ბაცუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაცუკა (თუშ.) || ბაციკი || ბაციკუკუ (სვან.) – ანთროპომორფული, ზოომორფული, ზოგადად, ფიგურული რიტუალური ნამცხვარი.

თუშეთში ანთროპომორფულ ბაცუკებს ძირითადად სამი დღესასწაულის (შობა, მგელჯიხვაობა, სულთკრეფა) დროს აცხობდნენ. საშობაო სუფრაზე ორნაირი ბაცუკა იდო: ერთი, ე. წ. „კაცის აღე“ — უფუარი ცომისაგან შექმნილი ადამიანის პატარა ფიგურა დოინჯით, ნახშირის, სიმინდის ან „ცვერვის“ მარცვლების თვალებით, ზოგჯერ ფალოსით (მას სპეციალისტები ფუნქციურად საქართველოს სხვა კუთხეებში გავრცელებული საახალწლო რიტუალური ნამცხვრის – ბასილას კვერის – ანალოგიად მიიჩნევენ); მეორენაირი ბაცუკა წარმოადგენს მრგვალად დაგრძელებულ და ნალივით მოხრილ, დაჩხვლეტილ ცომს, რომელსაც მოხრის ადგილზე ცხვირივით ამობურცავენ, „ტოტებზე“ კი ცომისავე ჯვრებს დააკრავენ. ამ სახის ბაცუკას იმდენს აცხობენ, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში. მათ, იარაღთან ერთად, „გამცხადებამდე“ კედელზე ჰკიდებენ. შობაზე აცხობენ კერაზე დასასმელ ბაცუკას – პირამიდულად აზიდულ ფიგურას ყურებით, ცხვირით და თვალებით. ასეთ ბაცუკას რამდენიმე სახელი აქვს: „კერაის დედა“, „ღომილის დედა“, „ნაცრის დედა“, „ყვერფთ დედა“, „ყვერფის ნანო“, „ჭერჩი ჭყეტია“. იგი კერიის მფარველად ითვლება და, შობის დროს ნაცარზე დასმული, იქ იმდენ ხანს რჩება, სანამ არ დაიწვება ან არ ჩამოიფშვნება.

თუშები მგელჯიხვაობის დილას აცხობენ სხვადასხვა რაოდენობის ზოომორფულ (ცხვარს, ჯიხვს, ირემს, თხას, ხარს, მგელს ...) და ანთროპომორფულ ბაცუკებს. შვილმკვდარი ოჯახები ე. წ. „სულის ბაცუკას“ ამზადებენ. კაცებისა და გოგონებისათვის ცხვება ნალივით მოხრილი ფორმის ბაცუკები, ბიჭებისათვის – „კაცის აღე“. „სულის ბაცუკასა“ და დანარჩენ კვერებს დგამენ „საისრეველზე“ (ადგილი, სადაც სამიზნე კვერებს მშვილდისარს ესვრიან). ვინც გამორჩეულად მორთულ „სულის ბაცუკას" ისარს მოარტყამს, მოიტანს ერთ ბოთლ არაყს და იქ მყოფთ იმ მიცვალებულის შესანდობარს ათქმევინებს, რომლის სახელზეც ნიშანში კვერია ჩადგმული.

სულთკრეფაზე, რომელიც მიცვალებულისა და აგრარულ კულტებს უკავშირდება, ანთროპომორფული ბაცუკა სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. იგი საიმდღისო საწესო სუფრაზე სამ „გახვრეტილ კვერთან“, „საქალთანოსთან“ (კვერი), წანდილთან და ბიჭონთან (მოხალული ქერი, სვილა, სიმინდი) ერთად დევს. ადგილობრივთა რწმენით, მათ გარეშე მიცვალებულს „სუფრა არ მიუვა“.

ხარის, ვერძის, ვაცის, ცხენის, ჯიხვის არჩვის, მტრედის, გვრიტის და სხვ. გამოსახულების სვანურ ბაციკს||ბაციკუკუს თევდორობა (ლითოდურ) დილას ოჯახის რომელიმე მამაკაცი აცხობდა იმდენს, რამდენი თორმეტ წლამდე ასაკის ვაჟიშვილიც ჰყავდათ (სვანი ქალები ლიფანალის დღეობაზე ცხოველთა გამოსახულების ბაციკებს ცვილისა და ყველისგან ამზადებდნენ). სხვადასხვა ოჯახის შვილები თავს მოიყრიდნენ რომელიმე სახლის ბანზე, რომელსაც დარბაზს ეძახდნენ. ბაციკებს თავად ბავშვები შეავედრებდნენ წმ. გიორგის, რათა ამ უკანასკნელმა მათ გაზრდა გახარება მისცეს და სამერმისო თევდორობას მშვიდობით შეახვედროს. ლოცვის შემდეგ, ბიჭები ბაციკებს ერთ ადგილზე დააწყობდნენ, დირეზე ბაწარს ჩამოკიდებდნენ და საქანელას გაიკეთებდნენ, დაღლამდე იქანავებდნენ, შემდეგ ბაციკებს შეჭამდნენ და თავიანთ სახლებში წავიდოდნენ.

ტერმინი „ბაც-უკა“ ორნაწილედი სიტყვაა, რომლის პირველი სეგმენტი ბაც- კანონზომიერი შესატყვისია ლაზური ბოჩ „მამალი ცხვარი“ და მეგრული ოჩი „მამალი თხა“ სახელებისა (-უკა კნინობითი სუფიქსის თუშური ვარიანტია). როგორც აღნიშნავენ, ქართულ წარმართულ პანთეონში ბოჩი ნადირისა და მონადირეობის, დოვლათის მფარველი ღვთაებაა, რომელიც მესაქონლეობის მფარველ ღვთაება ბოსელთან გენეტიკურ კავშირს ავლენს.


ლიტერატურა

  • ნ. აზიკური. თუშური „ბაცუკა“ // ძეგლის მეგობარი. № 42. თბ., 1976, გვ. 65-69;
  • ვ. ბარდაველიძე. ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები. თბ., 1953, გვ. 71-117;
  • დ. გიორგაძე. მიცვალებულთა სულების მოსახსენებელი დღე – სულთაკრეფა – აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში // საისტორიო კრებული. თბ., 1974, გვ. 401;
  • ბ. ნიჟარაძე. სვანების ზოგიერთი ჩვეულებანი და ცრუმორწმუნეობანი (შეკრებილია თავისუფალ სვანეთში) // ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე. თბ., 1973, გვ. 77;
  • ჯ. რუხაძე. ღვთაება ოჩი || ბოჩი ახალი ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით // სამეცნიერო სესია მიძღვნილი პროფ. ვ. ბარდაველიძის ხსოვნისადმი. მოხსენებათა თეზისები. თბ., 1972, გვ. 17;
  • ნ. ღოღობერიძე. თუშური საბავშვო გართობა-თამაში და სათამაშოები // თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის. თბ., 1967, გვ. 232;
  • В. Бардавелидзе. Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен. Тб., 1957, გვ. 122.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები