ბატონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბატონები – სნეულების მომტანი სულები.

როცა ბატონები ეწვევიან ოჯახს, სადაც პატარა ბავშვია, მათ პატივით ეგებებიან; ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც მათ სიამოვნებთ. ბატონებს წითელი ფერი უყვართ, ამიტომაც ბატონებით დაავადებული ბავშვის ოთახს წითლად მორთავენ ხოლმე; ჩუმად დადიან, ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რათა როგორმე მათი გული მოიგონ და სახლიდან კმაყოფილნი გაისტუმრონ. უმღერიან საგანგებო სიმღერას „იავ ნანა, ვარდოვ ნანა, იავნანინაო...“

აჭარის მოსახლეობაში პოპულარობით ბატონები და მასთან დაკავშირებული მითო-რელიგიური სიუჟეტები განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ბატონები, როგორც ინფექციური დაავადება, წარმომავლობით საკრალური ბუნებისა იყო და, ხალხური გაგებით, მისი განკურნება მხოლოდ რიტუალების თანხლებით შეიძლებოდა. ბატონებთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები კოდირებული იყო შესატყვის ტერმინოლოგიაში, სიმბოლოებში, საგალობლებში, სამკურნალო ხასიათის შელოცვებში, რაც მაგიურ თუ მისტიკურ ქცევებშიც პოულობდა გამოხატულებას. თედო სახოკია: „გადამდები სენი, როგორც ყვავილი, წითელა, ქურმუშა, შავი ჭირი, ხორელა ქართველებს მიაჩნდათ სულებად, ადამიანთა მსგავსად. ამ სულებს შეუძლიათ სიარულით გადაინაცვლონ ადგილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათვის არ არსებობს უგზოობა, თავისუფლად გადაეშვებიან ხოლმე მაღალი მთების მწვერვალებზე, არაფრად უჩანთ გასცურონ ზღვები და ოკეანეები”.

ბატონების აღმნიშვნელი სახელწოდებების დიდი ნაწილი იმ ღვთაებათა სახელები იყო, რომლებიც იერარქიულ სისტემაში ხთონურ ღვთაებათა რიგს განეკუთვნებოდნენ. ისინი მაშინ რისხდებოდნენ, როცა მათ კონკრეტულად ეხებოდნენ. ღვთაებებს შეეძლოთ ადამიანს „შეყროდნენ”. ბატონების ტიპის სნეულებათა სახელებს ტრადიციულ საზოგადოებებში მოკრძალებით ახსენებდნენ, რაც მათ ღვთაებრივ ბუნებაზე მიანიშნებდა. სნეულების სახელწოდება, შესაბამისად, ღვთაების სახელის მატარებელი გახდა. დასაშვებია ამის გამოც იყო სნეულების გამოსახატავად მოსახლეობა ისეთ ცნებებს რომ იყენებდა, რომლებიც სულიერი არსების მოქმედებებს გადმოგვცემდა. ასეთი ცნებები იყო: შეყრა „უჟმური შეეყარაო”, მოხდა – „ბატონები მოიხადაო”, დაბრძანება – „ბატონები დაუბრძანდაო”... სამკურნალო საგალობლებს – იავნანა (იავნანაო), ბატონების ნანინა, საბატონო, საბოდიშო, რომელთაც ინფექციური ავადმყოფობით (წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა) დაავადებულებს უმღეროდნენ, გარკვეული ფუნქციები გააჩნდათ და ოჯახზე განრისხებულ ღვთაებათა გულის მოგებაზე იყო გათვალისწინებული. თვით სახელწოდებებიც სიმღერის დანიშნულებასთან იყო მჭიდრო კავშირში. მაგალითად, სიმღერა „ბატონებო”, ბატონებისადმი მიმართვას აღნიშნავდა. სიმღერა განრისხებული ბატონებისათვის ბოდიშის მოხდის მიზნით სრულდებოდა. „იავნანა” და „ბატონები”, იგივე, „საბოდიშო”, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სახელწოდებებით აღინიშნებოდნენ, ტექსტუალურად საერთო შინაარსისა და დანიშნულების მატარებელნი იყვნენ, თუმცა ერთმანეთისაგან მუსიკალურად საკმაოდ განსხვავდებოდნენ. ბატონების სამკურნალოდ არა მარტო ისტორიულად ჩამოყალიბებული პრაქტიკული ცოდნა, არამედ ტრადიციული რწმენა-წარმოდგენების საფუძველზე განხორციელებული საკრალური რიტუალებიც გამოიყენებოდა.

ბატონები მრავლობით რიცხვში მდგარი ტერმინია და შემკრელობითი შინაარსისაა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქართულ მითოლოგიაში იგი იმ სულების ერთობლიობას აღნიშნავდა, რომელთაც ინ ფექციური დაავადებანი მოჰქონდათ. ასეთი იყო წითელა, ხველა ბატონები, დიდი ბატონები.. აჭარაშიც ბატონების ციკლიდან რამდენიმე ინფექციური დაავადება გამოიყოფოდა: ხველა ბატონები (კოწიწა/კოწოწა/კოტიტა/ კოკოცა), წითელი ბატონები, ყბაყურა (ღაბუჯა), ყვევილი, წყლის ყვავილი... აჭარაში, ბატონების ციკლში შემავალი საყმაწვილო ინფექციური დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული იყო წითელა (წითელი ბატონები), დიკა-ბატონები, გოჯა-წმინდანი, ხველა (ხველა ბატონები))...

ბატონებისაგან თავის დახსნის სამ ფაზას გამოყოფდნენ: 1. მსუბუქ ფორმებში გამოვლენილი ბატონებისაგან თავის დასაცავად საკმარისი იყო ფაქიზი მოვლა, იის წყალი, წითელი ფერი და, განსაკუთრებით, მორიდება;
2. გართულების შემთხვევაში წინა პლანზე მისტიკური ქცევები იწყებდა გამოსვლას, რაც გამოხატული იყო „მობოდიშებაში”;
3. ბოლო სტადია მაგიურ ხასიათს ატარებდა.

ბატონების დედა

ბატონებს მოკვდავ სამყაროში თავისი რჩეულები ჰყავდათ, ჩვეულებრივ ასეთი ადამიანები საზოგადოებას განეკუთვნებოდნენ. ლოცვებსა და ბატონებთან დაკავშირებულ მაგიურ რიტუალებში ხშირად ფიგურირებდა „მამიდას” სახე. სოფლის საზოგადოებაში რომელიმე ხანდაზმული ქალბატონი ჩემულობდა ბატონების მსახურებას, რომელიც სულებთან კავშირის საფუძველზე, ავადმყოფის ოჯახის წევრებს ბატონების სურვილებს ამცნობდა. აჭარაში, კერძოდ, კინტრიშის ხეობაში, ასეთ ქალბატონს – „ბატონების დედას” უწოდებდნენ. იგი მამა ღვთაების დის, ღვთაება ნანას ტრანსფორმირებულ ხატი უნდა ყოფილიყო. ნანას თვისებების ტარებასა და მისი ფუნქციების იმიტაციას მოკვდავთა წრიდან წარმოდგენილი ქალბატონი ცდილობდა. ტრადიციულად „ბატონების დედამ” სიმღერა კარგად იცოდა, სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ჩონგურსა და ფანდურზე უკრავდა. მას მუდამ იმ ოჯახში იწვევდნენ, სადაც ბავშვს „ბატონები დაუბრძანდებოდა”. ამა თუ იმ ოჯახში დაბრძანებას ბატონების დედა თავისით გებულობდა, ავადმყოფის ოჯახში შეუტყობინებლად მიემართებოდა და მისვლისთანავე ბატონების საგალობელს მღეროდა. კინტრიშის ხეობაში გამოვლენილი ეს მასალა უშუალო თანხვედრილობაში იყო საქართველოს სხვა კუთხეებში დადასტურებულ ჩვეულებებთან. ნაირ-ნაირი შესაწირავები, მათ შორის, შესაწირავი ცხოველები და ფრინველები, ქართველი ხალხის უდიდესი ღვთაების დიდი დედის – „ნანას” კულტის საპატივცემულოდ გამართულ რიტუალებშიც მოწმდება. ეს ბუნებრივიცააა, რადგან ქართველებში წინააზიურ-კავკასიური ღვთა ება „ნანა” ბატონების დედას განასახიერებდა. მრავალი ხალხის, მათ შორის, ქართველის ხალხის ამა თუ იმ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჯგუფის ნათესაობის ტერმინოლოგიურ მოდელში იგი მამისა და დედის, ზოგჯერ დიდედის აღმნიშვნელიცაა. აჭარაში ტერმინი ნანა ის ეთი ვა რი აცი ით გვხდე ბო და, რო გო რიც იყო ანა, ნენე და სხვა მისთანანი. ამიტომაცაა, რომ სახელი „ნანა” ხშირად გვესმის ბატონების საგალობლებში. არაა გამორიცხული ქალაქ ფაზისში, ძვ. წ. II საუკუნეში აღმართული ქალღმერთის ქანდაკება გარკვეულად კონტექსტირებული ყოფილიყო ღვთაება ნანასთან, შესაბამისად, მათ გააჩნდათ საკრალური კავშირი მზის სიმბოლოებთან და თავად მზესთან. ბერძნების აზრით, ფაზისის ქალღმერთის ქანდაკება ყველაზე მეტად ქალღმერთ „კუბელას” ემსგავსებოდა და მცირე აზიის მთავარ ქალღმერთს წარმოადგენდა. მას აგრეთვე „დიდი დედა” ეწოდებოდა. ნანა დიდი მფარველი ღვთაების ფუნქციას ასრულებდა. მას არა მარტო ავადმყოფობის გამოწვევა, არამედ განკურნებაც შესძლებია. ღვთაება ნანას ავადმყოფთა გადარჩენასა და, გარდა ამისა, ბატონთა სამეფოში – იებისა და ვარდების საუფლოში, პატარების მფარველობას შესთხოვდნენ. ეს მას შეეძლო, რადგან, ბატონები მის შვილებად ითვლებოდნენ.

საქართველოს ცალკეულ კუთხეში, მაგალითად, ქართლში კახეთში, სამცხესა და ჯავახეთში ღვთაება ნანას ფუნქციურად „ბარბალე” ემსგავსებოდა. ბარბალეს კავშირი მზესთან შესაძლებელია ტერმინ „ვარვარში” (შდრ. „მზის ვარვარს”, „ბორბალს”, როგორც მზის დისკოსა და თვალს – ბატონებისათვის დამახასიათებელი ნიშნების იმიტაციას) შემოინახა. ბარბალეც სახადთა დედად მიიჩნეოდა და მისი შვილები ყვავილი, წითელა ქუნთრუშა, ყივანახველა... იყო. ყველას ერთად საერთო სახელწოდება „ბატონები” ჰქონდათ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები