ბახფალდისინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბახფალდისინ-ი (ოს. Бæхфæлдисын – „ცხენის დაკურთხება“) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული უძველესი ჩვეულება – „სულის ცხენის“ დაკურთხების წესი. ოსების რწმენით, მიცვალებული დანიშნულების ადგილამდე, ე. ი. საიქიოში მშვიდობით რომ ჩავიდეს, აუცილებელია ჰყავდეს ცხენი. მიასვენებდნენ თუ არა გარდაცვლილის გვამს საგვარეულო საძვალესთან (зæппадз – „აკლდამა“) ან საფლავთან, მამაკაცები მარჯვენა მხარეს განლაგდებოდნენ, ქალები – მარცხენა მხარეს. ამასთან ახლო ნათესავები ცხედრის გვერდით დადგებოდნენ. აქვე მოჰყავდათ „სულის ცხენი“ (თუ ოჯახს ცხენი არ ჰყავდა, მას რომელიმე ნათესავი აუცილებლად დააყენებდა). ცხენს კისერზე გადაფარებული ჰქონდა თეთრი კოლენკორი, ხოლო უნაგირის ქვეშ – უხმარი ტარსიკონი; უნაგირზე ჰკიდებდნენ მიცვალებულის იარაღს. საფლავზე ცხენისთვის მოჰქონდათ „საიქიო საგზალი“ („ფანდაგქაგი“). „სულის ცხენის“ დაკურთხების წესს აღასრულებდა ბახფალდისაგი, რომელიც ლაგამს მიცვალებულის ხელებთან გაატარებდა ან თითებზე შეახებდა, რაც გარდაცვლილისათვის ცხენის გადაცემის სიმბოლურ აქტს წარმოადგენადა. ამის შემდეგ დამკურთხებელი იწყებდა საწესო მჭევრმეტყველებას. დასაწყისში იგი ჩამოთვლიდა მიცვალებულის საუკეთესო თვისებებსა და ღირსებებს, შემდეგ კი გადადიოდა საიქიოზე, რომელშიც გარდაცვლილის სულს უნდა ემოგზაურა. ზედმიწევნით აღწერდა რა შავეთს თავისი დაუსრულებელი გზებითა და იქ არსებული წესითა და რიგით, ბახფალდისაგი მიცვალებულს აძლევდა რჩევა-დარიგებებს, როგორ მოქცეულიყო, რომელ კონკრეტულ სიტუაციაში რა მოემოქმედა. ლოცვა-მიმართვის დასრულების შემდგომ ბახფალდისაგი ცხენს საფლავის გარშემო სამჯერ შემოატარებდა, თასით ლუდს დაალევინებდა (თასს ფლოქვზე მიამტვრევდა), ფეტვს შეაჭმევდა და ეტყოდა: „დე, ეს საკვები და ეს სასმელი ღმერთმა ნუ გამოგილიოს მანამ, სანამ სამოთხეს არ მიაღწევ“; ბოლოს ცხენს ყურს ჩაუჭრიდა (ა. შეგრენისა და ვ. მილერის ცნობით, XIX საუკუნეში ცხენს ყურს მთლიანად აჭრიდნენ და მკვდარს საფლავში ატანდნენ), რაც მიცვალებულისათვის ცხენის შეწირვის სიმბოლური აქტი იყო.

ბახფალდისინის დამთავრების შემდეგ ჭირისუფლის რომელიმე ახლობელი ცხენზე შეჯდებოდა და ქანცგაწყვეტამდე დააჭენებდა. მოგვიანებით ცხენიდან ჩამოხსნილ კოლენკორსა და ტარსიკონს ღატაკებს გადასცემდნენ. „სულის ცხენი“ მიცვალებულის საკუთრებად ითვლებოდა და ტრადიციისამებრ სამუშაო ძალად მისი გამოყენება ან გასხვისება იკრძალებოდა (გაყიდვის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ცხენი სხვა მიცვალებულისათვის დაეკურთხებინათ, რაც პირველი მიცვალებულის მოტყუებას ნიშნავდა და მისი ოჯახისათვის პატივის აყრის ტოლფასი იქნებოდა). საინტერესოა აღინიშნოს, რომ ოსების წინაპრებმა იცოდნენ ასევე დამარცხებული მტრის ცხენის დაკურთხება თავიანთი მიცვალებულებისთვის (мардæ фæлдисын).

მართალია, „სულის ცხენის“ დაკურთხების წესი თანამედროვე ოსების შორეულმა წინაპრებმა – სკვითებმაც იცოდნენ (ისინი მეფეებს საფლავში დახოცილ ცხენებს ატანდნენ) და უეჭველია, ბახფალდისინი მემკვიდრეობით მიიღეს ალან-ოსებმა, მაგრამ მას მხოლოდ უძველეს ინდოევროპულ ტრადიციად მაინც ვერ ჩავთვლით, რადგანაც აღნიშნული ჩვეულება ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ქართველებში და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში. მიცვალებულისათვის ცხენის შეწირვის წესის არსებობა მრავალ ხალხში, რაც გაუნელებელ ინტერესს იწვევს არქაული საზოგადოების რელიგიური მსოფლმხედველობის, კერძოდ კი საიქიო ცხოვრებაზე წარმოდგენების შესწავლის თვალსაზრისით, შესაძლებელია კიდევ ერთხელ მეტყველებს ადამიანთა მოდგმის ერთნაირ მითოსურ აზროვნებაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ოსთა ეთნოგრაფიულ სინამდვილეში უკანასკნელ ხანებამდე მოქმედი ჩვეულება დაქვრივებული ქალის მიერ ნაწნავის შეჭრისა, არის მიცვალებულისათვის ცოლის შეწირვის ძველი სკვითური წესის გამოძახილი. აღნიშნული რიტუალი სრულდებოდა ბახფალდისინის დაწყებამდე და მასში გარდაცვლილის ნათესავი ქალები მონაწილეობდნენ. ქვრივი, დარწმუნებული იმაში, რომ თავის მეუღლეს საიქიოშიც იპოვიდა და იქაც მისი ცოლი იქნებოდა, მოჭრილ ნაწნავს, მწუხარებისა და ერთგულების ნიშნად, მიცვალებულის მკერდზე დადებდა ან თავქვეშ ამოუდებდა. ზოგიერთი ცნობით, ბახფალდისინის შემდეგ ქვრივი ნაწნავს ბახფალდისაგს გადასცემდა შემდეგი სიტყვებით: „აი, მათრახი მიცვალებულისათვის“. „სულის ცხენის“ დამკურთხებელი ნაწნავს ცხენს სამჯერ დაარტყამდა და იტყოდა: „დე, შეეწირეთ თქვენ ორივე მხოლოდ მას“.


ლიტერატურა

  • Шёгрен А. Религиозные обряды осетин, ингушей и их соплеменников при разных случаях // Шёгрен А. М. Осетинские исследования. Владикавказ, 1998;
  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Калоев Б. А. Обряд посвящения коня у осетин // VII международный конгрес антропологических и этнографических наук. М., 1964;
  • მისივე, Похоронные обычаи и обряды осетин в XVIII – начале XX в. // Кавказский этнографический сборник. М., 1984;
  • Дзаттиаты Р. Г. Традиционные погребальные обряды осетин. Владикавказ, 2005;
  • Чибиров Л. Скифский мир и нартовский эпос // Дарьял. № 1. 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები