ბაქრაძე დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ბაქრაძე

ბაქრაძე დიმიტრი − (დ. 26.10.1826, თბილისის გუბერნია, თბილისის მაზრა, სოფ. ხაშმი – გ. 10.02.1890, ქ. თბილისი), ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, წყაროთმცოდნე.

დაიბადა მღვდელ ზაქარია ბაქრაძის ოჯახში. 1846 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1851 წელს – მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1852-1861 წლებში ისტორიას ასწავლიდა ქ. გორის სასულიერო სასწავლებელში. ბაქრაძეს პირველი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები 1850-1860 წლებში იბეჭდებოდა გაზ. „კავკაზში“. 1858-1861 წლებში მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში. ამ წლებში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მხარდაჭერით იმოგზაურა სვანეთში, აღწერა სვანეთის XI-XVIII საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკული ძეგლები, გადმოიღო ტაძრების კედლებზე, ხატებზე, ჯვრებზე არსებული მრავალი წარწერის ასლი, აგრეთვე ხელნაწერთა მინაწერები, ქუთაისის ჟურნალ „ცისკარში“, რომლის რედაქტორიც თავად იყო, გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“ და რამდენიმე სამეცნიერო სატატია.

1861 წლიდან მუშაობდა რუსეთის გეოგრაფიის საზოგადოების კავკასიის განყოფილებაში. 1873–1875 წლებში მონაწილეობდა კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის მუშაობაში. 1879 წელს ბაქრაძე შეიყვანეს ახლად შემოერთებული ბათუმის ოლქის მიწათმფლობელობის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობაში, რომელიც ახდენდა ბათუმისა და ყარსის მხარეების ტოპოგრაფიულ აღწერას. შეისწავლა და აღწერა ისეთი ძეგლები, როგორიცაა ტბეთი, ოპიზა, ანჩა, დოლისყანა და სხვ.

1886 წელს მოიარა აფხაზეთი, სადაც აგროვებდა მასალებს საქართველოს ამ კუთხის ისტორიულ ძეგლებზე. 1887 წელს იმყოფებოდა ათონის მთაზე, მოინახულა ივირონი და ჩაიწერა ეპიგრაფიკული მასალა. 1874 წელს ბაქრაძის ინიციატივით შეიქმნა „კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება“ (შემდეგში – კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საზოგადოება). 1879 წელს აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნაში.

1881 წლის 3 სექტემბერს თბილისში პეტერბურგის მეცნიერების აკადემიამ ჩაატარა V არქეოლოგიური ყრილობა, რომლის თბილისში მოწვევის ერთ-ერთი ინიციატორი ბაქრაძე იყო. ყრილობაზე ბაქრაძემ წაიკითხა მოხსენება „ქართული პალეოგრაფია“. 1879 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

ბაქრაძე მჭიდროდ თანამშრომლობდა ცნობილ ქართველოლოგ მ. ბროსესთან. 1866 წელს იგი ბროსეს სთავაზობდა საქართველოს ფართო ისტორიულ-არქეოლოგიურ შესწავლას და ამ მიზნით არქეოლოგიურ ექსპედიციების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ იდეის ხორცშესხმა მხოლოდ 7 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1873 წელს ექსპედიცია გაემგზავრა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად მცირე თანხებისა და რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობისა, ბაქრაძემ ერთ თვეში შეძლო გურიისა და აჭარის ძეგლების მეცნიერული აღწერა. უამრავი ძეგლის აღწერილობა ისტორიას შემორჩა მხოლოდ ბაქრაძის 1878 წელს გამოცემული მონოგრაფიის – „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ – წყალობით. წიგნში თავმოყრილია მდიდარი მასალა ამ რეგიონის ძველ ისტორიაზე, ჭანურ დიალექტზე, ფოლკლორზე, ტოპონიმიკაზე, მოცემულია მონასტრებისა და ტაძრების, ეპიგრაფიკული ძეგლების, ხატების აღწერილობა.

1875 წელს ბაქრაძემ შეადგინა და რუსულ ენაზე გამოსცა „კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში“, რომელშიც მოცემულია თურქეთის ტერიტორიაში მოქცეული ქართული და სომხური ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლის მეცნიერული აღწერა. 1889 წელს თან ახლდა ცნობილ ხელოვნებათმცოდნე პროფ. ნ. კონდაკოვს, რომელიც დასავლეთ საქართველოს ძეგლებს სწავლობდა. 1890 წელს პეტერბურგში გამოქვეყნდა მათი ერთობლივი ნაშრომი Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии. საყოველთაოდ გახდა ცნობილი ბაქრაძის პოლემიკა პეტერბურგის უნივერსტიტეტის პროფ. ქ. პატკანოვთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ქართლის ცხოვრება“, როგორც საისტორიო წყარო, სრულიად უმნიშვნელოა ისტორიისთვის. ქართული, სომხური, ბიზანტიური წყაროების მოშველიებით ბაქრაძემ გამანადგურებელი პასუხი გასცა ქ. პატკანოვს და დაამტკიცა მისი არგუმენტების უსუსურობა. ამ მეცნიერულმა პოლემიკამ დაარწმუნა ბაქრაძე, რომ საქართველოს ისტორიის და ქართული წყაროების შესწავლის დაბალი დონე ყოველთვის იქნებოდა საქართველოს ისტორიის გაყალბების მიზეზი. ბაქრაძემ 1888 წელს შეადგინა და გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიის პირველი სახელმძღვანელოს პროგრამა, ხოლო 1889 წელს გამოაქვეყნა თავისი ცნობილი ნაშრომი „ისტორია საქართველოსი“ (უძველესი დროიდან X ს. დასასრულამდე).

1883 წელს ბაქრაძემ არაერთგზის მიმართა საქართველოს ეგზარქოს პავლეს (ლებედევი) ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებული ფრესკების, ხატების, ხელნაწერების სავალალო მდგომარეობაზე და მათი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის ფაქტებთან დაკავშირებით. ბაქრაძე საეგზარქოსოსგან მოითხოვდა საეკლესიო მუზეუმის გახსნას და იქ სიძველეების თავმოყრას. საეკლესიო მუზეუმი დაარსდა 1888 წელს და მისი დირექტორი გახდა ბაქრაძე, რომელმაც დიდი შრომა გასწია ქართული სიძველეთა, მათ შორის, უნიკალურ ხელნაწერთა თავმოყრისათვის. ბაქრაძემ შეადგინა კატალოგების ნიმუშები, რომლებითაც შემდეგ სარგებლობდნენ (გამოსცემდნენ აღწერილობებსა და კატალოგებს) თ. ჟორდანია და მ. ჯანაშვილი.

ბაქრაძემ, ერთ-ერთმა პირველმა ქართველმა ისტორიკოსთა შორის, თავის გამოკვლევებსა და მონოგრაფიებში ფართოდ გამოიყენა არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, პალეოგრაფიული, ეპიგრაფიკული და ნუმიზმატიკური მასალა. ამავე დროს საფუძველი ჩაუყარა ქართულ წყაროთმცოდნეობასა და პალეოგრაფიას.

დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მისი სახელი ეწოდა ქ. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

ზ. აბაშიძე

ლიტერატურა

  • დუმბაძე მ., ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე (ცხოვრება და მოღვაწეობა), ბათ., 1950;
  • Сургуладзе М., Бакрадзе Дмитрий, Православная Энциклопедия, т. 4, M., 2002

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები