტს უწოდებს, ხოლო ჰანს მერსმანი კი აღნიშნავს, რომ მესამე და მეოთხე კვარტეტები „თანამედროვე მუსიკის ცენტრშია მოქცეული”.

ორივე კვარტეტში, განსაკუთრებით კი მესამეში, შეინიშნება გარკვეული სტილური მსგავსება არნოლდ შონბერგის ატონალურ თხზულებებთან. კერძოდ, იგულისხმება მუსიკალური ქსოვილის ტოტალური პოლიფონიზაცია, ჰორიზონტალური და ვერტიკალური სტრუქტურების უნიფიცირება, მათი ერთი ბგერათსიმაღლივი ბირთვიდან ამოზრდა, ყველა ელემენტის სრული ერთიანობა. ამ ნაწარმოებებში ბარტოკი უარს ამბობს გაშლილ თემებზე და უპირატესობას მოკლე თემა-ფორმულებს, აბსტრაქტულ ინტერვალურ კომბინაციებს ანიჭებს, რომლებიც რთული პოლიფონიური ქსოვილის საშენ მასალად იქცევა. მართალია, ბარტოკი არ მიმართავს კომპოზიციის სერიულ მეთოდს, მაგრამ მისი ამ პერიოდის კომპოზიციის ტექნიკა თავისი არსით უახლოვდება შონბერგისას. ამასთანავე, არაა ნიველირებული არც ბარტოკის ინდივიდუალური სტილის ძირითადი თვისებები, მათ შორის, ინტერესი უნგრული ფოლკლორის არქაული შრეებისთვის დამახასიათებელი ინტონაციების, მუსიკალური პეიზაჟის, ბუნების მიმართ.

ორივე კვარტეტის მკაცრი კომპოზიციური გეგმა მიუთითებს ბარტოკის სწრაფვაზე შექმნას არქიტექტონულად დასრულებული, მყარი, სიმეტრიული კონსტრუქციები. მესამე კვარტეტის ერთნაწილიანი სტრუქტურა შინაგანად ორ კონტრასტულ ეპიზოდად იყოფა, რომლებსაც მოსდევს საწყისი მასალის დაბრუნება და ბოლოს, მეორე ეპიზოდის მასალაზე აგებული კოდა. მეოთხე კვარტეტში კი გამოყენებულია სიმეტრიული ხუთნაწილიანი სქემა ნელი ნაწილით (Andante) ცენტრში, რომელიც ორი სკერცოთი (მეორე და მეოთხე ნაწილები) და ორი სწრაფი ნაწილითაა (პირველი და მეხუთე) შემოფარგლული. ორივე კვარტეტში ბარტოკი უარს ამბობს ტრადიციულ სონატურობაზე და უპირატესობას ანიჭებს კონტრასტული მონაკვეთების თავისუფალ მონაცვლეობას.

ბარტოკის მეხუთე კვარტეტი მისი ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური ნაწარმოებია, არა მხოლოდ ჟღერადობის ხარისხის თვალსაზრისით, არამედ მხატვრული ჩანაფიქრის მასშტაბით. მასში ურთიერთკონტრასტული მხატვრული სახეების მთელი გალერეაა წარმოდგენილი – ტრაგიზმიდან მელანქოლიურ ლირიკამდე. კვარტეტის სიმეტრიული სტრუქტურა იმეორებს მეოთხე კვარტეტისას, მაგრამ ნაწილების სხვაგვარი თანმიმდევრობით (Allegro – Adagio – Scherzo – Andante – Finale) მთელი ნაწარმოების ცენტრი ორი ნელი ნაწილია, რომელთა საოცრად მდიდარი ლირიკული სამყარო ჟანრულ-საცეკვაო სკერცოთია (alla bulgarese – ბულგარულ სტილში) „გახლეჩილი“. ამ რთული, მრავალმნიშვნელოვანი ცენტრის გარშემო კი ორი სწრაფი ნაწილია მოთავსებული, რომლებიც მსგავს ინტონაციურ მასალაზეა დამყარებული. ეს მკაფიოდ შეინიშნება ფინალის ფუგატოში, რომელიც პირველი ნაწილის მთავარი თემის მასალიდანაა ამოზრდილი. ამგვარი რთული მონოთემატური კავშირებისკენ სწრაფვა ფართოდ გვხვდება ბარტოკის შემოქმედების ცენტრალურ და გვიან პერიოდებში.

მეექვსე სიმებიან კვარტეტს (1939 წ. მკვლევარები ხშირად ბარტოკის ანდერძს უწოდებენ, ვინაიდან ეს იყო უნგრეთში დაწერილი ბოლო ნაწარმოები. მასში, წინამორბედი კვარტეტების მსგავსად, დომინირებს რთულად ორგანიზებული პოლიფონიური ქსოვილი, კილო-ტონალური საყრდენების ხანგრძლივი არიდება, თემების ძალზე თავისებური აღნაგობა. განსაკუთრებით საყურადღებოა კვარტეტის ნელი ნაწილების ემოციური ტონუსი; პირქუში მელანქოლია აქ ხშირ შემთხვევაში დაუნდობელი სატირითაა გამძაფრებული. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია გროტესკული მარში (მეორე ნაწილი), რომელიც სამყაროში არსებული ნეგატიური საწყისის სიმბოლოდაა გააზრებული. საყურადღებოა, რომ კვარტეტი მეორე მსოფლიო ომის დაწყების წელსაა დაწერილი და, ამდენად, მარში – სამხედრო მარში ომის საშინელებებსაც წინასწარმეტყეელებს. კვარტეტის მეორე სატირული ცენტრია ბურლეტა (მესამე ნაწილი) – უგემოვნობის, იაფფასიანობის სიმბოლო. ამასთანავე, კვარტეტი გაჯერებულია ხალხურ სტილში დაწერილი თემებით, სპეტაკი, გასხივოსნებული სახეებით, რომლებიც კომპოზიტორის სამშობლოს ბუნებას, ხალხურ ყოფას, ბარტოკისეული „იდეალური სოფლის“ სახეს გვიხატავენ.

მეექვსემ კვარტეტი ბარტოკის შემოქმედების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, რომლის რთული, მრავალფეროვანი მხატვრული სამყაროს სრულყოფილი რეალიზებისთვის გამომსახველი ხერხების „არსენალის სრული მობილიზება იყო აუცილებელი. კომპოზიტორი აქ სიმებიან საკრავთა დინამიკურ და არტიკულაციურ რესურსებს მაქსიმალური დატვირთვით იყენებს და ისეთ უჩვეულო ჟღერადობებს აღწევს, რომ ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ნაწარმოებში არა მხოლოდ სიმებიანთა ტემბრებია გამოყენებული, არამედ სხვა ჯგუფის საკრავებისაც.

საზოგადოდ, ბელა ბარტოკის კვარტეტებთან მიმართებაში განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს კომპოზიტორის ნოვატორობა ტემბრულ-არტიკულაციურ სფეროში. იგი თამამად ამდიდრებს სიმებიანი კვარტეტის გამომსახველ რესურსებს და ახალი შტრიხების გამოყენებით მის ჟღერადობას ხან საორკესტრო მონუმენტურობას, ხან დასარტყამ, ხან კი ჩასაბერ საკრავთა ტემბრს ამსგავსებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტემბრულ-არტიკულაციური სითამამე და საკრავთა ახლებური გააზრება ბარტოკის სხვა ჟანრის ნაწარმოებებშიც გვხვდება.

სიმფონიური მუსიკა

ბელა ბარტოკის შემოქმედების საინტერესო, თუმცა საკმაოდ მცირერიცხოვან ნაწილს წარმოადგენენ მისი სიმფონიური პარტიტურები. ამ ჟანრს მან შემოქმედების ადრეულ პერიოდში მიმართა და მხოლოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შემოქმედების გვიან პერიოდში მიუბრუნდა. ამ პერიოდში ბარტოკმა სიმფონიური მუსიკის ისეთი შედევრები შექმნა, როგორებიცაა: მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის და კონცერტი ორკესტრისთვის.

ბარტოკი-სიმფონისტის შემოქმედებითი მიღწევები შეჯამებულია კონცერტში ორკესტრისთვის, რომელიც ჟანრული თვალსაზრისით, ისევე როგორც მუსიკა სიმებიანების, დასარტყამების და ჩელესტასთვის, არატრადიციულადაა განმარტებული. თავად კომპოზიტორი ამ ნაწარმოების შესახებ წერდა: „ამ სიმფონიის მსგავსი საორკესტრო ნაწარმოების სახელწოდება დაკავშირებულია მისწრაფებასთან ორკესტრის ცალკეული ინსტრუმენტი საკონცერტო, სოლო მანერაში იყოს გააზრებული. ასეთი ვირტუოზული გააზრება შესამჩნევია, მაგალითად, პირველი ნაწილის დამუშავების ფუგატოში (სპილენძის ჩასაბერებთან) ან ფინალის მთავარი თემის perpetuum mobile პასაჟებში, მაგრამ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეორე ნაწილი, სადაც საკრავთა წყვილები თანმიმდევრულად ასრულებენ ბრწყინვალე პასაჟებს“. ამგვარად, ავტორისეული კომენტარიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აქ ორი ჟანრის, სიმფონიის და კონცერტის, სინთეზია მოცემული, რაც ერთი მხრივ, საზოგადოდ XX საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთევროპული მუსიკის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ტენდენციას უკავშირდება (იგულისხმება სიმფონიის ჟანრის კამერიზაციის ტენდენცია) ხოლო მეორე მხრივ, საკუთრივ ბარტოკის სტილის სტაბილური მახასიათებელია.

კონცერტი ორკესტრისთვის ხუთნაწილიანი ციკლია: Allegro – Scherzo– Andante – Scherzo – Finale (მეოთხე კვარტეტის მსგავსი), სადაც ძირითადი დრამატურგიული ღერძი, ციკლის არსი კენტ ნაწილებშია გახსნილი: აღელვებული შესავლიდან ტრაგიკული Andante -ს გავლით საზეიმო ფინალისკენ. ორი სკერცო კი თავისებური ინტერმედიებია. ამგვარად, ციკლი მხატვრულ სახეთა დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ვხვდებით როგორც ჟანრულ-საცეკვაო თემებს, ისე მძაფრად კონფლიქტურ, დრამატულ სახეებს.

მუსიკალური თეატრი

ბარტოკის შემოქმედებაში შედარებით მოკრძალებული ადგილი უკავია მუსიკალურ თეატრს. იგი ამ ჟანრის სულ სამი opus-ის, ორი ბალეტის და ერთი ოპერის ავტორია, რომლებიც ერთ პერიოდში, 10-იან წლებშია დაწერილი. მხატვრული ამოცანის გარკვეული მსგავსების მიუხედავად, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჟანრული თვალსაზრისით:

ოპერა „ლურჯწვერა ჰერცოგის ციხე-დარბაზი“ – სიმბოლისტური დრამაა ექსპრესიონისტული თეატრის ნიშნებით, „ხის უფლისწული“ – ირონიული ზღაპარი, ხოლო „საოცარი მანდარინი“ კი, გროტესკული ექსპრესიონისტული დრამა.

უდიდესი უნგრელი კომპოზიტორის ბელა ბარტოკის შემოქმედება XX საუკუნის პირველი ნახევრის ევროპული კულტურის შესანიშნავი მოვლენაა. აქ მრავალი, განსხვავებული (ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც კი) შემოქმედებითი პრინციპი სინთეზურ მთლიანობადაა გაერთიანებული, რაც ქმნის ბარტოკის მკაფიოდ ინდივიდუალურ, განუმეორებელ სტილს.

ბარტოკის უმთავრესი ნაწარმოებები

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები