ბეკი აარონ ტემკინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეკი აარონ ტემკინ

ბეკი აარონ ტემკინ Beck Aaron Temkin, Аарон Темкин Бек, 1921

ამერიკელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიაში კოგნიტივისტურ-ბიჰევიორისტული მიმდინარეობის ერთერთი მიმართულების - კოგნიტივისტური ფსიქოთერაპიის ფუძემდებელი. ბეკი პენსინვალიის უნივერსიტეტის პროფესორია, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და წოდება. მიჩნეულია ერთერთ ყველაზე გავლენიან ფსიქოთერაპევტად. 1994 წელს ფილადელფიაში დააფუძნა კოგნიტივისტური თერაპიის და კვლევის ცენტრი, სადაც ამზადებენ სპეციალისტებს სომატურ და ფსიქიკურ აშლილობათა სფეროში, ხორციელდება სპეციალური ტრენინიგ-პროგრამები, მიმდინარეობს ფსიქოდიაგნოსტიკური სკალების შემუშავება კლინიკური მოხმარებისთვის.

ბეკს თავიდანვე მიაჩნდა, რომ ფსიქოდინამიკური ანუ მოტივაციაზე დამყარებული თეორიები დაუსაბუთებული და ბუნდოვანია. მონაწილეობდა რა ფსიქოანალიზის ექსპერიმენტული შემოწმების ერთერთ პროგრამაში, ბეკმა დაასკვნა, რომ ზ. ფროიდისეულმა მოტივაციურმა მოდელმა ვერ გაუძლო შემოწმებას. მის ნაცვალად ბეკმა „ინფორმაციის გადამუშავების” მოდელი არჩია და შეკითხვიდან „რატომ” ყურადღება გადაიტანა შეკითხვაზე „როგორ” (როგორ ფუნქციონირებს დარღვეული ფსიქიკა).

ეს ყოველივე კოგნიტივისტური ფსიქოლოგიის ფარგლებში ხორციელდება. ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციის კვანძი ინფორმაციის გადამუშავებაა. სპეციალური ფსიქიკური ფუნქციონალური აპარატი უზრუნველყოფს გარემოდან ინფორმაციის მიღებას, მის ანალიზ-სინთეზირებას, შენაცვას, აღდგენას და, ამის საფუძველზე, მოქმედების დაგეგმვას. პათოლოგიური პროცესის დროს ინფორმაციის მიღება-გადამუშავებისას, აზროვნება მიკერძოებული ხდება და შეცდომების წყაროდ იქცევა. ის იმ თემების მიმართულებით წარიმართება, საითაც ე.წ. „კოგნიციური ძვრა” მოხდა. მაგ., დეპრესიის დროს ასეთია დამარცხებისა და უსუსურობის თემა {დასწავლილი უმწეობა}, შფოთვისას - საფრთხისა და სხვა. ამდენად, ყველა ფსიქიკურ პათოლოგიას აქვს სპეციფიკური პროგრამა ან სქემა. ის გულისხმობს გამოცდილებისა და ქცევის მაორგანიზებელ კოგნიციურ სტრუქტურას. სქემა შეიძლება იყოს ადაპტაციური ან არაადაპტაციური. ეს არაადაპტაციურობა ყოველთვის თავისებურია. შფოთვისას აქტივირდება „გადარჩენის პროგრამა” - ინფორმაციული ნაკადიდან სუბიექტი ირჩევს საფრთხის შემცველ სიგნალებს და თრგუნავს უსაფრთხოების სიგნალებს. დეპრესიის პროგრამა მოიცავს სამ მომენტს, ანუ ე.წ. „დეპრესიის კოგნიციურ ტრიადას”: უარყოფითი წარმოდგენა თავის თავზე, როგორც წარუმატებელ და უმაქნის ადამიანზე (არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება), უარყოფითი წარმოდგენა სამყაროზე, როგორც მტრულსა და ფრუსტრაციის წყაროზე და უარყოფითი წარმოდგენა მომავალზე, როგორც უღიმღამოზე, შავბნელსა და უპერსპექტივოზე. ამგვარი კოგნიცია იწვევს ყოველდღიურ სიძნელეთა გაზვიადებას და მათ განცდას ნამდვილ უბედურებად. ეს ძალიან ძნელად, ან სულ არ ექვემდებარება თვითრეგულაციას. მის დასარეგულირებლად საჭირო ხდება კოგნიტივისტური ფსიქოთერაპიის დახმარება.

კოგნიტივისტური თერაპიის მიზანი ინფორმაციის გადამუშავებაში არსებული დარღვევის გამოსწორება და აზროვნების ტენდენციურობის აღმოფხვრაა. ბეკისეული ფსიქოთერაპიის სტრატეგია მიმართულია პარტნიორობაზე თერაპევტსა და პაციენტს შორის, რათა ამ უკანასკნელმა თავისი კოგნიციური შეცდომების რაციონალური გაცნობიერება, გააზრება მოახდინოს. ამისთვის მიმართავენ სოკრატესეულ დიალოგს; საუბარი მიმდინარეობს საგანგებოდ შერჩეული შეკითხვების დახმარებით, რაც ემსახურება პრობლემის შესწავლას, პაციენტის აზრებისა და წარმოდგენების იდენტიფიკაციას, იმის გაგებას, თუ რა მნიშვნელობას დებს პაციენტი სიტუაციებსა და მოვლენებში; შემდგომში, როცა თერაპევტის დახმარებით პაციენტი აღმოაჩენს საკუთარი კოგნიციის მცდარობას, მრავალრიცხოვანი კოგნიციური და ქცევითი ტექნიკის საშუალებით იგი ახალ გამოცდილებას შეიძენს და, საბოლოოდ, რეალისტურ, ადეკვატურ ანუ, არსებითად, ადაპტაციურ კოგნიციას აყალიბებს.

თუმცა საეჭვოა, რომ ამ ფრიად წარმატებული ფსიქოთერაპიული მეთოდის ლოგიკური თეორიული საფუძველი მართლაც ანტიდინამიზმი იყოს. ინფორმაციის სელექცია და საზოგადოდ ყოველგვარი გამორჩევადობა, არსებითად, დინამიკური ცნებებია, ვინაიდან ისინი ინდივიდუალური მოთხოვნილებებით, მოტივებით, განწყობებითაა განსაზღვრული.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები