ბასინი თევდორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თევდორე ბასინი

ბასინი თევდორე ვენიამინის ძე - Bassin Feodor Veniaminovich, Бассин Федор Вениаминович, 1905-1992

საბჭოთა ფსიქოლოგი და ნეიროფიზიოლოგი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1960). სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. ხელმძღვანელობდა ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიას უკრაინის ფსიქონევროლოგიურ აკადემიაში და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში. 1956-1976 წლებში განაგებდა კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიას სამედიცინო აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტში. ეწეოდა ექსპერიმენტულ კვლევას ორგანიზმის სხვადასხვა ფუქციების და პირველ რიგში ნერვული სისტემის მოქმედების ელექტროფიზიოლოგიურ კანონზომიერებათა გარკვევის მიმართულებით. ნერვულ-კუნთური მოქმედებისადმი ფიზიოლოგიური მზაობის შესწავლის შედეგები განზოგადებულია ნაშრომში: „განწყობის ცნების მნიშვნელობა თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიაში” (1944). აქ გამოიკვეთა ბასინის ინტერესი განწყობის პრობლემატიკის მიმართ, რომელიც შემდგომში დ. უზნაძის განწყობის თეორიაზე გავრცელდა. ეს ინტერესი ორგანულად უკავშირდებოდა ბასინის თეორიული კვლევის ძირითად ხაზს - არაცნობიერის პრობლემას.

ამ პრობლემის შესახებ თავისი შეხედულებები ბასინმა გადმოსცა ცნობილ წიგნში „არაცნობიერის პრობლემა (უმაღლესი ნერვული მოქმედების გაუცნობიერებელი ფორმების შესახებ)” (1968). ის რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ავტორს არაცნობიერის ცნება თავის ტვინის გაუცნობიერებლად მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესის მნიშვნელობით ესმის. ეს გარემოება ერთგვარად აუფასურებს მის საინტერესო დისკუსიას ფსიქოანალიზთან. ტვინის მექანიზმები ცნობიერებისა და არაცნობიერის ნევროლოგიურ საფუძველს კი ქმნის, მაგრამ არ უკავშირდება მათ შინაარსობრივ, საკუთრივ ფსიქიკურ მხარეს, ანუ იმ ერთადერთს, რითაც დაკავებულია ფსიქოანალიზი. ასეა თუ ისე, ამ კონტექსტში ბასინი მიუთითებს უზნაძის განწყობის ცნების გამოყენების აუცილებლობაზე: „დახმარება, რომელიც გაუწიეს უზნაძის იდეებმა ფსიქოანალიზური კონცეფციების კრიტიკას, იმაში მდგომარეობს, რომ მათ მოგვცეს მასალა, რომელიც < ... > თავიდან გვაცილებს „არაგანცდადი განცდის” ყველა აქამდე არსებული არაცნობიერის თეორიისთვის საბედისწერო პარადოქსს. უზნაძის თეორია ნათელყოფს, რაში ტრანსფორმირდება განცდა მას შემდეგ, რაც აღარ განიცდება. ამის ასახსნელად აღარ ხდება საჭირო გულუბრყვილო სქემის მოშველიება, თითქოს განცდა უცვლელად „გადაინაცვლებს” ცნობიერებისთვის მიუწვდომელ განსაკუთრებულ სფეროში. ამდენად, ეს თეორია წარმოგვიჩენს არაცნობიერის ჭეშმარიტ სახეს, როგორც ფაქტორის, რომელსაც შენარჩუნებული აქვს რეგულაციის ფუნქცია, თუმცა ეს ფაქტორი არ არის არც აფექტი, არც აზრი, არც მისწრაფება. პრობლემის სწორედ ეს მხარე დარჩა გაუგებარი წინამორბედი მკვლევრებისთვის” .

ბასინმა განწყობის თეორია წარმოადგინა, როგორც ფსიქოანალიზის ერთგვარი საბჭოთა ალტერნატივა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ჩანაფიქრი იმ დიდი საერთაშორისო კონფერენციისა არაცნობიერის შესახებ, რომელიც ჩატარდა თბილისში 1978 წელს. ეს იყო გრანდიოზული მასშატაბის სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ თემატიკაზე მომუშავე მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები. კონფერენციის მოწყობის იდეა ბასინს ეკუთვნოდა. თბილისში მისი ჩატარება კი აღიარება იყო იმ დამსახურებისა, რომელიც ფსიქოლოგიის ქართულმა სკოლამ არაცნობიერის კვლევის საქმეში შეიტანა. კონფერენციის მასალების კაპიტალური ოთხტომეული ბასინის, ა. შეროზიას და ა. ფრანგიშვილის რედაქტორობით დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასთვის, ვინც არაცნობიერი ფსიქიკის ამა თუ იმ მხარეს შეისწავლის.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები