ბატუტზე ხტომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუბა გოლოვინა

ბატუტზე ხტომა − სპორტის ტანვარჯიშული სახეობა, შეჯიბრება სავალდებულო და ნებისმიერი პროგრამით.

სარჩევი

ისტორია

ბატუტზე ხტომის შემქმნელებად ჩრდილოეთ კანადის მკვიდრ ინუიტებს მიიჩნევენ. ისინი გაზაფხულზე ვეშაპებზე ნადირობის დაწყებას ლომვეშაპის ტყავისგან დამზადებულ ბატუტზე ცეკვით საზეიმოდ აღნიშნავდნენ.

თანამედროვე ბატუტზე ხტომის ისტორიის დამწყებად ამერიკელი ტანმოვარჯიშე ჯორჯ ნისენია მიჩნეული. ელასტიურ ბადეზე მოხტუნავე ცირკის აკრობატებით შთაგონებულმა ნისენმა 1934 წელს თანამედროვე ბატუტის პროტოტიპი შექმნა. ჯორჯ ნისენმა თავის ქმნილებას ერთგვარი სახტუნაო დაფის ესპანური შესატყვისი სახელი - trampoline უწოდა. 1960 წელს შეიქმნა შეჯიბრების წესების პირველი ვარიანტი და მეთოდური სახელმძღვანელო. იმავე წელს გაიმართა პირველი საერთაშორისო შეხვედრა (აშშ — გფრ). ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ფედერაცია (ITF) დაარსდა 1964 წელს მაინის ფრანკფურტში. 1999 წელს იგი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციაში (FIG) გაერთიანდა.

Batuti.JPG

ოლიმპიური აღიარების შემდეგ (1997 წელი) ბატუტზე ხტომის პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასამდე ქვეყანაში გავრცელდა.

ბატუტზე ხტომა საქართველოში

საქართველოში ბატუტზე ხტომა XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულიდან გავრცელდა და თითქმის ასწლოვანი ისტორია აქვს. ბატუტისტებისთვის პირველი სპორტული იარაღი გიორგი ეგნატაშვილის დავალებით დაამზადა პავლე აბაშკინმა, რომელსაც ირაკლი ეგნატაშვილი ეხმარებოდა. პირველი საცდელი ვარჯიშები თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტულ დარბაზში მოეწყო, მერე კი ბატუტისტებმა მუშთაიდის ბაღში გადაინაცვლეს (1941). მოგვიანებით.უკვე 50-იან წლებში, სპორტის ეს ახალი სახეობა დაინერგა თბილისის სპორტულ სკოლებში, ფიზკულტურის ინსტიტუტში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ცხინვალში, რუსთავში. ბატუტს, როგორც დამხმარე საწვრთნელ საშუალებას, იყენებდნენ წყალში მხტომელები, ტანმოვარჯიშეები, პარაშუტისტები.

ბატუტისტების პირველი პროფესიული ჯგუფი თენგიზ ხუდოევმა ჩამოაყალიბა (1969), საქართველოს ნაკრების პირველი უფროსი მწვრთნელი კი ოთარ კაკიაშვილი იყო. საქართველოს ჩემპიონატები იმართება 1970 წლიდან. ქართველ ბატუტზე მხტომელთაგან პირველ სერიოზულ წარმატებას ფატი ფირანიშვილმა მიაღწია (1980, ევროპის იუნიორთა ჩემპიონატი, II ადგილი). 1985 წლიდან ლიდერობდა რუსუდან ხოფერია (მწვრთნელი — ზაურ სულაშვილი), რომელმაც არაერთხელ გაიმარჯვა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში (1988 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა: ინდივიდუალურ ვარჯიშში, სინქრონულ ხტომებსა და გუნდური პროგრამით შეჯიბრებაში), ბატუტისტთა სადებიუტო ოლიმპიურ ტურნირში კი (2000, სიდნეი) VII ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ანა დოღონაძემ, ზაქარია აბრამაშვილმა და სხვებმა. დოღონაძე გერმანიის სახელით 2004 წელს ათენში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, აბრამაშვილმა კი 1990 წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. ბოლო წლებში გამორჩეულია ლუბა გოლოვინას შედეგები, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობებში გაიმარჯვა, მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 3 ოლიმპიურ თამაშებზე კი ფინალში გასვლა შეძლო (საუკეთესო შედეგი - VI ადგილი პეკინის 2008 წლის თამაშებზე).

წესები

პირველი ოლიმპიური ჩამპიონები ბატუტზე ხტომაში. მარცხნიდან კარენკოკბერნი (კანადა), ირინა კარაევა (რუსეთი) და ოქსანა ციგულიოვა (უკრაინა). სიდნეი 2000 წელი.

შეჯიბრებები იმართება მაღალჭერიან დარბაზებში. ბატუტის ჩარჩოს სიმაღლეა 1,15 მ. ბატუტის ბადის სიგრძე - 4,28 მ. სიგანე - წ,14 მ. ბატუტის მთლიანი აღჭურვილობის სიგრძეა 9 მეტრი, სიგანე 3 მატრი. ზამბარები დაფარულია რბილი მასალით. ხტომების ზონა შემოსაზღვრულია მკვეთრი წითელი ხაზით. შუაში დატანილია ასევე წითელი ფერის ჯვრის ფორმის ორი ხაზი. ბატუტის ორ მხარეს, პლატფორმებზე საიმედოდ ამაგრებენ სადაზღვევო ლეიბებს, ხოლო ირგვლივ, იატაკზე ლეიბებს ალაგებენ. სინქრონული ხტომებისათვის საჭიროა ორი ბატუტი, რომლებსაც ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით და ერთმანეთის პარალელურად დგამენ. შეჯიბრების მონაწილეებს აცვიათ სპორტული კოსტიუმები და სპეციალური სახტომი ფეხსაცმელი. სპორტული ფორმა უნდა ეცვას ბატუტთან დაზღვევაზე მდგარ მომსახურე პერსონალსაც. ტარდება როგორც პირადი, ისე გუნდური პირველობები, აგრეთვე შეჯიბრება წყვილთა სინქრონულ ხტომებში. თითოეული სახეობა ითვალისწინებს 10-10 ელემენტისგან შემდგარ სავალდებულო და 2 ნებისმიერ პროგრამას. ხტომები ფასდება სირთულისა და შესრულების ტექნიკის მიხედვით. დროს, გადაადგილებას და სინქრონულობას აფასებს სპეციალური აპარატი, ტექნიკას და სირთულეს - მსაჯი. ნებისმიერი უზუსტობისთვის, შეყოვნების, ტემპის ან სიმაღლის დაკარგვისა და არასაკმარისი სინქრონულობისთვის მონაწილე საჯარიმო ქულებით ისჯება. უმაღლესი შეფასებაა 10 ქულა.

ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალური შერჩევითი შეჯიბრების დროს, თითოეულმა სპორტსმენმა უნდა შესრულოს სავალდებულო და 2 ნებისმიერი ვარჯიში, რის შედეგადაც 8 ფინალისტი შეირჩევა. ბატუტზე მხტომელთა გუნდი 3 - 4 წევრისგან შედგება, თითოეული მათგანი ასრულებს თითო სავალდებულო და 2 ნებისმიერ პროგრამას. 5 საუკეთესო გუნდი ხვდება ფინალში.

სინქრონულ ხტომებში მონაწილეობს 2 სპორტსმენი, რომლებიც ერთი და იმავე ვარჯიშს ერთდროულად ასრულებენ. შეჯიბრების მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ სავალდებულო და 2 ნებისმიერი პროგრამა, რის შედეგადაც 8 ფინალისტი შეირჩევა.

როგორც სავალდებულო, ისევე ორივე ნებისმიერი პროგრამა 10 ელემენტისაგან უნდა შედგებოდეს. მეორე ცდა სპორტსმენს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ ჟიური ჩათვლის, რომ მონაწილემ ვარჯიშის სათანადო დონეზე შესრულება ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო (მაგ: იარაღი იყო გაუმართავი). შეჯიბრების მონაწილეებს ყოველი რაუნდის წინ შესაძლებლობა ეძლევათ თითო სავარჯიშო ცდა შეასრულონ (30 წმ). როგორც კი სპორტსმენი ბატუტზე ავა, რეფერის ნიშნის შემდეგ ეძლევა 1 წუთი. დროის გადამეტების შემთხვევაში სპორტსმენი ისჯება საჯარიმო ქულებით. პროგრამის პირველი ელემენტის შესრულებამდე, — სპორტსმენს უფლება აქვს განუსაზღვრელი რაოდენობის ხტომები შეასრულოს.

ნახტომის სირთულე მეათედი ქულებით ფასდება: 90-გრადუსიანი მალაყი — 0,1 ქულა, 360-გრადუსიანი – 0,4 ქულა. ბრუნი 180 გრადუსზე – 0,1 ქულა, 360 გრადუსზე – 0,2 ქულა. ბრუნი 90 გრადუსზე, მუცელზე ან ზურგზე ვარდნა — 0,1 ქულა, სრული მალაყი 360 გრადუსზე — დაჯგუფებით 0,5 ქულა, კეცით და გამართული - 0,6 ქულა და ა.შ. სხვადასხვანაირად ითვლება მრავალჯერადი ბრუნები მრავალჯერად მალაყებში და სხვადასხვა პოზიციებში. მეათე ელემენტის შესრულების შემდეგ გამოსვლა მთავრდება თუ სპორტსმენი ბატუტზე ორივე ფეხით დაეშვება. ამ დროს მას დამატებით მხოლოდ ერთი პირდაპირი ახტომის უფლება აქვს და ამ წესის დარღვევისთვის საჯარიმო ქულით ისჯება.

გამარჯვებულად ითვლება ის სპორტსმენი ან გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მოაგროვებს. თუ ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ორმა მონაწილემ თანაბარი ქულები მოაგროვა, ვარჯიშის სირთულის მიხედვით ენიჭება ადგილი. ასევეა, სინქრონული ხტომების შემთხვევაშიც.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები