ბასილი ზარზმელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბასილი ზარზმელი – (IX-X სს.), წმ. ღირსი მამა (ხსენების დღე 05/18.10), ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი.

მას ეკუთვნის ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც ბიძას, სამცხეში სამონასტრო ცხოვრების სულისჩამდგმელსა და ზარზმის მონასტრის დამაარსებელს, სერაპიონ ზარზმელს მიუძღვნა. როგორც ირკვევა, „ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა ნეტარისა მამისა ჩუენისალ სერაპიონისი“ ბასილი ზარზმელს ჯერ კიდევ წინამძღვრობამდე დაუწერია. „ცხოვრების“ ტექსტი ცნობილია XI ს. შესრულებული მეტაფრასული რედაქციით, რომლის ერთადერთი ხელნაწერი XVI საუკუნეს განეკუთვნება (A 69). იგი 1909 წელს აღმოაჩინა და გამოსცა მ. ჯანაშვილმა.

არ არსებობს ერთიანი აზრი ბასილი ზარზმელის მოღვაწეობისა და, შესაბამისად, ძეგლის დათარიღების თაობაზე. მეცნიერთა ერთი ჯგუფი (ს. კაკაბაძე, პ. ინგოროყვა, პ. პეტერსი, შ. ნუცუბიძე, ვ. ბერიძე, გ. ჩუბინაშვილი, ა. ბოგვერაძე, მ. ჩხარტიშვილი) თვლის, რომ ეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები VI საუკუნის II ნახევრის ვითარებას ასახავს, მისი შექმნა კი VII საუკუნის II ნახევარშია სავარაუდებელი. მათი არგუმენტაცია ემყარება ძეგლის იმ პასაჟს, სადაც სერაპიონ ზარზმელი მიქაელ პარეხელის მოწაფედ მოიხსენიება, ხოლო ეს უკანასკნელი – შიო საკვირველმოქმედისა, ერთ-ერთი ასურელი მამისა, რომელიც VI საუკუნის შუა ხანებში მოღვაწეობდა. „ცხოვრების“ ადრინდელობის დამადასტურებელ საბუთად მკვლევრებს სხვა არგუმენტებიც მოჰყავთ, მათ შორის: VIII-IX სს. გრიგოლ ხანცთელის კლარჯეთში მოღვაწეობის მოუხსენებლობა, არაბთა შემოსევების შესახებ ცნობების არარსებობა და სხვ.

მეცნიერთა მეორე ჯგუფის (ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ე. თაყაიშვილი, ნ. ვაჩნაძე, დ. რაიფილდი) მიხედვით, სერაპიონ ზარზმელის „ცხოვრება“ IX საუკუნის ამბებს ასახავს, ხოლო დაწერილია X საუკუნის I ნახევარში. ამ დათარიღების მომხრეთა სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს „ცხოვრების“ ტექსტის მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურებები, რომლებიც დამახასიათებელი იყო ქართული ენისთვის X-XI საუკუნეებში. აგრეთვე აქ დამოწმებული საკუთარი სახელები, რომელთა უმრავლესობა წყაროებში XI-XII საუკუნეებზე ადრე არ გვხვდება. „ცხოვრებაში“ მოხსენიებული ბაჰლაუნდის გვარიდან წარმოქმნილი ახალი ჩორჩანელებისა და ლაკლაკიძეების საგვარეულოთა წარმომადგენლები წყაროებში მხოლოდ XI საუკუნიდან ჩნდებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფერისცვალების კულტი, რომელიც აღმოსავლურ ქრისტიანობაში VIII საუკუნიდან ვრცელდება, საქართველოში ამაზე ადრე ვერ გახდებოდა ცნობილი.

ბასილი ზარზმელი მრავალმხრივ საინტერესო ავტორია. სამცხისა (ზარზმა, ზანავი) და კლარჯეთის (ოპიზა, პარეხი) მონასტრების მშენებლობა-აღორძინების აღწერასთან ერთად ძეგლი უმდიდრეს ცნობებს გვაწვდის იმ პერიოდის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიაზე, ისტორიულ გეოგრაფიაზე. სამართლის ისტორიული თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს თხზულებაში დაცულ ცნობას სამართლებრივი დოკუმენტის – ანდერძის – შესახებ, რაც ქართულ საზოგადოებაში ჩვეულებითი და სჯულის სამართლის გვერდით სამოქალაქო სამართლის არსებობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ბასილი ზარზმელი ფაქტობრივად არღვევს საეკლესიო მწერლობაში დაკანონებულ ჩარჩოებს და ბაჰლაუნდთა ოჯახში ატეხილ სამემკვიდრეო დავაზე მოგვითხრობს, რაც ქართული ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელ ჟანრულ თავისებურებას წარმოადგენს.

რ. ლაბაძე

წყაროები და ლიტერატურა

  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963;
  • Памятники древнегрузинской агиографической литературы. Перевод, исследования и примечания K. Кекелидзе, Tб., 1956.
  • ბერიძე ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება, XIII-XVI საუკუნეები, თბ., 1955;
  • ბოგვერაძე ა., სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების თარიღისათვის, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის „მაცნე“, 1964, №3;
  • ვაჩნაძე ნ., სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1975;
  • თაყაიშვილი ე., შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ, ტფილისის უნტის „მოამბე“, 1919, №1;
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • კაკაბაძე ს., საისტორიო ძიებანი, ტფ., 1924;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ.: 1, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII სს.), თბ., 1977 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8);
  • Чубинашвили Г. H., Грузинское чеканное искусство, T6., 1959;
  • Peeters P., Histoires monastiques Géorgiennes, Analecta Bollandiana, 1917-1919, v. 36-37;
  • R ayfield D., The Literature of Georgia: A History. Richmond (GB)., 2000.


Logo1.JPG ბასილი მრავალმნიშვნელოვანი

იხილე აგრეთვე

ბასილი ზარზმელი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები