ბეკონი ფრენსის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეკონი ფრენსის

ბეკონი ფრენსის - Bacon Francis, Бэкон Фрэнсис, 1561-1626

ინგლისელი ფილოსოფოსი, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე (ინგლისის ლორდ კანცლერი, პერი). ინგლისური ემპირიზმის ერთერთი პირველი წარმომადგენელი და, შესაბამისად, ემპირიული ფსიქოლოგიის უშუალო წინამორბედი.

ფ. ბეკონი ამუშავებდა მეცნიერების მეთოდოლოგიისა და კლასიფიკაციის საკითხებს. სახელდობრ, ცდილობდა ინდუქციისთვის, როგორც კერძოდან ზოგადზე გადასვლის მეთოდისთვის, მეცნიერული შემეცნების ზოგადი თეორიის სახე მიეცა. ინდუქცია უნდა ემყარებოდეს სპეციალური ხელსაწყოებით მოპოვებულ ცდისეულ ცოდნას და მოწოდებულია, მოვლენათა მიზეზები გაარკვიოს. ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით მთავარი ისაა, რომ კვლევის მთელი ეს მეთოდოლოგია ვარგისია არა მხოლოდ ბუნების მოვლენების, არამედ აგრეთვე ფსიქიკურისთვისაც. ფ. ბეკონმა მეცნიერებათა მთელი სისტემა გაიაზრა და მასში ფსიქოლოგიას, როგორც სულის მოვლენების შემსწავლელ დარგს, საპატიო ადგილი მიუჩინა. ის შედის ერთიან მოძღვრებაში ადამიანის შესახებ, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი განიხილავს ადამიანს, როგორც ასეთს და მას „ადამიანის ფილოსოფია” ეწოდება, ხოლო მეორე ადამიანს განიხილავს საზოგადოებასთან მიმართებაში და „სამოქალაქო ფილოსოფიის” სახელწოდებით აღინიშნება {სოციალური ფსიქოლოგია}. ვინაიდან ადამიანი სხეულისა და სულისაგან შედგება, ადამიანის ფილოსოფიაც, თავის მხრივ, შეიცავს დარგებს სულისა და სხეულის შესახებ. ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება მედიცინა, კოსმეტოლოგია, ფიზკულტურა და სხვა. მოძღვრება სულის შესახებ (ანუ ფსიქოლოგია) ორ ნაწილად იყოფა. ერთი გამოიკვლევს სულის არსებას და ბუნებას, მეორე - შესაბამის უნარებსა და ფუნქციებს (შეგრძნებას, აღქმას, მეხსიერებას, წარმოსახვას, გონებას, აფექტებს, მისწრაფებებს, ნებას). აქ ფ. ბეკონს, არსებითად, მხედველობაში აქვს რაციონალური ფსიქოლოგია და ემპირიული ფსიქოლოგია, რომლებიც ამ სახელწოდებას მხოლოდ XVIII საუკუნეში შეიძენენ.

როცა ფ. ბეკონი ფსიქიკურ უნარ-თვისებათა წარმოქმნაზე მსჯელობს, იგი აღარ გამოიყურება თანმიმდევრულ ემპირისტად და უფრო ნატივისტური თვალსაზრისისკენ იხრება. ფ. ბეკონი დარწმუნებულია, რომ ყოველი ინდივიდი შეიძლება დახასიათდეს რამდენიმე თანდაყოლილი უნარისა და ტემპერამენტის საშუალებით. ადამიანის ფსიქიკა მემკვიდრეობის წარუშლელი გავლენის ნიშნით არის აღბეჭდილი. ამიტომ მისი ქცევის თავისებურებანი, წარმატებები თუ ზნეობრივი სახე, გარე პირობების გავლენას ნაკლებად ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ფ. ბეკონი მიიჩნევს, რომ ჩვევა და ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, უშუალო მატერიისაგან განსხვავებით, ადამიანური ქცევა „თავისუფლების” გარკვეულ ხარისხს შეიცავს. მიუხედავად ფ. ბეკონის ემპირიზმის არათანმიმდევრულობისა, მან მაინც გაკვალა გზა შუა საუკუნეების მეტაფიზიკურ-სქოლასტიკური ფსიქოლოგიიდან ახალი დროის ემპირიულ ფსიქოლოგიისკენ (ჯ. ლოკი).

ფ. ბეკონი აგრეთვე აზროვნების ტიპური შეცდომების - ე.წ. „მოჩვენებათა” ანუ „კერპთა” - პირველი თანმიმდევრული მკვლევარი იყო. მან ოთხი ძირითადი „მოჩვენება” გამოკვეთა და აღწერა.

1. „გვარის/მოდგმის მოჩვენებები” - ადამიანთა მოდგმის სააზროვნო შეცდომები, რომლებსაც ამჟამად ანთროპომორფიზმი ეწოდება.
2. „გამოქვაბულის მოჩვენებები” - ადამიანის სუბიექტურ-ინდივიდუალური თვისებებით გამოწვეული სააზროვნო შეცდომები, არსებითად - სუბიექტური პროექცია და ატრიბუცია.
3. „ბაზრის მოჩვენებები” - სიტყვების მცდარი ანდა მიკერძოებული ხმარებით გამოწვეული სააზროვნო შეცდომები.
4. „თეატრის მოჩვენებები” - მცდარი მსჯელობა, რომელიც დემაგოგიისა და თვალსაჩინოების გამოყენებით განზრახ ატყუებს ხალხს. არსებითად, ესაა თვალსაჩინოების, აღქმის მიერ აზროვნების გამრუდება {აზროვნების ილუზია; თვალშისაცემი ნიშანთვისება}. ამგვარ „მოჩვენებებს” ამჟამადაც აქტიურად იყენებენ პოლიტიკოსები, ოლიგარქები და სხვა „ძლიერნი ამა ქვეყნისანი” (მაგ.: რეკლამა, მოდა, შოუები, პიარტექნოლოგიები).

„მოჩვენებათა” დასაძლევად და ასარიდებლად, ცხადია, ლოგიკური აზროვნებაა მთავარი. ფ. ბეკონი აქტიურად იკვლევდა ლოგიკის საკითხებს. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები