ბაძაღუა თამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამაზ ბაძაღუა

ბაძაღუა თამაზ − (1959 − 1987), პოეტი და დრამატურგი. დაიბადა სოფელ ნახუნავოში (მარტვილი), 1975 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1975-80 წლებში სწავლობდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი „მესამე ზარი“; 1985 წელს გამოიცა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები, მანვე თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუონაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს და სხვების ლექსები. თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. ის იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭვინთის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში.


ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე
ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.
წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.
თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.
შენ განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიული დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ − უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები