ბაღვაში ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე ბაღვაში - ლიპარიტ (IV) ბაღვაშის ძე, ქართლის სპასალარი 1059-1073 წწ., კლდეკარის ერისთავი 1073-1078 წწ., ბაგრატ IV-ის მიერ 1058 წ-ს შიომღვიმისადმი ბოძებული სიგელის მიხედვით, მეფემ კლდეკარის საერისთავო მანგლისის ხევის სოფელი ბორცვისჯვარი შიომღვიმეს შესწირა. სიგელს თავის მტკიცებულებას ურთავს ივანე ლიპარიტის ძე ერისთავის ტიტულის გარეშე. როგორც ჩანს, ამ სიგლის გაცემიდან მოკლე ხანში ივანე ბიზანტიაში „გაიპარა“, საიდანაც, ალავერდის ოთხთავის (ხეც A-484) მინაწერის ცნობით, 1059 წ. გაზაფხულზე დაბრუნებულა პროედროსის ტიტულით: „ესე ანდერძი მე, ივანე პროედროსმან, ძემან ლიპარიტ ერისთავთ ერისთვისამან და პროტოარხონტისამან დავწერე მას ჟამსა, ოდეს, ადიდენ ღმერთმან, აფხაზთა და ქართველთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსმან კოსტანტინოპოლით მომიყვანეს, და მოვედ კაცხსა მამულსა ჩუენსა“. ბაგრატ IV-მ ივანე ბაღვაშს, გარდა მისი სამკვიდრო არგვეთის მამულისა, უბოძა სპასალარის თანამდებობა და, როგორც ჩანს, ამ თანამდებობასთან დაკავშირებული ქართლის მამულები. სპასალარის რანგში ივანე ერთგულად ემსახურებოდა ბაგრატ IV-ს.

1060-იან წლებში საქართველოში თურქ-სელჩუკთა შემოსევები დაიწყო. ალფ-არსლანთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაგრატს თავისი დისწული, რომელიც ამავე დროს ტაშირ-ძორაკერტის მეფის ძმისწული იყო, სულთნისათვის უნდა მიეთხოვებინა. ტაშირ-ძორაკერტის მეფე კვირიკემ ბაგრატს არ დაანება თავისი ძმისწული. 1066 წ. ბაგრატმა ილაშქრა ქვემო ქართლში და ძალით წაართვა სამშვილდე კვირიკეს. სპასალარი ივანე ბაღვაში ამ მოვლენებში ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენდა. 1068 წ., როდესაც ალფასლანმა ქართლი და იმერეთი დალაშქრა, ბაგრატმა სპასალარი ივანე ბაღვაში მოციქულად გააგზავნა ალფ-ასლანთან. სულთანმა ხარკი ითხოვა, რაზედაც ბაგრატი არ დათანხმდა. მაშინ სულთანმა თბილისი და რუსთავი ძველ მფლობელებს ჩამოართვა და განძის ამირა ფადლონს გადასცა. ამის შემდეგ ბაგრატი იძულებული გახდა შუაგულ ქართლში ჩამდგარ ფადლონს შებრძოლებოდა. ერთ-ერთი საბრძოლო ეპიზოდის მიხედვით, ივანე სპასალარმა უწინამძღვრა ქართლის აზნაურებს და ფადლონი ქართლიდან გააქცია. ივანე სპასალარის მეთაურობით მთლიანად გაიწმინა ქართლი ტყეებში მიმალული ფადლონის მეომრებისაგან და გაქცეულებს კახეთამდე მისდიეს.

ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ივანე სპასალარის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა სამეფო ტახტისადმი. ივანემ გიორგი II-ს ორჯერ აუშალა ქვეყანა. ამ განდგომილებათა მიზეზი, დიდი ალბათობით, კლდეკარის საერისთავო უნდა ყოფილიყო, რომლის ბოძებისაგან თავს იკავებდნენ ბაგრატი და მისი მემკვიდრე გიორგი II. პირველი განდგომის დროს ივანემ კახელების დახმარებით ქსნისპირი დაიკავა. ამბოხებულები გიორგი მეფემ წყალობით დაიმორჩილა. მეფემ ამ დროს უბოძა ივანეს სამშვილდე, ხოლო მის ძეს, ლიპარიტს, შიდა ქართლში ლოწობანი ნაცვლად რუსთავისა, რომელიც მეფეს კახელებისათვის ჰქონია გადაცემული. როგორც ჩანს, ივანეს მეტი პრეტენზია ჰქონდა და ამის შემდეგაც განუდგა იგი მეფეს. ამჯერად იგი სამშვილდეში გამაგრდა. გიორგი მეფე მესხებთან ერთად სამშვილდეს მიადგა, ივანე სპასალარი კი ბრძოლას განერიდა. ამასობაში აღსართან კახთა მეფემ ლიპარიტ ივანეს ძეს ლოწობანი წაართვა და ქსნის ხეობაში მტკიცედ მოიკიდა ფეხი. სწორედ ამ მეორე განდგომის შემდეგ კვლავ შემოირიგა გიორგი II-მ ივანე სპასალარი და, დაახლოებით 1073 წ., ხელახლა დაუმტკიცა მას სამშვილდე და უბოძა კლდეკარის ერისთავობა. ამ პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს კლდეისას სამშენებლო წარწერა, სადაც ივანე სპასალარი ერისთავთ-ერისთავად იხსენიება.

მიუხედავად ამ წყალობებისა, ივანემ კვლავ უღალატა გიორგი II-ს. მან მეციხოვნეებს გაგის ციხე გამოსტყუა და თავის ძველ მტერს, განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა. 1078 წ., როდესაც მალიქ-შაჰი საქართველოს მოადგა, ივანემ მტერს თავისი ძე ლიპარიტი შეაგება და მალიქ-შაჰის ბანაკში დატოვა. ლიპარიტმა დიდხანს ვერ გაძლო მალიქ-შაჰთან და გაიპარა. მელიქ-შაჰი შურის საძიებლად სამშვილდეს მოადგა, ივანე და მისი ცოლ-შვილი დაატყვევა და ქართლი დაარბია. ამ ეპიზოდის შემდეგ მემატიანე ივანეს აღარ ახსენებს.


წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: .305, 309, 316, 317;
  • ბაქრაძე 1959: 62; .
  • ქისკ 1984: 38;
  • ხელნაწერთა აღწერილობა 1986: 214.

წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ 1955: .305, 309, 316, 317;
  • ბაქრძე 1959: 62; .
  • ქისკ 1984: 38;
  • ხელნაწერთა აღწერილობა 1986: 214

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები