ბელყუნცაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბელყუნცაჲ / ბოჲარჴუნცა / ბუგუნჭა || ბუჰუნჭა (აღულ. Белькьунцай / бояркъунца / бугуьнчIа || бугьунчIа) – დაღესტნური (აღულური) მზის გამოწვევის რიტუალი და ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟი-დედოფალა. აღულები ხშირი წვიმების დროს ორი ჯვრისებურად შეკრული ჯოხისგან აკეთებდნენ „მზის დედოფალას“, რომელსაც ქალის ყვითელ სამოსა და თავსაბურავში გამოაწყობდნენ და ციცხვს ჩამოკიდებდნენ. ასე მორთულ დედოფალას ქალები სოფელში სიმღერით დაატარებდნენ და ყოველი მოსახლისგან საჩუქრდებოდნენ სხვადასხვა სახის პროდუქტით, რომელსაც პროცესიის მონაწილეები გაიყოფდნენ; საღამოს, როცა საქონელი საძოვრიდან დაბრუნდებოდა, გააჩაღებდნენ კოცონს, რომელზედაც მწყემსი რამდენჯერმე უნდა გადამხტარიყო, თან ყოველ ჯერზე მზის გამოწვევისთვის უნდა ელოცა.

სოფ. ყურაღსა და ბურშაღში ერთდროულად ამზადებდნენ ორ თოჯინას, რომელთაგან ერთს, ქალის სამოსით მორთულს, ბირქინცაჲ ეწოდებოდა, მეორეს, მამაკაცის სამოსში გამოწყობილს – შხბანი. ზოგჯერ „მზის დედოფალას” ნაცვლად ნიღბიან კაცს დაატარებდნენ.

ზოგიერთი აღულური წეს-ჩვეულება მიმართული იყო სეტყვის საწინააღმდეგოდ: მიაჩნდათ, რომ სეტყვის ღრუბელი შავ არწივს მოჰქონდა; მის დასაშინებლად და ღრუბლისთვის სხვა მიმართულების მისაცემად, თოფებს ცაში ისროდნენ; გარეთ თავშიშველი გამოდიოდა გოგონა, რომელიც ხოშ-კაკალს პირში ჩაიდებდა, გაკვნეტდა და შემდეგი სიტყვებით გადმოაფურთხებდა: „სიკეთით ჩამოვარდი” (Ряхьмихъай угъурай).


ლიტერატურა

  • Булатова А. Г., Исламмагомедов А. И., Мазанаев Ш. А. Агулы в XIX – нач. XX в.: историко-этнографическое исследование. Махачкала, 2008;
  • Ихилов М. М. Народности лезгинской группы: этнографическое исследование прошлого и настоящего лезгин, табасаранцев, рутулов, цахуров, агулов. Махачкала, 1967;
  • Тарланов З. К. Заметки по сельскохозяйственной магии агулов // СЭ. 1981, № 2;
  • Сефербеков Р. И. Из мифологии агулов: реконструкция образов пантеона и пандемониума // Исторические, филисофские, политические и юридические науки, культурология и искусствоведение. Вопросы теории и практики. Тамбов, 2015, № 8 (58): в 3-х ч. Ч. II.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები